ჯაბა კანკავა: "თამაშისგან ასეთი სიამოვნება იშვიათად მიმიღია!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ჯაბა კანკავა: "თამაშისგან ასეთი სიამოვნება იშვიათად მიმიღია!" (ექსკლუზივი)

"მთავარია, ფორმაში იყო, თავს კარგად გრძნობდე და რა მნიშვნელობა აქვს, ვის ეთამაშები?!"

"ფეხბურთი ისეთი რამ არის, ძალიან წინ ვერ გაიხედავ... კი, ბოლო მატჩებში უკეთ გამოვიყურებით, ქომაგს იმედი გავუჩინეთ და მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამ მატჩით ილუზიების შექმნა არასწორი იქნება"

ვარჯიშისას გაჭიმული ფეხის კუნთის გამო ჯაბა კანკავას ათიოდე დღის განმავლობაში მოუწევს იძულებითი "დასვენება". თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი დარწმუნებულია, რომ ნოემბერში ესტონეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მწყობრში იქნება. კარგა ხანია, კანკავას ქართველ ჟურნალისტთან არ ულაპარაკია, არადა, ნაკრების კაპიტანთან სალაპარაკო საკმარისად დაგროვდა - ნოიერის კარში გატანილ ულამაზეს გოლზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯაბამ კლუბიც შეიცვალა და მოკლე ხანში იქცა ფრანგული "რეიმსის" ერთ-ერთ ლიდერად. კარგი სტარტის შემდეგ "რეიმსმა" ზედიზედ წააგო ორი მატჩი ("მონაკოსთან" შეხვედრის შედეგი გათვალისწინებული არ არის. - ავტ.) და ჯაბა კანკავასთან ლაპარაკი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- ფეხბურთში ხან მოიგებ, ხან წააგებ... თუმცა "კაენთან" წაგებას არ ვიმსახურებდით, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა!

- უკვე რამდენიმე თვეა, "რეიმსში" თამაშობ. რა არის მთავარი განსხვავება უკრაინისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს შორის?

- სხვაობა თვალსაჩინოა: თამაშის სისწრაფის, კლასის, მაყურებელთა დასწრებისა თუ სატელევიზიო რეპორტაჟების მხრივ. მით უმეტეს, რუსეთთან ომის შემდეგ, უკრაინის ჩემპიონატის დონე საგრძნობლად დაქვეითდა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე კლუბი კლასითაც გამოირჩევა და ფინანსებითაც, საფრანგეთის პირველობაში, ფაქტობრივად, არა ჰყავთ გამოკვეთილი აუტსაიდერები. ფრანგული გუნდების უმეტესობა ფიზიკურად მაღალ დონეზეა მომზადებული, ამიტომ მატჩების უმეტესობა დაძაბული და საინტერესოა.

- საშინაო შეხვედრაში დიდი ბრძოლა გაუმართეთ ფრანგული ფეხბურთის გრანდ პსჟ-ს, გოლიც პირველებმა გაიტანეთ. პარიზელთა მთავარ ვარსკვლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დუელს როგორ გაიხსენებ?

- ნაკრების მაისურით მსოფლიო დონის არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია. თუმცა იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე და პირადადაც დავრწმუნდი, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია! "პარი სენ ჟერმენს" არაერთი სხვა ვარსკვლავიც ჰყავს, მაგრამ "რეიმსმაც" დაამტკიცა, რომ თამაში ყველასთან შეიძლება.

- ჯაბა კანკავა კი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ მოედანზე მეტოქის გვარ-სახელი არაფერს ნიშნავს!

- მთავარია, ფორმაში იყო, თავს კარგად გრძნობდე და რა მნიშვნელობა აქვს, ვის ეთამაშები?! თუ საჭირო კონდიციაში არა ხარ, ვერც თამაშისას იქნები თავდაჯერებული! ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო და ასეთმა რაღაცებმა თამაშში ხელი არ შემიშალოს.

