"ნაკრები ახლა გაცილებით თავისუფლად თამაშობს" - კვირის პალიტრა

"ნაკრები ახლა გაცილებით თავისუფლად თამაშობს"

"რუსულ კლუბში თამაშს აღარ ვაპირებ, თუ წავალ, მხოლოდ ევროპულ კლუბში. შემოთავაზებები ისევ მაქვს, მთავარია, "სპარტაკმა" გამიშვას"

როცა გუნდს ბურთი იშვიათად აქვს და ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ სამ-ოთხჯერ მიიღებს ბურთს, ბუნებრივია, შეშინებული, დაძაბული თამაშობს, არ დავკარგოო

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იანვრამდე ვერ შეძლებს ვარჯიშის განახლებას. წლებია, მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელს მარცხენა კოჭი აწუხებს და რაკი ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემა ვერაფრით მოგვარდა, 10 ნოემბერს ფინეთის ქალაქ ტურკუში ჯანოს ოპერაცია ჩაუტარა სპორტულ მედიცინაში სახელმოხვეჭილმა ფინელმა ქირურგმა საკარი ორავამ. სხვადასხვა დროს ორავას მომსახურებით უსარგებლიათ ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს, როგორიც არიან დევიდ ბექჰემი, პეპ გვარდიოლა, დიდიე დეშამი და სხვ. ოპერაციამ ამჯერადაც წარმატებით ჩაიარა და იმედია, ჯანო ანანიძეს კოჭი აღარასდროს შეაწუხებს. ექიმების განცხადებით, 23 წლის ქართველი ნახევარმცველი იანვარში შეძლებს ვარჯიშის განახლებას, თუმცა საკითხავია, რომელი კლუბის შემადგენლობაში? რუსული პრესის მტკიცებით, "სპარტაკისა" და ჯანოს გზები იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაიყრება. ქართველი ქომაგი ამ დღეს დიდი ხანია ელის და იმედია, "სახალხო კლუბი" ტრანსფერს ამჯერად მაინც აღარ დაბლოკავს. მით უმეტეს, ფეხბურთელმა თავად გვითხრა, რომ მისი გადაბირებით ისევ არიან დაინტერესებული ჰოლანდიური და გერმანული კლუბები:

- დიდი ხანია, კოჭის მყესი მაწუხებს. ამის გამო ტკივილგამაყუჩებლითაც ბევრჯერ მითამაშია, მათ შორის, რუსეთის თასის ფინალშიც. ქირურგიული ჩარევა ბოლო გზაა და ოპერაციისგან თავს ვიკავებდით. რომის კლინიკაშიც გავიარე მკურნალობის კურსი. იქაური ექიმები ცდილობდნენ, ოპერაციის გარეშე ეშველათ მყესისთვის, მაგრამ ვარჯიშისას ისევ ვგრძნობდი ტკივილს. ასე რომ, ფინეთში ჩასვლის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, ოპერაცია გამეკეთებინა და ერთხელ და სამუდამოდ დამევიწყებინა ეს პრობლემა. სხვათა შორის, რომში გავიცანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც იმავე კლინიკაში იტარებდა გამოკვლევას.

- ოპერაციისთვის მაინცდამაინც ტურკუს კლინიკა რატომ აირჩიეთ?

- ოპერაცია პროფესორ ორავას რომ გაეკეთებინა. ძალიან ცნობილი ქირურგია და სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი სპორტსმენი დაუბრუნებია სპორტში. მათ შორის, დევიდ ბექჰემიც. ჩემმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კოჭის ფიქსატორის მოხსნას რამდენიმე კვირაში შევძლებ, მერე კი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება და გეგმის მიხედვით, იანვარში ვარჯიშიც უნდა განვაახლო. რუსეთის პრემიერლიგაში მალე ზამთრის შესვენება დაიწყება და მკურნალობისთვის ამაზე უკეთეს დროს ვერ გამოვნახავდი.

- ტრავმები საკმაოდ ხშირია შენს კარიერაში. ეს აღნაგობის ბრალია, დაშავებული კოჭის თუ უიღბლობის?

- ვერ ვიტყვი, რომ ტრავმას ხშირად ვიღებ. ექვსი წელია, პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ერთადერთხელ დამჭირდა ქირურგიული ჩარევა მუხლის მენისკზე. ბევრი მატჩი რომ გამიცდა, პრობლემური კოჭის ბრალია. შოტლანდიასთან მატჩის 82-ე წუთზე ფეხი ცუდად დავდგი და ტრავმამ თავი შემახსენა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ოპერაციის წყალობით გავთავისუფლდები ამ პრობლემისგან.

- იანვარში ვარჯიშს კი განაახლებ, მაგრამ რომელ კლუბში? რუსულ პრესაში დაიწერა, "სპარტაკის" დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ანანიძის მომავალზეც იმსჯელესო. მართალია?

- ვერ გეტყვით. ზამთრის შესვენება კარს არის მომდგარი და რუსულ პრესაში ბევრ რამეს წერენ. თუმცა იმ შეხვედრის დეტალები ჩემთვის უცნობია.

- რუსი ჟურნალისტები წერენ, გადაწყვეტილია, რომ "სპარტაკი" ჯანოს ამ ზამთარსვე შეელევაო... იმედია, ასეც იქნება და, ბოლოს და ბოლოს, წახვალ ისეთ კლუბში, სადაც სათამაშო პრაქტიკა გექნება.

- "სპარტაკთან" ჩემი ხელშეკრულების ამოწურვამდე მხოლოდ წელიწად-ნახევარია დარჩენილი. ასე რომ, იჯარა გამორიცხულია, ან მოსკოვში დავრჩები, ან სხვა კლუბში გადასვლის უფლებას მომცემენ. კიდევ ერთხელ ვამბობ - რუსულ კლუბში თამაშს აღარ ვაპირებ, თუ წავალ, მხოლოდ ევროპულ კლუბში. შემოთავაზებები ისევ მაქვს, მთავარია, "სპარტაკმა" გამიშვას!

- "სპარტაკმა" არ გაგიშვა, თორემ იანვარში მითხარი, რომ შენი დამატება ბერძნულ, გერმანულ და ესპანურ კლუბებს სურდათ. ახლა?

- კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ გერმანული და ჰოლანდიური გუნდებია.

- საქართველოს ნაკრებზე გადავიდეთ: რა შეიცვალა გუნდში კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ?

- ძალიან ბევრი რამ და დარწმუნებული ვარ, ამას გულშემატკივარიც ხედავს. საქართველოს ნაკრები ახლა გაცილებით მრავალფეროვნად და თავისუფლად თამაშობს.

- წინა მწვრთნელის ხელში რა გიშლიდათ ხელს თავისუფლად თამაშში?

- თემურ ქეცბაიასთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ მას განსხვავებული ხედვა და ტაქტიკა ჰქონდა. მთავარი ყურადღება დაცვას ექცეოდა. უმეტესად ბურთს უმისამართოდ ვიგერიებდით, შეტევის წამოსაწყებად კი გრძელ გადაცემებს ვიყენებდით. თავისუფლად თამაშს რაც შეეხება, როცა გუნდს ბურთი იშვიათად აქვს და ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ სამ-ოთხჯერ მიიღებს ბურთს, ბუნებრივია, შეშინებული, დაძაბული თამაშობს, არ დავკარგოო... ახლა ასე აღარ არის - ბურთს ხშირად ვაკონტროლებთ და აღარც მისი დაკარგვის გვეშინია.

- კახა ცხადაძემ შენც შეგიცვალა პოზიცია და გამოჩნდა კიდეც, რომ შეტევების წამომწყები საყრდენ ნახევარმცველის ამპლუაში გაცილებით ეფექტური ხარ...

- ბევრს, ალბათ, არც ახსოვს, რომ 17 წლის ასაკში "სპარტაკში" სწორედ ამ პოზიციაზე მათამაშებდნენ, ასაკობრივ ნაკრებებშიც საყრდენი ვიყავი... შეტევის წამოწყება, პასების გაკეთება ჩემი საყვარელი საქმეა. ბურთის ართმევა და ხისტად თამაში არ მეხერხება, მაგრამ როცა გვერდით ამ საქმის ისეთი დიდოსტატი გყავს, როგორიც ჯაბა კანკავაა, პასებს მშვიდად ანაწილებ - იცი, რომ კაპიტანი აუცილებლად დაგაზღვევს!

- ნაკრებში სასიკეთო ძვრები ყველამ ვნახეთ, მაგრამ ესტონეთში 0:3 წაგებამ და ალბანეთში გამართული მატჩის ბოლო წუთებმა ბევრს ისევ გაუღვივა პესიმიზმი, რომ საქართველოს ნაკრები ისევ რჩება იშვიათი გამონათებების გუნდად, წელიწადში მხოლოდ ერთი-ორჯერ "გასროლა" რომ შეუძლია...

- ჩვენისთანა ნაკრებს კი არა, ჩავარდნა დიდ გუნდებსაც აქვთ ხოლმე. ესტონეთთან მატჩში ჩვენს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, მაგრამ დიდი ანგარიშით წაგების მთავარი მიზეზი სხვა რამ უფრო მგონია - ბალტიისპირელები სათანადოდ არ დავაფასეთ და დავისაჯეთ კიდეც!

- ფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს ფუფუნება, რომელიმე ნაკრები "სათანადოდ არ დააფასოს"?!

- ნაკრების ბოლო მატჩებმა დაადასტურა, რომ ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. მათ შორის – ბოლო წუთების სინდრომისა და მობილიზების... ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობას კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია, თავდაჯერება და თავისუფლად თამაში კი სწორედ მოედანზე ხშირად ყოფნის შედეგია. გულშემატკივრის პესიმიზმი არ მიკვირს, რადგან კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ან კარგი თამაში არ აკმაყოფილებთ - ქომაგს შედეგი, ანუ რომელიმე დიდ ტურნირზე გასვლა სჭირდება. თუმცა ნაკრებში ახლა მაღალი კლასისა და კარგი სელექციის უნარის მქონე მწვრთნელი და მეგობრული სიტუაციაა, რაც იმედს მაძლევს, რომ აუცილებლად ვითამაშებთ 2018 წლის მუნდიალზე!