ანანიძის 27 და "მილანიც" - კვირის პალიტრა

ანანიძის 27 და "მილანიც"

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში ახალი სეზონი გასულ კვირას დაიწყო. იქამდე მოსკოვის "სპარტაკმა" ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია

მოაწყო, რომელზეც "სახალხო გუნდის" ქართველი ვუნდერკინდი, 17 წლის ჯანო ანანიძეც იყო მიწვეული. გასულ სეზონში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი 49-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ახალ სეზონს და ფორმას კი ნომერიც ახალი სჭირდება და... ამიერიდან ჯანო 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

იასპარეზებს, მაგრამ საკითხავია - როდემდე? მიუხედავად იმისა, რომ "სპარტაკიცა" და ფეხბურთელის მამაც ირწმუნებიან, მინიმუმ 2-3 წელი ჯანო რუსულ კლუბს არ დატოვებსო, უნიჭიერესი მოთამაშისადმი ინტერესი იმდენად დიდია, ძნელი სათქმელია, როდემდე დააკავებენ მოსკოვში ქართული ფეხბურთის იმედს. "არსენალი", "იუვენტუსი", "სევილია" და ევროპის სხვა წამყვანი კლუბები ჯანოს უკვე კარგა ხანია აკვირდებიან და თუ რუსულ ვებგვერდებს დავუჯერებთ, ჩვენებურით უკვე "მილანიც" დაინტერესდა. რუსი და უკრაინელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ იტალიური გრანდის სელექციონერები უკვე რამდენჯერმე დაესწრნენ ანანიძის მონაწილეობით გამართულ მატჩებს...