- რაც უნდა თბილად დაგხვდნენ ახალ კლუბში, მაინც ძნელია უცხო ქვეყანასთან, ენასთან შეგუება... გაგიჭირდა?

- თავდაპირველად, უცხო ჩემპიონატთან მიჩვევაც მიჭირდა, მაგრამ რამდენიმე ტურის შემდეგ შევეჩვიე. ძნელია, როცა თანაგუნდელები შენთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მთავარი მაინც ფეხბურთია და ამის გათვალისწინებით ყველაფრის ატანა შეიძლება. მთავარია, ფეხბურთი ითამაშო, მინდორზე გაუგო თანაგუნდელებს. ამას ვახერხებ, ელემენტარული რაღაცები უკვე ფრანგულადაც მესმის, მინდვრის გარეთ ურთიერთობა კი მეორეხარისხოვანია!

- ფრანგ ჟურნალისტს პირობა მიეცი - ექვს თვეში ინტერვიუს ფრანგულ ენაზე მოგცემო... როგორ ეტყობა საქმეს, შეძლებ?

- ფრანგულ ენაში ინტენსიურად ვმეცადინეობ. ჯერჯერობით, მიჭირს, მით უმეტეს, ნაკრებში ყოფნის პერიოდიც გამიცდა, მაგრამ რაც შემიძლია, ვცდილობ და იმედია, შედეგსაც მალე ვნახავ...

- შენ ფრანგულ ენას სწავლობ, "რეიმსის" დანარჩენი მოთამაშეები... ქართულს? უჭირთ ქართული სახელის გამოთქმა? მეტსახელი ხომ არ შეგარქვეს?

- ჯაბას მეძახიან, მეტსახელი ჯერ არა მაქვს (იცინის).

- კანკავა და ყვითელი ბარათები საფრანგეთშიც აქტუალური თემაა... ფრანგი არბიტრები უფრო მკაცრები არიან, ვიდრე უკრაინელები?

- საქმე ის არის, რომ ჯერჯერობით, საფრანგეთში კარგად არ იციან ჩემი თამაშის სტილი. ისეთი პოზიცია მაქვს, აგრესიულად უნდა ვითამაშო, მეტოქესთან სულ უნდა მქონდეს კონტაქტი. ასეთ ვითარებაში ყვითელი ბარათების გარეშე თამაში ძალიან ძნელია...

- შესაძლოა, კარგად არ გიცნობენ, მაგრამ უკვე ყველამ ნახა, რომ ჯაბა კანკავა მხოლოდ ხისტი მოთამაშე არ არის - "რეიმსის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდი და ფრანგული პრესაც დადებითად გახასიათებს.

- ეს სასიამოვნოა, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრი გაფრთხილების მიუხედავად, განზრახ არასდროს მომირტყამს ფეხი მეტოქისთვის. მით უმეტეს, ტრავმა არავისთვის მიმიყენებია... უბრალოდ, ჩემი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, სულ ორთაბრძოლა მიწევს და ამდენი ყვითელი ბარათი სწორედ ამის ბრალია.

- საფრანგეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს. თანამემამულეები რეიმსშიც აღმოაჩინე?

- რეიმსში რამდენიმე ქართული ოჯახი ცხოვრობს. ჩინებული ხალხია და უკვე მოვასწარით დამეგობრება. ჩემს თამაშებსაც ესწრებიან და სხვა მხრივაც ყველანაირად მეხმარებიან. მათი მხარში დგომის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

- რეიმსი საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, 1931 წლიდან კი საფეხბურთო კლუბიც ჰყავს და ერთგული ქომაგებიც. ეს ყველაფერი სტადიონსაც ეტყობა ხოლმე?

- რეიმსი პატარა, წყნარი და ლამაზი ქალაქია დიდი საფეხბურთო ისტორიით. 1948-1962 წლებში "სტად დე რეიმსი" ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ორჯერ ჩემპიონთა თასის ფინალშიც ითამაშა... კლუბს 21-ათასიანი კოხტა სტადიონი აქვს, ყველა მატჩისას სანახევროდ მაინც ივსება ხოლმე, პსჟ-ის დონის გუნდებთან კი - ბოლომდეც.

