გოგიტა გოგუა: "ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია" (ექსკლუზივი)
21-03-2016
გოგიტა გოგუა: "ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია" (ექსკლუზივი)
"კუნთი მქონდა გაწყვეტილი, მაგრამ ნაკრების ექიმს ვთხოვე, მწვრთნელისთვის დაემალა ჩემი ტრავმის ამბავი"

29 მარტამდე, როცა საქართველოს ეროვნული გუნდი ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს, გოგიტა გოგუა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვისაც ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით უთამაშია. სლოვაკი სპეციალისტი რამენსკოეს "სატურნს" 2007 წელს წვრთნიდა. მაშინ მოსკოვის ოლქის ამ კლუბში გოგუაც ირიცხებოდა და ვაისის სამწვრთნელო ავანჩავანი ნაკრების სხვა ფეხბურთელებზე უკეთ მოეხსენება. 32 წლის ნახევარმცველმა ახლახან შეიცვალა კლუბი და გორის "დილადან" ყაზახეთში, პავლოდარის "ირტიშში"
გადაბარგდა. როგორი მწვრთნელია ვლადიმირ ვაისი, დააბრუნებს თუ არა ყოფილ შეგირდს ეროვნულ ნაკრებში და რას ელიან ყაზახები საქართველოსთან მატჩისგან - გოგიტა გოგუასთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

- შემოთავაზება მოლდავური და ჩინური კლუბებისგანაც მქონდა, თუმცა ყველაზე სერიოზულად "ირტიში" იყო დაინტერესებული. ყაზახებს საქართველოს ჩემპიონატზე ბევრად ძლიერი პირველობა აქვთ, ძალისმიერ თამაშს
ანიჭებენ უპირატესობას და თუ ფიზიკურად კარგად არა ხარ მომზადებული, მხოლოდ ტექნიკით აქ ვერაფერს გახდები.

- ალმათის "ქაირათში" ლონდონის "არსენალის" ყოფილი შემტევი, ანდრეი არშავინი ჩაირიცხა. სხვა ვარსკვლავებიც ჰყავთ?
- "ქაირათში" თამაშობს უკრაინის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი უკანახაზელი ანატოლი ტიმოშუკიც. არიან პორტუგალიელები, ბულგარელები, რუსული პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშეები და ა.შ. აქაურ პირობებს საქართველოს არც შევადარებ!

- 29 მარტს საქართველო ყაზახეთის ნაკრებს მასპინძლობს. როგორ ემზადება მეტოქე ჩვენთან სათამაშოდ?
- ყაზახეთის ნაკრებში "ირტიშიდან" 3-4 მოთამაშეა გამოძახებული და მონდომებით ემზადებიან. ისე ეტყობა, თუ მომავალ მატჩებში ყაზახები წარუმატებლად ითამაშებენ, ნაკრების მწვრთნელ იური კრასნოჟანს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

- ჩვენთან კი მწვრთნელი უკვე შეიცვალა: ვაისთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ შენ გაქვს. რას იტყვი მასზე?
- 2007 წელს, როცა ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვედი, თავად ვაისმა შემომთავაზა რამენსკოეს "სატურნში" გადასვლა. მისი ხელმძღვანელობით 14 მატჩი ვითამაშე, აქედან 12 შეხვედრა ფრედ დამთავრდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელთან განშორება ამჯობინა. სლოვაკი ყურადღებიანი მწვრთნელია, მის მხარდაჭერას მინდორზეც ვგრძნობდით და მოედანს მიღმაც.

- ვაისის გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას თუ დაცვითს? "სატურნს" რა ტაქტიკით ათამაშებდა?
- უმეტესად 4-3-3 ან 4-1-3-2. მარცხენა მცველად ან ნახევარმცველად მათამაშებდა, ხანაც მარჯვენა მცველად. ვაისის პლუსი ის არის, რომ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ ეშლება. ყვირილიც იცის, მაგრამ საქმიანად ყვირის - პირად შეურაცხყოფაზე არ გადადის... ფეხბურთელებს გვეკითხებოდა, ვის რომელ პოზიციაზე გვერჩივნა თამაში და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა. მოკლედ, ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია, დაშტამპული არ არის!

- დავიჯეროთ, საქართველოს ნაკრებზე "ამოუცნობია"?!
- მთავარია, სწრაფად გაერკვეს ქართველ მოთამაშეებსა და საქმისადმი მათ დამოკიდებულებაში. ქეცბაიაც კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ მიაჩნდა, რომ მხოლოდ თვითონ იყო ყველაფერი და ფეხბურთელები არაფერს წარმოვადგენდით. თამაშის შესაძლებლობა ჩემთვის არც კახა ცხადაძეს მოუცია, მაგრამ ნაკრებში ვისთანაც მიმუშავია, ტაქტიკისა თუ ფეხბურთელებთან დამოკიდებულების მხრივ, ყველაზე დადებითად მის მუშაობას ვაფასებ. ფეხბურთის ფედერაციაში ჩემზე გამოცდილი და მცოდნე ხალხი მუშაობს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, საქართველოს ნაკრებს ქართველი უნდა წვრთნიდეს!

