თემურ ქეცბაია: "შეიძლება, ფეხბურთს მშვიდად უყურო?!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

თემურ ქეცბაია: "შეიძლება, ფეხბურთს მშვიდად უყურო?!" (ექსკლუზივი)

"ჩემგან არაკორექტული იქნება იმაზე ლაპარაკი, ჩემს დროს რა იყო და ახლა როგორ არის. გულშემატკივარი ყველაფერს ხედავს და თავად შეაფასებს"

მართლაც გეგმავს თუ არა ნიქოზიის "აპოელის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იანვარში ქართველი ფეხბურთელების დამატებას? - ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცს კვიპროსში შევეხმიანეთ და სხვა საინტერესო თემებზეც ველაპარაკეთ. გელზენკირხენის "შალკესთან" წაგებით, "აპოელმა" უკვე დაკარგა "ევროპის ლიგაზე" ბრძოლის გაგრძელების შანსი და ახლა მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთვება:

- "შალკესთან" მატჩში, ტრავმის გამო ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე გვაკლდა. მარცხის მიუხედავად, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მეტოქეზე მეტი საგოლე ეპიზოდიც შევქმენით, მაგრამ ჩვენ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, გერმანელებმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და გაიმარჯვეს. კარგია, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კვიპროსის ჩემპიონატში პირველობას ვინარჩუნებთ.

- ორი ტურის წინ კვიპროსის მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცხდით. თანაც - "ანორთოსისთან", რომელთანაც კარიერის საუკეთესო წლები გაკავშირებთ... ეს მარცხი ორმაგად მტკივნეული იქნებოდა. არა?

- ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. თუმცა, გეთანხმებით - "ანორთოსისთან" მატჩი ჩემთვის რიგითი ვერაფრით იქნებოდა... სამწუხაროა, გამარჯვება რომ ვერ შევძელით, მაგრამ რევანშის შანსი კიდევ გვექნება.

- გელზენკირხენის სასტუმროში ოტო რეჰაგელი გესტუმრათ. რაზე ილაპარაკეთ?

- ოტოს დიდი ხანია ვიცნობ. გელზენკირხენის სასტუმროში ჩემს სანახავად მოვიდა "ვერდერელ" მარკო ბოდესთან ერთად. ვისაუბრეთ და "შალკეზე" თავისი შეხედულებაც გამიზიარა. მეტოქეზე ჩვენც გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ რეჰაგელის სტუმრობა მაინც სასიამოვნო იყო. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას უნდოდა "კაიზერსლაუტერნში" ჩემი წაყვანა, მაგრამ ბოლო მომენტში, "კაიზერს" "ნიუკასლი" ვარჩიე...

- ისე, ხომ იყო შანსი, რეჰაგელის კვალს გაჰყოლოდით და საბერძნეთის ნაკრებთან გემუშავათ?

- ბერძნები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული. რამდენიმე კანდიდატიდან, ბოლოს, მე და სერხიო მარქარიანი დავრჩით და საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ მარქარიანი არჩია.

- იანვარში ქეცბაია თავისი გემოვნებით დააკომპლექტებს "აპოელს" და ახალწვეულებს შორის ქართველი ფეხბურთელებიც იქნებიანო. მართალია?

- გაძლიერება გვჭირდება, ქართველი მოთამაშეებიც მაინტერესებს, მაგრამ... "აპოელში" უცხოელებისთვის გამოყოფილი ხუთი ადგილიდან ყველა შევსებულია. ქართველის დამატება თუ გადავწყვიტეთ, რომელიმე ლეგიონერს უნდა შეველიოთ, თუ არადა, კვიპროსელი ან ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი მოვიყვანოთ. ამ ეტაპზე ასეა და იანვარში რა იქნება, ვერ გეტყვით...

- ამჟამინდელიდან, თქვენს ყოფილ სამსახურზე გადავიდეთ: ხომარ ნანობთ, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას რომ დათანხმდით?

- არა, რადგან თავიდანვე ვიცოდი, სად მივდიოდი და როგორი რთული საქმე მელოდა... ჩვენც, ფეხბურთელებსაც, ჩვენს გარეშემო მყოფებსაც ძალა არ დაგვიშურებია და რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ ნაკრებისთვის, უკეთესობისკენაც შეიცვალა რაღაცები, მაგრამ... სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი ისეთი მდგომარეობაშია, ძნელია წარმატებაზე ფიქრი. თუ შევადარებთ, როგორ ვითარებაში ჩავიბარეთ გუნდი, ფაქტია, რომ გაცილებით მეტი შევძელით, ვიდრე ჩვენმა წინამორბედებმა. ამ ტენდენციას ჩვენი შემცვლელებიც გააგრძელებენ თუ არა, დრო გვიჩვენებს! მეც ძალიან მწყდება გული, ყველა გეგმა რომ ვერ განვახორციელეთ, ქომაგს იმედი გავუცრუეთ, მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა - მეორე!

- უყურებთ ხოლმე ნაკრების თამაშებს?

- რა თქმა უნდა! ხუთი წელიწადი ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, იქამდე, ათი წელი ვთამაშობდი ეროვნულ გუნდში... სხვა რომ არაფერი, ქართველი ვარ - რაკი ნაკრებიდან წამოვედი, ე.ი. მისი თამაში აღარ მაინტერესებს?! ეროვნულ ჩემპიონატსაც ვადევნებ თვალს, ნაკრების თამაშსაც და საქართველოს ნაკრების წარმატებაც ყოველთვის გამიხარდება!

- ე.ი. შეამჩნევდით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო ხშირად ცდილობს შეტევას, ვიდრე თქვენ დროს...

- ზოგიერთებივით ინტრიგნობას არ დავიწყებ. ჩემგან არაკორექტული იქნება იმაზე ლაპარაკი, ჩემს დროს რა იყო და ახლა როგორ არის. გულშემატკივარი ყველაფერს ხედავს და თავად შეაფასებს... ჩვენ რომ გვაკრიტიკებდნენ - რით არიან უკმაყოფილოო, ის ადამიანები ახლა ჩვენზე უარეს რაღაცებს ამბობენ, სხვანაირად აჭიკჭიკდნენ... არ შეიძლება, როგორც იმ მომენტში გაწყობს, სულ ისე ილაპარაკო. სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და რაც მალე მივხვდებით, რა მდგომარეობაში ვართ და რა არის გასაკეთებელი, მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის. სამწუხაროდ, აქ მხოლოდ ფული არა რის პრობლემა - შეიძლება, მილიარდი ჩადო ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ხალხი არ არის, ვინც ამ ფულს სწორ მიმართულებას მისცემს. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა!

- 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები რომ გახდა ცნობილი, თქვით: საკმაოდ რთული ჯგუფია დასაქართველოს ნაკრები მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის თუ იბრძოლებსო... რატომ ასე პესიმისტურად?!

- არ გეგონოთ, ამას ბოღმით ვლაპარაკობდე. ამას იმ რეალობიდან გამომდინარე ვამბობ, რაც დღეს ქართულ ფეხბურთშია. დიახ, ჩემი, როგორც ფეხბურთის სპეციალისტის აზრით, ამ ქვეჯგუფში, მეხუთე-მეექვსე ადგილისთვის საქართველო და მოლდავეთი იბრძოლებენ! რადგან ესპანეთი და საფრანგეთი არ შეგვხვდა, გვგონია, რომ ადვილი თამაშები გველის?! პირიქით - ჩვენთვის, გრანდებთან უფრო ადვილი იქნებოდა თამაში, ვიდრე საშუალო დონის ნაკრებებთან, ვისთანაც აუცილებლად მოგებას მოგვთხოვენ. როცა აუცილებლად მოგებას გთხოვენ, გამარჯვება ძალიან ძნელია! ჩემ დროს რომ გაიძახოდნენ ზოგიერთები - ეს რა ჯგუფია, აუცილებლად უნდა გავიდეთო, მეც ხომ მათსავით არ დავიწყებ ვიღაცების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას?! არ არის ისეთი იოლი ჯგუფი, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ. რომელია სუსტი მეტოქე, ავსტრიაა თუ უელსი?! ირლანდია სულ გვიგებს, სერბებმა ვერა და ვერ შეძლეს გუნდის გაკეთება, თორემ სერბეთის ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა უძლიერეს ევროპულ კლუბში თამაშობს...

- როცა საქართველომ შოტლანდიის ნაკრებს მოუგო, ბევრმა გაიხსენა თქვენი ფრაზა - რატომ უნდა მოვუგოთ შოტლანდიასო?! თურმე, რატომაც არა!

