დათა ქაჯაიამ ევროპა ტურინგშიც დაიპყრო
12-10-2015
დათა ქაჯაიამ ევროპა ტურინგშიც დაიპყრო
დათა ქაჯაია ტურინგ-კლასშიც "უმუხრუჭოდ შევიდა"! ქართველი ავტომრბოლელი ლეჯენდის კლასში სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, წლევანდელი სეზონიდან კი ახალ, უფრო რთულ და პრესტიჟულ ტურინგ-კლასში გადაბარგდა.
დათასგან წარმატებას მიჩვეული ვართ, მაგრამ უცნობ ტრასებსა და ახალ ავტომანქანასთან ასე სწრაფად გაშინაურებას, მგონი, არც თავად ელოდა. საქართველოს შსს-ს კლუბ MIA Force-ს პილოტმა ტურინგის კლასის ევროპის თასზე (ETCC) ზედიზედ ოთხი ეტაპი, ანუ რვავე რბოლა მოიგო და თავის კლასს (TC2T) დამაჯერებლად ლიდერობდა. სამწუხაროდ, ბელგიურ ცოლდერში გამართულ მეხუთე ეტაპზე
დათას ავტომანქანამ უმტყუნა. ქაჯაიას BMW 320 TC ისედაც მოძველებული მოდელია და კონკურენტი "სეატები" სისწრაფითა და სიმსუბუქით სჯობნიან, თუმცა ქართველი მრბოლელი ამას არაფრად აგდებს. ცოლდერზე მან ორიდან ვერც ერთი რბოლის ჩამთავრება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, დათა ქაჯაია მაინც ლიდერობდა საერთო ჩათვლას და თუ ბოლო, მეექვსე ეტაპზე
სასწაული არ მოხდა (ანუ, თუ ორივე რბოლას ნაად­რევად არ გამოეთიშა), ტურინგ-კლასშიც არის ევროპის ჩემპიონი! ბოლო ეტაპი 10-11 ოქტომბერს გაიმართა და ჩემპიონატის საბოლოო შედეგების გათვალისწინება ვეღარ მოვასწარით, მაგრამ ევროპული ავტოსპორტის ახალ ვარსკვლავთან ინტერვიუ მაინც დაგაინტერესებთ:

- ტურინგ-კლასი ლეჯენდზე პრესტიჟულია, ძარიან ავტომობილებში ევროპაში ყველაზე პოპულარულ კლასად მიიჩნევა, თან FIA-ს ეგიდით იმართება და მეტი ყურადღებაც ექცევა. ახალ კლასსა და ავტომანქანას მიჩვევა სჭირდება და ჯერაც ამ პროცესში ვარ. თანაც, ვცდილობ, ავტომანქანის შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენო.

- სისწრაფისა და ავტომანქანის მოყვარული ქართველი BMW-სთან ასოცირდება... ტურინგ-კლასში გადასვლისას, ამ მარკის ავტომანქანა "შემთხვევით" აარჩიე?

- BMW ძალიან მიყვარს და ამ მარკის ავტომანქანებთან ბევრი რამ მაკავშირებს. თანაც, TC2T კლასში, უკანა წამყვანთვლიანი მხოლოდ ეს მარკა იყო და ამიტომაც ავირჩიე. თუმცა BMW 320 TC მოძველებული მოდელია და მომავალი წლიდან TC2T კლასში მხოლოდ წინა წამყვანთვლიანი მანქანები დარჩება. მათი უმეტესობა "სეატია", რადგან ახალი, ტექნოლოგიურად დახვეწილი მოდელია და ფასიც მისაღები აქვს.

- მომავალი სეზონიდან შენც იგივე მოგიწევს?

