"ჩვენზე უკეთ რომ გააკეთებენ საქმეს, მერე გაგვკიცხონ!"
14-09-2015
"ჩვენზე უკეთ რომ გააკეთებენ საქმეს, მერე გაგვკიცხონ!"
"ვერც ვხვდები, რატომ მაკრიტიკებენ: კალათში არასდროს ჩამიტენია ბურთი და არც 80 მოხსნა გამიკეთებია ერთ მატჩში. ჩემი მთავარი ფუნქცია დაცვაში თამაშია და მგონი, ამას ცუდად არ ვაკეთებ"

"საქართველოს ნაკრებმა დაიმსახურა ხორვატიასთან გამარჯვება"


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 13 სექტემბერს, გვიან ღამით ითამაშა ევრობასკეტის 1/8-ფინალური მატჩი. გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ლიტვასთან მატჩის შედეგი "კვირის პალიტრის" ამ ნომერში ვერ მოხვდა. თუმცა წარუმატებელი სტარტის შემდეგ ზედიზედ მოგებული ორი მატჩი, მასპინძელი ხორვატიის დამარცხება და მერვედფინალში გასვლა საქართველოს ნაკრებს
წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ. ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, მანუჩარ მარკოიშვილს, ლიტვასთან მატჩამდე ვესაუბრეთ და ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეფასება ვთხოვეთ:

- ჰოლანდიასთან მარცხის მიზეზი? ალბათ, ზედმეტი ემოცია და მონდომება... ისე ძალიან გვინდოდა გამარჯვება, ემოციის გაკონტროლება ვერ შევძელით და ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ვცდილობდით მოგებას, ვცდილობდით, პირველივე პერიოდში გადაგვეწყვიტა მატჩის
ბედი. სამწუხაროდ, ხუთ-ათ წუთში კი არა, ჰოლანდია ოთხ მეოთხედშიც ვერ გავტეხეთ!

- ამის ერთ-ერთი მიზეზი მეტოქის შეუფასებლობაც ხომ არ იყო?
- ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჰოლანდიასთან მანამდეც წაგვიგია, მათი სხვა თამაშებიც ვნახეთ და ვიცოდით, რომ გუნდურად თამაშობენ შეტევაშიც და დაცვაშიც, რომ მოსამზადებელი შეკრებაც მაღალ დონეზე ჩაატარეს. ასე რომ, მეტოქის შეუფასებლობა არაფერ შუაშია - წაგების მთავარი მიზეზი ზედმეტი მონდომება, თამაშის ბედის თავიდანვე გადაწყვეტის სურვილი იყო. არადა, აღმოჩნდა, რომ ჰოლანდიელები უკეთ იყვნენ მზად მენტალურად, არც ერთი შეცდომა არ გვაპატიეს... მაინც შეგვეძლო გამარჯვება, 12-ქულიანი ჩამორჩენაც გავაბათილეთ, მაგრამ ბოლო წუთებში დაშვებული შეცდომების გამო მაინც დავმარცხდით...

- ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, როგორც იქნა, გამოასწორეთ თამაში. რა იყო გადამწყვეტი მაკედონიისა და ხორვატიის დამარცხებისას - "სხვა გზა აღარ გქონდათ", თუ გინდოდათ, დაგემტკიცებინათ, რომ ჰოლანდიასთან მარცხი შემთხვევითობა იყო?
- უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა, თორემ დასამტკიცებელი არავისთან არაფერი გვჭირს - არა მგონია, ჩვენი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესაძლებლობებში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს. როცა გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, გავაცნობიერეთ, რომ შეიძლებოდა, არა მხოლოდ ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით, ერთი მატჩიც კი ვერ მოგვეგო, როგორც იქნა, მოვძებნეთ გუნდური თამაში... შედეგად, დაცვის ხარისხი შეიცვალა, მონდომება და პრესინგი გაიზარდა, ენერგიაც მეტი გამოვნახეთ და გუნდური თამაშით შევძელით სასურველი შედეგის მიღწევა.

