დავით ზირაქაშვილი - ქართული რაგბის ბურჯი (ექსკლუზივი)
16-11-2015
დავით ზირაქაშვილი - ქართული რაგბის ბურჯი (ექსკლუზივი)
"ფრანგულმა ვებგვერდმა rugbyrama-მ, რომელსაც 20 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ჩაატარა გამოკითხვა: "დაუშვებდით თუ არა საქართველოს ნაკრებს "ექვს ერში"? გამოკითხულთა 75%-მა დადებითი პასუხი გასცა!"

"ვისაც სიყვარული არ შეუძლია, რაგბის ვერ ითამაშებს! თუ თავის გაწირვა არ შეგიძლია, შენგან მორაგბე არ დადგება!"


დავით ზირაქაშვილთან ინტერვიუს დიდი შესავალი არ სჭირდება. მისი კარიერა ყველანაირ "შესავალზე" მეტს ამბობს. ის მხოლოდ შერკინების ბურჯი არ ყოფილა ნაკრებისთვის, ზირაქა მთელი ქართული რაგბის ბურჯია. პირველი ქართველი, ვინც მსოფლიო ნაკრებში ითამაშა და
საფრანგეთის ტოპ-14-ის ჩემპიონი გახდა. ვინც, ბევრის აზრით - მსოფლიოს საუკეთესო 3 ნომერია! მსოფლიო თასის შემდეგ დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ჩემს პოზიციაზე ნაკრებს პრობლემა რომ ჰქონდეს, არ წავიდოდიო, ამბობს და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ვისაც სიყვარული არ შეუძლია, რაგბის ვერ ითამაშებს. სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ დავით
ზირაქაშვილს ინტერვიუ არ მიუცია. "კვირის პალიტრა" პირველია:

- "ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით ზირაქაშვილი" - არ გიჭირს ამ ფრაზასთან შეგუება?

- "ყოფილი" ვარ, აბა რა?! ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას... ჩემი ოჯახის და ამჟამინდელი კარიერისთვის ასე სჯობდა... გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე და ინგლისში გამგზავრებისას უკვე ვიცოდი, რომ მსოფლიო თასის მერე სანაკრებო კარიერას დავასრულებდი. რაც შემეძლო, გავაკეთე ნაკრებისთვის. ჩემი წასვლა გუნდს პრობლემებს რომ უქმნიდეს, აუცილებლად დავრჩებოდი, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, 3 ნომრის პოზიციაზე არაერთი ძლიერი მორაგბე გვყავს­. მიჭირს თუ არა? ბოლომდე ჯერაც ვერ ვაცნობიერებ და თებერვალში, როცა სანაკრებო მატჩები დაიწყება, უფრო მეტად გამიჭირდება, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას მიიღებ, აღარ უნდა ინანო!

- მინდა, ოჯახს მეტი დრო დავუთმოო... მეუღლემ და შვილებმა გაიხარეს შენი გადაწყვეტილებით?

- ბავშვები ჯერ პატარები არიან და დიდად არ აინტერესებთ, მამა სად და როდის თამაშობს (იცინის). მაგრამ მეც ასე ხომ არ ვარ? ჩემმა მეოთხე შვილმა ფეხი ისე აიდგა, არ მინახავს - სანაკრებო შეკრებაზე ვიყავი. უფროსი გოგონა უკვე 12 წლისაა. ზამთრის შვებულება შვილებთან არასდროს გამიტარებია - როცა კლუბიდან თავისუფალი ვიყავი, ნაკრებში მოვდიოდი და ა.შ. თანაც, უკვე 32 წლის ვარ...

- ბევრმა არ იცის, რომ რაგბიში ვარჯიში საკმაოდ გვიან დაიწყე. მანამდე - მოჭიდავე იყავი...

- ხუთი წლის განმავლობაში ჯერ ქართული ჭიდაობის სექციაში ვვარჯიშობდი, მერე - თავისუფალ ჭიდაობაში, მორაგბე კი 17 წლის ასაკში გავხდი. მეგობარმა მთხოვა - რაგბის გუნდს ვქმნით, მოთამაშეები გვაკლია და დაგვეხმარეო. მაინცდამაინც იმ დღეს წვიმდა და... ტალახის აბაზანებმა დიდად არ მომხიბლა. შევპირდი, ხვალაც მოვალ-მეთქი, მაგრამ მოვატყუე - ჭიდაობის დარბაზში ტალახი მაინც არ იყო... ბოლოს მაინც დამითანხმეს, მაგრამ მაშინ მოთამაშეების ნაკლებობის გამო რუსთავში გუნდი მაინც ვერ ჩამოვაყალიბეთ. მერე სკა-ში გადავედი და ჩემი სარაგბო კარიერა იქ დაიწყო.

