ფაჩულიას დილემა - ნაკრების კაპიტნობა თუ საკალათბურთო აკადემია?! (ექსკლუზივი)
28-09-2015
ფაჩულიას დილემა - ნაკრების კაპიტნობა თუ საკალათბურთო აკადემია?! (ექსკლუზივი)
28 სექტემბრიდან თბილისში ზაზა ფაჩულიას აკადემია იწყებს ფუნქციონირებას! 18 აგვისტოს დიდუბეში მდებარე საკალათბურთო კომპლექსი ზაზას 50 წლით უსასყიდლოდ გადაეცა და მისივე სახელობის საკალათბურთო აკადემიამაც სწორედ იქ დაიდო ბინა.

ამავე კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზში დაიგება NBA-დან გამოგზავნილი პარკეტიც, რომელიც, თავის დროზე, "მილუოკი ბაქსის" არენას ამშვენებდა... ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვანი ეს ახალი ამბავი ზაზა ფაჩულიამ გაგვიმხილა, როცა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევრობასკეტზე სალაპარაკოდ
დალასში შევეხმიანეთ:

- დიდუბის დარბაზის ჩემთვის გადმოცემა ევრობასკეტისთვის მზადების პერიოდს დაემთხვა და მაშინ დაწვრილებით ვერ გელაპარაკეთ. ახლა კი უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია 28 სექტემბერს (ინტერვიუ ჩაწერილია 26 სექტემბერს) იხსნება. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, კიდევ რაღაც გავაკეთო ჩემი ქვეყნის და ქართული კალათბურთისთვის, ჩემი გამოცდილება გავუზიარო და სწორ გზაზე დავაყენო ახალგაზრდა კალათბურთელები. უკვე
ვეღარც ვარჩევ, რა უფრო მეტად საპასუხისმგებლოა - ნაკრების კაპიტნობა თუ საკალათბურთო აკადემია... ყველაფერს გავაკეთებ, ჩემმა აკადემიამ რაც შეიძლება ბევრ ნიჭიერ ბავშვს რომ მისცეს სწორად გაზრდის შესაძლებლობა...

- ევრობასკეტის დასრულებიდან რამდენიმე დღე გავიდა... როგორ შეაფასებს კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას?

- პირველ შეხვედრაში ჰოლანდიასთან მარცხი შოკის მომ­გვრელი იყო ჩვენთვის და ეს მომდევნო შეხვედრებსაც დაეტყო. საბედნიეროდ, მობილიზება და თამაშის დალაგება შევძელით და დამაჯერებლად მოვიგეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართული უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. ამ გამარჯვებით მიღებული დადებითი მუხტი ხორვატიასთან მატჩშიც შევინარჩუნეთ და ტურნირის მასპინძლებსაც მოვუგეთ.

- რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი ბალკანელებთან შეხვედრებში?
- სწორი და აგრესიული დაცვა, დაცვაში კარგად თამაშმა კი შეტევაშიც გაგვიხსნა ხელ-ფეხი. ხორვატიასთან გამარჯვებაც ალალად დავიმსახურეთ. არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ხორვატებს მოტივაცია აკლდათ - ამ გუნდში არაერთი ვარსკვლავია, ჰყავთ ახალგაზრდა მოთამაშეებიც, რომლებსაც ნაკრებში თავის დამკვიდრება სურთ და ამისთვის თავს არ ზოგავენ. თანაც, ხორვატიაში ბოლო მატჩს ატარებდნენ და მოტივაცია საკმარისზე მეტი ჰქონდათ... ჩვენ ვეთამაშეთ და ქართველ კალათბურთელებზე უკეთ ვინ იცის, რა და როგორ იყო?! შეგვიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ხორვატები ძალიანაც მოტივირებული იყვნენ და თითოეული ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ!

- სლოვენიასთან და საბერძნეთთან ერთნაირი ანგარიშით - 68:79 დავმარცხდით. შეიძლებოდა რომელიმე მათგანის დამარცხება?

- სანამ ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდით, ჩვენი თამაში ვერ "ვიპოვეთ". მწვრთნელებისგანაც მივიღეთ დავალება, რომ უფრო აგრესიულად გვეთამაშა. საწყის სამ მატჩშიც ისეთივე აგრესიული დაცვის ტაქტიკა რომ აგვერჩია, როგორიც მაკედონია-ხორვატიასთან, მერწმუნეთ, სხვა შედეგს მივიღებდით.

- მაკედონიასთან მატჩის წინ ტაქტიკა მწვრთნელის მითითებით შეცვალეთ?

