"გაგარინთან მოგების კარგი შანსი მქონდა!" - ჭადრაკის დედოფალი მესის ფანი ყოფილა
11-01-2016
"გაგარინთან მოგების კარგი შანსი მქონდა!" - ჭადრაკის დედოფალი მესის ფანი ყოფილა
"თანამედროვე ქალი მოჭადრაკეები ადვილად ხდებიან დიდოსტატები და ეს წოდება, ცოტა არ იყოს, გაუფასურდა. წინათ კი, ისეთი მკაცრი იყო ნორმატივები, მამაკაცებსაც უჭირდათ"

"კომპიუტერი სიღრმეს უკარგავს მოჭადრაკეებს. კომპიუტერი კარგია ინფორმაციისთვის, ტექნიკისთვის, შედარებისთვის, მაგრამ არ შეიძლება, მთლიანად მას მიენდო, დაფაზე ხელი არ ამოძრაო და არ იაზროვნო"

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მოპოვებულ ტიტულს განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა. შარშან ნოემბერში ქართული ჭადრაკის 74
წლის ლეგენდა კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო ჩემპიონი სენიორებს (65 წელს გადაცილებულ მოჭადრაკეებს) შორის და... "ერთ-ერთი ტელეგადაცემის წამყვანმა გამოაცხადა - 40 წლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონიო. ხმაური სწორედ ამ ფრაზას მოჰყვა. მართალია, იქვე განვმარტე, რომ ეს მხოლოდ ვეტერანებს შორის მორიგი ტიტული იყო, მაგრამ
მომდევნო დღეების განმავლობაში ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა", - ამბობს ქალბატონი ნონა. თუ გაინტერესებთ, რატომ არ ითამაშა ბილიარდი იური გაგარინთან, ვინ მიაჩნია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, რას ფიქრობს თანამედროვე მოჭადრაკეებზე და რატომ მონაწილეობს ვეტერანთა ტურნირებში, აუცილებლად წაიკითხეთ ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუ.

- სენიორთა შეჯიბრებებში აქამდეც არაერთი მედალი მომიგია, მაგრამ იმ ტურნირებიდანაც კი, სადაც წარუმატებლად ვითამაშე, დადებითი ენერგეტიკით დამუხტული ვბრუნდები!

- თუ არ ვცდები, ვეტერანთა შორის პირველად მამაკაცთა ტურნირში ითამაშეთ...

- მაშინ ჯერ კიდევ სეოკ-ის პრეზიდენტი ვიყავი და მიუხედავად მამაკაცთა ტურნირის უძლიერესი შემადგენლობისა, ჩემპიონობამდე სულ ცოტა დამაკლდა: უშუალო კონკურენტებმა ყაიმი ითამაშეს, მე კი ბულგარელ სპასოვთან თითქმის მოგებული მატჩი გავუშვი ხელიდან. არადა, გამარჯვებით ფაქტობრივად გავინაღდებდი ჩემპიონობას!

- "გენდერული თანასწორობის" თემა წლების წინ წამოსწიეთ, როცა მამაკაცებთან ტოლ-სწორად თამაშით ცდილობდით დაგემტკიცებინათ, რომ "ლეკვი ლომისა სწორია"...
- მამაკაცი დიდოსტატების წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და მომიგია კიდეც. ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება 1977 წლის ლონ-პაინის მამაკაცთა ტურნირი - ერთადერთი ქალი ვიყავი ტურნირზე, სადაც მხოლოდ სპეციალურად მიწვეული მოჭადრაკეები თამაშობენ! თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერი ვიყავი, საბოლოოდ კი I-IV ადგილები გავინაწილე.

- მანდილოსნებს უფრო უჭირთ...

- ჭადრაკის პარტია დიდხანს გრძელდება და რთულია ნერვების სრულად აღდგენა. ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, მტკიცე ხასიათი, ფსიქიკა და ნერვებიც უნდა გქონდეს. ყველა ამ კომპონენტით უნდა აჯობო მოწინააღმდეგეს, სხვაგვარად ჭადრაკის მწვერვალებს ვერ დაიპყრობ! ფიზიკური უპირატესობის გარდა, მამაკაცებს ნერვული სისტემაც უფრო მყარი აქვთ, ბრძოლისუნარიანობაც მოსდევთ და ამ მხრივ, ქალთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში არიან. თანამედროვე ქალი მოჭადრაკეები ადვილად ხდებიან დიდოსტატები და ეს წოდება, ცოტა არ იყოს, გაუფასურდა. წინათ კი ისეთი მკაცრი იყო ნორმატივები, მამაკაცებსაც უჭირდათ. ახლა ყველაფერი გაახალგაზრდავებულია, ჭადრაკსაც დაწყებითი კლასებიდან სწავლობენ, მე კი ოჯახში მწვრთნელი პირველად 13 წლის ასაკში ვნახე...

