როცა წაგებაც ლომთა ხვედრია! - კვირის პალიტრა

როცა წაგებაც ლომთა ხვედრია!

საქართველო 38:7 ესპანეთი

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" (ყოფილი "ერთა თასი") მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანურ "ლეონესს" ("ლომები") უმასპინძლა და სულ "მეფური კუდით" ასროლინა ქვა - 38:7. მასპინძლებმა შეცდომაც ბევრჯერ დაუშვეს, მაგრამ მთლიანობაში გამარჯვება დაგეგმილზე იოლი გამოდგა: ბორჯღალოსნებმა პირნათლად შეასრულეს დაპირება - გაიმარჯვეს ლაღი და გაშლილი თამაშით, გვაჩვენეს არაერთი ლამაზი კომბინაცია და ოთხზე მეტი ლელოს გატანისთვის დაწესებული ბონუსქულაც გაახვიეს ლომის ტყავში.

2019 წლის მსოფლიო თასის საგზური განაღდებული გვაქვს, "ერთა თასზე" გამარჯვება და პრინციპული მეტოქეების რბევა - მოყირჭებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესპანეთთან, რუსეთთან, თუნდაც რუმინეთთან შეხვედრაშიც კი, მოტივაციის მოძებნა იოლი არ უნდა იყოს. მაგრამ ბოლო მატჩმაც აჩვენა, რომ თუ კონკრეტული მატჩების ცალკეულ მონაკვეთებს არ ჩავთვლით, ბორჯღალოსნებს ეს პრობლემა არ აწუხებთ. ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით ასეა. დასამტკიცებელი კი... დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრია: ახალბედებმაც და გამოცდილმა მორაგბეებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ ბორჯღალოსანთა რიგებში ყოფნას იმსახურებენ, მთლიანად ნაკრებმა კი, ყველას აჩვენოს, რომ მართლაც იმსახურებს "ექვს ერთან" "კოაბიტაციას"!

ბუნებრივია, ქართველების უმეტესობას სურს, ჩვენს გუნდს ევროპის წამყვან ნაკრებებთან მატჩებში ყოველწლიურად უქომაგოს, ოღონდ, სურვილი ერთია, საყოველთაო მოსაზრება (თუნდაც საკმაოდ ავტორიტეტული მედიასაშუალებების თუ პერსონებისგან მოდიოდეს. - ავტ.) მეორე, რეალობა კი - მესამე. უკვე დიდი ხანია, საქართველო "ექვსი ერის" საგულდაგულოდ დაგმანულ კარზე აკაკუნებს და უშედეგოდ ელის სტუმართმოყვარე მასპინძლის გამოჩენას. მეტიც, კაკუნის შემდეგ, უკვე ბრახუნზეც გადავედით, მაგრამ... ვიმეორებ - სურვილი ერთია, მაგრამ ვართ კი მზად ასეთი დონის ტურნირში ჩასაბმელად?! სპორტული თვალსაზრისით, იქნებ ვიყოთ კიდეც, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა რაგბიზე მეტად, წინა პლანზე სხვა საკითხები გამოდის. გაგახსენებთ პოპულარულ ბრიტანულ გამოცემა თჰე თელეგრაპჰ-ში გამოქვეყნებულ ოლივერ ბრაუნის სტატიას სათაურით: "გააღეთ "ექვსი ერის" კარი და შეუშვით საქართველო", სადაც ავტორი ჩვენი გუნდის იგნორირების მიზეზებზე ლაპარაკობს: "ამ ყველაფერს რაგბისთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან მართალია, საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში, "ერთა თასის" არც ერთი თამაში არ დაუთმია და მსოფლიო თასზეც ჩინებულად ითამაშა, მაგრამ "ექვსი ერიდან" იტალიის გაძევება კომერციისა და ტრადიციის საკითხია. ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივ გულშემატკივარსაც ურჩევნია, ორ წელიწადში ერთხელ უიკენდი ტრევის შადრევანთან გაატაროს, ვიდრე თბილისის სამიკიტნოებში მიეძალოს ხინკალსა და წვნიანს", - ამბობს ბრაუნი და იქვე ამატებს ყველასთვის ისედაც ცხად ამბავს: სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების წინააღმდეგ შეხვედრებში უფრო მეტი ფული კეთდება!