- თუ ამ კლასში დავრჩი, წინა წამყვანთვლიან ავტომანქანაზე გადასვლა მომიწევს. თანაბარი ტექნიკური მახასიათებლების პირობებში, წინა და უკანა წამყვანთვლიანებს დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს, თუმცა, BMW-სთან შედარებით, "სეატი" უფრო მძლავრი და მსუბუქია, ფართო ბორბლები და დიდი მუხრუჭებიც აქვს და ამით მცირე უპირატესობას იღებს. ამასთან, წვიმიან ამინდში, წინა წამყვანთვლიანი ავტომანქანა მოსახვევში უფრო სწრაფად მანევრირებს და თითო წრეზე 7-8 წამს უგებს­ უკანა წამყვანს!

- მეხუთე ეტაპს თუ არ ჩავთვლით, ახალ კლასში რვავე ასპარეზობა მოიგე. ასეთი სტარტი შენთვისაც მოულოდნელი იყო?

- ევროპის არაერთ ტრასაზე მიასპარეზია, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ახალი კლასის ექვსი ეტაპიდან მხოლოდ სლოვაკეთის ტრასას ვიცნობდი და ესეც ართულებდა საქმეს. ბოლო ეტაპზე, იტალიაში, გაორმაგებული ქულები რიგდება და ყველას ექნება შანსი, მაგრამ იმედია, პირველობას შევინარჩუნებ.

- ყველაზე მეტად რომელ ტრეკზე გაგიჭირდა?
- "პოლ რიკარის" ტრეკზე. მისი პარებრიკები (ამაღლება, რომელიც ტრასას გვერდებზე მიჰყვება) შედარებით მაღალია, ჩემი მანქანის დაკიდების სისტემა ვერ მოერგო და დროში ყველაზე მეტად ამ ტრასაზე ვაგებდი "სეატებთან". რბოლის წინ ყოუტუბე-ზე ვუყურებ ჩანაწერებს, ტრასების სპეციალური სიმულატორით კი მოსახვევების თანამიმდევრობას ვიმახსოვრებ და შედარებით მიადვილდება ახალ ტრასებზე ასპარეზობა.

- ლეჯენდის კლასი უკვე დაიპყარი, ტურინგი პირველივე სეზონიდან აალაპარაკე... რომელ კლასს უკავშირდება შენი მთავარი ოცნება?
- WTCC-ს - ტურინგის მსოფლიო კლასს, რომელიც ყველაზე მაღალია ძარიანი ავტომანქანების ტურნირებში! მაგრამ ის გაცილებით ძვირად ღირებული ჩემპიონატია, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ავტომანქანების გადაზიდვა დიდ ფინანსებს მოითხოვს­ და ძლიერი სპონსორის გარეშე იქ მონაწილეობა შეუძლებელია. "ფორმულა-1"? ასაკი აღარ მიწყობს ხელს... ბოლო წლებში "ფორმულა" ძალიან გაახალგაზრდავდა - გუნდებში 17-18 წლის ახალგაზრდები აჰყავთ, რომლებიც, 7-8 წელში ანებებენ თავს ამ კლასს - 25 წლიდან რეაქცია მცირდებაო. არადა, მე პირიქით ვარ - ახლა უკეთესი რეაქცია მაქვს!

- დათა ქაჯაია წარმატებას მხოლოდ ნიჭის ხარჯზე აღწევს? შენი კონკურენტები ხომ გაცილებით ახალი და სწრაფი ავტომანქანებით ასპარეზობენ?
- ახალ ტრასებსა და ავტომანქანას ადვილად ვეჩვევი, ადაპტაცია არ მიჭირს და, ალბათ, ამიტომ. თანაც, ქართველ მრბოლელებს "მამაპაპური" გამოცდილებაც გვიწყობს ხელს: ყველანაირი ავტომანქანით გვივლია და ესეც გვეხმარება.
zurab babucidze
16 ნოემბერი 2015 23:50
ყოჩაღ დათა! წარმატებებს გისურვებ და სურვილების ასრულებას. მეამაყება, რომ ქართულ ავტოსპორტს წარმოადგენ და ასე კარგად გაგაქვს ჩვენი სახელი ქვეყნის საზღვრებს გარეთ... გაიხარეეე...

რედაქტორის რჩევით