- საქართველოს ნაკრებზე გადავიდეთ: ბოლოს, მე და შენ აპრილის დასაწყისში ვილაპარაკეთ - საქართველო-გერმანიის შეხვედრის შემდეგ. მთავარი სანაკრებო თემა ამჯერადაც გერმანელებთან მატჩია...

- შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სანაკრებო თამაშისგან ასეთი სიამოვნება იშვიათად თუ მიმიღია! ორივე ნაკრები ვუტევდით, საგოლე მომენტებიც საკმაოდ იყო... მართალია, საბოლოო შედეგით მასპინძლებმა გაიხარეს, მაგრამ თამაშით ნამდვილად ორივე გუნდმა ვისიამოვნეთ!

- პირველი გოლი მას შემდეგ გაუშვით, რაც საჯარიმოში მესუთ იოზილი წააქციე. რა იგრძენი, როცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი?

- ნაკრების კაპიტანი სულ უნდა იყოს ფორმაში, ცუდად თამაში არ ეპატიება. ამიტომ, საჯარიმოში ყოველთვის ყურადღებით ვარ. ამჯერადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთს მივწვდებოდი და გავრისკე... სამწუხაროდ, არ გამიმართლა და ბურთის ნაცვლად იოზილის ფეხს მივწვდი. რაღას ვიზამდი?! - დარღვევა აშკარა იყო...

- თუმცა ოთხ წუთში ალექსანდრე ჩივაძის გმირობა გაგვახსენე და ულამაზესი გოლი გაუტანე ნოიერს!

- ვერც გადმოვცემ, ისე გამახარა იმ ბურთმა... ლამაზი გოლი გამოვიდა, მაგრამ ჩემივე შეცდომა რომ გამოვასწორე და ანგარიში გავათანაბრე, ამით ორმაგად ბედნიერი ვიყავი. გოლი ყველამ მომილოცა, მაგრამ როცა აგებ, ინდივიდუალური წარმატება მეორე პლანზე გადადის...

- შეიძლებოდა ლაიფციგიდან ქულის წამოღება?

- როგორ არ შეიძლებოდა?! ანგარიშის შენარჩუნება კი არა, 1:1-ზე, ვაკოს ან ოქრის რომ გაეტანათ, ვინ იცის... მეორე გოლის დროს თითქოს სერიოზული შეცდომა არც მცველებს დაუშვიათ და არც მეკარეს, მაგრამ ასეთი დონის მეტოქესთან თამაშში წამები და წვრილმანებიც გადამწყვეტია. სწრაფად ვერ შევძელით თამაშის "წაკითხვა" და გერმანულმა მანქანამ მცირე უყურადღებობაც არ გვაპატია...

- კახა ცხადაძემ თქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ "ღირსეული წაგებით" თავის მოწონებას. ნაკრების კაპიტანი რას იტყვის ამ თემაზე?

- ფეხბურთი ისეთი რამ არის, ძალიან წინ ვერ გაიხედავ... კი, ბოლო მატჩებში უკეთ გამოვიყურებით, ქომაგს იმედი გავუჩინეთ და მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამ მატჩით ილუზიის შექმნა არასწორი იქნება. მთავარია, ყველა სანაკრებო მატჩში მაქსიმალური კონცენტრირებით, თავდაუზოგავად ვითამაშოთ, ფეხბურთი კი ისეთი თამაშია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

- რა შეიცვალა ნაკრებში კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ? ყველაზე ნათლად ამას გუნდის კაპიტანი უნდა ხედავდეს...

- პირველ რიგში, თამაშის ხარისხი, თორემ მნიშვნელოვნად არც ნაკრების შემადგენლობა შეცვლილა და არც - შედეგი! ახალი მწვრთნელი ახალი ხედვითა და სტრატეგიით მოვიდა გუნდში და ფეხბურთელებიც მაქსიმალურად ვცდილობთ, ზუსტად შევასრულოთ მისი დავალებები.