"მოკრივის ასაკი რინგზე ჩანს!" - კვირის პალიტრა

"მოკრივის ასაკი რინგზე ჩანს!"

"აშშ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნებას მნიშვნელობას არ ანიჭებენ - ნიჭი თუ გაქვს, არ დაიკარგები!"

"რინგზე ყოველი გასვლა ჩემთვის დღესასწაულია, მაგრამ რინგს მიღმა იმდენი სიბინძურე ვნახე..."

ავთანდილ ხურციძეს პარიზი ცუდად აქვს დაცდილი. კრივის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რამდენიმე წლის წინ მსაჯებმა როგორ აშკარად დაჩაგრეს პროფესიონალი ქართველი მოკრივე კამერუნული წარმოშობის ფრანგ ჰასან ნდამ ნჯიკამთან ბრძოლაში. 21 ნოემბერს "ტორნადო" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) ისევ საფრანგეთის დედაქალაქში უნდა შეხვედროდა ნდამ ნჯიკამს, მაგრამ... პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, უკვე ნიუ-იორკის აეროპორტში მყოფს მოუხდა ბილეთის დაბრუნება. ავთანდილ ხურციძე IBF-ის ვერსიით მაინც იბრძოლებს, ოღონდ, ამჯერად, აშშ-ში, თანაც, სხვა მეტოქესთან, რადგან კამერუნელი ფრანგი ამერიკაში ვერაფრით "ჩაიტყუა". შეგახსენებთ, რომ 35 წლის ავთანდილ ხურციძე რინგს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და როგორც ამბობს, "ისე ღრმად შეტოპა", მინიმუმ, 40 წლის ასაკამდე აპირებს პროფესიულ კრივში დარჩენას! ქუთაისელი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონია IBO-ს და WBC-ს ვერსიით, არის WBA-ს და EBA-ს ქამრის მრავალგზის მფლობელიც. პროფესიულ რინგზე კი მისი სტატისტიკა ასეთია: 31 მოგება (20 ნოკაუტით), 2 მარცხი და 2 ფრე. საქართველოში "ჩაქუჩას" ეძახიან, ფილადელფიაში - "ტორნადოს" და "ჰემერს", ნიუ-იორკში კი ახალი მეტსახელი დაუმატეს:

- თაზმან შემარქვეს ანიმაციური ფილმის პერსონაჟის - დაბალი, მოღუნულთათებიანი, აგრესიული ძაღლის "პატივსაცემად" (იცინის). ჩემმა მწვრთნელმა დაბადების დღეზე მაისურიც კი მაჩუქა, რომელზეც "ტაზია" გამოსახული...

- როდის შედგება ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამთან ორთაბრძოლა, რომელიც 21 ნოემბერს საფრანგეთში უნდა გამართულიყო?

- აეროპორტში ბარგი უკვე ჩაბარებული მქონდა, როცა მწვრთნელმა დამირეკა: პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, ორთაბრძოლა აღარ გაიმართება, საფრანგეთში აღარ გაფრინდეო... ბილეთი გავაუქმე და შინ დავბრუნდი. ფრანგები მაინც მეპატიჟებოდნენ, ჩამოდიო, მაგრამ ჩემი მწვრთნელი და გუნდის წევრები უარზე იყვნენ და მარტო ხომ არ წავიდოდი?! დამპირდნენ, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად ვიბრძოლებ IBF-ის (Internatiomal Boxing Federation) ეგიდით, ოღონდ - აშშ-ში. დღეს ამერიკელები "მადლიერების დღეს" აღნიშნავენ და კრივისთვის არავის სცალია. ასე რომ, რამდენიმე დღეში შევიტყობ ორთაბრძოლის თარიღს და მეტოქის ვინაობას.

- ე.ი. ნ'ჯიკამთან რევანშის შანსი აღარ გექნებათ?

- ჰასანი მხოლოდ საფრანგეთში ბრძოლაზეა თანახმა, აშშ-ში ჩამოსვლაზე კი უარს ამბობს.

- ალბათ, იმიტომ, რომ ამერიკაში ფრანგი მსაჯები არ ჩამოჰყვებიან...