- ჭადრაკი კი "გაახალგაზრდავდა", მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თუ შეიცვალა.

- უფრო მასობრივი გახდა, მაგრამ არ შეცვლილა. კომპიუტე­რი ცოტათი აფუჭებს, სიღრმეს უკარგავს მოჭადრაკეებს. კომპიუტერ­ში ნათამაშები პარტიებისგან დგება თეორია. ეს კარგია ინფორმაციისთვის, ტექნიკისთვის, მაგრამ არ შეიძლება, მთლიანად კომპიუტერს მიენდო, დაფაზე ხელი არ ამოძრაო და არ იაზროვნო. სწორედ თეორიის მიღმა ფიქრს მოაქვს ის სიღრმე, რაც თავისებურ ხელწერას უყალიბებს მოჭადრაკეს. ამით განსხვავდებოდნენ ძველი მოჭადრაკეები... გგონიათ, ვემზადები ტურნირების წინ? ალბათ, ერთადერთი ვარ ვეტერანთა ტურნირებზე, ვინც, უმეტესწილად, დარბაზში იგებს მოწინააღმდეგის ვინაობას. სხვები თუ კომპიუტერით ემზადებიან, მე საკუთარ ვარიანტებს ვთამაშობ.

- თუ იყო, ან არის ისეთი მოჭადრაკე, ვის წინაააღმდეგ თამაში გინდოდათ და ვერ მოახერხეთ?

- ჭადრაკში სანანებელი ნამდვილად არაფერი მაქვს... სამაგიეროდ, სხვა რამეზე მწყდება გული - ვერ გამოვიყენე შანსი, ბილიარდი მეთამაშა იური გაგარინთან! მოსკოვის სასტუმრო "იუნოსტში", გაგარინი ხშირად მოდიოდა ბილიარდის სათამაშოდ. ეს რომ გავიგე, ვთხოვე საქართველოს ალკკ-ის პირველ მდივან ოთარ ჩერქეზიას, ისე "ჩააწყვე საქმე", რომ მე და იურიმ ბილიარდი ვითამაშოთ-მეთქი. შემპირდა, მაგრამ... დათქმულ დროს აღარ მოვიდნენ. მოგვიანებით ოთარმა მომიბოდიშა - ჩემი ბრალია, რომ არ მოვიდაო. თურმე, გზაში გაგარინს უკითხავს, შენ თუ გითამაშია ნონასთან, როგორი მოთამაშეაო? ჩემზე უკეთ თამაშობსო! ჩერქეზია და გაგარინი დაახლოებით ერთი დონის მოთამაშეები ყოფილან და იურის უთქვამს - თუ ჩემზე მაგარია, იქ რიღასთვის მივდივართო და აღარ მოვიდნენ...

- საინტერესო პარტია იქნებოდა - სახელგანთქმული მოჭადრაკე და პირველი კოსმონავტი ბილიარდის მაგიდასთან...
- მართლაც საინტერესო იქნებოდა, თანაც მოგების კარგი შანსი მქონდა!

- როგორ მიგაჩნიათ, ჭადრაკი სპორტია თუ ხელოვნება?
- ისეთი პარტიებია ნათამაშები, ხელოვნების ნიმუშებად ითვლება და ხელოვნებას იმის გამო ვუწოდებთ. სპორტია, რადგან იგებ ან აგებ და ჩემპიონობა თამაშდება. თუმცა, უდავოა, რომ ჭადრაკი განსხვავებული, ინტელექტუალური სახეობაა! ისევე, როგორც ბრიჯი, რომელიც, ბანქოს სხვა თამაშებისგან განსხვავებით, ინტელექტუალური თამაშია. მოყვარულის დონეზე ძალიან მაგარი ვიყავი ბილიარდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ბევრი მამაკაციც გამიმწარებია. იყო შემთხვევები, სიმწრისგან კიიც კი გადაუტეხიათ ჩემ თვალწინ. ჭადრაკს კიდევ ერთ სახეობას შევადარებდი - სნუკერს! მე "ამერიკანკას" ვთამაშობდი, ბოლო დროს კი "ევროსპორტზე" სნუკერის ტურნირებს ვადევნებ თვალს და დავრწმუნდი, რომ ძალიან ახლოს არის ჭადრაკთან. სნუკერი სტრატეგიაზეა აგებულია, რასაც ჭადრაკში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ წინასწარ ვხვდები, რას მოიმოქმედებს სნუკერის ესა თუ ის მოთამაშე.

- თქვენს საყვარელ სახეობასაც მივადექით... საიდან მოდის ფეხბურთის ასეთი სიყვარული?

