"ღირსეული წაგების" დრო უნდა დამთავრდეს!"
28-12-2015
"ღირსეული წაგების" დრო უნდა დამთავრდეს!"
"მომავალზე რომ არ ვფიქრობდე, ან პოპულისტი ვიყო, გერმანიასთან მატჩის შემდეგ ამხანაგურ შეხვედრებს აღარ ვითამაშებდი და წელს "მაჟორულ ნოტზე" დავასრულებდი!"

კახა ცხადაძემ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაიბარა საქართ­ველოს ნაკრები. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა მოიგო 3 მატჩი, ფრედ დაასრულა ერთი შეხვედრა და ექვსჯერ დამარცხდა, მაგრამ სტატისტიკაზე ძვირად იმედი ფასობს და სწორედ იმედი უნდა მივიჩნიოთ გასული საფეხბურთო წლის მთავარ მონაპოვრად. როგორი იყო გასული წელიწადი და რას ელის საქართველოს ნაკრების თავკაცი 2016 წლისგან - კახა
ცხადაძესთან­ ინტერვიუში წაიკითხავთ:

- გარკვეული პერიოდია საჭირო, ფეხბურთელები ახალი მწვრთნელის სათამაშო ფილოსოფიას რომ შეეჩვიონ, გაიგონ, რას ითხოვს მათგან. ამ ეტაპის გავლა ჩვენც დაგვჭირდა, მერე კი გაჩნდა კონკრეტული ამოცანა - ფეხბურთელებს არა ეპიზოდურად, არამედ მთელი მატჩის განმავლობაში ეჩვენებინათ ის თამაში, რასაც მათგან ვითხოვდით. ყველაზე კარგად ეს
შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში შევძელით, რაზეც შეხვედრის შედეგიც მეტყველებს! ცუდად არც ირლანდიასთან გვითამაშია, მაგრამ ბიჭებს გამძლეობა აღარ ეყოთ. ანანიძის არყოფნაც დაგვეტყო, დარწმუნებული ვარ, ჯანოს რომ ეთამაშა, ირლანდიასთან სხვა შედეგს ვნახავდით!

- ე.ი. 2015 წლიდან პოზიტივი მეტი გახსენდებათ, ვიდრე უარყოფითი?
- იყო ეპიზოდები, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სიამოვნებას იღებდნენ თამაშით, მეტოქეზე მეტხანს ფლობდნენ ბურთს, უფრო ხშირად უტევდნენ. შოტლანდიასთან მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ. მესმის, რომ ქომაგი გიბრალტართან უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ შეხვედრაში ნანახი გააზრებული შეტევები, კომბინაციები, ახალი მოთამაშეები... გერმანიასთან? მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით! ცხადია, მეტოქეს აშკარა ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა\, მაგრამ მეორე ტაიმში საგოლე ეპიზოდები არ შევაქმნევინეთ, ჩვენ კი რამდენჯერმე შეგვეძლო გატანა... ვნახეთ, რომ ამ მოთამაშეებით შეგვიძლია წარმატებით თამაში.

- მაგრამ ესტონეთთან 0:3 წაგებამ მიწაზე დაგვანარცხა...
- ქართველი ქომაგების მსგავსად, მეც მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ ამ წაგებასაც ჰქონდა ლოგიკური მიზეზები... მომავალზე რომ არ ვფიქრობდე ან პოპულისტი ვიყო, გერმანიასთან მატჩის შემდეგ, ამხანაგურ შეხვედრებს აღარ ვითამაშებდი და წელს "მაჟორულ ნოტზე" დავასრულებდი! მით უმეტეს, ნაკრების წამყვანი მოთამაშეების უმეტესობა არ იყო სასურველ კონდიციაში, მაგრამ ვითამაშეთ და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. ჩემთვის მთავარი იყო, დამენახა, არის მზად ნაკრების უახლოესი რეზერვი ამჟამინდელი მოთამაშეების სრულფასოვნად შესაცვლელად? ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებით თამაში არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ეროვნულ გუნდშიც შეძლებს იმავეს, ეროვნული ნაკრები სხვაგვარ სისწრაფესა და აზროვნებას მოითხოვს. მაგალითად, ოთარ კაკაბაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ყველამ ვნახეთ, როგორ ღელავდა გიბრალტართან მატჩის პირველ ნახევარში... აუცილებელია, ახალგაზრდა ფეხბურთელები ეტაპობრივად შევაჩვიოთ ქვეყნის მთავარ გუნდს.

- თუნდაც იმიტომ, რომ გულშემატკივარი არ გაგინაწყენდეთ - ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი არ ეძლევათო...
- არა მხოლოდ ჟურნალისტებსა და ქომაგებს, მეც მქონდა კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. ეს მატჩები თუნდაც ამისთვის ღირდა. ვიმეორებ, შემოდგომაზე ამხანაგური მატჩები რომ არ გვეთამაშა, გასაკვირი არავისთვის იქნებოდა, მაგრამ მე ნაკრებში საქმის გასაკეთებლად მოვედი, ასეთ თამაშებში უნდა დავინახო, რაზე გვაქვს სამუშაო.

- პოლონეთთან წაგების შემდეგ თქვით, რომ საქართველოს ნაკრები უნდა გადაეჩვიოს ბოლო წუთებზე გოლების გაშვებას. ალბანეთთან მატჩით თუ ვიმსჯელებთ, ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ...

