მორჩა, ზელანდიაში მივდივართ! - კვირის პალიტრა

მორჩა, ზელანდიაში მივდივართ!

საქართველო 17:9 ესპანეთი

მძიმედ, ძალიან მძიმედ დაიწყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანელებთან მატჩი. "ლეონესი" (ლომები) ყოველთვის მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდნენ და ასე იყო ამჯერადაც. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით, ესპანელებისთვის შეხვედრას აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირენეელებმა თავდაუზოგავად იომეს და ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმის მიწურულსღა გატეხეს საწყის წუთებზე ხაიმე ნავას მიერ დაწინაურებული მეტოქე.

32-ე წუთზე, მსაჯმა მოწინააღმდეგე დააჯარიმა. ჩვენებმა შერკინება მოითხოვეს და ბესო უდესიანი ლამაზად შეფრინდა მეტოქის ჩათვლის მოედანში 5:3!

კვირიკაშვილის ზუსტმა გარდასახვამ საბოლოოდ დაამშვიდა ფიქრით უკვე ახალ ზელანდიაში მყოფი ჩვენი გუნდი და მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ დავალელოვეთ სტუმრები. რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ გუნდს, სტუმართაგან ახალი არაფერი გვინახავს - ეს გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და რაკი შერკინებაში ჩვენთან ვერაფერს ხდებიან, ყველა სხვა გზით ცდილობენ ხოლმე ქულების მოხვეჭას. ლომებმა ამჯერადაც მხოლოდ საჯარიმოებით მოაგროვეს ტაბლოზე აღბეჭდილი 9 ქულა. და კიდევ, გერმანელებისა არ იყოს, ქართველი მორაგბე იმათაც გამოიყვანეს ეროვნულ სტადიონზე! ბორჯღალოსანთა წინააღმდეგ დავით გურგენაძემ მოირგო ესპანეთის ნაკრების მაისური.

ჩვენი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკს ახლა არ მოვყვებით. ტიმ ლეინის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. თანაც, ძნელია კონცენტრაცია სრულად შეინარჩუნო, როცა იცი, რომ მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე მოსახვედრად მხოლოდ საშუალო სიძლიერის მეტოქის დამარცხებაა საკმარისი...

ესპანელთა ძლევით, ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის საგზური. მარტის შუა რიცხვებში კიდევ გვიწევს ორი შეხვედრა, მაგრამ ამ შეხვედრებს სხვა დატვირთვა აქვთ, ვიდრე სატურნირო: 13-ში ბუქარესტში რუმინელებს იმიტომ უნდა მოვუგოთ, ჩვენსა და მათ შორის ტრადიციული - ანთიმოზ ივერიელის თასი რომ შევინარჩუნოთ; 20 მარტს ტრაპიზონში რუსეთთან გასამართი მატჩის პრინციპულობაზე კი ისედაც ყველაფერი ცხადია!

ამ მატჩებში გამარჯვების შემთხვევაში ერთა თასის მოქმედი მფლობელი, საქართველოს ნაკრები ამ ტიტულსაც შეინარჩუნებს. თუმცა რაც მთავარია, ზელანდიის საგზური უკვე "გამოწერილი" გვაქვს და საკითხავი ახლა მხოლოდ ის არის, ვისთან ერთად მოვხვდებით ქვეჯგუფში.

თუმცა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რუსთა ტრადიციული გვემაცა და ერთა თასის ჩემპიონობაც გაზაფხულზე იქნება. ახლა კი ზეიმის დროა, ზეიმისა და ჩვენი მორაგბეების მრავალწლიანი შრომის დაფასებისა. ამ ბიჭებმა აგერ მერამდენე სიხარული გვაჩუქეს და მერამდენედ დაამტკიცეს, რომ გაუტეხელი და ძარღვიანი ქართველები არიან...