ოქროს საჭე 2015 - გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა - კვირის პალიტრა

ოქროს საჭე 2015 - გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით წლის შემაჯამებელი გალა-დაჯილდოების ჩატარება უკვე ყოველწლიური ტრადიციაა.

საავტომობილო საქართველოს რჩეული საზოგადოება, ისევე, როგორც შარშან, წელსაც კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" შეიკრიბა.

ღონისძიებაზე 2015 წლის საუკეთესო მრბოლელები და ავტომობილები გამოვლინდნენ. საავტომობილო სპორტის ფედერაციამ საუკეთესო მრბოლელები დააჯილდოვა, ჟურნალ AUTO BILD-ის ქართულმა გამოცემამ კი - წლის საუკეთესო ავტომობილები 6 კატეგორიაში. "ოქროს საჭე 2015"-ის წარმდგენი იყო საავტომობილო ტუნინგის კომპანია "GM ტუნინგი", პარტნიორები: კომპანია "ვისოლი", "ჯი-ენერჯი", "თეგეტა მოტორსი" და "შელი". გამარჯვებული მრბოლელებისთვის პრიზები დააწესეს: ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელმა "ზუმერმა"; სავაჭრო სახლმა "გოლეთიანი", საინფორმაციო მხარდაჭერა: პალიტრანიუსი, WWW.ambebi.ge

გერმანულმა AUTO BILD-მა საავტომობილო "ოსკარები" ევროპაში ნოემბერში ჩამოარიგა, საქართველოში კი გამოკითხვა, ტრადიციულად, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და ექვსივე კატეგორიაში ადგილობრივი გამარჯვებულები მხოლოდ ქართველი ავტომოყვარულების აზრის მიხედვით გამოვლინდა, რადგან კონკურსის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ქართველი მომხმარებლის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში, რომელიც "AUTO BILD საქართველოს" ვებგვერდის (WWW.autobild.ge) საშუალებით მიმდინარეობდა, მხოლოდ და მხოლოდ 2015 წლის ახალი ან მნიშვნელოვნად განახლებული მოდელები მონაწილეობდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ხმის მიცემა. სულ შემოვიდა 40 085 ხმა - კატეგორიების მიხედვით საუკეთესო ხუთეულები ასე გამოიყურება:

ჟურნალმა "AUTO BILD საქართველომ" გამოარჩია წლის პარტნიორი კომპანია - სიმბოლური ჯილდო გადაეცა კომპანია "ომეგა მოტორსს".

ღონისძიების ყველაზე ემოციური მომენტი დარბაზში მევლუდ მელაძის გამოჩენა გახდა. მევლუდი რამდენიმე თვეა აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. შესაბამისად, მის დარბაზში გამოჩენას არავინ ელოდა. ეს იყო ღონისძიების ორგანიზატორების სიურპრიზი: მევლუდ მელაძის სცენაზე გამოსვლას უდიდესი აჟიოტაჟი და ოვაციები მოჰყვა. მრბოლელებმა ქართული ავტოსპორტის გამორჩეული ვარსკვლავი ხელში აიტაცეს და ასე გამოხატეს მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მრბოლელებს, დაჯილდოვდა ყველა ჩემპიონი და პრიზიორი, კულმინაცია კი წლის საუკეთესო მრბოლელის დასახელება გახლდათ: 2015 წლის საუკეთესო მრბოლელი საქართველოში დათა ქაჯაიაა!