- ერთი შეხედვით, ევროპის ჩემპიონატზე გასულ გუნდთან სტუმრად ნათამაშები 2:2 ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ მენტალიტეტი - "ღირსეული წაგება", "წარმატებული ფრე".
როცა ნაკრები ჩავიბარე, გუნდი დამარცხებულის მენტალიტეტით იყო გაჯერებული. წლისთავზე უკვე ვხედავთ დადებით ძვრებს, დავრწმუნდით, რომ ნაკრებს არა მხოლოდ ეპიზოდურად, 90 წუთის განმავლობაში შეუძლია კარგად თამაში. შემოდგომისთვის ახალ ეტაპზე უნდა ავიდეთ. უნდა შეგვეძლოს ბრძოლა არა მარტო ერთი რომელიმე მატჩის მოსაგებად, არამედ კონკრეტული მიზნის მისაღწევადაც!

- ესტონეთთან 0:3 წაგების შემდეგ, გუნდმა მობილიზება შეძლო და ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, სამიოდე დღეში გამართულ მატჩში გაცილებით მოტივირებული ჩანდა!
- გმადლობთ ამ კითხვისთვის! აქამდე ამ თემაზე არავის ულაპარაკია. როგორც ჩანს, იოლი ჰგონიათ, საშუალო დონის ნაკრებთან 0:3 დამარცხების შემდეგ, გუნდმა სამ დღეში მოახერხოს ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლება! ტაქტიკასთან ერთად, ფეხბურთელებთან ამ კუთხითაც ინტენსიურად ვიმუშავეთ და ამის შედეგია, 89-ე წუთამდე 2:0 რომ ვუგებდით ალბანეთს. გუნდმა შეძლო მობილიზება, კი არ "გადაიწვა" ფსიქოლოგიურად, პირიქით, ბრძოლის ჟინი მოემატა და მოუთმენლად ელოდა ალბანეთთან თამაშს... სხვათა შორის, მატჩის გარჩევის დროს დისკუსიაც გვქონდა, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ფეხბურთელს მწვრთნელთან კითხვა აქვს, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს... ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტალიტეტი უკეთესობისკენ იცვლება - ნიჭთან ერთად, ტაქტიკურად უფრო განათლებულებიც არიან. მაგალითად,
ნიჭი არც თორნიკე ოქრიაშვილს აკლია და არც გიორგი ჭანტურიას, მაგრამ უკეთ უნდა გაითავისონ, რომ ფეხბურთში ტაქტიკური განათლება და გუნდური თამაშია მთავარი.
ვაკო ყაზაიშვილმა უკვე გადალახა ეს ბარიერი, ისწავლა პოზიციურად სწორად თამაში და ამიტომ გახდა თავისი გუნდის ლიდერი!

- რომელი იყო თქვენთვის 2015 წლის ყველაზე ემოციური მომენტი?
- შოტლანდიასთან გამარჯვება! ეს გაწეული შრომის ერთგვარი შედეგი იყო და მიხარია, რომ ქომაგებისთვის მიცემული სიტყვა შევასრულე. იმედია, შევასრულებ მეორე პირობასაც და საქართველოს ნაკრები წარმატებით ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

- საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდრით კმაყოფილი ხართ?

- კარგია, რომ პირველი მატჩი თბილისში გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში, კალენდარზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ფორმაში და რა შემადგენლობით შევხვდებით ამა თუ იმ მატჩს.

- როგორც ვიცი, სფფ-ის ახალ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ხშირი კონტაქტი გაქვთ.
- ფედერაციის პრეზიდენტსა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. იმდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, კომუნიკაცია არ გაგვიჭირდება, მაგრამ ლევანი ახლა ძალიან დატვირთულია. ამას დაემატა დავით პეტრიაშვილის გარდაცვალებაც, რაც დიდი დარტყმა იყო მთელი საფეხბურთო ოჯახისთვის. მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით სამძიმარი ვუთხრა დათოს ოჯახს. როცა ამ შოკიდან გამოვალთ, მე და ლევანი კიდევ ერთხელ შევხვ­დებით და უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებთ გეგმებზე.

- და რას უკავშირდება ეს გეგმები, რას ელის კახა ცხადაძე 2016 წლისგან?
- ველით, რომ გამოიკვეთება ნაკრების ბირთვი, ოცდაათამდე ფეხბურთელი, რომლებიც 2018 წლის მუნდიალზე მოსახვედრად იბრძოლებენ. მარტში ამხანაგურ შეხვედრას ვგეგმავთ და ძალიან გვინდა, თბილისში გაიმართოს. მაისის ბოლოს კი ავსტრიაში გავივლით რამდენიმედღიან შეკრებას და ორ ამხანაგურ მატჩს იქაც ვითამაშებთ.
...
31 იანვარი 2016 12:41
CXADADZIS DIDI IMEDI QONDA GULHEMATKIVREBS,DIDI SAMUHAO HAATARA ROGORC SELEQCIS ASEVE FSIQOLOGIURIS MXRIV,RAC MOXDA KAXIS MIMART AMIS HEMDEG ARAFRIS IMEDI AGAR MAQVS.
Tamada
17 იანვარი 2016 20:22
შეეშვით ნაკრებზე მსჯელობას და ჩემპიონატს მიხედეთ თუ მართლა ფეხბურთი გაინტერესებთ!!!!
აკადემიკოსა
29 დეკემბერი 2015 23:28
ნუ პრპფესორობთ რა ყველა)) მაგარი მწვრთნელია!! ასეთი მწვთნელი საქართველოს არ ყოლია არასდროოოოოოს!!

რედაქტორის რჩევით