ახალი კო(მ)ბინაცია ქართულ ფეხბურთში - რა უნდოდა კალაძეს?
05-10-2015
ახალი კო(მ)ბინაცია ქართულ ფეხბურთში - რა უნდოდა კალაძეს?
"მთავარი ახლა იწყება - ბრძოლა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის!" - ლევან კობიაშვილმა ეს სიტყვები მეორე ცდაზე წარმოთქვა.

მეორეზე იმიტომ, რომ პირველ მცდე­ლობას ცრემლმა აჯობა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტს სამადლობელი სიტყვა შუა გზაში გაუწყდა...


სიტყვას არა უშავს - სიტყვა აქამდეც ბევრი მოგვისმენია. მთავარი საქმეა. მთავარია, ლევანს საქმე არ გაუწყდეს შუა გზაზე და ბოლომდე მიიყვანოს ის, რისთვისაც ქართული ფეხბურთის სათავეში მოვიდა.
აღარ გვინდა იმედგაცრუება. ქართველი ქომაგი ოპტიმისტია და ყველა სიახლეს
იმედით ელის. ელის, რომ იქნებ... იქნებ ამ ჯერზე მაინც! ჰოდა, დროა. დროა, ქართულ ფეხბურთშიც შეიცვალოს რამე. უკეთესობისკენ შეიცვალოს, თორემ ამაზე უარესი რაღა იქნება?!

ქართული ფეხბურთისთვის ეს ჩვეული ამბავია - სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი იმარჯვებს. ქართულ ფეხბურთს ბევრი რამ უნახავს: სფფ-ის პრეზიდენტის დაკავებაც, 2007
წლის 13 მაისის სამარცხვინო ამბებიც, ერთკანდიდატიანი "არჩევნებიც"... სუფთა ბრძოლა ვერც ამჯერად ვნახეთ: იყო დელეგატების გადაბირებისა თუ დაშინების მცდელობა, საარჩევნო პროგრამის გაცნობამდე გამოხატული მხარდაჭერაც, ხმაჩამორთმეული თუ დაკავებული დელეგატებიც, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ხელისუფლება აშკარად აღარ ჩარეულა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში და 3 ოქტომბრის დილიდან ღამემდე ლოდინი თუნდაც ამიტომ ღირდა!

ლევან კობიაშვილს კიდევ ბევრჯერ წამოაძახებენ, რომ ხელისუფლების ფავორიტი იყო და ამიტომ გაიმარჯვა, დასტურად კი მოიყვანენ არჩევნების წინა დღეს რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატის დაკავებას, არჩევნებზე ქვეყნის ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ყოფნას და ა.შ.

"მე დავხვდი გრიგორი სურკისს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, - განმარტა კალაძემ, როცა Holiday Inn-ში ყოფნის მიზეზი ჰკითხეს, თუმცა, ბევრისთვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, რა უნდოდა ვიცე-პრემიერ კალაძეს საარ­ჩევნო ყრილობაზე.

შესაძლოა, ლევან კობიაშვილი მართლაც არის ხელისუფლების ფავორიტი, მაგრამ, მგონია, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით, მხოლოდ ამიტომ არ გამხდარა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ქომაგის მხარდაჭერის და მმართველი ძალის სიმპათიის გარდა, კობიაშვილს მთავარი კონკურენტის წარსულიც წაეხმარა. "თუ საქმის გაკეთება უნდოდა და შეეძლო, რევაზ არველაძეს აქამდე რა უშლიდა ხელს?!" - ასე ფიქრობს ქართველი ქომაგების დიდი ნაწილი და როგორც აღმოჩნდა, დელეგატების უმეტესობაც...

თავად რეზომ კი, დამარცხების შემდეგ, არჩევნები ასე შეაფასა - ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგო: "რომ მცოდნოდა, ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა, არ ვანერვიულებდი არც ჩემს თავს და არც ჩემს ოჯახს. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი, მაგრამ არა უშავს, გავუძლებ და ისევ ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ქალაქში"...
რაც შეეხება არველაძის მხარდამჭერი დელეგატის დაკავებას, ეს ფაქტი მართლაც საეჭვოდ "დაემთხვა" არჩევნების წინა დღეს. თუ დასაჭერი იყო, არ შეიძლებოდა, მანამდე ან ყრილობის შემდეგ დაეჭირათ?! მაგრამ გეგა გობეჯიშვილი მაინცდამაინც არჩევნების წინა დღეს დააკავეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით. "ვიცოდი, რომ ჩემი დაკავება იგეგმებოდა, ამიტომ, ერთი კვირის განმავლობაში, სახლიდან არ გამოვსულვარ. გავიგე, რომ ჩემს დაკავებას შაბათ დილით აპირებდნენ და პარასკევ საღამოს წავედი ღამის გასთევად Holiday Inn-ში, სადაც ყრილობა უნდა გამართულიყო. სადარბაზოდან გამოსვლისას დამაკავეს", - განაცხადა მოგვიანებით გობეჯიშვილმა.