- ზუგდიდში მთელი სამეზობლო ჩვენს სახლში იკრიბებოდა და მერე ქუჩაში, ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს, ფრენბურთს, ბილიარდს... ოჯახში ჭადრაკის ტურნირებიც ტარდებოდა. სათამაშო სახეობებიდან თითქმის ყველა მიყვარს, მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის პირველია - მისი ყურების დროს ვისვენებ!

- რომელიმე ცნობილ ფეხბურთელთან შეხვედრას ხომ არ გაიხსენებთ?
- ერთხელ მე და ქეთევან არახამია მოსკოვიდან საფრანგეთში უნდა გავფრენილიყავით. იმავე რეისით მოემგზავრებოდნენ ოლეგ ბლოხინი და გენადი ლოგოფეტიც. გაფრენამდე თითქმის ორი საათი გავატარეთ აეროპორტში და ლოგოფეტი დაინტერესდა, მართლა ისე კარგად ვერკვეოდი თუ არა ფეხბურთში, როგორც ჟურნალისტები ირწმუნებოდნენ. უამრავი კითხვა დამისვა, ჩემი ცოდნით იმდენად გაკვირვებული დარჩა, რომ რუსული შალი იყიდა, მაჩუქა და მითხრა - ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ ფეხბურთშიო! ჩემ გამო, შალი არახამიასაც აჩუქა.

- განსაკუთრებულად რომელი ფეხბურთელის თამაში მოგწონთ?

- მე და ჩემს ვაჟს ერთნაირი ინტერესები გვქონდა - წლებია, პლატინის და ზიდანის ხათრით, საფრანგეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობთ. განსაკუთრებით მიყვარს ლონდონის "არსენალი" და "ბარსელონა". კატალონიელებს საოცარი ტრიო ჰყავთ, მაგრამ მესი მათ შორისაც გამოირჩევა! მესი, ნეიმარი და სუარესი ხომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან და კონკურენტები უნდა იყვნენ, მაგრამ პირიქით არის - ნახეთ, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს, უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს მაშინვე აძლევენ პასს!
რონალდუც დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის თვისება არა აქვს, რითიც "ბარსელონას" ტრიო გამოირჩევა. ხასიათსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ - მესი რომ შეცვლილიყო და ვარსკვლავობასთან ერთად, ამპარტავანიც გამხდარიყო, მისი თამაშით კი ვისიამოვნებდი, მაგრამ პიროვნული სიმპათია აღარ მექნებოდა... ამიტომ არ მიზიდავს ჟოზე მოურინიოს გუნდები - ჯერ ერთი, პორტუგალიელის ხასიათი და ქცევა არ მომწონს. თანაც, რა დონის ვარსკვლავებითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული მისი გუნდი, ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს, არადა, ფეხბურთმა სიამოვნება უნდა მომანიჭოს!

- რას ელით 2016 წლისგან.
- ვისურვებ, 2016 წელი გაცილებით უკეთესი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის - მშვიდობის, წინსვლის, ძლიერების მომტანი. ამისთვის კი აუცილებელია ეკონომიკური ზრდა და კანონის უზენაესობა - მაშინ მართლაც გვეშველება! ქვეყანა მაშინ გახდება ძლიერი, როცა აქ მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის საქართველოს მოქალაქეობა საპატიო და საამაყო იქნება!
lia
05 მაისი 2016 17:17
ქ-ნო ნონა, თქვენისთანები ბევრი არ იბადებიან საუკუნეში. მეამაყება, რომ თქვნი თანამედროვე ვარ... მახსოვს, რამოდენიმე წლის უკან გასტრონომში რომ შეგხვდით და სრულიად უცნობმა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცეთ. მახსოვს თქვენი მორიდებული ღიმილიც... იხარეთ და იდღეგრძელეთ!
ekaterine -s
05 მაისი 2016 17:14
ალბათ შენ ამ მაია ხარ თვითონ, ან დედამისის ახლობელი... იმიტომ არ ახსენებენ, რომ ნონასტან ვერ მოვა! ჯერ რეგალიებით, მერე-რაღაც-რაღაც ადამიანური თვისებებით-სიცხიან ადამიანს რომ პარტიას არ გადაუდებ წაგების შიშით- ეს არაა სპორტული და ადამიანური საქციელი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ, ძველ თაობას, ყველაფერი გვახსოვს...
ekaterine
04 მაისი 2016 21:47
ნონა გაფრინდაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი - ამ სახელის ხსენებაზე ყოველთვის მაია ჩიბურდანიძე მახსენდება, რომელმაც ეს ქალბატონი დაამარცხა და მას რატომ არ ახსენებთ, ვერ გამიგია. დამნაშავეა, რომ ნონაზე ძლიერია? თვითონ ქ-ნი ნონა უნდა ახსენებდეს წესით, მაგრამ მას კეთილშობილება ყოველთვის აკლდა, ვახტანგ ქარსელაძის დროსაც.

რედაქტორის რჩევით