კანკავა წლის ფეხბურთელია
02-02-2016
კანკავა წლის ფეხბურთელია
გასულ კვირას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "წლის ყველაზე უარესი" თანამდებობიდან გაათავისუფლა, "წლის საუკეთესოები" კი - დააჯილდოვა.


2015 წლის შემაჯამებელი ღონისძიება დეკემბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა, უეფას ეროვნული ასოციაციების სამმართველოს მენეჯერის - დავით პეტრიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ცერემონიალი ერთი თვით - 29 იანვრამდე გადაიდო. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიულ ჰოლში შეკრებილმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სწორედ დავით პეტრიაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი, შემდეგ კი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება დაიწყო.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით
ფეხბურთის ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ასევე, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა
და რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებს შორის. ექვს ნომინაციაში გამარჯვებულები სწორედ მათ გამოავლინეს.

დავიწყოთ ახალი ნომინაციებით: სფფ-მ წელს პირველად გამოავლინა საუკეთესოები ქალ ფეხბურთელებსა და მსაჯებს შორის. სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ყაზახური "ბიიკ კაზიგურტის" მოთამაშე გულნარა გაბელია გახდა. მის გარდა, ნომინაციაზე ლელა ჭიჭინაძე და თამარ ნადირაშვილიც იყვნენ წარდგენილი. რაც შეეხება მსაჯებს, გამარჯვება ფიფას კატეგორიის მსაჯ გიორგი ვადაჭკორიას დარჩა, რომელმაც ლაშა სილაგავას და გოგა კიკაჩეიშვილს აჯობა.

2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი დაასახელეს. თბილისის "დინამოს" შემტევმა ნახევარმცველმა გამოკითხვაში თანაკლუბელი მათე ცინცაძე და "ცხინვალიდან" "როსტოვში" გადაბარგებული ნიკა კაჭარავა ჩამოიტოვა.

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილი იყვნენ ოთარ მარცვალაძე (გორის "დილა"), გიორგი ქვილითაია (თბილისის "დინამო") და მისი თანაგუნდელი ალექსანდრე იაშვილი. გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელს ხვდა წილად და ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებლად - 38 წლის თავდამსხმელი ისეთ ფორმაშია, ბევრ ახალგაზრდას შეშურდება...

წლის საუკეთესო მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაასახელეს. 50 წლის სპეციალისტმა, რომელმაც თბილისის "დინამოში" გატარებული შვიდი თვის შემდეგ, გასულ კვირას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, სფფ-ის გამოკითხვაში გორის "დილას" თავკაც უჩა სოსიაშვილსა და ბოლნისის "სიონის" მთავარ მწვრთნელ ვარლამ კილასონიაზე მეტი ხმა მიიღო.

საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი ფრანგული "რეიმსის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გახდა! გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ არნემის "ვიტესის" შემტევ ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს და ყაზანის "რუბინის" მცველ სოლომონ კვირკველიას, მაგრამ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ორივე კონკურენტს აჯობა. 30 იანვარს "რეიმსს" გასვლითი მატჩი ჰქონდა ლორიანში, ამიტომ წლის საუკეთესო ფეხბურთელმა მადლობა საფრანგეთიდან გადაიხადა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით