"საავტომობილო ოსკარის" ტუნინგი - "ოქროს საჭე 2015" ფინიშს უახლოვდება - კვირის პალიტრა

"საავტომობილო ოსკარის" ტუნინგი - "ოქროს საჭე 2015" ფინიშს უახლოვდება

"ქართველები გემოვნებას არ ღალატობენ და იმავე მარკებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც გასულ წლებში"

ჯურნალი "Auto Bild საქართველო" უკვე მესამე წელიწადია, საქართველოშიც ატარებს კონკურსს "ოქროს საჭე", რომელიც, ავტოსამყაროში "საავტომობილო ოსკარის" სახელით არის ცნობილი. ქართველებს ავტომანქანები განსაკუთრებულად უყვართ და ამ საკითხში "გემოვნებაზეც ხშირად დაობენ". ამიტომაც, ეს კონკურსი ზედგამოჭრილია ქართველი ავტომოყვარულებისთვის - "ოქროს საჭე" ხომ წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას ისახავს მიზნად ექვს სხვადასხვა კლასში (ლუქსკლასი და მდიდრული SUV-ები, მცირელიტრაჟიანები, სპორტული მანქანები, SUV-კლასი, კომპაქტები და კომპაქტური ქროსოვერები, საშუალო კლასი).

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად წელს პროექტის პარტნიორია ტუნინგკომპანია "GM ტუნინგი", რაც იმას ნიშნავს, რომ "ოქროს საჭესაც" და სეზონის შემაჯამებელ გალა-წარმოდგენასაც ახლებური "შეფუთვით" ვნახავთ. რჩეული ავტომანქანებისთვის ხმის მიცემის პროცესი შარშან სექტემბერში დაიწყო ვებგვერდზე www.autobild.ge და დღეისთვის არჩევანი უკვე გააკეთა 12 ათასზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა. 2015 წლის საუკეთესო ავტომანქანები 26 თებერვალს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდება. როგორც აღვნიშნეთ, ხმის მიცემა შემოდგომიდან დაიწყო, მაგრამ გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა აქტიურობა პიკს ბოლო თვეს აღწევს ხოლმე. ორგანიზატორთა ვარაუდით, ამჯერადაც ასე იქნება, ამიტომ, "ოქროს საჭე 2015"-ის საინფორმაციო კამპანია იანვრის ბოლოს განახლდა, წლის პირველი პრეზენტაციის ადგილად კი კონკურსის წარმდგენი კომპანიის - "Georgian Motors ტუნინგის" შოუ-რუმი შეირჩა.

შალვა ბუაჩიძე ("Auto Bild საქართველოს" მთავარი რედაქტორი): - 40 წელიწადია, ჟურნალი Auto Bild-ი "საავტომობილო ოსკარებს" არიგებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი საუკეთესო ავტომანქანების არჩევის შესაძლებლობა ქართველ ავტომოყვარულებსაც მიეცათ. გამოკითხვა სექტემბერში დაიწყო და სადღეისოდ 12 ათასამდე ხმაა მიღებული. თუმცა, რადგან დაჯილდოების ცერემონიალამდე თვეზე ნაკლები დარჩა, პრომო-აქციები განვაახლეთ და ავტომოყვარულებსაც მოვუწოდებთ გააქტიურებისკენ. 2015 წელს წარმოებული ავტომანქანები ამჯერადაც ექვს სხვადასხვა კლასშია განაწილებული. გაყალბების შესაძლებლობა რომ გამოირიცხოს, ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია ხმის მიცემა. შუალედური შედეგების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გაგიმხელთ, რომ ქართველები გემოვნებას არ ღალატობენ და იმავე მარკებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც გასულ წლებში.

ხმის მიცემა შესაძლებელია ჩვენი ჟურნალის ვებგვერდზე www.autobild.ge, სადაც "ოქროს საჭის" სპეციალურ ბანერს აღმოაჩენთ. აუცილებელია, ხმის მიცემის მსურველმა ყველა კლასში მონიშნოს ფავორიტი მოდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმის მიცემას ვერ შეძლებს და პროგრამა მიანიშნებს, რომ რომელიღაც კლასის ავტომანქანის მონიშვნა გამორჩა. წელს "ოქროს საჭის" წარმდგენია კომპანია "GM ტუნინგი" და წლის პირველ პრესკონფერენციასაც მათი შოურუმი მასპინძლობს. ამ კომპანიის ნამუშევრები საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ავტომანქანის სრულყოფილებამდე მიყვანა.

ტონი გაბელაია ("GM ტუნინგის" წარმომადგენელი): - მოხარული ვართ, რომ წარვადგენთ "ოქროს საჭე 2015"-ს და ვმასპინძლობთ წლის პირველ პრეზენტაციას. "GM ტუნინგი" არის "Georgian Motors"-ის ბიზნეს ხაზი, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დღემდე ასამდე ავტომანქანას გაუწია ტუნინგის სერვისი. ჩვენთვის, როგორც პრემიუმბრენდისთვის, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ახლაც და მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობით ხელს შევუწყობთ Auto Bild-ის პროექტ "ოქროს საჭის" განვითარებას და პოპულარიზაციას. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, საქართველოში დღითი დღე იზრდება ტუნინგის პოპულარობა, ჩვენი კომპანია კი ყველანაირად ცდილობს, ეს სერვისი ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ მაღალი კლასის ავტომანქანების მფლობელების, არამედ საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვისაც.