ჰეიგის გერმანული საჩუქარი - საქართველო 59:7 გერმანია
08-02-2016
ჰეიგის გერმანული საჩუქარი - საქართველო 59:7 გერმანია
დიდი ანგარიშით გამარჯვებაზე უფრო სასიამოვნო ის არის, რომ ეროვნული ნაკრების ახალი სახეები ტოლს არ უდებენ გამოცდილ თანაგუნდელებს


საქართველოს მონატრებული რაგბი დაუბრუნდა. გასული წლის შემოდგომაზე თითქმის მთელი საქართველო "მე-16 მოთამაშე" იყო და ბორჯღალოსნებს გულიანად ქომაგობდა მსოფლიო თასზე. მაგრამ "ოლ ბლექსთანაც" რომ იყოს, ტელევიზიით ნანახი სხვაა და "ცოცხლად", ტრიბუნიდან ნანახი - სხვა. ამიტომაც ვამბობ, რომ თითქმის წელიწადია, თბილისში დიდი რაგბი აღარ გვინახავს.

"დიდი" არც ამჯერად გამოვიდა, ავჭალის სარაგბო სტადიონის ტრიბუნებზე ხომ მხოლოდ
2 000 მაყურებელი ეტევა, მაგრამ... მთავარია, რომ სანაკრებო რაგბი დაბრუნდა და საქართველოს ეროვნულმა გუნდმაც სწორედ თბილისიდან დაიწყო უმნიშვნელოვანესი ოთხწლიანი ციკლი!

მსოფლიო თასზე ორი მატჩის მოგებით ბორჯღალოსნებმა უკვე გაინაღდეს 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური და აქედანვე ცხადია, რომ იაპონიამდე დარჩენილ ოთხ წელიწადს ახალი გუნდის "ასაშენებლად" გამოიყენებენ.
ამაში ძლიერ ნაკრებებთან ნათამაშები ტესტ-მატჩებიც დაგვეხმარება, მაგრამ მთავარი პლაცდარმი მაინც "რაგბი ევროპის" გათამაშება უნდა იყოს, რომელიც გასულ შაბათს ავჭალის სტადიონზე დაიწყო. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა ცხრა ლელო გაუტანა გათამაშების აუტსაიდერ გერმანიის ნაკრებს, დაგეგმილი პრემიალური ქულაც ჩაიჯიბა და ნაკრების ზელანდიელ თავკაც მილტონ ჰეიგს მსუყე გამარჯვებით მიულოცა დაბადების დღე.

გერმანია რაგბიში ისეთივე წარმატებულია, როგორიც ჩვენ - ბადმინტონში, მაგრამ აფრიკული, ზელანდიური და ბრიტანული წარმომავლობის ნატურალიზებული მოთამაშეებით გაძლიერებული ნაკრები ხელწამოსაკრავი ნამდვილად აღარ არის და ეს შაბათის მატჩის რამდენიმე ეპიზოდშიც დადასტურდა. მთლიანობაში კი ფავორიტმა ისეთი სხვაობით გაიმარჯვა, როგორც დაგეგმილი იყო (მეტითაც შეიძლებოდა) და საწყის წუთებზე დაშვებული უხეში შეცდომა რომ არა, იქნებ გერმანიის ნაკრებს ქულაც ვერ გაეტანა.

შეცდომა კი მეხუთე წუთზე დავუშვით, რაც გაშვებულ ლელოდ დაგვიჯდა: ფრუიძემ კარგი სოლო-რეიდი მოაწყო მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ მერე მისი დარტყმული ბურთი ფიშერს ჩაუვარდა ხელში და გერმანელმაც ისე სწრაფად მოკურცხლა ქართველთა ჩათვლის მოედნისკენ, რომ ცხადად დავრწმუნდით - ფიშერებს მხოლოდ ჭადრაკის თამაში არ სცოდნიათ!

გერმანელებმა გარდასახვაც ზუსტად დაარტყეს და 7:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ეს იყო და ეს - თებერვლის მზიან ამინდში მიღებულმა ცივმა შხაპმა ქართველები მალევე გამოაფხიზლა და ტაიმის ბოლომდე ოთხი, მთლიანობაში კი ცხრა ლელო გაუტანეს სტუმრებს. მათ სათითაოდ აღწერას არ შევუდგები, მაგრამ ვისაც მატჩი არ უნახავს, სიხარულით ვაუწყებ, რომ ქართველების გატანილი ცხრა ლელოდან თითქმის ყველა სწრაფ შეტევას ან ლამაზ კომბინაციას მოჰყვა.
თავშიც ვთქვი: გერმანიის დარი ნაკრები საზომი ვერ იქნება, მაგრამ დიდი ანგარიშით გამარჯვებაზე უფრო სასიამოვნო ის არის, რომ ეროვნული ნაკრების ახალი სახეები ტოლს არ უდებენ გამოცდილ თანაგუნდელებს და ბორჯღალოსანთა თამაშშიც სულ უფრო ხშირად ვხედავთ თანამედროვე რაგბის ელემენტებსაც.

დანარჩენი 13 თებერვალს პორტუგალიაში გამოჩნდება. იქამდე კი იუბილარ მილტონ ჰეიგის მიერ ნამატჩევს ნათქვამს დაგიტოვებთ: "ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს - ჩვენი რაგბის მომავალი ნამდვილად საიმედო ხელშია!"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით