"დაუსაბუთებელი უარი ნაკრების უპატივცემულობა იქნებოდა" ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

"დაუსაბუთებელი უარი ნაკრების უპატივცემულობა იქნებოდა" ექსკლუზივი

"260 მილიონი უნდა დაიხარჯოს ქართულ ფეხბურთში და მაინცდამაინც იქ ვაკეთებთ 200 ათასის ეკონომიას, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება გამარჯვებები?!"

რატომ თქვა უარი შოთა არველაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკება მას და ბერძნულ "პაოკს" შორის და ნანობს თუ არა "ტრაბზონში" დაბრუნებას? ქართველ მწვრთნელს სტამბოლში დავუკავშირდით და არაერთ საინტერესო თემაზე ველაპარაკეთ:

- "ტრაბზონიდან" წამოსვლის შემდეგ, ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს. დროის ძირითად ნაწილს ოჯახში, დასვენებასა და მოგზაურობაში ვატარებ. რაც შეეხება ახალ კლუბს, ზოგ შემოთავაზებას განვიხილავ, ზოგს - არა. არჩევანს არ გავაკეთებ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ საჩემო ადგილია... მომეცა ყველაფრის გაანალიზების დრო და არ მსურს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო. მით უმეტეს, რომ უფლის წყალობით, ჩემი ცხოვრების სტანდარტები არ შეიცვლება, თუ რამდენიმე თვე, ან თუნდაც ერთი წელი არ ვიმუშავებ...

- სალონიკის "პაოკის" წარმომადგენლები თურქეთში გეგმავენ ჩასვლას, შოთა კი ბერძნებისგან ფინანსურ გარანტიებს ითხოვსო. მართალია?

- საბერძნეთის ეკონომიკის კრიზისის ფონზე, გასაკვირი არც უნდა იყოს, "პაოკის" ფინანსური მდგომარეობით რომ დავინტერესდი. მარწმუნებენ, რომ ამ მხრივ პრობლემა არა აქვთ, დანარჩენი კი მოლაპარაკებისას გაირკვევა. ბერძნებს, ალბათ, მომავალ კვირას (ინტერვიუ ჩაწერილია 19 თებერვალს. - ავტ.) შევხვდები.

- ბაქოს "ნეფთჩი", ყაზანის "რუბინი", ასტანის და პეკინის კლუბები - ვერც ერთმა ვერ დაგაინტერესათ?

- ბაქოელებს და ყაზახებს სტამბოლში შევხვდი და... მადლობა ვუთხარი. მეპატიჟებოდა ჰოლანდიის ერთ-ერთი კლუბიც, თუმცა, არ დავასახელებ, რომელი, რადგან ამ თემაზე ლაპარაკს თვითონაც ერიდებიან. რაც შეეხება "რუბინს", ყაზანელები "ტრაბზონიდან" წამოსვლიდან რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და ახალ კლუბზე ფიქრი ჯერ ძალიან ნაადრევი იყო ჩემთვის...

- ზემოთ აღნიშნული ყველა კლუბი ამბიციურიც არის და ფინანსურად წელგამართულიც. ვერც გეგმებით მოგხიბლეს და ვერც ანაზღაურებით?!

- მერწმუნეთ, ხელფასს ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი! შესაძლოა, ვცდები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უკეთეს, უფრო ამბიციურ შემოთავაზებას მივიღებ. ჩინეთსა და ყაზახეთში წასვლას კი ყოველთვის მოვასწრებ. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ეს ბოლო სამი თვეა, რაც არ ვმუშაობ და ვისვენებ. ჩემი თავისთვის დროის გამონახვა მჭირდებოდა...

- "ტრაბზონი"? ხომ არ ნანობთ, ტრაპიზონში დაბრუნებას რომ დათანხმდით?

- არა. თავისებური გამოცდილებაც მივიღე და თანაც, ამ დონის კლუბებში ასე არ ინიშნება ხალხი... კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე მოთამაშეებთან დავალიანება დაუგროვდათ, კონფლიქტები გაჩნდა და რთული იყო წარმატებაზე ფიქრი... ქომაგების დამოკიდებულება? ყველამ იცის, რაც მოხდა და რატომ წამოვედი, ასე რომ, ტრაპიზონში ყველას ძველებურად ვუყვარვარ. შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, რადგან უარი ვთქვი კუთვნილი ფულის - 2 მილიონი ევროს აღებაზე!

- ბოლო ამბავზე გადავიდეთ: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ოფიციალურად შემოგთავაზეს?

- ვისაუბრეთ ამ თემაზე - ეს იყო და ეს. თუმცა, ასეთ დროსაც ყოველთვის ნათლად ჩანს ხოლმე შეხვედრის მონაწილეთა პოზიციები...

- მხოლოდ უარი თქვით, თუ დაასაბუთეთ უარის მიზეზი?

- დაუსაბუთებელი უარი ყველას უპატივცემულობა იქნებოდა. პირველ რიგში კი - საქართველოს ნაკრების და მის მიმართ ჩემი დამოკიდებულების! ბევრი მიზეზი მქონდა...

- პირდაპირ გკითხავთ: რომ არა ცხადაძის მაგალითი, მაინც უარს იტყოდით?

- კარგი კითხვაა. თუმცა, შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ - როდის რაზე, ან რის გამო ვიტყვი უარს... ეს რომ კლუბი იყოს, სხვა საქმეა. კახა ჩემი მეგობარია და ყოველთვის გავითვალისწინებ, რომ არაერთი წლის ურთიერთობა მაკავშირებს მასთანაც და სხვებთანაც. ეს საქართველოს ნაკრებია და ჩემს დამოკიდებულებას კატეგორიული ფორმა არ ჰქონია - საქმეს ადამიანურად, პროფესიულად მივუდექი და დარწმუნებული ვარ, შემოთავაზების ავტორმაც სწორად გამიგო...

- უნდა დათანხმებულიყო კახა ცხადაძე ახალ შეთავაზებას?

- ჩემი აზრით, სფფ-მ დიდი შეცდომა დაუშვა კახასთან კონტრაქტის დარღვევით. მიზეზიც გაუგებარი დარჩა ჩემთვის და არც განცხადებების ფორმა მომეწონა. გასაგებია, რომ ახალ ხელშეკრულებას საკუთარი პრინციპებით და შეხედულებით ცვლიან, მაგრამ არსებული კონტრაქტის ასე უპატივცემულოდ შეცვლა არასწორად მიმაჩნია. მით უმეტეს, როცა ნაკრებში უკეთესი მომავლის კონტურებიც გამოიკვეთა და ურთიერთობებიც დალაგდა...

- მიგაჩნიათ, რომ ნაკრების მწვრთნელს უსამართლოდ მოექცნენ?

- ჩემი აზრით, ძალით ავიტკივეთ აუტკივარი თავი... 200 ათასი ევრო ცოტა არ არის, მაგრამ ნამდვილად არ ღირდა ამხელა აჟიოტაჟად. 260 მილიონი უნდა დაიხარჯოს ქართულ ფეხბურთში და მაინცდამაინც იქ ვაკეთებთ 200 ათასის ეკონომიას, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება გამარჯვებები, სადაც წარმატება ყველაზე მეტად ჩანს?!

- მათრახი თუ თაფლაკვერი? როგორი სტრატეგია უფრო გაამართლებს საქართველოს ნაკრებში?

- სიმკაცრეს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა მწვრთნელს ოთხ-ხუთ მოთამაშეს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება. ჩვენთან კი... ფეხბურთელი "არ მოგყვება", მაგრამ მაინც უნდა ათამაშო, რადგან შემცვლელი არ გყავს!

- გასულ კვირას სფფ-მ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა. რას მოუტანს ეს პროგრამა ქართულ ფეხბურთს?

- გამგებლების და მუნიციპალიტეტების "გავლით", სახელმწიფო აქამდეც თითქმის ამდენივეს ხარჯავდა ქართულ ფეხბურთში. იმედია, კონტროლი მართლაც გამკაცრდება. ბევრი იქნება დამოკიდებული ადამიანურ რესურსზეც. რაც უნდა ბევრი ჩაურიცხონ, თუ თანხის განმკარგავი უჭკუოა ან არაპროფესიონალი, სწორად როგორ გამოიყენებს?! ამიტომაც, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი გვჭირდება. გერმანიაში 18 ათასი მწვრთნელია, ჩვენ კი 10 ლიცენზირებული სპეციალისტი გვყავს და იძულებული ვართ, წრეზე ვიაროთ. დიახ, შევცვალეთ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, მაგრამ როცა კიდევ დაგვჭირდება ცვლილებები, მოვძებნით ახლებს, თუ ისევ ძველები უნდა დავაბრუნოთ?