ოლივერ ბრაუნი დარწმუნებულია, რომ სანამ მთავარი კომერციული მიდგომაა, "საქართველოს "ექვს ერში" შესვლის იმაზე ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ედი ბატლერს მერაბ კვირიკაშვილის სახელის უშეცდომოდ წარმოთქმისა"... კომერციის თვალსაზრისით, იქნებ კიდევ კარგა ხანს ვერ დავაინტერესოთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების კოზირი შედეგი უნდა იყოს. შედეგი, რომელზეც თვალს ევროპის ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ დახუჭავს და ყველა დარწმუნდება, რომ "ტრევის შადრევანსა და რომაულ პიცას" არც ძველი თბილისი და ხინკალი ჩამოუვარდება. და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებს იტალიელ მორაგბეებზე მაგარი ბიჭები ჰყავს!

ოღონდ ამას საქმით უნდა დამტკიცება.და რადგან იაპონიის, კანადისა თუ ტონგის ნაკრებებთან ტესტმატჩების გამართვის შესაძლებლობა წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვეძლევა, "რაგბი ევროპაზე" უნდა დავხვეწ-დავამტკიცოთ ჩვენი სათქმელი.

კერკეტ ესპანელებთან მატჩიც ერთ-ერთი ასეთი გამოცდა გახლდათ. უკვე ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოეს წლებში გასამართი ტურნირები სატურნირო თვალსაზრისით არაფრად უღირს და მხოლოდ ტაქტიკა-სტრატეგიის დასამუშავებლად თუ ახალი მორაგბეების სანახავად სჭირდება. მაგრამ მილტონ ჰეიგს არ დაუმალავს, რომ ესპანურ "ლეონესთან" მატჩში იოლ გასეირნებას არ ელოდა და იმის მიუხედავად, რომ 19 მარტს რუმინეთს ვმასპინძლობთ, ესპანელებთან შეხვედრას "წლის ყველაზე რთული მატჩი" უწოდა.

ესპანელებს მეჩვიდმეტედ ვეთამაშეთ: 12 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი - ასეთი იყო საქართველოს ნაკრების სტატისტიკა "ლეონესთან" მატჩებში. 2011 წელს ვაკის სტადიონზე ესპანეთს 60:0 მოვუგეთ, ორი წლის შემდეგ - 61:18, მადრიდშიც გაგვიტანია 55 ქულა, მაგრამ მთლიანობაში ესპანეთი უხერხული მეტოქეა საქართველოს ნაკრებისთვის. "ერთა თასზე" ბოლო მარცხიც სწორედ ესპანელებთან შეგვემთხვა - 2012 წლის 11 თებერვალს მასპინძლებმა მადრიდში 28:18 გვაჯობეს. "ერთა თასზე" მოასპარეზე გუნდებიდან სწორედ ესპანეთის ნაკრებია ერთადერთი გუნდი, რომელმაც მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი ქართველების დამარცხება შეძლო. მართალია, მას მერე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მოიგო "ერთა თასის" 21 მატჩი, მაგრამ, როგორც ჩანს, ზელანდიელ მწვრთნელსაც მადრიდული მარცხი მეტისმეტად მწარედ ახსოვდა...

საბედნიეროდ, ვაკის სტადიონზე შეკრებილ ქომაგს სანერვიულო არაფერი ჰქონია - ესპანელებმა ერთადერთი ლელოს გატანა მოახერხეს და ისიც ჩვენივე შეცდომას მოჰყვა. დანარჩენ ეპიზოდებში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ და ორ საჯარიმო ლელოს ერთიმეორეზე ლამაზი კომბინაციების შედეგად გატანილი კიდევ ოთხი ლელო მიაყოლეს.

შაბათის მატჩზე მეტს აღარაფერს ვიტყვით. ეს ის შემთხვევაა, როცა წაგებაც ლომების ხვედრია... წლევანდელი "რაგბი ევროპის" მართლაც მთავარი მატჩები კი წინ არის: 12 მარტს სოჭში მოვუგებთ რუს "დათვებს", 19-ში კი, თბილისში რუმინეთი ჩამოდის.