ისევ "დათვური" სამსახური რუსეთი 7:24 საქართველო
14-03-2016
ისევ "დათვური" სამსახური რუსეთი 7:24 საქართველო
თბილისზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რუსებს სოჭშიც სულ ვუგებთ, კრასნოიარსკშიც და მარიუპოლშიც.

მათთან მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ბოლო წლებია, რუსი "დათვებიც" (რუსეთის სარაგბო ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) და ზოგადად, ევროპის "ერთა თასზე" თამაშიც დათვურ სამსახურს გვიწევს. ბევრი ამას გადაჭარბებულ შეფასებად ჩაგვითვლის, ისინიც მართლები იქნებიან, ვინც გვეტყვის, სხვა რა გზა გვაქვსო, მაგრამ... სხვა გზა და ასპარეზი მართლაც არა გვაქვს, მაგრამ ფაქტია - "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" (ყოფილი "ერთა თასი") ბორჯღალოსნებისთვის სავარჯიშო
პლაცდარმადღა იქცა. ჩვენთვის ამ ტურნირს ფასი მხოლოდ რუმინეთთან პრინციპული მატჩებისა და რუსეთისთვის "კუთვნილი ადგილის" მიჩენის შესაძლებლობისთვის შემორჩა. აი, ზრდასა და წინსვლაში კი ნამდვილად ვეღარ გვიწყობს ხელს და ამიტომაც არის, რომ ხშირად მხოლოდ კლასის ხარჯზე მიღწეული გ
ამარჯვებით ვკმაყოფილდებით.

"დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო", რუსულ-ქართულ სარაგბო დაპირისპირებაში ამ გამოთქმასაც გაუვიდა ყავლი. კიდევაც რომ მოგვერიოს, "ბაბაიას" მაშინაც აღარ დავუძახებთ და რომ ვერც გვერევა?! თუ სასწაული არ მოხდა, 20-წლიან ტრადიციად ქცეული ეს ამბავი არც შეიცვლება. აღარც არაფერს დავუძახებთ, სულ მოვუგებთ და... ეს იქნება ჩვენი პასუხიცა და "ჩვენებური ბაბაიაც"!

მე-20 მატჩი, ჯამში მე-18 გამარჯვება და ზედიზედ მე-15 მოგება - საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც იოლად დაამარცხა რუსი "დათვები". სოჭში გამართული მატჩის შემდეგ, ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკით, საქართველოს ნაკრებს ზუსტად 500 ქულა და 55 ლელო აქვს გატანილი რუსი "დათვებისთვის", ოღონდ, ამ შემთხვევაში, სტატისტიკა უფრო ლამაზი გამოვიდა, ვიდრე თამაში. ლამის მეორე შემადგენლობით მოთამაშე ბორჯღალოსნებმა შეცდომაც ბევრი დაუშვეს, ბურთსაც ჩვეულზე იშვიათად ფლობდნენ და სწორედ კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს. "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრები პირველად დასჯერდა სამ ლელოს და ბონუსქულის გარეშე დარჩა. თუმცა 19 მარტს რუმინეთი მაინც დასამარცხებელია, ასე რომ, არც ბონუსსა და არც მატჩის ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. რუსები იქადებოდნენ, დროა, ტრადიცია დაირღვესო, მაგრამ... ტრადიციის რა გითხრათ, მასპინძლების დაცვა კი რამდენჯერმე დაირღვა, რასაც სამი ზუსტად გარდასახული ლელო მოჰყვა. ლელოებს კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოც უძღოდა წინ და 72-ე წუთამდე "მშრალად" ვიგებდით - 24:0. თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს. ესპანეთთან ნაჩვენები გაშლილი თამაშის ფონზე, უკმაყოფილოები უნდა ვიყოთ ბორჯღალოსნების გარჯით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ყოველი შეხვედრა ჩვენთვის წარმატებული ტრადიციის გაგრძელებაა, სადაც მთავარი ყოველთვის მოგება იქნება! და მოვიგებთ კიდეც, თუნდაც თამაშით უკმაყოფილო დავრჩეთ...

19 მარტს თბილისში რუმინეთი ჩამოდის...

რედაქტორის რჩევით