სწორედ მისი დაკავება გახდა მიზეზი, რომ 11.00 საათზე დასაწყები საარჩევნო ყრილობა 19.00 საათზე დაიწყო. საარჩევნო ყრილობის დაწყება კვორუმის არარსებობის გამო გაჭინაურდა. კვორუმისთვის 18 დელეგატის ყოფნა იყო საჭირო, დარბაზში კი მხოლოდ 17 შეგროვდა. დანარჩენი 17 დელეგატი რევაზ არველაძესთან ერთად იყო გვერდით ოთახში და გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლებამდე ყრილობაზე დასწრებაზე უარს აცხადებდა, იმის მიუხედავად, რომ ლევან კობიაშვილის თქმით, მან არველაძის გუნდს დაკავებულის ნებისმიერი სხვა დელეგატით შეცვლა დილიდანვე შესთავაზა...
სასამართლოს მიერ 500-ლარიანი ჯარიმის შეფარდების შემდეგ გათავისუფლებული გობეჯიშვილი Holiday Inn-ში 17.00 საათისთვის მივიდა, თუმცა, უეფას წარმომადგენლის რეკომენდაციით, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს და მის ნაცვლად დელეგატად "ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - ზურაბ პეტრიაშვილი დარეგისტრირდა.

19.00-ზე საარჩევნო ყრილობა დაიწყო. თავდაპირველად კენჭი უყარეს გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ გია შარაბიძე და კახა ებრალიძე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ და არჩევანი დარჩენილ 33 დელეგატს უნდა გაეკეთებინა!

გამარჯვებულის ვინაობაც, ფაქტობრივად, მაშინვე გაირკვა და საბოლოოდ ასეც მოხდა: კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, არველაძემ - 15, მამუკა კვარაცხელიამ კი - ვერც ერთი.

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტია!

"ეს არა მხოლოდ ჩემი, მთლიანად ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა. ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა ავიღე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო უკეთეს ფეხბურთს იმსახურებს! დანარჩენ კანდიდატებს კი მინდა ვუთხრა - ჩვენ არ ვართ ოპონენტები, მეგობრები ვართ. ჩემთვის მტერი არ არსებობს, ყველა საფეხბურთო ოჯახის წევრია", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილმა 100 მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მაისურით, დღეიდან კი 101-ე - უფრო მნიშვნელოვან "მატჩს" იწყებს.
კობი არ არის კომბინატორი. არც ღმერთთან მებრძოლი იაკობი. კობი ქართული ფეხბურთისთვის მებრძოლი კაცია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდანაც ასე იყოს.

რა უნდოდა კალაძეს?

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი:

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ვიცე-პრემიერ კახი კალაძის მისვლა აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო. სულ რომ პელე ყოფილიყო მთავრობის წევრი, დამოუკიდებელი ფედერაციის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების უფლება არავის აქვს. ბუნებრივია, არ ვამბობ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ყველაფერი კარგადაა, პირიქით, ამ ორგანოში სერიოზული ხარვეზებია აღმოსაფხვრელი, თუმცა, კალაძის არჩეული ხერხი ვითარებას ნამდვილად ვერ გამოასწორებს. ზუსტად ასე იქცეოდნენ "ნაციონალები", რასაც თავის დროზე ბატონი კალაძე აპროტესტებდა. სასტუმროსთან გია უდესიანის ზონდერებიც კი შევნიშნე, რომლებმაც, ბუნებრივია, არ იციან, ლევან კობიაშვილი ან რევაზ არველაძე ვინ არიან, ისინი იქ ვიღაცის დავალებით მივიდნენ. ასეთ ქმედებებს ქართველი ხალხი არავისგან აიტანს. იმედი მაქვს, ამ უმსგავსო საქციელისთვის კალაძე ბოდიშს მაინც მოიხდის. კარგი იქნება, თუ მერიაში თავის ცოლისძმას მიხედავს და მისი საქმიანობით დაინტერესდება".
ყაზბეგის იაგო
24 ოქტომბერი 2015 16:55
ე.წ. "მწერალ" ირაკლი კაკა(ანუ კუკა)ბაძეს, მინდა ვუპასუხო. კახა კალაძე რომ ფეხბურთის გრანდი და უდიდესი მცოდნეა ხომ ყველამ ვიცით. ამიტომ ფედერაციას იგი პერსონალურად უნდა მიეწვია განსაკუთრებული ხმის უფლებით. აფერისტმა რეზი არველაძემ კი კინაღამ 35–ვე დელეგატი მოისყიდა და თვითონ ბეწვზე გადარჩა, რადგანაც მას და მის ბანდას რომ გაემარჯვა, ხალხი შევარდებოდა ფედერაციაში და ფიზიკურად გაუსწორდებოდა მათ.
ხელისუფლება აშკარად აღარ ჩარეულა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში
07 ოქტომბერი 2015 17:41
შაბათი დღე იყო და რა მოხდა, ქვეყანა უკვე აშენებული აქვს და ივენებდა, ხო მერე რა რო ოჯახთან და შვილებთან არ უნდოდა ხმაურობენ თურმე ბავშვები, იქ ყრილობაზე სიწყნარეში დაივენა.
nika
07 ოქტომბერი 2015 15:52
კახი მაგარი კაცია, თან კარგი ფეხიც აქვს -ახლა თქვენ იცით. უფალი გფარავდეთ

რედაქტორის რჩევით