ქართული რაგბის ინგლისელი პარტიჯენი
02-11-2015
ქართული რაგბის ინგლისელი პარტიჯენი
მიყვარს ქართული საჭმელი, განსაკუთრებით, ხინკალი და "ჩახოფული" (ჩაქაფული. - ავტ.). ღვინოც ძალიან მომწონს... სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ჯანაშვილები ხომ მაჩხაანიდან არიან, სადაც ძალიან ბევრი ვაზია!

"ვამაყობ, რომ ჯენი ვარ. უკვე ვიცი, რომ ქართულ ენაზე სიტყვა "ჯანი" სიძლიერეს ნიშნავს!"


ქართველ მორაგბეს ევროპის არაერთი ქვეყნის ნაკრებში უთამაშია. ამიერიდან კი ჩვენც გვყავს ჩვენი "ლეგიონერი". უფრო სწორად, ქართულ ფესვებს დაბრუნებული ინგლისელი ახალწვეული! მეთიუ ჯენი 23 წლისაა, ლონდონში დაიბადა და რაგბისაც ინგლისში - ოქსფორდის უნივერსიტეტის
გუნდში თამაშობს, თუმცა... "ბავშვობაში, ბებიისგან ვიცოდით, რომ წარმოშობით აღმოსავლეთ ევროპიდან, სავარაუდოდ, რუსეთიდან ვიყავით, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვქონდა, ბაბუაც აღარ იყო ცოცხალი", - იხსენებს მეთიუ. და აი, სხვადასხვა არქივში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, გაირკვა, რომ მეთიუს ბაბუა თბილისელი ყოფილა, გვარად ჯანაშვილი. ასე რომ, ინგლისელი მეთიუ ჯენი
სინამდვილეში ქართველი მათე ჯანაშვილი გახლავთ! როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, მეთმა "მსოფლიო რაგბის" მიმართა თხოვნით, საქართველოს სახელით თამაშის უფლება მიეცათ. წელიწადზე მეტი გავიდა, სანამ "მსოფლიო რაგბიში" მეთის ქართულ წარმოშობას ირწმუნებდნენ, თუმცა 23 წლის გარემარბი უკვე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია და ახალ თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე მატჩის გამართვაც მოასწრო. ჯენი სწრაფი, ტექნიკური მოთამაშეა და თუ მილტონ ჰეიგსაც მოაწონა თავი, შესაძლოა, 15-კაცა ნაკრებშიც ვნახოთ... არც ისე დიდი ხნის წინ მეთიუ ჯენი ცნობილ ინგლისელ მსახიობ ემა უოთსონს ხვდებოდა, თუმცა ამ თემაზე და საზოგადოდ, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს ერიდება და გვთხოვა კიდეც, მხოლოდ რაგბიზე ვილაპარაკოთო! და რადგან მთავარი სწორედ რაგბია, მეთიუ ჯენისთან, იმავე მათე ჯანაშვილთან ინტერვიუ აუცილებლად დაგაინტერესებთ:

- დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ "კვირის პალიტრის" კითხვებს, ოღონდ თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ მხოლოდ რაგბიზე ვილაპარაკებთ!
- შევთანხმდით! მეთ, საქართველოში არც ისე ბევრი იციან თქვენზე. როდის დაინტერესდით რაგბით?
- რაგბის თამაში 6 წლისამ დავიწყე რიჩმონდის რაგბის კლუბში... ჩემი ბაბუა რაგბის "ინგლისი ბანკის" (დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბანკი) სახელით თამაშობდა და როგორც ჩანს, რაგბის სიყვარული სწორედ მისგან მერგო მემკვიდრეობით.

- რა ერქვა ბაბუათქვენს? შესაძლოა, თქვენი ქართველი ნათესავებიც აღმოვაჩინოთ...
- ბაბუას ბენჯამინ ანდრე ჯანაშვილი ერქვა და ის თბილისში დაიბადა 1912 წელს. მგონი, მის მშობლებს ტანია და მეირი ერქვათ, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტების მოძიება გაგვიჭირდა, რადგან საქართველოდან თითქმის 100 წლის წინ წამოვიდნენ.

- გამოდის, თქვენი წინაპრები 1921 წელს ემიგრაციაში რომ არ წასულიყვნენ, დღეს მათე ჯანაშვილი იქნებოდით და არა მეთიუ ჯენი?
- ბაბუაჩემი ემიგრაციაში რომ არ წასულიყო, ალბათ, სწორედ მათე ჯანაშვილი ვიქნებოდი... თუმცა, ვამაყობ, რომ ჯენი ვარ. უკვე ვიცი, რომ ქართულ ენაზე სიტყვა "ჯანი" სიძლიერეს"ნიშნავს!

- როცა გაარკვია, რომ ქართული ფესვები ჰქონდა, პირველ რიგში რა გააკეთა მეთიუ ჯენიმ?

- როცა ჩემი ქართული ფესვების შესახებ შევიტყვე, საქართველოში ვიმოგზაურე და თბილისი, კახეთი, კავკასიონის მთიანეთი მოვიარე... მსურდა, კარგად გამეცნო ეს ქვეყანა, მენახა, როგორი ხალხი ცხოვრობს საქართველოში... ძალიან მომეწონა და მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ ქვეყანასთან შინაგანი კავშირი მაქვს...

- ლონდონში ხართ დაბადებული, მაგრამ ამჟამად Oხფორდ University RFC-ის ღირსებას იცავთ. ოქსფორდი, პირველ რიგში, უნივერსიტეტთან ასოცირდება, მაგრამ სპორტული თვალსაზრისითაც ძალიან აქტიური ქალაქია. რას იტყვით თქვენს ამჟამინდელ კლუბზე?
- საუნივერსიტეტო გუნდებს შორის ოქსფორდის რაგბის კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ვატარებთ მატჩებს "ნორთჰემპტონის", "ვასპის", "ვორჩესტერისა" და სხვა გუნდებთან. ოქსფორდის ყველაზე პრინციპული მეტოქე კი კემბრიჯის გუნდია. ყოველი წლის დეკემბერში "ოქსფორდისა" და "კემბრიჯის" მატჩი "თვიქენჰემზე" იმართება და მინიმუმ 30 ათასი მაყურებელი ესწრება! ეს არის წარმოუდგენლად სანახაობრივი და შეიძლება ისტორიული მატჩიც კი! მქონდა პატივი, სამჯერ მეთამაშა ამ დიდებულ დაპირისპირებაში. წელს კემბრიჯის რიგებში უელსური რაგბის ვარსკვლავი, ჯეიმი რობერტსი ითამაშებს და იმედია, 10 დეკემბერს "თვიქენჰემზე" მეც მომიწევს მის წინააღმდეგ თამაში!

- თავის დროზე, შეთავაზება რუსეთის ნაკრებიდან გქონდათ... რას ეტყვის მეთიუ მათ, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელით თამაში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეთ, რაც ინგლისის ნაკრებში მოხვედრის იმედი გადაგეწურათ?

- საქართველოს ნაკრებში თამაში ორი რამის გამო გადავწყვიტე: ჯერ ერთი, ეს იყო შესაძლებლობა, აღმედგინა კავშირი ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან და თანაც, საერთაშორისო ასპარეზზე მეთამაშა რაგბი...

- უკვე მოასწარით საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში თამაში. როგორია შთაბეჭდილებები?

- ძალიან მომეწონა შვიდკაცას გუნდში თამაში. ჩემი თანაგუნდელები ჩინებული ბიჭები და მაღალი კლასის მოთამაშეები არიან. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მათგანი არც ისე კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, იოლად ვიპოვეთ კომუნიკაციის გზა. რაც შეეხება უშუალოდ რაგბის, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია!

- ახალი თანაგუნდელები ქართულ ენას მასწავლიან, ზოგიერთი კი მეგრულშიც მავარჯიშებსო... რის სწავლა მოასწარით საქართველოში გატარებული დროის განმავლობაში?

- ავითვისე ქართული რაგბის ძირითადი ფრაზები და სიტყვები: ბურთი, ხელი, "წინ... ასევე, გინება, რომელსაც ვერ გავიმეორებ (იცინის)! თუმცაღა ქართულს ოქსფორდში ყოფნისას ვსწავლობ და იმედია, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კარგ პრაქტიკასაც გავივლი.

- ჩვენებური სამზარეულოს და ქართული ღვინის შესახებ რას იტყვით?

- მიყვარს ქართული საჭმელი, განსაკუთრებით, ხინკალი და "ჩახოფული" (ჩაქაფული. - ავტ.). ღვინოც ძალიან მომწონს... სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ჯანაშვილები ხომ მაჩხაანიდან არიან, სადაც ძალიან ბევრი ვაზია!

- შვიდკაცა თუ დიდი რაგბი - რომელია უფრო "ახლობელი" მეთიუ ჯენისთვის?

- 15-კაცა... მე მიყვარს შვიდკაცა რაგბი, მაგრამ ჩემს თავს მაინც 15-კაცას მოთამაშედ მივიჩნევ.

- დაესწარით საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე მატჩს 2015 წლის მსოფლიო თასზე? რას იტყვით ჩვენი ნაკრების გამოსვლაზე?
- ვუყურე საკონტროლო მატჩს საქართველოსა და კანადას შორის. დარწმუნებული ვარ, არც ერთი სხვა გუნდი არ თამაშობს ისე გულიანად, როგორც საქართველოს ნაკრები!

- მეტსახელი თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, ჩემი მეტსახელია მათე!
*
05 ნოემბერი 2015 14:25
ძალიან კარგი თუ ცდილობს თავის ფესვებს დაუბრუნდეს.
qeti
05 ნოემბერი 2015 09:56
კარგი ბიჭი ჩანს, გარეგნობაზე ეტყობა ქართული იერი :)
გიგა
04 ნოემბერი 2015 11:55
ჯანაშვილი - [გვარი საზიაროა - ქართული და ებრაულიც; იხ. ილია გაგულაშვილი, ებრაულ საკუთარ სახელთა მცირე ლექსიკონი, ქუთაისი 1998; ზურაბ ჭუმბურიძე, რა გქვია შენ? თბილისი 2003, გვ. 111-114]. ასე, რომ რახან ჯანაშვილია გვარად, ეს იმას არ ნიშნავს რომ ებრაელია. მეირი კი, რა თქმა უნდა ებრაელური სახელია, აქ ორი აზრი არც არსებობს. დავუშვათ ქართველი ებრაელია, მერე რა, რო!!!!

რედაქტორის რჩევით