მარატ საფინი: "ირაკლი ლაბაძე ზედმეტად ნიჭიერი იყო" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მარატ საფინი: "ირაკლი ლაბაძე ზედმეტად ნიჭიერი იყო" (ექსკლუზივი)

"ქართველები კეთილი, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. საოცარი ღვინო გაქვთ, უგემრიელესი კერძების მომზადებაც იცით და ცხოვრებაც - ამას ვერავინ წაგართმევთ!"

მსოფლიოს პირველ ჩოგნებს შორის მარატ საფინი ყველაზე ტანმაღალია (193 სმ). გარდა ამისა, ის და დინარა საფინა უნიკალური და-ძმაა - ორივე მათგანი ფლობდა მსოფლიოს პირველი ჩოგნის ტიტულს! "დიდი სლემის" ორგზის ჩემპიონმა მარატ საფინმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაასრულა, 2011 წლიდან კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია. თუ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ძველ და თანამედროვე ჩოგბურთელებზე, ჩამოვა თუ არა ზაფხულში საქართველოში და რატომ ვერ მიაღწია მეტ წარმატებას მისმა მეგობარმა ირაკლი ლაბაძემ, მარატ საფინთან ექსკლუზიური ინტერვიუ წაიკითხეთ:

- იანვარში 36 წელი შეგისრულდათ... კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

- იუბილეს არასდროს აღვნიშნავ, არც მილოცვებს ვიღებ. დაბადების დღე ჩემთვის საკუთარი თავისთვის მოწყობილი ერთგვარი "შვებულებაა". შევცვლიდი თუ არა რამეს? არც შევცვლიდი და არც არაფერს ვნანობ... მიმაჩნია, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო!

- თქვით, რომ პოლიტიკა არ გაძლევთ ცხოვრებით ტკბობით შესაძლებლობას... ნანობთ, დეპუტატობა რომ გადაწყვიტეთ?

- არა. ვერ ვიტყვი, რომ დრო არა მაქვს, თუმცა გრაფიკი განსხვავებულია და საქმეც ბევრია. სულ ტონუსში უნდა იყო, განტვირთვისთვის ცოტა დრო რჩება, მაგრამ უკვე მივეჩვიე.

- რა არის მთავარი განსხვავება სპორტსა და პოლიტიკას შორის?

- ჩოგბურთში ყველა თავისთვის იბრძვის, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე კი ათასობით ადამიანის ბედია დამოკიდებული და პასუხისმგებლობაც ბევრად მეტია!

- მართლა თქვით, თუ ამირჩიეს, დუმაში ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ვიქნები, რადგან დეპუტატების უმრავლესობა 60 წელს არის გადაცილებულიო?

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჟურნალისტს, ვინც ეს დაწერა, ზედმეტი მოსვლია.

- მართალია, რომ პროფესიულ ჩოგბურთში მეგობრობა არ იციან?

- ჩოგბურთი არის ორთაბრძოლა, სადაც მეგობრებსაც ებრძვი. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ ჩოგბურთი ინდივიდუალური სახეობაა, სადაც ყველას თავისი გუნდი ჰყავს და ნამდვილი მეგობრობა იქ იშვიათია.

- მაგრამ თქვენ ხომ გყავდათ ჩოგბურთელი მეგობრები?

- რა თქმა უნდა, ჟენია კაფელნიკოვი, ირაკლი ლაბაძე... სხვებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. რუსებთან თავისთავად, ასევე ესპანელებსა და ფრანგებთანაც... ჩოგბურთელებიდან ყველაზე ახლო მეგობრად, მაინც ლაბაძეს დავასახელებ, რომელსაც 9 წლის ასაკიდან ვიცნობ...

- ირაკლიმ მიამბო, მოსკოვში ახალი ჩასული ვიყავი და მარატთან ერთად ღამის კლუბში მისულს იმდენი ქართველი გამომეცნაურა, საფინმა გაკვირვებულმა მკითხა, კი მაგრამ, მოსკოვში მე ვცხოვრობ თუ შენო? გახსოვთ ეს ამბავი?

- ერთად 90-იანი წლების დასაწყისში ვთამაშობდით. მერე ირაკლი გერმანიაში წავიდა, მე - ესპანეთში და მხოლოდ ტურნირებზე ვხვდებოდით ერთმანეთს. ყოველთვის სასიამოვნოა ძველი მეგობრების ნახვა, ვისაც ბავშვობიდან იცნობ, ვისიც თვალდახუჭულს გესმის... ეს განსხვავებული ურთიერთობაა, მხიარული და ცოცხალი.

- მისი შესაძლებლობები ბავშვობიდან იცით. რატომ ვერ მიაღწია ლაბაძემ მეტს?

- იმიტომ, რომ ზედმეტად ნიჭიერი იყო - ეს იყო მისი მთავარი პრობლემა! ნაკლებად ნიჭიერი რომ ყოფილიყო, სხვა შედეგები ექნებოდა. დამიჯერეთ, ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშე იყო მსოფლიოში - ფედერერის დონის, თუ მეტი არა!

- ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი?

- "ცხელი" ბიჭი იყო კორტზე... პრინციპში, კორტს მიღმაც (იცინის).

- გავიგე, რომ ზაფხულში გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას.

- ბევრჯერ შემეშალა ხელი, მაგრამ ამ ზაფხულს აუცილებლად ჩამოვალ! თქვენებური სამზარეულო, განსაკუთრებით კი - ხინკალი ისე მიყვარს, მოსკოვის ქართულ რესტორნებს ხშირად ვსტუმრობ. ქართველები კეთილი, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. საოცარი ღვინო გაქვთ, უგემრიელესი კერძების მომზადებაც იცით და ცხოვრებაც - ამას ვერავინ წაგართმევთ!

- მაგრამ რუსეთში მოდური აღარ არის ქართველებზე თბილად ლაპარაკი.

- არა, რატომ? სამწუხაროდ, საზოგადოებაში არასწორი აზრია გავრცელებული, თითქოს ცუდი ურთიერთობა გვაქვს. სინამდვილეში, მოსკოვში უამრავი ქართველია, რუსები და ქართველები პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უკეთესი დამოკიდებულება ყოფილიყო, მაგრამ ექსტრემალური არაფერი ხდება...

- ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს?!

- მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო, ძველებურად მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე ერად დარჩეს! კიდევ, ვისურვებდი, ირაკლი ლაბაძე მალე ვნახო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის სათავეში, რაც დიდი პლუსი იქნებოდა ქართული ჩოგბურთისთვის.

- თუმცა ლაბაძეს არც ისე ხშირად ეკითხებიან აზრს ქართულ ჩოგბურთზე...

- ეს დიდი შეცდომაა. არა მგონია, საქართველოში ნახოთ ვინმე, ირაკლიზე კარგად ერკვეოდეს ჩოგბურთში. მისი გამოუყენებლობა დაუშვებელია!

- ქართველი სპორტსმენებიდან კიდევ ვის იცნობთ?

- ლეილა მესხს, ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ალექსანდრე მეტრეველს... წლებია, ვიცნობ კახა კალაძესაც - ანდრეი შევჩენკომ გამაცნო 2001 თუ 2002 წელს.

- რას გრძნობდით იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყავით?

- დიდებული იყო, მაგრამ მწვერვალზე ასვლა მხოლოდ დასაწყისია, პირველობის შენარჩუნება კი - გაცილებით რთული. #1 ჩოგნის სტატუსი ცვალებადია და უნდა ეცადო, პოზიცია რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო.

- მსოფლიოს პირველი ჩოგანი და-ძმა - რას ნიშნავს ეს თქვენთვის და დინარასთვის?

- ამ მიღწევით, პირველ რიგში, ჩვენი მშობლები ამაყობენ. მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენთვის, წარმატებაში დედ-მამის დამსახურება მეტია, ვიდრე ჩემი და დინარასი!

- ამბობენ, რომ მარატ საფინმა თანაბარი წარმატებით გაფლანგა ნიჭი და ფული...

- ფული და ნიჭი სხვადასხვა რამ არის... ფულს უნდა გაუფრთხილდე, რადგან ძნელად იშოვება და იოლად იხარჯება, მის ხარჯვას ბევრი ჭკუა არ სჭირდება. მაგრამ რამდენიც უნდა იშოვო, რაც ხარ, იმად უნდა დარჩე, თავი დიდ ვინმედ არ უნდა წარმოიდგინო!

- და ნიჭს რაც შეეხება?!

- წარმატებაში ნიჭს მხოლოდ 30% ეკუთვნის, დანარჩენი შრომისმოყვარეობაა! თუ შრომისმოყვარე არა ხარ, როგორი ნიჭიერიც უნდა იყო, არაფერი გამოგივა.

