რუმინული მუხის ჩრდილს ტრაპიზონი გაფანტავს?! - კვირის პალიტრა

რუმინული მუხის ჩრდილს ტრაპიზონი გაფანტავს?!

რუმინეთი 22:10 საქართველო

ქართველი მორაგბეებისგან წაგებას ისე გადავეჩვიეთ, რომ რუმინეთში განცდილი მარცხი ძალზე გვეხამუშა... კარგი იყო, წლევანდელი ტურნირი წაუგებლად ჩაგვემთავრებინა, ერთა თასიცა და "ანთიმოზ ივერიელის თასიც" ისევ ჩვენთან დაგვეტოვებინა, მაგრამ სურვილი ერთია, რეალობა კი სულ სხვაგვარი გამოდგა... როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ამგვარი "სურვილიც" და საბრძოლო განწყობაც რუმინელებს გაცილებით მეტი ჰქონდათ...

რაგბის მსოფლიო თასი აქამდე სულ შვიდჯერ გათამაშდა და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რუმინეთის ნაკრებს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმი გამოეტოვებინოს. ჰოდა, რაკი ტრადიციის დარღვევასთან ძალიან ახლოს არიან და შესაძლოა, ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასს მიღმა დარჩნენ, რუმინელი "მუხის ფოთლები" გვარიანად შეფუცხუნდნენ და ახალი ზელანდიისკენ მიმავალი ლაინერის უკანასკნელი ბილეთისთვის ბრძოლაში თავით გადაეშვნენ.

2011 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებმა. რუმინელებს ისღა დარჩენიათ, ჯგუფში მესამე ადგილი აართვან პორტუგალიას და რეპეჟაშიდან, ანუ ხანგრძლივი და "შემოვლითი" გზით მაინც ჩააღწიონ ზელანდიაში.

ასეთ ვითარებაში, რა გასაკვირია, მასპინძლებმა პირველივე წუთებზე ჯიქურ რომ შეუტიეს ბორჯღალოსნებს. თუმცა, სანამ უშუალოდ მატჩზე ვიტყოდეთ, საბოლოოდ გავარკვიოთ, ვის რა მიზანი ჰქონდა ამ კონკრეტულ მატჩში. რუმინელებს ჩვენთან მოგება კი სჭირდებოდათ, მაგრამ რომც წაეგოთ, მათთვის ბევრი არაფერი შეიცვლებოდა.

"სტეჟარი" ("მუხის ფოთლები") 20 მარტს პორტუგალიას ლისაბონში თუ დაამარცხებს, ბოლო ტურში, ბუქარესტში ესპანელთა სასურველი ანგარიშით ძლევაღა დასჭირდება და სანუკვარ მესამე ადგილს დაისაკუთრებს. ასე რომ, საქართველოსთან მატჩი ვლახებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ნამდვილად არ ყოფილა. რა მიზანი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს? ჯერ ერთი, ბუქარესტში წაგებით, ერთა თასის მოქმედი მფლობელი ჩვენი ნაკრები ამ ტიტულს უკვე გამოეთხოვა. ისევე, როგორც "ანთიმოზ ივერიელის თასსაც", რომელიც, აგერ უკვე მერამდენე წელია თამაშდება მხოლოდ ჩვენსა და რუმინელებს შორის.

ასე რომ, საცა სამართალია, გამარჯვება ჩვენს გუნდსაც მასპინძლებზე არანაკლებ უნდა სდომოდა. თუმცა, ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა ნამდვილად არ ღირს. თუ მოვლენებს ობიექტურად შევაფასებთ, დავრწმუნდებით, რომ მარცხი ლოგიკური იყო და აი, რატომ: რუმინეთი ე.წ. "მეორე დონის" სარაგბო ქვეყნებს შორის კვლავაც ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად რჩება. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ ჩვენ ვუგებდით და ახლა "მათი დრო" დადგა. ზემოთ აღნიშნული თასიც, აგერ, მეოთხე ცდაზე ძლივს გამოგვღლიტეს ხელიდან.

გარდა ამისა, რუმინეთში ჩასული ჩვენი გუნდი დიდთოვლობისა და ყინვის გამო, გარეთ ერთხელაც არ გამოსულა და მხოლოდ დარბაზში ემზადებოდა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ნაკრებს აკლდა ორი უპირობო ლიდერი - დავით ზირაქიშვილი კლუბმა არ გამოუშვა, მამუკა გორგოძე კი ტრავმირებულია და სამწუხაროდ, ვერც რუსეთთან მატჩში დაგვეხმარება. თუმცა, მარცხის მთავარი მიზეზი მაინც განწყობა მგონია - მიუხედავად იმისა, რომ თავი არ დაუზოგავთ და არც "რუსეთისთვის შეუნახავთ", ჩვენი ბიჭები ჩვეული შემართებით მაინც ვერ იბრძოდნენ და ეს გასაგებიცაა - როცა მთავარი მიზანი - მსოფლიო თასის საგზური უკვე მოპოვებულია, ერთ კვირაში კი "წლის მატჩი" გელის პრინციპულ მეტოქესთან, ერთი შეხვედრის "ჩაგდება", ალბათ, გეპატიება...

თავად მატჩზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. საწყის წუთებზე ლელოების გაცვლის შემდეგ, გუნდებმა ქულების მოგროვება მხოლოდ საჯარიმოებით (მასპინძლებმა არეკნითაც იხეირეს) შეძლეს და რაკი რუმინელებმა ეს უფრო მეტჯერ მოახერხეს, გამარჯვებაც მათ დარჩათ. და ჩვენ? ჩვენი მიზანი უცვლელია - მართალია, ერთა და "ანთიმოზ ივერიელის თასის" გარეშე, მაგრამ რუს "დათვებს" ტრაპიზონშიც ისევე უნდა ვასროლინოთ კუდით ქვა, როგორც აქამდე მივაჩვიეთ თბილისშიც, კრასნოიარსკშიც, მარიუპოლშიც და ყველგან, სადაც შევხვედრივართ.

და როცა გამარჯვების მომტანი ქართული ყიჟინა ტრაპიზონიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, ყველა დარწმუნდება, რომ რუმინული მუხის ჩრდილი მხოლოდ დროებითი იყო...