- მწვრთნელმა უფრო აგრესიული თამაში დაგვავალა, რამაც მთლიანად შეცვალა თამაშის დინამიკა. არიან გუნდები, რომლებიც მხოლოდ შეტევაზე არიან ორიენტირებული. ასე თამაშობდა, მაგალითად, "გოლდენ სტეიტ უორიორზი" სტივ კერის მოსვლამდე. ჩაიბარა თუ არა კერიმ გუნდი, ძირითადი ყურადღება დაცვას დაუთმო და "მეომრები" NBA-ს ჩემპიონები გახდნენ! თამაშს დაცვა იგებს და სანამ აგრესიულ დაცვას არ მივმართეთ, არაფერი გამოგვდიოდა.

- სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მაკედონიასთან მატჩის პირველ ნახევარში ითამაშეთ შედეგიანად, დანარჩენი შეხვედრების საწყის ორ მეოთხედში კი ძალიან ცოტა ქულას აგროვებდით. ამას როგორ ახსნი?

- ჰოლანდიასთან ეს, ალბათ, სასტარტო მღელვარების ბრალი იყო. ბერძნებმა პირველივე ნახევარში მოამთავრეს საქმე, ბოლო ორ მეოთხედში შედარებით მოეშვნენ და ჩვენი შედეგიანი თამაში ამის ბრალიც იყო.

- ლიტვა? როგორც აღმოჩნდა, მერვედფინალში ევრობასკეტის მომავალ ფინალისტთან წავაგეთ... არადა, მოგებაც შეგვეძლო!
- ცუდი სტარტის შემდეგ ერთი თამაშის მოგება იყო საკმარისი, სიტუაცია მთლიანად რომ შეცვლილიყო. მაკედონიასთან დამაჯერებლად მოგების შემდეგ ასეც მოხდა. რადგან მატჩებს შორის შუალედი მცირე იყო, დადებითი მუხტი თამაშიდან თამაშამდე შევინარჩუნეთ - მაკედონიის მერე ხორვატიასთან, ხორვატიიდან - ლიტვამდე... სპორტში იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია. მერვედფინალის ბოლო წამებზე ლიტველებს ჩვენზე მეტად გაუმართლათ... არადა, ჩინებული შანსი გვქონდა, ფსიქოლოგიურად გაგვეტეხა: მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე 6 ქულას ვიგებდით და ბურთიც ჩვენი იყო, მაგრამ... იმის ნაცვლად, რომ მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით დაგვესრულებინა, ლიტველებს სხვაობის ერთ ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მივეცით და ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს...

- უკვე რამდენიმე დღეა, რაც "დალასს" შეუერთდი. მოგწონს ახალი კლუბი?
- "დალასი" გამორჩეულია კლუბის სტრუქტურით, ორგანიზებით, შემადგენლობით. ასეთი კლუბის წევრობა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ჩემთვის! ანდა, მეტი მოტივაცია რაღა საჭიროა, როცა ყოველდღე ვხედავ, როგორ თავდაუზოგავად შრომობს 37 წლის დირკ ნოვიცკი! სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი.

- რაგბის დიდი ქომაგი ხარ. მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების გამოსვლაზე რას იტყვი?

- ვამაყობ მორაგბეებით, რომლებმაც ბოლო წლებში ერთ-ერთმა პირველებმა გვიჩვენეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს სპორტულ წარმატებას ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. მორაგბეები ყველა თამაშში მოსაგებად იბრძვიან, ქართული სპორტი მთელ მსოფლიოს გააცნეს და მებრძოლი ხასიათი სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებსაც "გადმოგვდეს".
არჩილ ხოფერია
30 სექტემბერი 2015 15:05
ვისია ეს დარბაზი, ვის ეკუთვნის? იმას ვკითხულობ ვინ გადასცა ფაჩულიას აკადემიას უსასყიდლოდ 50 წლით? რა გჭირთ, რანაირი ინფორმაციის მოწოდებაა ვერ გავიგე?!
პაატა
30 სექტემბერი 2015 02:19
100 ლ დააწესეს გადასახადი.უმრავლესობა ბავშვთა გუნდებმა დატოვეს დიდუბის დარბაზი(დიდი გადასახადის გამო)!ეს პროექტი მაშინ იქნებოდა საამაყო ჩვენო კაპიტანო,როცა ბავშვები უფასოდ ივარჯიშებდნენ!სამწუხაროა,რომ ბავშვთა სპორტი შემოსავლის წყაროდ არის გადაქცეული ! რაც შეეხება პარკეტს,რამდენი წელია გვესმის,რომ მოდის ... წარმატებები !
ia
30 სექტემბერი 2015 00:00
ისიც არ შეგიძლიათ ტქვათ,რომ მთავრობამ გადასცა დარბაზი.იქნებ ვინმემ იფიქროს და გარკვევით ტქვას ეს.თუ ისედაც ცხადია ვინ გადასცემდა?აბა სხვა დრო ყოფილიყო?

რედაქტორის რჩევით