- ჭიდაობაში მიღებული გამოცდილება რაგბიშიც გამოგდგომია?
- ახალბედა მორაგბეები ისე ეცემიან ხოლმე, თავ-პირს იმტვრევენ, მე კი ჭიდაობიდან უკვე ვიცოდი "სწორად დავარდნა", მეტოქის წაქცევა, შებოჭვა და ა.შ.

- რა არის რაგბიში მთავარი?
- ამ, ერთი შეხედვით, უხეშ და ძალისმიერ სახეობაში, სიყვარულია მთავარი - ვისაც სიყვარული არ შეუძლია, რაგბის ვერ ითამაშებს! თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, თანაგუნდელის, ქვეყნის, ოჯახისთვის თავის გაწირვა არ შეგიძლია, შენგან მორაგბე არ დადგება!

- ალბათ, ამიტომაც მორაგბე და კარგი კაცი საქართველოში სინონიმები გახდა!
- კაცს თუ სიყვარული შეუძლია, ცუდი როგორღა იქნება?! ბურთს გადააგდებს, მეტოქეს შებოჭავს, მაგრამ თუ არ უყვარს, რაგბის ვერ ითამაშებს! ბევრს მხოლოდ ჯაჯგური და დაჯახება რომ ჰგონია, სინამდვილეში, რაგბი ძალიან საინტერესო და აზრიანი თამაშია.

- ნაკრებში ბოლო მატჩი 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშე. მაგრამ სევდასთან ერთად, ინგლისის სტადიონების გახსენება სიამაყითაც ხომ გავსებს?

- ტონგასთან ისტორიული გამარჯვება არასდროს დამავიწყდება! კარიერის განმავლობაში ნათამაშები რვა ფინალიდან, ერთადერთი მაქვს მოგებული. ასე რომ, ამ მხრივ, უიღბლო ვარ და ტონგასთან მატჩისას, უფალს ვთხოვდი, გლოსტერშიც იგივე არ განმეორებულიყო. იმ გამარჯვებით განცდილ ემოციას ვერც გამოვთქვამ - ამიერიდან, რაც უნდა მოვიგო და გავაკეთო, ტონგასთან გამარჯვებას თავისი ადგილი აქვს ჩემს გულში...

- რაც შეეხება საქართველო-ზელანდიას?
- როგორ შეიძლება, მორაგბე პატივს არ სცემდეს ზელანდიას, მაგრამ "ოლ ბლექსის" დანახვისას ეიფორია ნამდვილად არ განმიცდია. მეტოქის პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ თუ აღტაცებით დაუწყებ ყურებას, არაფერი გამოგივა! ამპარტავნებად ნუ ჩამითვლით, თუმცა, ის ზელანდიელები ხვალ-ზეგ ჩემი თანაკლუბელები რომ გახდებიან, შესაძლოა, მე ვითამაშო და ისინი თადარიგში ისხდნენ. ასე რომ, აღტაცებით არა და სიამაყით დღემდე სავსე ვარ იმის გამო, რომ ზელანდიას სამი ჯარიმა ავაღებინეთ შერკინებაში და კიდევ ორს ვიმსახურებდით!

- ნამიბიასთან მოგების შემდეგ თანაგუნდელებმა ჰაერში რომ აგისროლეს, რა იგრძენი? როგორ ჩანდა "ზემოდან" მთელი სანაკრებო კარიერა?
- პირველ რიგში, იმაზე ვფიქრობდი, არ გამომეცალონ და მოედანზე არ დამაბერტყონ-მეთქი (იცინის). ნამიბიასთან მატჩში არეულად ვითამაშეთ, ყველას სათითაოდ გვინდოდა "სამშობლო გადაგვერჩინა" და გუნდური თამაში არ გამოგვივიდა. თანაც, აუცილებლად მოსაგები თამაში იყო და ვნერვიულობდით, ვერ დავლაგდით... ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ "მეტს ვიმსახურებდით", "მსაჯმა დაგვჩაგრა" და ა.შ. უაზრობაა - ისტორიაში შედეგი რჩება, შედეგი კი ჩვენი გამარჯვებაა. მიხარია, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ წავედი ნაკრებიდან.

- კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი...
- რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება... არასდროს დამავიწყდება სტუმრად სენსაციური გამარჯვება "ლენსტერთან", რუსეთის დამარცხება ტრაპიზონში, საფრანგეთის ჩემპიონობა, მსოფლიო ნაკრებში და "ბარბაროსებში" გამოძახება... მსოფლიო ნაკრებში რომ გამომიძახეს, ძლივს დავიჯერე, რომ პლანეტის უძლიერეს მორაგბეებთან ერთად უნდა მეთამაშა. ექვსი დღე ვიყავი მსოფლიო ნაკრებში, აქედან ხუთი დღე ვქეიფობდით, ბოლო დღეს ვითამაშეთ და მაინც მოვუგეთ.

- რაგბიში ვარჯიში 2000 წელს დაიწყე, უკვე 2003-ში კი ფრანგულ კლუბში აღმოჩნდი... ეს რის დამსახურებაა - მხოლოდ ნიჭის და შრომის, თუ იღბლის?
- თავდაუზოგავი შრომის, გამართლების და რა თქმა უნდა, ჩემი მფარველი ანგელოზის - გოდერძი შველიძის. გოდერძის რომ საფრანგეთში არ წავეყვანე, ძნელი წარმოსადგენია, სად ვიქნებოდი დღეს...

- შენი პოზიციის და წონისთვის უჩვეულოდ სწრაფი ხარ - ეს ბუნებრივი თვისებაა, თუ ვარჯიშის შედეგი?
- ბავშვობიდან ასეთი აღნაგობა მქონდა, მაგრამ სირბილი არასდროს მიჭირდა, ჭიდაობაც დამეხმარა. თანდათან სარაგბო "ეშმაკობებიც" ვისწავლე - როდის აჩქარდე, როდის შეანელო სისწრაფე და ა.შ.

- Rugby world-ის სტატიაში ეწერა: დავით ზირაქაშვილი არასდროს ბუზღუნებს, არ ყვირის და შერკინების შემდეგ, არასდროს იფერთხავს ნახერხს მუხლებიდან - დგება და თამაშს აგრძელებსო... შენ როგორ დაახასიათებ თავს - რით გამოირჩევა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯი?
- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ. თუ უნდა, რომ წინსვლა გააგრძელოს, ბურჯმა ყოველი შერკინების შემდეგ უნდა ისწავლოს რაღაც ახალი. როგორც კი ჩათვლი - ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯი ვარ და ყველაფერი ვიციო, მაშინვე წაიმტვრევ ცხვირ-პირს. შერკინებაში თითოეული სანტიმეტრი და წამი მნიშვნელოვანია, ამიტომ, წინასწარ უნდა შეაფასო და განსაზღვრო. ასე რომ, რა დროს ბუზღუნია, ჯერ კიდევ ვსწავლობ (იცინის).

- სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყველაზე მწარედ რომელმა მეტოქემ დაგამახსოვრა თავი?
- არასდროს შემრცხვება იმის თქმა, რომ ასეთი მაგარი მოთამაშეები იყვნენ და დღესაც არიან. მაგალითად? მთელი ახალგაზრდობა გამიმწარა რუმინეთის ნაკრების პირველხაზელმა პეტრუ ბალანმა - ბოლო რამდენიმე შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, სადაც შევხვდით, ყველა შერკინება მომიგო, 3-4 წელი ვერაფერი მოვუხერხე!

- საფრანგეთში მოთამაშე ქართველებს კლუბებისგან არაერთხელ შეგქმნიათ პრობლემა ნაკრებში გამოშვებაზე...
- ამ მხრივ მე ლამის ყველაზე დაჩაგრული ვიყავი: "კლერმონის" ყოფილ მწვრთნელ ვერნ კოტერთან სასაყვედურო რა მაქვს, ძლიერ მორაგბედ მის ხელში ჩამოვყალიბდი, მაგრამ ნაკრებში მხოლოდ მაშინ მიშვებდა, როცა სხვა გზა არ ჰქონდა. თუმცა, რუმინეთსა და რუსეთთან პრინციპულ შეხვედრებში სათამაშოდ გაშვებაზე უარი არასდროს უთქვამს!

