თბილისური სარასე(ა)ნსი საფრანგეთში - ფრანგებს კანი გავაძვრეთ
09-11-2015
თბილისური სარასე(ა)ნსი საფრანგეთში - ფრანგებს კანი გავაძვრეთ
ბავშვთა რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატ Le Belmas-ის ჩემპიონი - თბილისის "ლელო სარასენსი"!

"ამ გამარჯვების შემდეგ, ამ ბავშვებს აღარ ექნებათ კომპლექსი - თითქოს, ფრანგი მორაგბე მათზე მაგარია"


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით ითამაშა მსოფლიო თასზე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი პირამიდის წვერია, იქამდე მისასვლელი ხანგრძლივი გზა ბავშვთა სპორტიდან იწყება. ამიტომაც პატარა მორაგბეების წარმატება ორმაგად გვახარებს. თანაც, გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც - როგორი საქმეა, ფრანგულ კლუბებს "კანს" კანში რომ "გააძრობ" და ჩემპიონობას მათსავე მოედანზე აართმევ?!
ფრანგულ კურორტ კანში გამართულ ბავშვთა რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატ Le Belmas-ში წარმატებით იასპარეზეს თბილისის "ლელო სარასენსის" ასაკობრივმა გუნდებმა: 2006-2007 წლებში დაბადებულებმა საფრანგეთის ათი რეგიონის ჩემპიონებს აჯობეს და ტურნირის გამარჯვებული გახდნენ, 2004-2005-წლიანმა ბავშვებმა კი საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს! რაც მთავარია, ჩვენმა პატარა მორაგბეებმა მეტოქეებს აჯობეს თანამედროვე, ლაღი
რაგბით, სადაც თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც შერკინება, ისე - უკანა ხაზი. და ყველაზე მნიშვნელოვანიც სწორედ ეს არის - ბავშვობიდანვე სწავლობენ "სწორ რაგბის", პატარაობიდანვე ხედავენ, რომ შრომასა და მონდომებას წინ ვერც ერთი ეროვნების მეტოქე ვერ დაუდგება! ფრანგული შთაბეჭდილებების გაზიარება "ლელო სარასენსის" ასაკობრივი გუნდების ერთ-ერთ მწვრთნელს - ზურაბ ხორბალაძეს ვთხოვეთ:

- ჩვენ გარდა, ტურნირში საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონის ჩემპიონი ათი გუნდი მონაწილეობდა. ქვეჯგუფებში საუკეთესო შედეგების მქონე გუნდებმა ხუთგუნდიანი ჯგუფი შეადგინეს, ჩემპიონი კი საუკეთესო რეიტინგის მქონე კლუბი გახდა. "ლელო სარასენსის" 2006-2007 წლებში დაბადებულმა ბავშვებმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ, ერთი წლით უფროსები კი, ერთადერთი მარცხის გამო, მეორე ადგილს დასჯერდნენ. საორგანიზაციო საკითხებმა მთლიანად ჩვენი მენეჯერის - ილო კახოიძის მხრებზე გადაიარა. მისივე დახმარებით, ჩვენს ბავშვებს საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები ლაშა ლომიძე, ლევან ჩილაჩავა, რევაზ ბელქანია და გიორგი მენაბდიშვილი დახვდნენ და გაამხნევეს.

- 8-10 წლის ბავშვებისთვის დიდი სტიმული იქნებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან შეხვედრა...
- პატარა მორაგბეები სიხარულისგან ჭკუაზე არ იყვნენ, უფროს "კოლეგებთან" ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და გამოცდილი მორაგბეებისგან არაერთი სასარგებლო რჩევაც მოისმინეს. დამიჯერეთ, ბავშვების წარმატებაში ამ დადებითმა მუხტმაც დიდი როლი შეასრულა!

- ფრანგულ გუნდებთან ბრძოლაში ჩემპიონობა პატარა საქმე არ არის. რა იყო მთავარი ქართველი ბავშვების წარმატებაში?
- ქართველმა ბავშვებმა თავისუფლად, ყოველგვარი კომპლექსის გარეშე ითამაშეს ფრანგი თანატოლების წინააღმდეგ და რაც მთავარია, გაშლილი, სანახაობრივი რაგბის ხარჯზე!

- ანუ, ქართველი ბავშვები პატარაობიდანვე ეჩვევიან თანამედროვე, მრავალმხრივი რაგბის თამაშს?
- რა თქმა უნდა! სწორედ რომ თანამედროვე რაგბი ითამაშეს - თავისუფალი, გაშლილი, ლაღი თამაში ბურთის სწრაფი ამოტანით, პასებით, ხაზის გაჭრით და ა.შ. ლელოების უმეტესობა ხაზის გაჭრის შედეგად დავდეთ. არადა, ქართველებისგან შერკინებიდან თამაშს, ძალისმიერ რაგბის უფრო ელოდნენ და ყველა გაკვირვებული დარჩა, როცა ნახეს, როგორ ვშლი­დით თამაშს! ამ გამარჯვების შემდეგ, ამ ბავშვებს აღარ ექნებათ კომპლექსი, თითქოს ფრანგი მორაგბე მათზე მაგარია. დარწმუნდნენ, რომ თუ მაგრად ივარჯიშებენ და მოინდომებენ, ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ...

- იქაური პირობები და ინფრასტრუქტურა დიდად განსხვავდება ჩვენგან? პირობებს ხომ არც "ლელო" უჩივის, მით უმეტეს, "სარასენსთან" დამეგობრების შემდეგ.
- დაახლოებით იგივე პირობები იყო, რაც აქ გვაქვს. რაც შეეხება "სარასენსთან" გაერთიანებას, მწვრთნელები ჩამოდიან, უმაღლესი ლიგის მოთამაშეებისთვის სემინარები და კურსები იმართება. რაც შეეხება ბავშვთა დონეს, იქ სხვა პრინციპია. ბავშვთა მწვრთნელებისთვის რაგბის კავშირი ატარებს სემინარებს და პატარებს ამის მიხედვით ვავარჯიშებთ.

- რა გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთში ქართველი ბავშვების წარმატებას?
- როგორც გამარჯვებულები, მაშინვე დაგვპატიჟეს გაისად გასამართ ტურნირზე. მესამე ასაკობრივი გუნდი, ანუ კიდევ უფრო პატარა მორაგბეებიც რომ წაგვეყვანა და შედეგი მათაც ეჩვენებინათ, საერთო ჯამში, საუკეთესო კლუბად გვაღიარებდნენ. მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ თამაში, ჩვენი ბავშვების დისციპლინა და უნარ-ჩვევებიც ისე მოეწონათ, ფრანგების უმეტესობა ჩვენ გვქომაგობდა!

- რას ელით ამ ბავშვებისგან? როგორ ფიქრობთ მწვრთნელები - საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატება მხოლოდ სტიმული იქნება? გარკვეულწილად, დათვურ სამსახურსაც ხომ არ გაუწევს?
- ხშირად ველაპარაკებით და თავადაც აცნობიერებენ, რომ წინსვლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რომ მხოლოდ ამ ასაკში მიღწეული წარმატება ბევრს არაფერს ნიშნავს - დიდ რაგბის ითამაშებს ის, ვისაც გამძლეობა, მოტივაცია და შრომისმოყვარეობა მთელი კარიერის განმავლობაში ეყოფა!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით