ქართული რაგბის მძიმე კვირა
21-12-2015
ქართული რაგბის მძიმე კვირა
არჩევნები კანდიდატების გარეშე?! გია ნიჟარაძემ და ირაკლი აბუსერიძემ კანდიდატურები მოხსნეს

როცა მთელი საქართველო "მე-16 მოთამაშე" იყო, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ რაგბიში "მოთამაშეები" მოედანს მიღმაც არიან!


გასულ კვირას ქართულ რაგბიში კარგი ამბებიც მოხდა: თბილისს "რაგბი-ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიუს მორარიუ ესტუმრა და კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი რაგბისადმი მხარდაჭერა. კვირის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის ტესტების ეგიდით მომავალი წლის ნოემბერში ბორჯღალოსნები სტუმრად ითამაშებენ შოტლანდიის ნაკრებთან, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ფრანგული ტოპ-14-ის კლუბ "ბრივს"
შეუერთდება საქართველოს ნაკრების 19 წლის ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე. მაგრამ მთლიანობაში წინა კვირა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ქართული რაგბის ისტორიაში.

წლებია, საქართველოში მორაგბე კარგი კაცის სინონიმი გახდა, გაუტეხელი, უღალატო, სამშობლოსთვის თავდადებული კაცის. სარაგბო ოჯახს ჭუჭყი ერთხელაც არ მიუკარებია - ტალახში ვარჯიშის, უფულობის, უპირობობის დროსაც კი! დარწმუნებული
ვარ, არც მიიკარებს, მაგრამ ადუღებული წყლის მსგავსად, ზედაპირზე თუ ამოიტანა, ესეც ძალიან სამწუხარო იქნება და დაგვანახებს, რომ სიბინძურე იქაც ყოფილა, ანდა, ვიღაც ხელოვნურად ცდილობს სარაგბო სამყაროს ლაფში ამოსვრას.
სამწუხაროა, რომ ასეთ თემაზე ლაპარაკი გვიწევს სწორედ ახლა, როცა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე ჯიბეში გვაქვს, როცა ნელ-ნელა ბობოლა ნაკრებებთან თამაშსაც ვეჩვევით და "ექვსი ერის" საგულდაგულოდ დაგმანული კარიც მძლავრად შევარყიეთ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, სარაგბო თემს კი არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ გია ნიჟარაძესა და ნაკრების ყოფილ კაპიტანს, რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორ ირაკლი აბუსერიძეს შორის გაეკეთებინა, მაგრამ სულ რამდენიმე დღე აღმოჩნდა საკმარისი, კანდიდატურა პრეზიდენტობის ორივე პრეტენდენტს რომ მოეხსნა, არჩევნები კი გაურკვეველი დროით გადადებულიყო.

სპორტული დირექტორი მისივე ორგანიზაციის ხელმძღვანელის კონკურენტი იყოს?! საკმაოდ უჩვეულო ამბავია. მით უმეტეს, ერთიანობით განთქმული სარაგბო სამყაროსთვის. კონკურენცია აუცილებელია და არც არავის მოეწონებოდა, რაგბის კავშირი უკანასკნელი წლების "ერთ­კანდიდატიან" სფფ-ს რომ დამსგავსებოდა, მაგრამ... რაგბის კავშირის გამგეობის განცხადების შემდეგ, არა მხოლოდ "მაგრამ", ბევრი კითხვის ნიშანიც გაჩნდა. "უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრისა" და სხვა გარეშე პირების მათთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ", - ნათქვამია რაგბის კავშირის გამგეობის განცხადებაში.
წერილში განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ არის კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი ძალა ან ოპოზიცია, მაგრამ, ამავე დროს, შავით თეთრზე წერია: "გამგეობის წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ,­ რომ ცალკეული თანამდებობის თუ ზედმეტად ეგზალტირებული გარეშე პირების ყველა მცდელობა, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ".

კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და, როგორ ჩანს, არც "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრების" ხსენებაა შემთხვევითი. ირაკლი აბუსერიძე თბილისის საკრებულოს დეპუტატია უმრავლესობიდან და რაგბის კავშირის გამგეობის განცხადებაც ბევრმა სწორედ მას დაუკავშირა და არჩევნებში ხელისუფლების ჩარევის მცდელობად მიიღო.
სანამ კონკრეტული ფაქტები არ ვიცით, ჟურნალისტებსა და რაგბის ქომაგებს მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია ლაპარაკი, ვარაუდი კი, შეიძლება, თანაბარი ალბათობით იყოს სიმართლეც და მცდარიც. მაგრამ პირველი რეაქცია, რაც ქართველ ქომაგს გაუჩნდა, ბუნებრივი იყო: რაგბისაც მიადგნენ?! ვინ რას მიადგა და მართლაც მიადგა თუ არა, ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია, მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება - გასულ კვირას ქართული რაგბის სახელს ნამდვილად მიადგა... ჩრდილი! რადგან სარაგბო ოჯახი, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ნამდვილად იყო ქართულ სპორტში, სისუფთავე უმძიმეს წლებშიც რომ შეინარჩუნა და სალაპარაკო არავისთვის მიუცია.
სალაპარაკო კი ბევრია, ოღონდ ვარაუდებს სჯობს, ამ ყველაფერზე თავად სარაგბო სამყარომ ილაპარაკოს. გვესმის, რომ საჯაროდ საუბარს სარაგბო ოჯახის გახლეჩის შიშით ერიდებიან, მაგრამ...

ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს­ და თუ ზეწოლა ან ჩარევის მცდელობა მართლაც იყო, ამის ცოდნის უფლებაც გვაქვს!

ნიჟარაძისა და აბუსერიძის მიერ კანდიდატურების მოხსნა კი მართლაც ჰგავს­ ქართული რაგბის ინტერესების პირადზე წინ დაყენებას. საქართველოს ნაკრების ყოფილი ჰავბეკის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის ჭორებია, რომლებიც მის კანდიდატურასთან დაკავშირებით აგორდა: "ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ხელმოწერითაც დავადასტურე. ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. არანაირი თანამდებობა არ მიღირს იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ერთი წელიწადია ხელისუფლებაში ვარ, მანამდე ცხოვრების ნახევარზე მეტი რაგბიში გავატარე და არ მესმის, რატომ მიწოდებენ სახელისუფლებო კანდიდატს. რადგან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა, პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!" - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

რა თქმა უნდა, ჰქონდა და შესაძლოა, საუკეთესო პრეზიდენტიც გამხდარიყო. ვფიქრობ, თავად აბუც კარგად ხვდება, რომ უკმაყოფილება მისმა კანდიდატურამ კი არა, არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან მისი გვარის დაკავშირებამ გამოიწვია. რაც შეეხება გია ნიჟარაძეს, რაგბის კავშირის ყოფილი თავკაცის თქმით, ბოლო ერთი თვე ყველაზე მძიმე იყო მისთვის: "პირდაპირ ვიტყვი, აქამდე ამხელა ტკივილი ჩემთვის არავის მოუყენებია. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი. რაგბი ჩემზე, თქვენსა და ყველა სპორტსმენზე მეტია. თაობებმა ის თავისი წესებითა და ტრადიციებით მოიტანეს აქამდე. გარკვეული მცდელობების მიუხედავად, რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს! და უამრავი ადამიანი არა გია ნიჟარაძის, არამედ, სწორედ ქართული რაგბის დასაცავად გამოვიდა".

გია ნიჟარაძეს დაცვა არ სჭირდება. ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ თანამდებობა არაფრად უღირს და კანდიდატურის მოხსნის შემდეგაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აღარ აპირებს. მაგრამ აქამდე გაკეთებულისთვის თუ არ ვეტყვით მადლობას, ჩირქს მაინც ნუ მოვცხებთ კაცს, რომელსაც ჩინებული მენეჯერული თუ პიროვნული თვისებების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი ღირსებაც აქვს - არავისთვის არასდროს დავიწყებია დამსახურებული მადლობის გადახდა!
შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. არც გია ნიჟარაძეა შეუცვლელი და სულაც არ მიგვაჩნია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი საშვილიშვილოდ უნდა გადავუფორმოთ - რამდენიც უნდა გაეკეთებინა ქართული რაგბისთვის, საქმის მასზე უკეთ გამკეთებლებიც აუცილებლად მოიძებნებიან, მაგრამ... თუ კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით, რატომ არ უნდა ვაცალოთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა? არის სიტუაციები, როცა ჩარევა ხელის შეშლას, აკრეფილი სიჩქარის შენელებას ნიშნავს და ეს დღევანდელ ამბებსაც ეხება.

სავარაუდოდ, იანვარში შევიტყობთ, როდის გაიმართება საარჩევნო ყრილობა და ვინ და რა ხერხებით იბრძოლებს რაგბის კავშირის პრეზიდენტის სკამისთვის. ის ამბები კი, რაც გასულ კვირას ვნახეთ, ქართული რაგბის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. სულ რაღაც ორიოდ თვის წინ, როცა მთელი საქართველო "მე-16 მოთამაშე" იყო, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ რაგბიში "მოთამაშეები" მოედანს მიღმაც არიან! ან იქნებ არც არიან და ეს ყველაფერი მხოლოდ გარედან ჩარევის მცდელობა იყო?!
იმედია, სარაგბო სამყარო ბოლომდე შეინარჩუნებს ერთიანობასა და სისუფთავეს, არ დაუშვებს გარეშე პირების ჩარევას და არ დაემსგავსება სპორტის სხვა სახეობებს.
ქომაგი კი სიმართლის გაგებას ითხოვს.­ აქვს კიდეც მისი მოსმენის უფლება. მაგრამ, როგორც წესი, სიმართლე მწარეა და როცა ეს ყველაფერი სისუფთავით ცნობილ სარაგბო სამყაროს ეხება, იქნებ ორმაგად მწარე მოსასმენიც იყოს.
rezo
21 დეკემბერი 2015 23:01
მოკლედ ამ კალაძემ იტალიური მაფია გადმოიტანა საქართველოში! თუმცა რა გასაკვირია ეგ ბერლუსკონისგან სხვას რას ისწავლიდა.
ანდრი
21 დეკემბერი 2015 15:59
უფლებას პასუხისმგებლობაც თან ახლავს. საკრებულოში და სრკ-ში ერთდროულად აპირებდა აბუსერიძე ყოფნას? ასე მარტივია ორივეგან მუშაობა, თუ რომელიმეს უგულებელყოფა მოხდებოდა? ნიჯარაძის ხელში რაგბში სტანდარტებმა ძალიან მაღლა აიწია, და იქ მხოლოდ უკეთესი ან საქმის გამგრძელებელი უნდა მოვიდეს. აქაც მე ვარ იქაც მე ვარ არსად გამოდგება.

რედაქტორის რჩევით