სულსწრაფობას ნუ გამოვიჩენთ, "მესიიდან" ანტიგმირამდე ერთი ნაბიჯია - კვირის პალიტრა

სულსწრაფობას ნუ გამოვიჩენთ, "მესიიდან" ანტიგმირამდე ერთი ნაბიჯია

საქართველო 2:1 ესტონეთი

მხოლოდ ერთი მატჩი გახდა საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი რამ დაბრუნებულიყო. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: ფეხბურთელები, რომელთა უმრავლესობაც, კლუბში ჩინებული თამაშის მიუხედავად, კეთროვანივით მოიძულეს ქვეყნის უპირველესი გუნდიდან; გულშემატკივარი, რომელსაც უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული ქართულ ფეხბურთზე და საქომაგოდ ალტერნატიულ სახეობებს ეძებდა; ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელების მაისურებზე ნომრები "ძველებურად" - 1-დან 11-მდე აწერიათ და რომელიც არათუ ქართულ, მსოფლიო ფეხბურთშიც ლამის დავიწყებას მიეცა; კიდევ - იმედი, რომ ქართული ფეხბურთი "არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს" და რაც მთავარია, დაბრუნდა კაცი, რომლის ნაკრების თავკაცად დანიშვნასაც უკავშირდება ყველა ზემოთ აღნიშნული "ძველი-ახალი" ამბავი...

არ მახსენდება მატჩი, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი აჟიოტაჟი გამოეწვიოს. რა თქმა უნდა, აქ მაყურებლის რაოდენობაზე არ არის ლაპარაკი - ეროვნულ სტადიონზე გაცილებით მეტი ქომაგიც ხშირად შეკრებილა, თუმცა, არა ასეთი მოლოდინითა და ანთებული თვალებით. ანდა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ნახეთ, ნაკრების ფეხბურთელებს ამგვარი მონდომებითა და ჟინით ეთამაშოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლაპარაკია ამხანაგურ შეხვედრაზე, თანაც ვისთან - ესტონეთის ნაკრებთან!

თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა მეორე პლანზე იწევს მეტოქის ვინაობაც და თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა ყველაფერიც... შედეგის გარდა! ნაკრების ახალდანიშნულ თავკაცს, თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩი აუცილებლად უნდა მოეგო. აუცილებლად იმიტომ, რომ არ ჰქონდა უფლება, იმედი გაეცრუებინა ათასობით გულშემატკივრისთვის, ვისთვისაც სწორედ თემურია ის "ხავსი", წყალწაღებული ქართული ფეხბურთი რომ უნდა მოეჭიდოს.

კიდევ იმიტომ, რომ ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2008 წლის 20 აგვისტოს შემდეგ ენატრებოდა გამარჯვების გემო და "დამარცხებულის ფსიქოლოგიისგან" განსაკურნებლადაც ჰაერივით სჭირდებოდა მოგება...

ქეცბაიასთანა თავდაუზოგავი, მშრომელი და ბოლომდე მებრძოლი ფეხბურთელი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელი თუ გვყოლია. თემურმა მწვრთნელად მუშაობისასაც დაამტკიცა, რომ ამ საქმესაც ისე პროფესიულად უდგება, როგორც მოთამაშის კარიერას. ჰოდა, რა გასაკვირია, ქეცბაიას ნაკრებში დანიშვნამ დაჩაჩანაკებულ ქართულ ფეხბურთზე ხელჩაქნეულ, იმედგადაწურულ გულშემატკივარსაც რომ გაუჩინა იმედის ნაპერწკალი.

თუმცა, ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული. ქართველების მაქსიმალისტობა არახალია, სიძულვილიც და სიყვარულიც უკიდეგანო ვიცით, რეალობისთვის თვალის გასწორება კი ხშირად გვავიწყდება. აგერ, ქეცბაიას მიერ ხელმოწერილ კონტრაქტზე ჯერ მელანიც არ იყო შემშრალი, როცა ზოგ-ზოგიერთებმა ის უკვე შეამკეს "მესიის", "ქართული ფეხბურთის რეანიმატოლოგისა" და მსგავსი "ეპითეტებით". თუმცა, თავს ნუ მოვიტყუებთ და გავიხსენოთ, რა ვითარებაში ჩაიბარა ქეცბაიამ გუნდი.