- ასე თუ შევხედავთ, ხორვატიის ნაკრები შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერია! ჩემი მწვრთნელობისას, შოტლანდიაში 0:1 წავაგეთ და ის ერთადერთი გოლიც საკუთარ კარში გავიტანეთ. ტოპმიოლერის დროსაც მოუგო საქართველომ შოტლანდიის ნაკრებს, მაშინაც ჩვენ ჩავტოვეთ ქვეჯგუფში და ახლაც...

- საკლუბო ფეხბურთში გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეთ, ვიდრე ნაკრებში. ეს რას ნიშნავს - "საკლუბო მწვრთნელი" ხართ, თუ საქართველოს ნაკრებს ვერ მოუხერხეთ ვერაფერი?

- ჩემამდე, საქართველოს ნაკრებში მსოფლიო დონის მწვრთნელებმა - ტოპმიოლერმა და კუპერმა იმუშავეს და მიაღწიეს რამეს?! მათთან შედარებით, მე გაცილებით უკეთესი შედეგი მქონდა. კუპერს 16 მატჩში 12 წაგება და 4 ფრე ჰქონდა, ჩემი მუშაობის პირველი წელი კი, საერთოდ წაუგებლად ჩავამთავრეთ. მაგრამ მერე, ნაკრები გამოცდილმა ფეხბურთელებმა დატოვეს...

- დატოვეს, თუ დაატოვებინეთ?!

- როცა ვნახეთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ იყო, აქცენტი ახალი გუნდის შენებაზე გავაკეთთ. გამოცდილები ფეხბურთელები წავიდნენ, ახალგაზრდა ბიჭები კი არ აღმოჩნდნენ მზად ეროვნული ნაკრებისთვის... ეროვნული გუნდის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას ნაკრებში რომ იღებს, რაღაზეა ლაპარაკი?! ასეთი რამ სხვაგან არსად ხდება. ნაკრებში უნდა თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში არიან. ჩვენ კი, წლების განმავლობაში გვიწევდა თამაში მოთამაშეებით, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ... ფეხბურთის თამაში ვიცითო, რომ გავიძახით, კი, 20-30 წლის წინ მართლაც ვთამაშობდით, მაგრამ ახლა... 2-3 გამონაკლისის გარდა, ნორმალურ ევროპულ კლუბში ფეხბურთელი აღარ გვყავს, ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ქართველზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ფეხბურთის თამაში ჭამა-სმა არ არის, ამაში რომ შევეჯიბროთ ვინმეს, თანამედროვე ფეხბურთში სხვა მოთხოვნებია!

- ლევან კობიაშვილი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ნაადრევად დაატოვებინეთ ნაკრები... ლევანი ახლა სფფ-ის პრეზიდენტია - თუ იცით, ისევ ნაწყენია თქვენზე?

- როცა პრეზიდენტი გახდა, სმს გავუგზავნე და წარმატება ვუსურვე... ლევანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ნაწყენი იყო ჩემზე. მისი კარგად მესმის, მაგრამ იმ მომენტში, ისე მოვიქეცით, როგორც ქართული ფეხბურთის უკეთესობისთვის გვეგონა უკეთესი...

- საქართველოს ჩემპიონატზეც გკითხავთ - გაამართლა 16-გუნდიანმა პირველობამ?

- ფეხბურთი მხოლოდ თბილისში ხომ არ უნდა ვითამაშოთ?! თუ გვინდა, რომ განვითარდეს, ფეხბურთი რაც შეიძლება მეტ რეგიონში უნდა იყოს. როცა მხოლოდ 2-3 კლუბს აქვს ფული, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემპიონატში 10 გუნდი იქნება თუ 16?! მთავრობის ან ინვესტორის მიერ ფულის დახარჯვას თუ გულისხმობთ, მაშინ, რაოდენობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.

- გვაქვს 16 კლუბის სამყოფი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი?

- თბილისის "დინამოს" გარდა, რომელია ბოლომდე "ჯანმრთელი", სტაბილური კლუბი? ნორმალური პირობები ხუთიოდე ქართულ კლუბს თუ ექნება და ამიტომ, 5-გუნდიანი პირველობა უნდა ჩავატაროთ?!

- ბოლოს როდის იყავით სამშობლოში? საქართველოზე გული ხომ არ აგიცრუვდათ?