- მართალია, რომ ტურნირის შემდგომ გამართულ ბანკეტებზე ალკოჰოლთან "მეგობრობდით"?

- რა თქმა უნდა, არა. ასეთ ხმებს ავრცელებენ ისინი, ვინც სპორტსმენი არ ყოფილა და არ იცის, რომ თუ ცხოვრების ჯანმრთელ წესს არ მიჰყვები, არაფერი გამოგივა! რეჟიმის დაცვა აუცილებელია. ჩოგბურთი ინდივიდუალური სახეობაა და სპორტსმენი სულ ტონუსში უნდა იყოს, ყურადღება მიაქციოს კვებას, ტურნირებისთვის მზადებას და ა.შ.

- მოგიგიათ სამპრასისთვის, ფედერერისთვის... რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მარატ საფინის კარიერაში?

- ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია. არიან ტიტულოვანი და უტიტულო ჩოგბურთელები, მაგრამ თამაში ყველა მათგანმა იცის. არასდროს დამავიწყდება ფედერერისა და სამპრასის დამარცხება, მაგრამ ფედერერამდე, აგასიმდე ან ნადალამდე რომ მიხვიდე, უნდა დაამარცხო მოთამაშეები, რომლებიც ნაკლებად ტიტულოვანი არიან. თუ კარგად არა ხარ მომზადებული, გრანდებთან თამაშის უფლებას ვერ მოიპოვებ. თითოეული შეხვედრა უდიდესი გამარჯვებაა, რაც უნდა ერქვას შენს მეტოქეს!

- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი?

- როჯერ ფედერერი! მასავით არსენალი არც სამპრასს ჰქონია და არც აგასის. ფედერერი სხვა დონის მოთამაშეა - ყველაზე ნიჭიერი, ტექნიკური და სტაბილური!

- ქალებს შორის ვის დაასახელებთ?

- სერენა უილიამსს. ის ფენომენური შედეგების მქონე უდიდესი სპორტსმენია და საოცრად ათლეტური აღნაგობის მიუხედავად, ულამაზეს ჩოგბურთს თამაშობს.

- რით განსხვავდება "ძველი" და თანამედროვე ჩოგბურთი?

- ჩოგბურთი უფრო ძალისმიერი გახდა, ახლა მეტი სისწრაფე და ფიზმომზადებაა, მაგრამ ნაკლებია ტაქტიკა-სტრატეგია. წინათ ჩოგბურთი უფრო დახვეწილი გახლდათ, თანაბარი დონის მოთამაშეებიც მეტი იყვნენ. დღესდღეობით მამაკაცთა ჩოგბურთს 5-6 გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, დანარჩენები საშუალო კლასის არიან. ჩვენს დროს კი ტოპ-30-ის ყველა მოთამაშეს შეეძლო, ნებისმიერი დაემარცხებინა!

- ხშირად ხვდებოდით მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური სპორტსმენების ჩამონათვალში. ესეც მნიშვნელოვანი იყო, თუ მხოლოდ კორტზე მიღწეულ გამარჯვებებს აქცევდით ყურადღებას?

- ასეთ რაღაცებს ძალიან მშვიდად ვუყურებ და მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მადლობა მშობლებს, რომ გამოვედი ისეთი, როგორიც ვარ (იცინის).

- თამაშისას ხშირად ამტვრევდით ჩოგნებს. როცა ბრაზობს, ახლა რას ამტვრევს მარატ საფინი?

- ახლა ჩემი ცხოვრების წესი გაცილებით მშვიდია და არაფრის დამტვრევა აღარ მჭირდება. გავიზარდე, მოვლენებს სხვანაირად ვაფასებ და თავსაც უკეთ ვაკონტროლებ. არაფერს ვამტვრევ და არავის ვურტყამ!

- თქვენმა ყოფილმა მწვრთნელმა თქვა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს და თქვენ ერთმანეთი დიდად არ გეხატებოდათ გულზე. მართალია?

- არა. ნოვაკსაც დიდი ხანია ვიცნობ და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჯოკოვიჩი დიდებული მოთამაშეა, საკმარისი გამოცდილებაც დაუგროვდა და ძალიან მოუმატა. ბოლო წლებში წარმოუდგენელი ევოლუცია განიცადა.

- დაუბრუნდება ჩოგბურთს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მარატ საფინი?

- ვნახოთ. თუ შემომთავაზებენ, რატომაც არა? უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდება.