"პუმებს" ტყავი ვერ გავაძვრეთ
28-09-2015
"პუმებს" ტყავი ვერ გავაძვრეთ
არგენტინა 54:9 საქართველო

არგენტინელ "პუმებს" ტყავი ვერ გავაძვრეთ. მეტიც - პირიქით გამოვიდა, მაგრამ... მღვდელი ჭილოფში იცნობა, ნამდვილი გულშემატკივარი - წაგებული მატჩის შემდეგ!
ბოლო დღეებია, მთელი საქართველო რაგბით ცხოვრობს და "მეთექვსმეტე მოთამაშეა". თუ ხარ მეთექვსმეტე, ბოლომდე იყავი, თორემ, როგორც ჩანს, ზოგიერთს გულშემატკივრობაც "თექვსმეტობანას" თამაში ჰგონია!

გამოდის, მხოლოდ ტონგასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ იყვნენ ბორჯღალოსნები გმირები და საამაყო ქართველები?!
სამწუხაროდ, ბოლო დღეების აჟიოტაჟმა დათვური სამსახურიც გაგვიწია. თავად მორაგბეებს თუ არა, გულშემატკივრებს მაინც -
გაჩნდა მოლოდინი, რომ არგენტინისთვისაც უნდა მოგვეგო! მაგრამ რაგბი ლოგიკური თამაშია.

არგენტინა კი "ოთხი ერის" წევრია და წლის განმავლობაში ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას ეჭიდავება. ჩვენ? - რუმინეთს, პორტუგალიას, რუსეთს...
2 ოქტომბერს ახალ ზელანდიას ვეთამაშებით. აუცილებლად წავაგებთ, სავარაუდოდ - დიდი ანგარიშითაც. და რა გამოდის - რაგბი
აღარ უნდა ვითამაშოთ?!
დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ კრიტიკა ბუნებრივიც არის და აუცილებელიც, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან წაგებისგან ტრაგედიის შექმნა არასწორად მიმაჩნია. არგენტინამ წლების წინ განვლო ეტაპი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. არგენტინაში გაცილებით მეტი მორაგბეც არის და შესაბამისად - უდიდესი კონკურენციაც...

არადა, მატჩის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს ცუდად არ უთამაშია. არგენტინა თამაშითაც გვჯობდა და ანგარიშითაც. თუმცა, ტაიმი მხოლოდ 9:14 წავაგეთ, ბოლო წამებზე კი სალელოედაც შევუტიეთ... სამწუხაროდ, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე კაცნაკლული, უფრო სწორად - კაპიტან-ნაკლული დავრჩით - რაქში ბურთის შეყოვნებისთვის მსაჯმა მამუკა გორგოძე გაასინბინა. ვინც ის ეპიზოდი ნახა, დაგვერწმუნება, რომ ინგლისელმა არბიტრმა, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. ჯი პი დოილმა სხვა ეპიზოდებშიც იქონია გავლენა მატჩის მიმდინარეობაზე, მაგრამ ყველაზე საბედისწერო ჩვენთვის "გორგოძილას" გაძევება გამოდგა - იმ ათწუთიან მონაკვეთში არგენტინელმა "პუმებმა" მეტისმეტად გაილაღეს და ზედიზედ სამი ლელო გაგვიტანეს!

მაგრამ დიდი ანგარიშით მარცხი მხოლოდ კაპიტნის გარეშე თამაშს არ გამოუწვევია. ცხადი იყო, არგენტინა გორგოძესთან ერთადაც მოგვიგებდა, მაგრამ არა - ასეთი სხვაობით. თუმცა, გუნდის ლიდერის გაძევების შემდეგ ნაქები ქართული დაცვა აირია და სამხრეთამერიკელებმა, რომლებიც ისედაც გვჯობდნენ დერეფანსა და ხელდახელ თამაშში, სისწრაფეშიც მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა.

ერთადერთი, რაც წაგებულ მატჩში მოგვეწონა, შერკინება იყო. Lol Pumas-ის შერკინება ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ქართველ პირველხაზელებს ვერაფერი დააკლო. რაც შეეხება ბოჭვებს, არგენტინელებს ამ კომპონენტშიც ვაჯობეთ (123 ბოჭვა 107-ის საპირისპიროდ), მაგრამ ქართველი მცველები ისევე საიმედოდ ვეღარ იდგნენ, როგორც ტონგასთან შეხვედრაში, სადაც ორასზე მეტი ბოჭვა განახორციელეს. არგენტინელთა მაღალი კლასის და სისწრაფის გარდა, ამის მიზეზი დაღლილობაც იყო. ბუნებრივია, რომ გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან და მილტონ ჰეიგმაც ზუსტად იმავე თხუთმეტეულს უხმო, ვინც ტონგასთან მატჩი დაიწყო, მაგრამ... ალბათ, ჯობდა, ზელანდიელ მწვრთნელს არგენტინასთან მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაეწყო მოთამაშეთა შეცვლა...
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა კინკილა ქულაც კი ვერ მოიპოვეს (!), მართლაც პუმასავით სწრაფ არგენტინას კი, პირიქით, ყველაფერი გამოსდიოდა და მალევე გაინაღდა გამარჯვებაცა და პრემიალური ქულაც. 7 ლელო და 54 ქულა კვირიკაშვილის სამი საჯარიმოს საპირისპიროდ - ასეთია მატჩის საბოლოო სტატისტიკა.
საქართველოს ნაკრებმა დიდი სხვაობით წააგო თავისზე ძლიერ მეტოქესთან. კაპიტნის გაძევების შემდეგ თამაშის დალაგება ვეღარ შეძლო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ბორჯღალოსანმა თავი დაზოგა, ან დროზე ადრე შეწყვიტა ბრძოლა.

ასეთი სხვაობით გამარჯვებას არგენტინელებიც არ ელოდნენ, მაგრამ... 25 სექტემბერი მათი დღე იყო. ქართველებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, მაგრამ ძალამ და მსაჯმა აღმართიც მოხნეს და "კინგსჰოლმის" მოედანიც.
"პუმისტყაოსანი" ვერც ამჯერად გავხდით. პუ(რ)მა-რილი ისევ არგენტინამ გაშალა... არა უშავს, ჩვენი დროც მოვა! მანამდე კი - Don't cry for me Argentina...
მაგრამ, არც შენ იტირო, ქართველო. სატირლად ნამდვილად არ გაქვს საქმე - წაგების შემდეგაც უქომაგე ბორჯღალოსნებს, კვლავაც იყავი მეთექვსმეტე!
qartveli
01 ოქტომბერი 2015 18:39
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო
giga
28 სექტემბერი 2015 15:26
ნამდვილად მომეწონა სტატია.
წაგების მიუხედავად მე-16 მოთამაშედ ვრჩები.
მოვა დრო და მსაჯს დავუდებთ ლელოში არგენტინას.
ჯავახელი
28 სექტემბერი 2015 09:57
მე მე16 ბორჯღალოსანი ვარ!!!
მერე რა რომ არგენტინასთან წავაგეთ? მერე რა რო ძალიან ვინერვიულეთ? მერე რა რომ კედელმა შეიწირა ხელის მტევანი?
მე (ჩვენ) ყოველთვის მე-16 ბორჯღალი ვიქნები(თ)

რედაქტორის რჩევით