- შეიძლებოდა სლოვენიის ან საბერძნეთის დამარცხება?
- სლოვენიასთან ნამდვილად შეიძლებოდა უკეთ თამაშიც და გამარჯვებაც. სამწუხაროდ, ჰოლანდიასთან წაგებამ ფსიქოლოგიურადაც აგვრია, თავდაჯერება დავკარგეთ... სამაგიეროდ, მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ, ხორვატიასთან გაცილებით ლაღად ვითამაშეთ, უფრო ადვილად "ვპოულობდით" ერთმანეთს მოედანზე, თავდაჯერება შეტევაშიც მოგვემატა და დაცვაშიც. როცა იცი, რომ საიმედო დაცვა გყავს, აღარც შეცდომის დაშვების გეშინია!

- მაკედონიასთან გამარჯვება სწორედ დაცვაში კარგი თამაშის დამსახურებაა...
- მაკედონიასთან მინიმუმ ხუთი ქულის სხვაობით გამარჯვება გვჭირდებოდა და მობილიზებაში ესეც დაგვეხმარა. გუნდური დაცვა, აგრესიული პრესინგი მოედნის ყველა მონაკვეთში და მეტოქისთვის თავისუფლების შეზღუდვა - ეს იყო ჩვენი მიზანი. მით უმეტეს, წინა მატჩებში, ძალიან ბევრი სამქულიანი მივიღეთ და შევეცადეთ, მაკედონიისთვის, რომელიც ამ კომპონენტში განსაკუთრებით ძლიერია, შორეული ტყორცნების შესაძლებლობა არ მიგვეცა.

- იმის მიუხედავად, რომ ხორვატიას სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა, ზაგრებში ხორვატების დამაჯერებლად დამარცხებით ძალიან გაგვახარეთ!
- შესაძლოა, სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი ხორვატებისთვის ბევრს არ ნიშნავდა, მაგრამ არა მგონია, საკუთარ მოედანზე ევროპის ჩემპიონატის მატჩის წაგება ვინმეს უნდოდეს! ასე რომ, ამ გამარჯვების დაკნინება არასწორად მიმაჩნია. საქართველოს ნაკრებმა დაიმსახურა ხორვატიასთან გამარჯვება. გუნდის ყველა მოთამაშემ ძალიან კარგად ითამაშა - ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი!

- რაც შეეხება პულენს? შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ უცხოელს გუნდის გასაძლიერებლად ვიმატებთ და ბუნებრივიც არის, გულშემატკივარი მისგან მეტს რომ ითხოვს. ბოლო მატჩებში ჯეიკობმაც კარგად ითამაშა, მაგრამ მისი მთავარი ნაკლი არასტაბილურობაა - ერთ მატჩში 7 სამქულიანს ჩააგდებს, მომდევნო შეხვედრებში მხოლოდ ბურთის დაკარგვით ან ზედმეტი დრიბლინგით გვამახსოვრდება და ა.შ.

- შესაძლოა, იგივე შეცდომები მეც მქონდეს, ამიტომ პულენის შემფასებლად არ გამოვდგები. ისე, მიკვირს, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მოთამაშეს მხოლოდ სამქულიანებით რატომ აფასებთ? არის დეტალები, რომლებიც ჯეიკობს უფრო მეტად აქვს გამოსასწორებელი, ვიდრე სამქულიანების ტყორცნა და თავდასხმაში სტაბილურობა. ჩვენ მის სამქულიანებს ვითვლით, არადა, უფრო გამართლებული არ იქნება, ის ვიკითხოთ, უცხოელი გამთამაშებელი როგორია პრესინგში, იჭერს თუ არა მეტოქეს, აძლევს თუ არა გამთამაშებელს ბურთის გამოტანის შესაძლებლობას და ა.შ. პულენის ადვოკატი არა ვარ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც სათამაშო დრო აქვს იმდენი, სტაბილური რომ იყოს. როცა ბევრს თამაშობ, შეცდომის გამოსწორების დროც გაქვს, მაგრამ თუ 2-3 წუთით შედიხარ მოედანზე, ადვილი არ არის სტაბილურად კარგად თამაში... თანაც სხვას არ დაუშვია იგივე შეცდომები?

- ისე, პულენი და კოკოშკოვი "ერთ ბედქვეშ" არიან: წააგებს ნაკრები - ლანძღვა-გინებას არ ვაკლებთ უცხოელ მწვრთნელს და კალათბურთელს, მოვიგებთ და, გმირებად იქცევიან!
- არც ვიცი, როდის შეიცვლება საქართველოში ასეთი მიდგომა... როცა საქმე ცუდად მიდის, ბევრს უჩნდება ამბიცია, მე უკეთესად გავაკეთებდიო! გამოსწორდება ვითარება და, ხმას აღარ იღებენ... რაც შეეხება კოკოშკოვს, მაშინაც კი, როცა სულაც არ არის ხოლმე მისი ბრალი, ამბობს, წაგება ჩემი ბრალიაო! ხშირად იმეორებს, თამაშს აგებს მწვრთნელი, იგებენ მოთამაშეებიო. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას - მოედანზე მოთამაშეები ვართ და ყველაფერი მწვრთნელის ბრალი როგორ არის? ჩემი აზრით, იგორ კოკოშკოვი ჩინებული მწვრთნელია და ძალიან კარგად მოერგო ჩვენს გუნდს.

- სხვათა შორის, შენც ბევრი გაკრიტიკებს მოსკოვის ცსკა-ში გადასვლისთვის - ევრობასკეტზე როგორ ითამაშებს კარგად, როცა კლუბში მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარაო...
- ვინმეს უკეთესად შეესრულებინა ჩემი სამუშაო და მოედანზე მე არ ვიქნებოდი - აი, ჩემი პასუხი! ცსკა-ში გადასვლას კი ნამდვილად არ ვნანობ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრის ოცნება იქნება ამ დონის კლუბში თამაში და გამოცდილების დაგროვება. ჭკუის სწავლა და გამოცდილების მიღება ყველა სიტუაციიდან შეიძლება. მეც დიდი გამოცდილება მივიღე რუსულ კლუბში და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ წუთს ვთამაშობდი. ვერც ვხვდები, რატომ მაკრიტიკებენ: კალათში არასდროს ჩამიტენია ბურთი და არც 80 მოხსნა გამიკეთებია ერთ მატჩში. ჩემი მთავარი ფუნქცია დაცვაში თამაშია და მგონი, ამას ცუდად არ ვაკეთებ. შესაძლოა, ამ შემადგენლობით ბოლოჯერ ვთამაშობთ ევრობასკეტზე, ამიტომაც თავს არ ვზოგავთ და სიამოვნებას ვიღებთ თამაშისგან. ბოლომდე კმაყოფილი არც თავად ვარ, მაგრამ კრიტიკა ჩემპიონატის მერე იყოს... ისე კი, ჩვენზე უკეთ რომ გააკეთებენ საქმეს, მერე გაგვკიცხონ!
David
18 სექტემბერი 2015 13:15
გაიხარეთ ბიჭებო, თქვენი თამაშის ყურება სასიამოვნოა. შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს .თავარია რომ თქნენი თამაშიდან ონდომება და სურვილი ჩანს გაიხარეთ სუყველამ.
17 სექტემბერი 2015 21:13
ყოჩაღ მანუ
mimi
17 სექტემბერი 2015 13:20
ყველანი დზალიან მიყვარხარტ,იმიტომ რომ პატრიოტები ხარტ ფა ბ0ოლიმდე ვაჟკაცურად იხარჯებიტ, მწვრტნელს დიდი მადლობა.ტკვენი ტამაშიშის ყურება ერტი სიამოვნებაა.ლამაზები, ვაჟკაცები,ერტი სიტყვიტ, დალიცვილები გამყოფოდ ღმერტმა ტკვენს ლამაზ ცოლ-შვილტან ერტად.მჯერა მრავალჯერ გაგვახარებტ.წარმატებები.

რედაქტორის რჩევით