ქართულ ფეხბურთში გაზაფხული მოდის - კვირის პალიტრა

ქართულ ფეხბურთში გაზაფხული მოდის

არის თუ არა ეს პროგრამა? არის და თან - წლობით ნანატრი. ორ ათეულ წელზე მეტია, გვესმის, რომ დაფინანსებასთან ერთად ქართულ ფეხბურთს გეზი, გეგმა და ფულის სწორად განმკარგავი ხალხი სჭირდება.

გვესმის და ველით. ოღონდ, მოსმენილს რომ ნანახი სჯობს, ცნობილი ამბავია. და როგორც იქნა, ვნახეთ კიდეც - გასულ კვირას სფფ-მ ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ეს არის 5-წლიანი პროექტი, რომლის თანახმად, 2016-2020 წლებში სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გაიღებს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ბევრი ანგარიში არ სჭირდება - წლიურად 53 მილიონი ლარი გამოდის და თითქმის ამდენივეს, ხელისუფლება ბოლო წლებშიც ხარჯავდა ქართული ფეხბურთისთვის. ოღონდ ამჯერად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ერთიან ფონდში მოიყრის თავს, იქიდან განაწილდება და როგორც გვპირდებიან, გაცილებით მკაცრადაც გაკონტროლდება!

ფონდის მიზანია ჩემპიონატში დონის ამაღლება, ფეხბურთში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება და ა.შ. ქართული ფეხბურთისთვის ამ რევოლუციური პროექტის სრულად განხილვას იქნებ გაზეთის მთელი ნომერიც არ ეყოს, ამიტომაც პროგრამის ძირითად საკითხებს გაგაცნობთ: ჩემპიონატის გარდა, თანხები გამოიყოფა მსაჯების, ასევე, დეფიციტური კადრების - ფიზმომზადების მწვრთნელების, მწვრთნელ-ანალიტიკოსების, სპორტული მედიკოსების, საფეხბურთო მარკეტინგის სპეციალისტების, მოედნის აგრონომების მომზადება-გადამზადებაზე; გაუმჯობესდება და უფრო ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიების აღება; ფეხბურთის მასობრიობის გაზრდის მიზნით, ჩამოყალიბდება 13-წლამდელთა რეგიონული ნაკრებები, გაიმართება სასკოლო ჩემპიონატები და ა.შ.

რეფორმა შეეხება ეროვნულ ჩემპიონატსაც: 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი, რომელშიც, 16 კლუბი ორ 8-8 გუნდიან ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ ითამაშებს. ჩემპიონს ჯგუფების გამარჯვებულები გამოავლენენ, ლიგიდან 6 კლუბის გავარდნის შემდეგ კი, მომდევნო წელს 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადავალთ. გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-ში და PRO ლიგა 2-ში (ამჟამინდელი უმაღლესი და პირველი ლიგა. - ავტ.), ორ 10-10 გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (რეგიონული ლიგა). მის გარდა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა. რაც მთავარია, ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა და მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება!

მნიშვნელოვნად იზრდება ჩემპიონატის საპრიზო ფონდიც: საბაზისო დაფინანსების, სტიმულირებისა და საპრემიო თანხების ჩათვლით, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბი 3,5 მილიონ ლარამდე მიიღებს და ლიგიდან გავარდნილი კლუბის შემოსავალიც, მინიმუმ, 1,7 მილიონი იქნება! სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატში გუნდები მხოლოდ ბალახისსაფარიან მოედნებზე ითამაშებენ, მატჩები კეთილმოწყობილ, განათებულ სტადიონებზე ჩატარდება და სატელევიზიო გაშუქება კი აუცილებელი პირობა იქნება.