ჭიდაობის დოპინგ-სკანდალი - კვირის პალიტრა

ჭიდაობის დოპინგ-სკანდალი

აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ერთბაშად ექვსი წევრია დადანაშაულებული!

19 თებერვალს მინსკში გამართული "ალექსანდრ მედვედის თასის" გამარჯვებულები გახდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ზურაბ იაკობაშვილი (70) და გენო პეტრიაშვილი (125). თუმცა, გასულ კვირას ქართული ჭიდაობის მთავარ თემად გაცილებით უსიამოვნო ამბავი, მასშტაბური დოპინგ-სკანდალი იქცა - აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ერთბაშად ექვსი წევრია დადანაშაულებული!

დანაშაულის საბოლოოდ დამტკიცებამდე ეჭვმიტანილთა გვარები არ სახელდება. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ არც ერთს არა აქვს ოლიმპიადის ლიცენზია. გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია საქართველოს ჩემპიონატის, ევროპული თამაშების, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორებზე და რაც ყველაზე სამწუხაროა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ მოჭიდავეზე!

ვენის ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერტიზა ირწმუნება, რომ ექვსივე ეჭვმიტანილის ორგანიზმში ერთი პრეპარატი - მელდონიუმი აღმოჩნდა. ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის - ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, მელდონიუმი შედარებით სუსტი მოქმედების პრეპარატებს მიეკუთვნება და მისი გამოყენებაც მხოლოდ შეჯიბრების დღეს იკრძალება, მოსამზადებელ პერიოდში კი დაშვებულია. ექვსიდან ორი მოჭიდავე ავსტრიული ლაბორატორიის დასკვნას არ ასაჩივრებს, დანარჩენი ოთხიდან ზოგიერთი საერთოდ უარყოფდა მელდონიუმის მიღებას, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ გამოუყენებიათ, ოღონდ - 1-2 თვის წინათ. ეს ოთხი სპორტსმენი სინჯების სხვა ლაბორატორიაში გადამოწმებასაც აპირებდა, თუმცა, როდის მოხდება ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.

საქმე მოჭიდავეების ან რომელიმე მწვრთნელის თვითნებურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს, შეცდომასთან თუ დანაშაულთან, დრო გვიჩვენებს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე თვით ადრე, ქართულ სპორტს სკანდალები არ ელევა.