თემურ ქეცბაია ჯადოქარი არ არის და რომც ყოფილიყო, ძნელი სათქმელია, იქნებოდა კი ეს საკმარისი დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრების (საკადრო რესურსის, ქვეყნის ჩემპიონატისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით) "გონზე მოსაყვანად"? ძალიან დიდ ტვირთს ხომ არ ვკიდებთ მხრებზე ახალგაზრდა მწვრთნელს, რომელიც, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებს გუნდის შენებას? თავისი რეპუტაციაც ხომ თემურმა ისედაც სასწორზე შეაგდო, როცა საკუთარი ნებით დათანხმდა იმ "ელექტროსკამზე" ასვლას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რომ ჰქვია...

ამიტომაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ქვეჯგუფში ქულების წინდაწინ თვლასა და ცხრილის ზედა პოზიციებზე ადგილების "დაჯავშნას" კი არ უნდა მოვყვეთ, ამ კაცს მუშაობა უნდა ვაცალოთ და არა სადმე გასვლა, ასვლა და გადასვლა მოვთხოვოთ... ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და ყოველი მომდევნო მატჩის უკეთ ჩატარება უნდა დავუსახოთ მიზნად. სხვანაირად, დიდი შანსია, "მესიის" ნაცვლად, ეს პატიოსანი კაცი რამდენიმე მატჩის შემდეგ იმ ამოუხსნელმა ფენომენმა, რომელსაც საქართველოს ნაკრები ჰქვია და რომელსაც ვერც ევროპელმა და ვერც სამხრეთამერიკელმა სპეციალისტებმა გაუგეს რამე, მორიგ ანტიგმირად აქციოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქეცბაია ძალზე ემოციური ადამიანია და აკი თავიდანვე თქვა, თუ ამ შესარჩევ ციკლში წინაზე უარესი შედეგი გვექნება, საქართველოს მოქალაქის პასპორტზე უარს ვიტყვიო...

უკვე შევთანხმდით, რომ თემური ჯადოქარი არ არის. შესაბამისად, ვერც "შეუძლებელს შეძლებს", რადგან განვლილ შესარჩევ ციკლში ნაჩვენები თხუთმეტმატჩიანი მოუგებელი სერიის "გაუმჯობესება" ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს. ამიტომაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ქეცბაია 2011 წლის ბოლოსაც საქართველოს მოქალაქე იქნება, დანარჩენი კი... მართალია, ბოლო წუთზე გატანილი გოლით, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მაინც მოიგო ახალი მწვრთნელისთვის სადებიუტო მატჩი და წელიწადნახევრიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. თამაშის გარჩევით თავს არ შეგაწყენთ - ტრიბუნიდან თუ არა, ტელეეკრანზე მაინც გექნებათ ნანახი.

უმთავრესი ის არის, რომ ქეცბაიამ ფეხბურთელები "ზემოდან" მოწოდებული სიის კი არა, სათამაშო ფორმისა და გამოცდილების მიხედვით რომ შეარჩია. ასე დაუბრუნდნენ ნაკრებს ისეთი საჭირო მოთამაშეები, როგორებიც არიან გოგუა, ასათიანი, სალუქვაძე, კვირკველია, მარცვალაძე და სხვები.

მათი უმეტესობისთვის ნაკრების კარი თითქმის ორი წლის წინ ჩაიკეტა. არადა, გვქონდა თუ არა ასეთი "ფუფუნების" უფლება ჩვენი საკადრო რესურსის პატრონს, წინა შესარჩევმა ეტაპმაც გვიჩვენა. თუნდაც, გოგიტა გოგუას მაგალითზე ვთქვათ, - მისნაირი "ჟილკიანი" და მებრძოლი ფეხბურთელის იგნორირება იქნებოდა? ესტონეთთან მატჩში გოგუა საუკეთესო იყო. გაცილებით სასარგებლო გამხდარა და რაც მთავარია, ისეთი დადინჯებულია, ძველებურად შიშით აღარ შევცქეროდით, როდის მიიღებდა მეორე ყვითელ ან პირდაპირ წითელ ბარათს.

და განა მარტო ის? ნაკრების ყველა ფეხბურთელი "ქეცბაიას სტილში" ბოლო წუთამდე იბრძოდა მოედანზე, რასაც კარგა ხნის წინ გადავეჩვიეთ და გვეგონა, სხვა გუნდის თამაშს ვუყურებდით. და კიდევ, წინათ გოლებს თავად ვუშვებდით ტაიმის უკანასკნელ წუთებზე, ახლა კი ორივე ბურთი მსაჯის სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე გავიტანეთ და ეს უკვე კარგი ტენდენციაა...