"არჩევანი აღარ მრჩება - ან ჩოგბურთის თამაშს თავი უნდა დავანებო, ან აშშ-ის სახელით ვიასპარეზო"
18-01-2016
"არჩევანი აღარ მრჩება - ან ჩოგბურთის თამაშს თავი უნდა დავანებო, ან აშშ-ის სახელით ვიასპარეზო"
"აშშ-ის სახელით იმიტომ ვთამაშობ, რომ ამერიკელები მეხმარებიან. ბედნიერი ვიქნებოდი, მათ ნაცვლად ჩემი სამშობლო რომ მედგეს გვერდით"

აპრილში ორი წელიწადი გახდება, რაც ანა ტატიშვილმა აშშ-ის სახელით გადაწყვიტა ასპარეზობა. "სირთულეების მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი ქვეყანა მესახელებინა, მეამაყებოდა, როცა ჩემი გვარის გასწვრივ Georgia ეწერა. მაგრამ არჩევანი აღარ მრჩება - ან ჩოგბურთის თამაშს თავი უნდა დავანებო, ან აშშ-ის სახელით ვიასპარეზო", - გვითხრა მაშინ საქართველოს პირველმა ჩოგანმა. სხვათა შორის, tennis.com-ზე გამოქვეყნებულ რეიტინგში ტატიშვილის გვარის გასწვრივ
დღემდე Georgia წერია. თუმცა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ანა ტატიშვილი კორტზე აშშ-ის სახელით გადის. მსოფლიო რეიტინგის მე-100 ნომერი ახლა მელბურნშია და ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში "თანამემამულე" ირინა ფალკონის ხვდება. მანამდე კი ანამ "კვირის პალიტრის" კითხვებს უპასუხა:

- ფალკონის რამდენიმე დღის წინაც ეთამაშე სიდნეის ტურნირზე და
დამარცხდი. იმედია, რევანში მელბურნში იქნება...

- მე და ირინა ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ხშირად ვვარჯიშობთ ერთად, გვითამაშია კიდეც. აქამდე სულ ვუგებდი. ბოლო მატჩში ცუდად ვითამაშე და ფალკონიმ დამსახურებულად გაიმარჯვა. დამიჯერეთ, ავსტრალიის ღია პირველობაზე სხვა თამაში იქნება!

- სხვათა შორის, ეკვადორული ფესვების მქონე ფალკონიც "ჯორჯიელია" - ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში ცხოვრობს. ამჟამად ჩოგანს ორივე აშშ-ის სახელით იქნევთ და კონკურენტთან გამარჯვება ორმაგი წარმატება იქნება შენთვის!

- ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო: ამერიკელ ჩოგბურთელებს შორის უდიდესი კონკურენციაა, რაც უნდა წარმატებით ითამაშო, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც რეიტინგში შენზე წინ არის და ეს დამატებით სტიმულს გაძლევს! სპარინგ-პარტნიორებიც უმაღლესი დონის მყავს.

- როგორ ფორმაში შეხვდი ავსტრალიის ღია პირველობას?

- 2015 უიღბლო წელი იყო ჩემთვის - მხრის და კოჭის ტრავმების გამო თითქმის ხუთი თვე არ მითამაშია... წლის მიწურულს რამდენიმე ტურნირში ასპარეზობამ მომიწია და გადავიღალე. თანაც იანვრიდან უმეტესად ფიზიკურ კონდიციებზე ვამახვილებდი ყურადღებას, ბევრი არ მითამაშია და ოკლენდის და სიდნეის ტურნირებს მაინცდამაინც კარგ ფორმაში ვერ შევხვდი. საბედნიეროდ, უკვე კარგ ფორმაშიც ვარ და თავდაჯერებაც მომემატა.

- შარშანდელ სეზონში წარმატებებიც ხომ გქონდა?!

- ალბათ, Us Open-ზე მსოფლიოს მე-8 ჩოგნის - კაროლინა პლისკოვას დამარცხებას გულისხმობთ. ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, კორტზე წარმატებით დაბრუნება რთულია და მეც გამიჭირდა, მაგრამ თანდათანობით, ფორმა აღვიდგინე და აშშ-ის ღია პირველობამდეც კარგად ვთამაშობდი. თოპ-10-ის მოთამაშესთან, პლისკოვასთან, ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო... იმედია, წელს ტრავმები აღარ შემაწუხებს, შრომას კი ყოველთვის მოაქვს შედეგი!

- აპრილში ორი წელი ხდება, რაც აშშ-ის სახელით ასპარეზობ. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში?
- დოკუმენტაციის მხრივ არაფერი - როგორც კი აშშ-ის პასპორტი მივიღე, მაშინვე შევიტანე განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ასპარეზობებისთვის მზადებაში აშშ-ის ნაკრების მწვრთნელებიც მეხმარებიან და ფიზიკური მომზადების სპეციალისტებიც. მამაც ძველებურად მიდგას გვერდში, მაგრამ რაც მთავარია, როგორც ჩოგბურთელი, უპატრონოდ აღარ ვგრძნობ თავს - ყველანაირ ყურადღებას ვხედავ, რაც ძალიან მეხმარება. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისთვის არასდროს მითხოვია, ჩემთვის, ან მამაჩემისთვის გადაეხადათ რამე თანხა - მწვრთნელისთვის საჭირო ფულს ვითხოვდი. დამპირდნენ კიდეც, მაგრამ... ერთხელაც არ შეუსრულებიათ. 2014 წლის აპრილის შემდეგ ეს დახმარება უკვე მაქვს - "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ...