- მშობლიურ დარბაზში შედარებით დიდ რინგზე გაჰყავთ, მეტი სამოძრაო და "გასაქცევი" რომ ჰქონდეს, აშშ-ში კი უფრო პატარა რინგებია, მებრძოლები ახლო კონტაქტში რომ იყვნენ და ბრძოლა უფრო სანახაობრივი იყოს. არის სხვა წვრილმანი ეშმაკობებიც, რაც საფრანგეთში გამოსდით, ამერიკაში კი ვერ მოახერხებენ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარიზში გამართული ორთაბრძოლის დღეს დოპინგ-კონტროლიც კი არ ჩატარებულა!

- ისე, საფრანგეთი აშკარად ცუდად გაქვთ დაცდილი...

- სამწუხაროდ, მართალი ხართ... არ დაგიმალავთ - არ მესიამოვნა, ჰასან ნ'დამ ნჯიკამთან ბრძოლა საფრანგეთში რომ დაინიშნა. პარიზში გამგზავრება არც მე მინდოდა და არც ჩემს მწვრთნელს, რადგან გამარჯვების შანსი მხოლოდ ნოკაუტით გამარჯვების შემთხვევაში მექნებოდა! ახლა ბევრად გამოცდილი პრომოუტერი მყავს და პირობაც მომცა, რომ ამ ჯერზე ორგანიზება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ... მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, საფრანგეთში ბრძოლის სურვილით ნამდვილად არ ვიწვოდი და გამიხარდა, გამგზავრებამ რომ აღარ მომიწია.

- ნ'ჯიკამთან რევანშის აღება ხომ არ გადაგიფიქრებიათ?

- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მე აშშ-ში მინდა მასთან ბრძოლა, მას - საფრანგეთში. ევროპულ კრივში მასპინძლის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, აშშ კი, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნებას მნიშვნელობას არ ანიჭებენ და არც გაიძულებენ, მაინცდამაინც აშშ-ის სახელით იბრძოლო - ნიჭი თუ გაქვს, არ დაიკარგები! ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანია - სტუმრობის ხარჯს მასპინძელი მხარე იღებს თავზე და ამ მხრივ, გასვლითი შეხვედრა სჯობს. თუ გაიმარჯვე, მაშინ ხომ ორმაგად მოგებული ხარ!

-რაც შეეხება სპორტულ მხარეს, როგორ ფორმაშია 35 წლის "ჩაქუჩა"?

- ოთხწლიანი უქმობის შემდეგ აშშ-ში რომ დავბრუნდი, ნამდვილად არ ვიყავი სასურველ ფორმაში, მაგრამ ახლა ისეთ კონდიციაში ვარ, სიამოვნებით შევებრძოლებოდი პროფესიული კრივის ისეთ ვარსკვლავებს, როგორიც არიან გოლოვკინი, კოტო და ა.შ.

- როგორც ჩანს, კრივისთვის თავის დანებება გადაიფიქრეთ!

- რინგზე ყოველი გასვლა ჩემთვის დღესასწაულია, მაგრამ რინგს მიღმა იმდენი სიბინძურე ვნახე... ვერ ვეგუები, ყველაფერი ფულით რომ წყდება! მოკრივის კარიერას რომ ვიწყებდი, ასეთ რაღაცებს რას წარმოვიდგენდი?! - კრივი მხოლოდ ხელთათმანის მორგება, რინგზე გასვლა და გამარჯვება მეგონა... არადა, რინგამდე, უშუალოდ რინგზეც და მას შემდეგაც, იმდენი საკითხია, კრივი არაფერია მათთან შედარებით! აშშ-ში რომ დავბრუნდი და პირველი ბრძოლისთვის ვემზადებოდი, ჩემი "კეთილისმსურველები" ისე აქტიურად ცდილობდნენ ხელის შეშლას, ბოლო წამამდე მეგონა, ბრძოლა გადაიდებოდა. როგორც ჩანს, "მიფრთხილდებიან" - ვეცოდები ამ ასაკში რინგზე გასასვლელად და ამიტომ მიშლიან ხელს (იცინის). მაგრამ მტრების ჯინაზე დღესაც კრივში ვარ!

- და რეიტინგშიც წინ მიიწევთ...