- ფიქრობ, რომ ცხადაძის გაშვება შეცდომა იყო?
- სფფ-ს როგორმე უნდა მოეგვარებინა ეს საკითხი და ასეთი კარგი მწვრთნელი ნაკრებიდან არ გაეშვა! საქმისადმი მისი დამოკიდებულების, თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ცხადაძე წარმატებას მიაღწევდა. პირველ წელს წარმატება ქეცბაიასაც ჰქონდა, მაგრამ საქმე ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემამ გაუფუჭა. გოგუამ ვერაფერი დამანახაო, რომ თქვა, თუ "ვერაფერს ვაჩვენებდი", 11-მატჩიან წაუგებელ სერიაში ყველა მატჩი რომ ვითამაშე, რატომღა მათამაშებდა? თუ 10 ფეხბურთელით იგებდა თამაშებს?! იმის გათვალისწინებით, როგორ უსამართლოდ დამატოვებინა ქეცბაიამ ნაკრები, მგონი, ვიმსახურებდი, ერთი შანსი მაინც მოეცათ ჩემთვის...

- ხომ წაგიყვანა ცხადაძემ ორკვირიან ავსტრიულ შეკრებაზე?

- იქ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე, მეტი შანსი კი აღარ მოუცია... შეკრებაზე რომ ჩავედი, კუნთი მქონდა გაწყვეტილი, მაგრამ ისე მინდოდა თამაში, ნაკრების ექიმს ვთხოვე, მწვრთნელისთვის დაემალა ჩემი ტრავმის ამბავი, რადგან ვიცოდი, რომ თავის გამოჩენის შანსი მეტად აღარ მექნებოდა! რამდენიმე დღე გავძელი, მაგრამ... თამაშის წინადღეს ფეხს ვეღარ ვამოძრავებდი... გამოჯანმრთელების შემდეგ "დილაში" სტაბილურად ვთამაშობდი, მაგრამ ნაკრებში აღარ მივუწვევივარ... არ ვიცი, გამომიძახებენ თუ არა, არც პრეტენზია მაქვს, მაგრამ მგონია, რომ ერთ შანსს ვიმსახურებ!

- რა იქნება ვაისის მთავარი პრობლემა საქართველოს ნაკრებში?
- კარგი მწვრთნელია, შემტევი ფეხბურთიც უყვარს, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს არ იცნობს. იმედია, უშუალოდ დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს, მაგრამ არ მომეწონა მისი ხმაურიანი განცხადება - ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის "დინამოდან" იქნებაო!

- ვაისმა თქვა, რომ მის სიაში "დინამოს" ბევრი ფეხბურთელია და მჭიდრო კონტაქტი ექნება იურაი იარაბეკთან, რომელიც მისი თანამემამულეა. რა არის ამაში გასაკვირი?
- ფეხბურთის თამაში მხოლოდ "დინამოს" ფეხბურთელებმა იციან?! რომან ფიფიას კარგად "უმუშავია", საქართველოში ორი დღის წინ ჩამოსულმა სლოვაკმა მხოლოდ მის კლუბზე რომ დაიწყო ლაპარაკი... არ მესმის, ფიფიამ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი ქართულ ფეხბურთში? "დინამოში" არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენც ფეხბურთელები ვართ, ჩვენც გვინდა ქვეყნის ღირსება დავიცვათ! სამართლიანობა აუცილებელია. მჯერა, რომ ლევან კობიაშვილი, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია და ესმის, სამართლიანად იმუშავებს.

- ითამაშებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე?
- ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ფეხბურთელებთან, თორემ... ნაკრების ფეხბურთელი სამშობლოს, ოჯახის, მწვრთნელისთვის უნდა თამაშობდეს! ეს დაგვენგრა, ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, ეს აღარ იყო საქართველოს ნაკრებში, თორემ ჩვენც გავიდოდით ჯგუფიდან. ცუდი ჯგუფიო. შენთვის სასურველ გუნდებს ვინ შეგირჩევს?! ჯგუფია და, უნდა გახვიდე! ცხადაძე ყველა ფეხბურთელს იცნობდა და მისთვის ადვილი იყო შეგირდებთან ურთიერთობა. ახალ მწვრთნელს დრო სჭირდება ფეხბურთელების გასაცნობად, დრო კი საქართველოს ნაკრებს აღარ აქვს!

- გაქვს იმედი, რომ ნაკრებში დაბრუნდები?

- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია... ერთ სანაკრებო თამაშს მაინც გაიხსენებთ, ბოლომდე რომ არ დავიხარჯე? ჩემს წლოვანებაზე აკეთებენ აქცენტს და 32 წლის ფეხბურთელი თუ ბებერია, აღარ ყოფილა საშველი... თუ გამომიძახებენ, ისევ გულს და სულს ჩავდებ ნაკრებში. არა? ღმერთმა ყველა წარმატებით ატაროს - საქართველოს ნაკრების გამარჯვებები ჩემზე მეტად არავის გაუხარდება!
goga
25 მარტი 2016 18:12
ფეხბურთი ისე მიყვარს ერთი ორჯერ ნაკრების თამაშზე კინაღამ გულის შეტევა დამემართა ნერვიულობით! ეს ვინ მოყვანეს რა ვაისი! რის ვაისი! ვერ მიხვდა ეს ხალხი რომ ქართველის გარდა სხვა მწვრთნელი ნაკრებს არ გამოადგება! რატომ გაუშვეს ცხადაძე? რა არ მოეწონათ, რაღაც იმედი მქონდა და ეგ კაციც გაუშვეს!აგერ ნახავთ ვაისმა სულ თუ არ დაგვაქციოს! ისე კი ვართ დაქცეულები! კობიაშვილს მაგარი შეეშალა ცხადაძე რომ გაუშვა! ამას სულ მალე დაინახავენ ფეხბურთის გულშემატკივრები!!!

რედაქტორის რჩევით