- მაშინ თქვი, რომ სხვა გზა არ გქონდა - ჩოგბურთი სპორტის ძვირად ღირებული სახეობაა, ტრავმების ასარიდებლად და ოსტატობის მუდმივი სრულყოფისთვის ჩოგბურთელს კარგი სავარჯიშო პირობები, მწვრთნელები, სპარინგი სჭირდება, ძალიან ძნელია, როცა წინსვლა გინდა, მაგრამ მხარდაჭერას არ გრძნობ და 24 წლის ასაკში ერთ ადგილზე ხარ გაჩერებულიო...

- ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და მჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც ფორმის აღდგენაში დამეხმარებოდა. საქართველოში არც ერთი დაპირება არ შემისრულეს და რაღაცას თუ არ შევცვლიდი, არათუ ასეულში, 200 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ყოფნაც გამიჭირდებოდა. შარშანაც ტრავმებმა ბევრი დრო დამაკარგვინა, მაგრამ აქაური მწვრთნელები ყველაფერში მეხმარებიან. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი, თორემ, ვიმეორებ, სხვა თანხა არასდროს მომითხოვია...

- იცოდი, tennis.com-ზე შენი გვარის გასწვრივ ჯერ კიდევ Georgia რომ წერია?
- ალბათ შეეშალათ (იცინის). სინამდვილეში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ანა ტატიშვილის გვართან USA იწერება, თორემ, როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ქართველი ვარ! მე და მამა ერთმანეთს სულ ქართულად ველაპარაკებით, როცა გვეკითხებიან, საიდან ვართ, პირველ რიგში სწორედ საქართველოს ვახსენებთ! აშშ-ის სახელით იმიტომ ვთამაშობ, რომ ამერიკელები მეხმარებიან. ბედნიერი ვიქნებოდი, მათ ნაცვლად ჩემი სამშობლო რომ მედგეს გვერდით.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან თუ გქონია ურთიერთობა?
- ხანდახან ლალი ზერეკიძეს ვეხმიანები ხოლმე, ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან კი არც მანამდე მქონია ურთიერთობა და ახლა - მით უმეტეს...

- WTA-ს (ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) რეიტინგში ახლა მე-100 პოზიციაზე ხარ. რას ელის ანა ტატიშვილი 2016 წლისგან?

- მთავარია, ჯანმრთელი ვიყო, ვიმუშაო და რეიტინგში წინსვლაც თავისთავად მოვა! არ მაქვს კონკრეტული მიზანი, რომ წელი აუცილებლად 50-ე პოზიციაზე უნდა დავასრულო, ესა და ეს ტურნირი მოვიგო და ა.შ. თუმცა, ნამდვილად არ ვიტყვი უარს, თუ წლის ბოლოს მინიმუმ თოპ-50-ში ვიქნები!

- როგორც ვიცი, საჩოგბურთო კომპლექსი, სადაც ამერიკელი ჩოგბურთელები ვარჯიშობენ, შენს სახლთან ახლოს არის...
- 50 წამზე მეტი არ მჭირდება, სახლიდან კორტებამდე ფეხით რომ მივიდე. ეს ძალიან კომფორტულია, მაგრამ საჩოგბურთო ბაზა წელს ორლანდოში გადადის, სადაც უზარმაზარი, 100-კორტიანი კომპლექსი შენდება. ასე რომ, იქ მისასვლელად 2-საათიანი მგზავრობა დამჭირდება.

- თბილისი არ გენატრება?

- თბილისი ისე მიყვარს, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, საქართველოში მოვრბივარ! ბოლოს, შარშან ნოემბერში ვიყავი - სეზონი დასრულდა თუ არა, მაშინვე საქართველოში გამოვფრინდი და რვა დღე თბილისში გავატარე.

- აქ დიდი აჟიოტაჟია "ოლ სტარში" ზაზა ფაჩულიას შესაძლო მონაწილეობის გამო. სოციალური მედიის ქართველი მომხმარებლების აქტიურობამ აშშ-შიც ბევრი გააკვირვა... შენი ამერიკელი მეგობრები რას გეუბნებიან?
- მზადების პერიოდში სოციალური მედიისთვის დრო იშვიათად მრჩება, თუმცა, ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ ერთსულოვნად უჭერენ მხარს ზაზას ქართველი ქომაგები. როცა ქართველები ერთად ვართ, ჩვენზე ძლიერი არავინ არის! ზაზას მეც წარმატებას ვუსურვებ. შარშან მეც დავესწარი მის თამაშს - ჩემი და ვაშინგტონში ცხოვრობს. მასთან ჩემი სტუმრობა "ვაშინგტონი"-"დალასის" მატჩს დაემთხვა და ფაჩულიას საქომაგოდ ერთად წავედით...
დათო
03 თებერვალი 2016 15:52
წახვალ შენც ეხლა უილიამსი ან შარაპოვა ხარ ან აქამდე ვინ იყავი ან აწი ვინ იქნები, ერთობი ბიძია და გაერთე რას გვამადლი თავს..
miriani
25 იანვარი 2016 11:34
ნახევარი საქართველო ამერიკაში გარბის და იქაურ მოქალაქეობაზე ოცნებობს რო ვიღაც მოხუცს ერთი ადგილი მობანოს (სამწუხაროდ) და რა მნიშვნელობა აქვს რის გამო შეიცვლი მოქალაქეობას, პატრიოტიზმი არაფერ შუაში არაა
დათო
20 იანვარი 2016 16:43
ბექას, ჯოგბურთი კიარა ჩოგბურთი და მე ჩემი გადასახადებიდან არ ვარ თანახმა შევინახო ვიღაც 100 ან 1000-ე ადგილზე მყოფი ჩოგბურთელი. მირჩევნია ჩემ მიერ საგადასახადოში შესული თანხა სახელმწიფოს განვითარებას მოხმარდეს.

რედაქტორის რჩევით