- ბოლოს რომ ვნახე, WBC-ს რეიტინგში მეშვიდე ვიყავი 1000 მოკრივეს შორის. ერთი ბრძოლაც და, მსოფლიო ქამრისთვის ბრძოლის უფლებასაც მივიღებ - ვეღარ "დამმალავენ" (იცინის)! კარიერის დასრულება? რაკი დავბრუნდი და "ღრმად შევტოპე", 40 წლამდე წასვლას აღარ ვაპირებ! ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, DiBella Entertainment-თან ჩემი ხელშეკრულება დასრულდება და ახალ კონტრაქტზე დავილაპარაკებთ. 2-3 პრომოუტერისგან კიდევ მაქვს შემოთავაზება, ასე რომ, ახლა უკვე მაქვს არჩევანის შესაძლებლობა.

- თქვენი ორთაბრძოლის დაწყებამდე სულ იმართებოდა ხოლმე ქართული ცეკვა-სიმღერის "მინი-კონცერტი". ბოლო ინტერვიუში შეგვპირდით - აშშ-შიც ნახავთ ქართულ დროშას და ფაფახ-ხანჯლიან მოცეკვავეებსო... ვნახავთ?

- სამწუხაროდ, აშშ-ში ამ მხრივ შეზღუდული ვარ - რეპორტაჟის ყოველი წუთი ძვირად ფასობს. ისე კი, ყველაფერს დამსახურება და შრომით მოპოვება სჭირდება და ის დროც მოვა, ჩემი ორთაბრძოლის რეპორტაჟში ქართველი მოცეკვავეებიც რომ გამოჩნდებიან.

- ბერნარდ ჰოპკინსმა რომ შემოგითვალათ, უნდა გაგლახოო, რა გამოვიდა იმ საქმიდან?

- მხოლოდ მაშინ არა, 4-5-ჯერ კიდევ "დამემუქრა" (იცინის). როგორც კი გაიგებდა ხოლმე, რომ ძლიერი სპარინგ-პარტნიორი ვცემე, შემომითვლიდა, უნდა გაგლახოო. რამდენიმე ვარჯიშსაც დაესწრო, მაგრამ ფილადელფიიდან ნიუ-იორკში ისე გადმოვბარგდი, ჰოპკინსთან სპარინგ-მატჩი არ გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, ბერნარდის მიმარ ისეთი სიმპათიით ვარ განწყობილი, ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა მეჩხუბა მასთან. 50 წლის არის და დღემდე წარმატებული მოკრივეა... ისე, თავადაც დავრწმუნდი, რომ მოკრივისთვის წლოვანება ის კი არ არის, რაც პასპორტში უწერია - მოკრივის ასაკი რინგზე ჩანს! მე ისიც მეხმარება, რომ კრივში ვარჯიში საკმაოდ გვიან

- 20 წლის ასაკში დავიწყე, თანაც, სამოყვარულო კრივითაც არა ვარ დაღლილი, სულ ათიოდე ბრძოლა მექნება გამართული სამოყვარულო რინგზე...

- კარიერის დასრულების შემდეგ, მშობლიურ ქუთაისს დაუბრუნდებით?

- რა თქმა უნდა! აშშ-ში ისეთ პირობებში ვარჯიში და ისეთი დონის მეტოქეებთან პაექრობა მიწევს, არათუ საქართველოში, ევროპაშიც კი ვერ მოვძებნიდი. მწვრთნელებიც უძლიერესი მყავს და სპარინგ-პარტნიორებსაც ყოველი ორთაბრძოლისას ვიცვლი, რაც მოკრივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ ამერიკაში, თორემ საქართველოს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე - სადაც უნდა ვიყო, ყველგან ქართული დროშით და ქართული ქუდით ვარ! ყველაზე ხშირად ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ბრუკლინის ქართულ რესტორან Georgian House-ში ვიკრიბებით. მართლაც ჩემი სახლივით არის და ახლაც აქა ვარ. ცოტა ხნის წინ მჭადი და ზუთხი მომიტანეს და სიცილით ვკვდებოდი: მჭადი კი არის ქართული საჭმელი, მაგრამ მჭადი და ზუთხი ერთად პირველად ვჭამე, მარტო ამისთვის ღირდა ამერიკაში ჩამოსვლა-მეთქი (იცინის).