- ქართულ ტელევიზიებს თუ დაუჯერებ, მართლა აღარ მოგინდება საქართველოში ჩასვლა. პოზიტიურზე არაფერს ამბობენ, მხოლოდ ნეგატივი ისმის - ჩხუბი, არეულობა, ერთმანეთის ჭამა... დავიჯერო, კარგი არაფერი ხდება?! მაგრამ, ტელევიზიით რაც უნდა აჩვენონ, მე ქართველი კაცი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და როცა ჩამოსვლის შანსი მომეცემა, ყოველთვის ჩამოვალ... ნაკრებიდან ისე წამოვედი, არ მომეცა გულშემატკივრისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობა. გადაწყვეტილი კი მქონდა წასვლა, მაგრამ არ მეგონა, ბოლოსკენ ასე თუ შეტრიალდებოდა სიტუაცია... არადა, ხუთი წლის განმავლობაში, ნაკრების სათავეში სწორედ ხალხის სიყვარული მაჩერებდა! ქომაგს იმედები ვერ გავუმართლეთ, მაგრამ ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ნაკრებში მუშაობისას, ქართველ ჟურნალისტებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანი არ შემხვედრია, გულთბილად რომ არ მოვეკითხე!

- ქართველი ჟურნალისტებზე ჯერაც არ მოგიბრუნდათ გული?

- "მშრალად" ნუ გამოგყავთ თავი - იმ ყველაფერში, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჟურნალისტების წვლილიც არის! ობიექტურად თუ შეაფასებთ, ბევრი რამის გამოსწორება შეგიძლიათ, მაგრამ...

- როდის არ ვართ ობიექტური? მაგალითად, მაშინ, როცა გამოვაქვეყნე გოგიტა გოგუას სიტყვები - ქეცბაიას შეურაცხყოფა არ ვაპატიე და ნაკრები იმიტომ დავტოვეო?!

- გოგუამ კი არ დატოვა ნაკრები, ჩვენ გავუშვით! გვეხვეწებოდნენ ისიც და სხვებიც... ფეხბურთელი ერთხელ მაინც ხომ უნდა დაფიქრდეს - სამ და ოთხ მწვრთნელთან რომ ვერ მოვრიგდი, იქნებ, რაღაცაში მეც ვარ დამნაშავეო?! გოგუა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო თავის თაობაში, იმდენი კლუბი გამოიცვალა, თავის გამოჩენის შანსიც ბევრჯერ მიეცა, მაგრამ არასერიოზული ქცევით გაიფუჭა კარიერა! დავუშვათ, წავიდა ნაკრებიდან, მაგრამ ნაკრებიდან წასვლა საფეხბურთო კარიერის დასრულებას ხომ არ ნიშნავს? თავის დროზე, მეც წავედი ნაკრებიდან და სამი წელიწადი კლუბში საუკეთესო ფეხბურთელი ვხდებოდი! გოგიტაც წავიდა ეროვნული გუნდიდან, მაგრამ სად წავიდა, ითამაშა სადმე? თვითონ დაიღუპა თავი... ამას ბოღმით არ ვამბობ, გული მწყდება, რადგან მაღალ დონეზე შეეძლო თამაში. სამწუხაროდ, საქართველოში სხვაც ბევრია ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე, დიდი ფეხბურთის პოტენციალი რომ აქვთ, მაგრამ თავიანთი ხასიათის გამო ვერ თამაშობენ - ორ კაპიკს იშოვიან თუ არა, ავიწყდებათ, ფეხბურთის წყალობით რომ იშოვნეს ის ფული...

- ემოციურმა ხასიათმა, თქვენ არ შეგიშალათ ხელი მუშაობაში? შესაძლოა, არ აგინებდით ფეხბურთელებს, მაგრამ ზედმეტი ემოციურობის გამო, ბევრი გაანაწყენეთ...

- ემოციური რომ ვარ, იმიტომ გავხდი კარგი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ინერტული რომ ვყოფილიყავი, რას მივაღწევდი?! შეიძლება, იჯდე და მშვიდად უყურო ფეხბურთს?! ათი წელია, მწვრთნელად ვმუშაობ და კონფლიქტი არავისთან მქონია. ყველა გამოგონილ ბრალდებაზე თავის მართლებას ხომ არ დავიწყებ?! არაფრის შეცვლა არ მინდა - თუ შევიცვალე და რაღაც თამაშები დავიწყე, აღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ!