ახალი გენმდივნის მოლოდინში
12-10-2015
ახალი გენმდივნის მოლოდინში
მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და თბილისის "ვითას" თამაშებთან ერთად, გასული კვირის მთავარი თემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შეხვედრებიც იყო.

გაზეთის ფორმატის გამო, გერმანია-საქართველოს მატჩზე გაზეთის ამ ნომერში ვერ ვილაპარაკებთ.­ თუმცა დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ძირითადი თემა უახლოეს დღეებშიც ფეხბურთი იქნება - სფფ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა აღმასკომს გენერალური მდივნის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. დასახელდა რამდენიმე გვარი, თუმცა ყველაზე რეალურ პრეტენდენტად კობიაშვილის შტაბის წევრი დავით მუჯირი მიიჩნევა. ინფორმაცია თავად მასთან გადავამოწმეთ:

- აღმასკომისთვის გენმდივნის კანდიდატურის წადგენა
სფფ-ის პრეზიდენტის პრეროგატივაა. თუმცა ამ თემაზე მასთან ჯერ არ მილაპარაკია. დიახ, მისი მეგობარიც ვარ და შტაბის წევრიც, ალბათ, ჩვენი გუნდის გამარჯვებაში მეც მიმიძღვის გარკვეული წვლილი, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი როლი არჩევნების დასრულებისთანავე ამოიწურა. ლევანი ჯერ კიდევ ეცნობა ახალ სამსახურში არსებულ ვითარებას, თანაც, გასული კვირა სანაკრებო
მატჩებით იყო დატვირთული და გენერალური მდივნის კანდიდატურა მეორეხარისხოვანი თემა გახლდათ.

- შემოთავაზების შემთხვევაში, დათანხმდებით ამ პოსტზე მუშაობას?
- კიდევ ვამბობ, ჯერჯერობით, ეს საკითხი არ განგვიხილავს. ბედნიერი ვარ, რომ არჩევნები მოვიგეთ და ქართულ ფეხბურთს ახალი იმედი გაუჩნდა. მომავალში სად დავჭირდები ლევანს, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

- რას ელოდა და რა დახვდა ფედერაციაში? არც ამ თემაზე გილაპარაკიათ?
- რა თქმა უნდა, თუმცა ჩემგან ამაზე ლაპარაკი არასწორი იქნება - პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია და როცა საჭიროდ ჩათვლის, თავად გააკეთებს კომენტარს.

- როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში, რისი დამსახურებაა კობიაშვილის გამარჯვება?

- ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერის! მეც, როგორც რიგითი ქომაგი, ძალიან იმედიანად ვუყურებ მომავალს, იმის მიუხედავად, რომ ქართული ფეხბურთის უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორება ადვილი არ იქნება. მას შემდეგ, რაც დეტალურად გაეცნობა სფფ-ში არსებულ ვითარებას, ლევანი სამოქმედო გეგმაზეც ილაპარაკებს. წარმატება ვუსურვოთ მას, რათა ეს ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად აისახოს ქართულ ფეხბურთზე.

- რას იტყვით შაბათს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე, სადაც რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები უეფას ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისს ელაპარაკებიან?
- უეფას წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მონაწილეობდნენ მოლაპარაკებაში, ყრილობაც ამიტომ დაიწყო 8-საათიანი დაგვიანებით. ასე რომ, ჩემთვის ახალი არ ყოფილა ის, რაც იმ ოთახში ხდებოდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით