ეძღვნება უშიშარ გმირს - კვირის პალიტრა

ეძღვნება უშიშარ გმირს

კანადურმა გაზეთმა "პროვინსმა" გამოაქვეყნა სტატია მუსიკოსზე, რომელმაც სიმღერა მიუძღვნა ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. ვფიქრობთ, მისი გაცნობა ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

ადამიანური გულისხმიერება და სულგრძელობა რომ ოლიმპიური სახეობა ყოფილიყო, სურეელი რიტმენბლუზის მომღერალი მელისა მულდერ-ალბერტსონი აუცილებლად მოუპოვებდა კანადას ოლიმპიურ პოდიუმს ვანკუვერში. 35 წლის მელისა ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ მოხალისეთა სიაში ჩაეწერა და ბედმა მას ქართული დელეგაციის დახმარება არგუნა. 12 თებერვლის საღამოს საქართველოს 11-კაციან დელეგაციას მელისა მიუძღოდა წერწერით "საქართველო". ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე კი 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის საციგაო ტრასაზე ვარჯიშისას დაიღუპა.

"ძალიან მძიმე იყო განადგურებულ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა", - იხსენებს მელისა ცერემონიის წინ ქართველებთან პირველ შეხვედრას, - თავი ვერ შევიკავე და მეც ვტიროდი, რადგან ქართული გუნდი ჩვეულებრივი გუნდი არ არის, ისინი ერთმანეთის უახლოესი მეგობრები არიან, ერთ-ერთი მწვრთნელი კი ნოდარის ბიძა იყო".

და როცა გუნდმა "ბი სი პლეისის" სტადიონის კარიბჭე შეაღო, 60 ათასი კაცი ქართველებს ფეხზე წამოუდგა და ოვაციით შეხვდა. "სულ 8 წუთი დაგვჭირდა წრის გასავლელად, მაგრამ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე გრძელი და ძნელი დისტანცია", - იგონებს მელისა.

მელისა მალე მიხვდა, რომ მხოლოდ მისამძიმრება და ტირილი არ იყო საკმარისი ქართველთა სანუგეშოდ და რომ მასაც შეეძლო ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად რამე სასარგებლო გაეკეთებინა. მელისა და მისი მეუღლე დეილი სურეის ადგილობრივი რიტმენბლუზის ჯგუფის "ივენ კილის" წევრები არიან. მელისა ვოკალისტია, ხოლო დეილი - გიტარისტი. თამაშების დაწყებამდე ჯგუფს თითქმის დასრულებული ჰქონდა ახალი ალბომი.

"ვიფიქრე, რომ ჩვენი ერთი სიმღერა კარგად შეეფერებოდა ნოდარის ხსოვნას და კარგი იქნებოდა, თუ მას ნოდარის მშობლებს მივუძღვნიდი. ჩვენ ერთად დავწერეთ ის, მაგრამ აქამდე ვერ ვთანხმდებოდით, რა დაგვერქმია სიმღერისთვის" - ამბობს მელისა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სიმღერა მათზეა, ვინც მხოლოდ თავისთვის ცხოვრობს და მათზე, ვინც უფრო დიდი მიზნებისთვის იხარჯება, მაგალითად თავისი სამშობლოსთვის. ამ უკანასკნელთ მომღერალი გმირებად მიიჩნევს და რადგან სიმღერაში არის ფრაზა "უშიშარი გმირი", გაჩნდა სათაურიც: "უშიშარი გმირი".

"ივენ კილის" პირველი ალბომი გვიან გაზაფხულზე გამოვა, მაგრამ მანამდე ჯგუფი აპირებს "უშიშარი გმირი" ცალკე სინგლად გამოუშვას და მთელი შემოსავალი, რასაც ეს სინგლი მოიტანს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ფონდში გადარიცხოს საქართველოში. სიმღერა უკვე შესრულდა "პლაზა ოფ ნეიშენსზე" და გიგანტურ ტელეეკრანზე აჩვენეს ვიდეორგოლი ნოდარ ქუმარიტაშვილზე. "ხალხმა გულთან ახლოს მიიტანა სიმღერა, ძალიან ბევრი ატირდა და ვგრძნობდი, რომ მეც მალე ვიტირებდი, თუმცა მაინც შევძელი ემოციების მოთოკვა და ბოლომდე ვიმღერე", - იხსენებს მელისა მულდერ-ალბერტსონი, რომელიც მთელი მსოფლიოდან იღებს მადლიერ გამოხმაურებებს.

P.S. ვიდეო კლიპის ნახვა შეგიძლიათ "ინტერპრესნიუსის" საიტზე www.ipn.ge

ნიკოლოზ ნეფარიძემ, "ლელო"