წლის მთავარი სპორტული მოვლენები - კვირის პალიტრა

წლის მთავარი სპორტული მოვლენები

ქართული სპორტისთვის 2015 წელი წარმატებული იყო. მარცხიც ბევრი ვნახეთ, სკანდალიც და იმედგაცრუებაც, მაგრამ ჩვენი სპორტისთვის გასული წელი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.

თბილისმა პირველად უმასპინძლა ოლიმპიურ ფესტივალსა და უეფას სუპერთასს, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ასევე პირველად გაიმარჯვა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, 2005 წლის შემდეგ პირველად გვყავს მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ბორჯღალოსნებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს მსოფლიო თასზე, საკალათბურთო ნაკრებმა ითამაშა ევრობასკეტის მერვედფინალში, 33-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა ისევ იჩემპიონა ძიგორო კანოს სახელობის პრესტიჟულ ტურნირზე. 2015 წელს შეიცვალა სპორტის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეროვნული ნაკრების თავკაცი...

თბილისი 2015

საქართველოში პირველად აინთო ოლიმპიური ცეცხლი! 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, მანამდე კი, რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის ტურნირის მასპინძლობისთვის. ულამაზესი ოლიმპიური სოფლის გარდა, სპეციალურად "თბილისი 2015"-ისთვის აშენდა საწყლოსნო კომპლექსი, ჩოგბურთის კორტები, ტანვარჯიშის სასახლე, ხელბურთისა და ფრენბურთის დარბაზები, მძლეოსნობის სასახლე. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ევროპის 50 ქვეყნის 3 ათასამდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.

ვახ-ტონგური

ბორჯღალოსნებმა პირველად მოახერხეს მსოფლიო თასზე ორი მატჩის მოგება, რამაც ჩვენს გუნდს ქვეჯგუფში მესამე ადგილი და შესაბამისად, იაპონიაში გასამართი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. ტურნირის პირველივე ტურში ქართველმა მორაგბეებმა 17:10 აჯობეს ტონგელ "ზღვის არწივებს" და ისტორიული გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.

მერვედფინალი

ევრობასკეტის მერვედფინალამდე მიაღწია და იქ ლიტვასთან დრამატულ მატჩში დამარცხდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები. პირველივე შეხვედრაში, ქართველები აუტსაიდერად მიჩნეულ ჰოლანდიასთან დამარცხდნენ, მერე კი მიყოლებით წააგეს სლოვენიისა და საბერძნეთის ნაკრებებთან. საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა და ჯერ მაკედონიას აჯობა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კი მასპინძელ ხორვატიას 71:58 მოუგო! მერვედფინალში ქართველები სამი მეოთხედის განმავლობაში უგებდნენ ლიტვას, მაგრამ დასკვნით ათწუთეულში ვეღარაფერი მოუხერხეს იონას მაჩიულისს და 81:85 დამარცხდნენ.

ტურინგის ქართველი ჩემპიონი

ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია ლეჯენდის კლასში სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, 2015 წელს კი გაცილებით რთულ და პრესტიჟულ - ტურინგ-კლასში გადაბარგდა და სადებიუტო სეზონი იქაც ტრიუმფით დაასრულა. შსს-ს სპორტული კლუბის - MIA FORCE-ს პილოტი ახალ კლასსა და ავტომანქანას ისე სწრაფად გაუშინაურდა, ექსპერტები პირდაღებული დატოვა.

ჭადრაკის დედოფალი ისევ ქართველია

გაგვახარა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმაც, რომელმაც ტრიუმფით დაასრულა ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი და პირველად მოიპოვა ეს პრესტიჟული ტიტული. ერთადერთი ფრე და 8 გამარჯვება 9 მატჩში - ასეთია ქართველი მოჭადრაკეების შედეგი! საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, სალომე მელიამ, მერი არაბიძემ და ლელა ჯავახიშვილმა, გუნდის კაპიტანი გახლდათ დავით ჯოჯუა, მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა.

მინისტრი, მწვრთნელი, პრეზიდენტი

2015 წელს ქართული სპორტის სათავეებშიც ბევრი რამ შეიცვალა. 29 აპრილს გადადგომის შესახებ გამოაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა. მისი თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის წევრებისგან განსხვავებით (ყველაზე აქტიურად ყიფიანს სწორედ ისინი აკრიტიკებდნენ. - ავტ.), პირადზე მაღლა, სახელმწიფოებრივ ინტერესებს აყენებს და ეს გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო. ლევან ყიფიანის შემცვლელად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა "იბერია ბიზნეს-ჯგუფის" პრეზიდენტი, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მფლობელი ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა.

შეიცვალა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავკაციც. ეროვნულ გუნდში თემურ ქეცბაიას ნაცვლად დანიშნული კახა ცხადაძე მუშაობას 2015 წლის იანვრიდან შეუდგა და წლის სპორტულ მოვლენებში ამ ამბავს ვერ გამოვტოვებდით. ახალი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც: 3 ოქტომბერს გამართულ ხმაურიან საარჩევნო ყრილობაზე ქართული ფეხბურთის ახალ თავკაცად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. პრეზიდენტთან ერთად, შეიცვალნენ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებიც და აღმასკომის წევრებიც - თვრამეტის ნაცვლად, ახალ აღმასკომში 11 წევრია.

33 წლის შემდეგ

ავთანდილ ჭრიკიშვილი მეორე ქართველია, ვინც ძიგორო კანოს სახელობის გრან-სლემის ჩემპიონობა მოახერხა. 1982 წელს ტოკიოში გამარჯვება დავით ბოდაველმა მოახერხა, მაგრამ მას შემდეგ 33 წელიწადი გავიდა, სანამ ქართველი ძიუდოისტი ისევ შეძლებდა ამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას. "ჩირიკა" (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, ვინც ტოკიოს "დიდ სლემზე" გაჩემპიონება მოახერხა.

ბასილაშვილის უიმბლ-დონე

წარმატებული წელი ჰქონდა საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილსაც. 2015 წლის დასაწყისში ქართველი ჩოგანი მსოფლიოს 178-ე ჩოგანი გახლდათ, ივლისის ბოლოს კი ასეულში შესვლა მოახერხა და 90-ე საფეხურზე დამკვიდრდა. აპრილში ნიკამ რაანანას 125-ათასიანი ტურნირი მოიგო, ივლისში კი კარიერაში პირველად ითამაშა "უიმბლდონის" ძირითად ბადეში და ხმაურიანი სენსაციის ავტორიც გახდა: დაამარცხა სახელგანთქმული ესპანელი ფელისიანო ლოპესი, რომელიც იმ მომენტში პლანეტის მე-16 ჩოგანი გახლდათ!

ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ლას-ვეგასში გამართული მსოფლიო პირველობა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57კგ) ტრიუმფის ადგილად იქცა. რვა წელიწადია, ქართველ მოჭიდავეებს მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლიათ, "თავისუფლები" კი სულაც 10 წელია, ოქროს მედალს ელიან. ჰოდა, ნავსი ლადომ გატეხა - მსოფლიო ჩემპიონატის დაძაბულ ფინალში 5:4 აჯობა ირანელ მსოფლიო ჩემპიონ ჰასან რაჰიმის.

წლის სპორტსმენები

ამ ნომინაციაზე არაერთი სპორტსმენის დასახელება შეგვიძლია, მაგრამ მათ შორის ისეთებიც არიან, ვერაფრით რომ ვერ გამოვტოვებთ. მაგალითად? გორგოძე, ფაჩულია, ხინჩეგაშვილი, ყაზაიშვილი, კანკავა, ჭრიკიშვილი... "ჩირიკასა" და ხინჩეგაშვილზე ცალკე ვთქვით, ჯაბა კანკავამ თავი კლუბშიც გამოიჩინა, სანაკრებო მატჩებშიც და ზაფხულში ფრანგულ "რეიმსში" გადასვლის შემდეგაც არაერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" ლიდერად იქცა, მსოფლიო თასის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მოგვევლინა ბორჯღალოსანთა კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელიც ოთხიდან ორ შეხვედრაში დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, მათ შორის - ახალ ზელანდიასთან მატჩშიც! "დალასში" გადასვლის შემდეგ საოცარ ფორმაშია კიდევ ერთი კაპიტანი, საკალათბურთო ნაკრების ლიდერი ზაზა ფაჩულიაც. უკვე სათვალავიც კი აგვერია, ზაზამ იმდენი ორმაგი დუბლი ჩაიწერა NBA-ს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ...

სუპერთასი

უეფას სუპერთასი სუპერი გამოვიდა. ასეთი მატჩებისთვის უჩვეულო აჟიოტაჟით, გახსნის ცერემონიალით, რეკორდებით და რაც მთავარია, თამაშით! თბილისში გამართული სუპერთასით საქართველომ დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია უმაღლესი დონის მატჩების მასპინძლობა. "ბარსელონამ" და "სევილიამ" ნამდვილი სპექტაკლი აჩუქეს "დინამო არენაზე" შეკრებილ მაყურებელს და ტელეეკრანებთან მოკალათებულ 45 მილიონზე მეტ მაყურებელს. ეს არ ყოფილა ერთი მსახიობის თეატრი, მაგრამ სუპერთასის მთავარი გმირი მაინც ლეო მესი იყო - მოედანზეც და მის გარეთაც. მოკლედ, თბილისური სუპერთასი სუპერი გამოვიდა.