- კოტერი ძალიან გემადლიერებოდა - დათო ძალიან მეხმარებაო... როგორც ჩანს, მწვრთნელობაზე ფიქრობ, არა?

- ჯერჯერობით თამაში მინდა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება კოტერს, სანამ "კლერმონიდან" წავიდოდა, შერკინების ვარჯიშებს, ფაქტობრივად, მე ვატარებდი...

- ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ლაპარაკობენ "ექვსი ერის" გაფართოებაზე... როგორ ფიქრობ, საქართველო მზად არის ამ ტურნირისთვის?

- არ არის... აქ მხოლოდ რაგბიზე არაა ლაპარაკი - პირველ რიგში, ქვეყანა უნდა იყოს მზად! "ექვს ერს" რომ დაემატო, მილიონებია საჭირო, საქართველოს რაგბის კავშირს კი მხოლოდ რამდენიმე მილიონიანი, თანაც - ოთხ წელიწადზე გადანაწილებული ბიუჯეტი აქვს. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, თუ უახლოეს წლებში მოგვეცემა შანსი, თავიდან, ალბათ, ყველა თამაშს წავაგებთ, მაგრამ მეორე წელს, როცა მათთან თამაშს "შევეჩვევით", თბილისში იოლად ვერც იტალია მოიგებს, ვერც შოტლანდია და საფრანგეთი. რამდენი წელია, იტალია წვალობს და "ბუქსაობს"? ჩვენ ისეთი მომთხოვნი, ისეთი მაგარი გენის ქვეყანა ვართ, მათსავით დაფინანსება და ის შანსი რომ გვქონდეს, როგორიც იტალიას მისცეს "ხუთ ერზე" დამატებით, აპენინელებზე წინ ვიქნებოდით!

- საფრანგეთში რას ფიქრობენ ამ თემაზე?
- მსოფლიო თასის შემდეგ ფრანგულმა ვებგვერდმა rugbyrama-მ, რომელსაც 20 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ჩაატარა გამოკითხვა: "დაუშვებდით თუ არა საქართველოს ნაკრებს "ექვს ერში"? გამოკითხულთა 75%-მა დადებითი პასუხი გასცა! უმეტესობა დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო პრობლემებს შეუქმნის დიდ გუნდებს. მაგრამ მათ ხომ არ იციან, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოში?

- ცოტამ თუ იცის, რომ 2008 წელს, ომისგან დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ასოციაცია დააარსე და აუქციონიც გამართე...

- ალბათ, მთელი სიცოცხლე არ მეყოფა, ფრანგებს მადლობა რომ გადავუხადო ჩემი და ჩემი ქვეყნის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის! როგორც კი გაიგეს საქართველოს გაჭირვების ამბავი, ყველა ცდილობდა, გავემხნევებინე და დამხმარებოდა... მაშინ დავაარსე ასოციაცია "რაგბი და სოლიდარობა". მოვაწყვეთ საქველმოქმედო აუქციონი, სადაც გასაყიდად გავიტანე ჩემი საკოლექციო მაისური და ავტოგრაფებიანი რაგბის ბურთი. ასევე, პატარა ბარათები, რომლებზეც ფრანგულად ეწერა: "დავით ზირაქაშვილი მადლობას გიხდით ასოციაციის დახმარებისთვის" და 20 ევრო ღირდა... 5 ათას ევრომდე შევაგროვეთ და რადგან მე ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას, ჩემმა ფრანგმა მეგობარმა იმ ფულით პირველადი მოხმარების ნივთები იყიდა და საქართველოში ჩამოიტანა!
მიროსან
30 ნოემბერი 2015 15:16
ზირააააქ შე მაგარო კაცო! საამაყო გვყევხარ და სამართლიანადაც ვამაყობთ შენით ძმაო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გაგახაროს ჩვენი გახარებისთვის.
წარმატებებიიიი
დავითი ნატროშვილი
16 ნოემბერი 2015 20:57
ჩემი სეხნია ,ზირაქა ჭეშმარიტი ქართველია , რომელიც რაგბზე ,ოჯახზე და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცია ! დიდი მადლობა !მისი ღვაწლი ვეებერთელაა !დიდხანს სიცოცხლე და მხოლოდ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში !
მაია
16 ნოემბერი 2015 16:41
ასეთი ქართველი ვაჟკაცები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს, ზირაქას ბედნიერება და სიხაურული თავის ოჯახთან ერთად

რედაქტორის რჩევით