ევროპას დიდგორი ვაჩვენეთ!
14-03-2016
ევროპას დიდგორი ვაჩვენეთ!
ჰიმნი - ორჯერ, ჩემპიონობა - პირველად

გენო და საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველად გაჩემპიონდნენ!


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა რიგაში გამართული ევროპის ჩემპიონატი. ექვსი მედალი და ამ მსუყე მაჩვენებლის წყალობით მოპოვებული გუნდური ჩემპიონობა - ასეთია რევაზ მინდორაშვილის შეგირდების შედეგი! ქართველმა "თავისუფლებმა" ლატვიის დედაქალაქიდან ექვსი მედალი წამოიღეს: ორი ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125), ვერცხლის მედალს დასჯერდა დავით
ტლაშაძე (70), იაკობ მაქარაშვილმა (74), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიბარ ოდიკაძემ (97) კი ბრინჯაოს მედლები იკმარეს. ოქრო-ვერცხლის მომპოვებელთაგან სამივე გორელია და სამივეს პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი გახლავთ. ასე რომ, სათაურადაც რომ არ გაგვეტანა, ისედაც ყველამ იცის, რომ "პატარა გორი" ჭიდაობაში განსაკუთრებულად დიდია!

საქართველოს ნაკრებმა ჯამში
59 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად საერთო-გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო. მეორე ადგილზე რუსეთი გავიდა 54 ქულით, მესამეზე - 51 ქულის მფლობელი უკრაინა. ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოგება პატარა საქმე არ არის, მაგრამ კონტინენტის პირველობის ტრიუმფატორებზე სალაპარაკო გაცილებით მეტია, ამიტომაც მაქარაშვილს, მარსაგიშვილსა (რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკს. - ავტ.) და ოდიკაძეს ამჯერად შექება ვაკმაროთ. რაც შეეხება ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ბოლო სამ წელიწადში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, თანაც წელს მისთვის ახალ, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ლადოსთვის ოპტიმალური ასპარეზი 57 კგ კატეგორიაა, შარშან მსოფლიო ჩემპიონიც ამ წონაში გახდა და რიოს ოლიმპიადაზეც ამ კატეგორიაში იჭიდავებს, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებამდე წონას აღარ დაიკლებს და ყველა ტურნირს 61-ში ჩაატარებს. მით უმეტეს, რომ ლიდერობას არც ერთ წონაში არ თმობს.

ხინჩეგაშვილმა რიგაშიც ძალზე დამაჯერებლად გაიმარჯვა და უპირატესობა არც ერთ შეხვედრაში არ დაუყენებია ეჭვქვეშ. მაკედონელი იასინ რეჯალარისა და სომეხი ვალოდია ფრანგულიანის "მშრალად" დამარცხების შემდეგ, ტურნირის მთავარი ორთაბრძოლა ლადომ ნახევარფინალში გამართა მსოფლიოს ორგზის და მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან. ზედიზედ ორი წელიწადია, ალიევი მსოფლიო ჩემპიონი ხდება, მაგრამ... ხინჩეგაშვილთან შეხვედრამ დაარწმუნა, რომ სანამ ლადო 57 კგ-ს არ დაუბრუნდება, ჩემპიონობაზე აღარ უნდა იოცნებოს. ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ფინალშიც იოლად იმარჯვა - 6:1 აჯობა ბელორუს კალიეუს და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ხინჩეგაშვილისგან განსხვავებით, მთავარ მეტოქეს ტურნირის პირველივე წრეშივე გადაეყარა გენო პეტრიაშვილი, თანაც მეტოქეც არის და მეტოქეც - თურქი ტაჰა აკგული მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია! მაგრამ ქართველმა გოლიათმა სასწაული მოახდინა და აკგულს სულ "ახ, გული, ახ, გული" აძახებინა! ეს ხუმრობით, ისე კი, სასწაულის გარდა, გენოს გამარჯვებას ვერაფერს უწოდებ, შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე ხომ ქართველი მძიმეწონოსანი 2:8 აგებდა აკგულთან! თუმცა დარჩენილ 30 წამში პეტრიაშვილმა საოცარი სულისკვეთება და მობილიზება გვაჩვენა. გენომ გენოციდი ჩაუტარა მეტოქის ქულებს და ზედიზედ მოპოვებული სამი ორქულიანი ილეთით თურქი პირდაღებული დატოვა.
პრინციპული მეტოქის დამარცხების შემდეგ, გენოს ფინალამდე მისვლა აღარ გასჭირვებია - სხვებზე მეტი წინააღმდეგობა ნახევარფინალში გაუწია უკრაინის სახელით მოჭიდავე ალან ზასიევმა, თორემ მეოთხედფინალშიც და ფინალშიც დიდი ანგარიშით აჯობა მოწინააღმდეგეს და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ქებას იმსახურებს

დავით ტლაშაძეც: გორელმა ფალავანმა მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაჰომედ მურად გაჯიევთან და საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა. ჩემპიონი ორი გვყავს, მაგრამ რიგაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი... სამჯერ დაუკრეს! საქმე ის არის, რომ როდესაც საჩემპიონო კვარცხლბეკზე გენო პეტრიაშვილი ავიდა, ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი ააჟღერეს. ხარვეზი მალევე გამოსწორდა, ჩვენ კი, საამაყო ჰანგების ორჯერ მოსმენა "შეგვრჩა"!

შაბათ-კვირას რიგაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც იასპარეზა, მაგრამ გაზეთის ფორმატის გამო ჩვენებურების შედეგებზე ამ ნომერში ვერაფერს გეტყვით.
O.X.
01 აპრილი 2016 15:36
სპორტში ნაკლებად ვერკვევი, მარტო გამარჯვება არის ის , რაც მახარებს ხოლმე.
წარმატებებს გისურვებთ, საქართველოს სპორტსმენებო!
MIKHEILTABATADZE
22 მარტი 2016 22:38
ნ უ ლ ი ცხინვალი, ფრონე...პეტრიაშვილი გენოს საყვარელი კუთხე....გულაობს გორი....

Nino Maisuradze
21 მარტი 2016 21:26
Geno sheni imedi gaqvs

რედაქტორის რჩევით