Auto Bild გირჩევთ - კვირის პალიტრა

Auto Bild გირჩევთ

ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს

ქართველი მძღოლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ავტომანქანის მართვის ხელოვნებას სრულყოფილად ფლობს და არანაირი "მრჩეველი" არ სჭირდება. სინამდვილეში კი, გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ საცობების მიზეზები სწორედ ჩვენივე "განსწავლულობაში" უნდა ვეძებოთ. ჟურნალ "Auto Bild საქართველოს" ახალ ნომერთან ერთად, მკითხველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ბროშურა "შენი ავტო მრჩეველი", რომელშიც სასარგებლო, უფრო სწორად, საკუთარი და სხვისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინფორმაციას დამწყებებიც იპოვიან და "გზაზე ჭიპმოჭრილი" მძღოლებიც. დიახ, ეს არის ინფორმაცია, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს! "უსაფრთხო მოძრაობის პრინციპები", "ინტერვალი, დისტანცია, შემხვედრი მანქანის არიდება", "დიალოგი სანათებით და ხმოვანი სიგნალები", "გასწრება", "საცობი", "მუხრუჭები - როდის არ გამოვიყენოთ და როდის გამოვიყენოთ", "გაჩერება, პარკირება, ეზოდან გამოსვლა", "მოძრაობა ბინდში და ღამით" - ეს არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც "მრჩეველის" პირველ ნაწილში წაიკითხავთ.

ამ წიგნს შეიძლება დავარქვათ "მძღოლის ანბანი". მასში მოყვანილი ფაქტები ჩვეულებრივი ავტომფლობელების გამოცდილების გაზიარებაა. იქვე მოყვანილია ტერმინები და დაუწერელი წესები იმ მიზნით, რომ ეს ცოდნა ყველა ავტომფლობელს დააკავშირებს და შესაძლებლობას მისცემს მათ, ისაუბრონ "გზის ენაზე". გთავაზობთ რამდენიმე თემატურ ამონარიდს ბროშურიდან, რომლიც "Auto Bild საქართველოს" მარტის ნომერთან ერთად იყიდება:

  • ნუ დაალაგებთ საგნებს მძღოლის სკამის ქვეშ. მაგალითად, წყლით სავსე პატარა ბოთლს შეუძლია შეგორდეს მუხრუჭის პედლის ქვეშ და დაბლოკოს იგი კრიტიკულ მომენტში.
  • ნუ დაამუქებთ უკანა მაშუქებს ფირით. პირველ რიგში ფირი ნაკლებად ატარებს შუქს. მეორეც: მაშუქი აღარ ირეკლავს უკან მომავალი ავტომობილის განათებას. შედეგად, თქვენი მანევრები ნაკლებად შესამჩნევი ხდება თქვენ უკან მომავალი მძღოლისთვის და იქმნება საშიში საავარიო სიტუაცია.
  • საცობში ყოფნისას ყოველთვის გვეჩვენება, რომ გვერდითა რიგებში მოძრაობა უფრო სწრაფია. ასეთი წარმოდგენა უმეტესწილად მცდარია. ნუ შეიცვლით რიგს საჭიროების გარეშე, ამით მხოლოდ დამატებით დაბრკოლებებს შექმნით ყველასთვის.
  • თუ მაჩვენებელი განიშნებთ, რომ ძრავის გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა იწევს, გააღეთ ყველა ფანჯარა და ჩართეთ გათბობა უმაღლეს საფეხურზე. სალონის გათბობის რადიატორი დაეხმარება ძრავას გაგრილებაში. უმჯობესია, ცოტა ხნით სიცხის ატანა, ვიდრე მწყობრიდან გამოსული მანქანით მოძრაობის შეფერხება და დახმარების ლოდინი.
  • საცობში მყისიერი აჩქარება არასასურველია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენ წინ მიმავალი ტრანსპორტი ინტენსიურად ჩქარდება, იგი მალევე შეანელებს სვლას, ხოლო თქვენ შესაძლოა ვერ მოასწროთ დროულად შეჩერება. სწორედ ასე ხდება საცობებში ავარიების 90%.
  • "მწოლიარე პოლიციელის" ან სხვა სახის შემაღლების გავლა შემდეგნაირადაა რეკომენდებული: დაბრკოლების დანახვისას წინასწარ დაამუხრუჭეთ და უშუალოდ დაბრკოლების წინ აუშვით მუხრუჭს ფეხი. ავტომანქანის წინა ნაწილი ინერციით განიტვირთება და დაბრკოლება უჩვეულოდ მსუბუქად გადაილახება.
  • როცა აღმართს უახლოვდებით, გახსოვდეთ, იმ შემთხვევაში, თუ აღმართის უმაღლეს წერტილში გამოჩნდება შემხვედრი ავტომანქანა, მისი შუქი ყველა შემთხვევაში გამოიწვევს თქვენს დაბრმავებას, მზად იყავით ამისთვის. ასევე გახსოვდეთ, დაღმართზე დაშვებისას იგივე პრობლემა ექმნება შემხვედრი ავტომობილის მძღოლს.
  • წვიმის დაწყებიდან პირველი 10 წუთი იყავით განსაკუთრებით ყურადღებით. მშრალ ამინდში გზა იფარება მტვრისა და ფისის მასით, ხოლო წვიმის დაწყებისას ეს მასა იხსნება წყალში და ყინულის ფენასავით სრიალა ხდება.
  • გუბეები გზაზე შესაძლებელია უსიამოვნო სიურპრიზად გექცეთ. შესაძლოა გუბეში იმალებოდეს ქვები და სხვა საშიში ბალასტი. ასევე გუბეში გავლისას შესაძლოა საბურავმა დაკარგოს მოჭიდება და წარმოიშვას ე. წ. "აკვაპლანირების" ეფექტი (საბურავები კარგავენ მყარ ზედაპირთან მოჭიდებას, ავტომანქანა "დგება" წყალზე და მძღოლი მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავს მართვის შესაძლებლობას, რაც ხშირად ავარიით მთავრდება).