გაფრენილი ჰოლანდიელი - იოჰან კრუიფი დამატებითი დროს გარეშე
28-03-2016
გაფრენილი ჰოლანდიელი - იოჰან კრუიფი დამატებითი დროს გარეშე
"სილამაზესა და შესრულების ხარისხზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შთამბეჭდავია მისი გოლების რაოდენობაც - 425 გოლი 752 მატჩში!"

24 მარტამდე "მფრინავი ჰოლანდიელი" ერქვა. ამიერიდან კი, სათაურად გამოყენებული ფრაზაც შეეფერება. გასულ კვირას ფეხბურთს იოჰან კრუიფი გამოაკლდა. ფეხბურთელი, რომელიც თამაშს ალამაზებდა, ტოტალური ფეხბურთის მთავარი მოქმედი გმირი იყო და ფეხბურთის სიყვარულიც გაცილებით ტოტალური გახადა.

"სამოთხეს ახალი ფლეიმეიქერი ჰყავსო", - The Sun-მა დაწერა "მფრინავი ჰოლანდიელის" გარდაცვალების შემდეგ. სამოთხის მატებისა რა გითხრათ, მაგრამ ფეხბურთს კი ნამდვილად დააკლდება
ლეგენდარული 14 ნომერი - იოჰან კრუიფი.

ჰოლანდიელი ქორეოგრაფი რუდი ვან დანციგი უდიდეს მოცეკვავე რუდოლფ ნურიევზე მაღლა აყენებდა, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა "პითაგორა ბუცებში" შეარქვეს, მარკო ვან ბასტენს კი საკუთარი თეორია აქვს იმასთან დაკავშირებით, რატომ მოახდინა მისმა ლეგენდარულმა თანამემამულემ ფეხბურთზე ამხელა ზეგავლენა: "კრუიფს იმდენად იდეალური ტექნიკა ჰქონდა, რომ
თამაშის ამ ნაწილისთვის ბავშვობის შემდეგ აღარ მიუქცევია ყურადღება. ადრეული წლებიდანვე მისი სტიქია ტაქტიკა იყო. თამაშში ისე საფუძვლიანად ერკვეოდა, რომ ყოველთვის იცოდა, რით დასრულდებოდა ესა თუ ის ეპიზოდი".

პელე თუ კრუიფი? ეს შეკითხვა ხშირად დასმულა, სანამ ასპარეზზე დიეგო გამოჩნდებოდა. ახლა უფრო ხშირად მესის თამაშისას ახსენდებათ. მართალია, არგენტინელმა უკვე გაასწრო "ოქროს ბურთების" რაოდენობით, მაგრამ როცა კრუიფსა და მესის ადარებენ, პირველ რიგში, ლეო უნდა ამაყობდეს! როგორც ჩანს, ასეც არის, რადგან დროდადრო მესი პირდაპირ მოედნიდან უთვლის ხოლმე მოკითხვას "მფრინავ ჰოლანდიელს" და მის ცნობილ ჟესტს იმეორებს...

სტატისტიკა ფეხბურთის ნაწილია, კრუიფს კი სტატისტიკას ვერავინ დაუწუნებს. მეტიც, ფეხბურთის ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო. მაგრამ კრუიფის ფეხბურთთან სტატისტიკა არაფერ შუაშია. ტოტალური ფეხბურთის ვარსკვლავობის მიუხედავად, ის უდიდესი ინდივიდუალისტიც იყო. ლიდერი, რომელსაც მარტოს შეეძლო თამაშის ბედის გადაწყვეტა.
სილამაზესა და შესრულების ხარისხზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შთამბეჭდავია მისი გოლების რაოდენობაც. 425 გოლი 752 მატჩში - ასეთია "მფრინავი ჰოლანდიელის" ოფიციალური სტატისტიკა! გარდა ამისა, იოჰანს 39 ტიტულიც აქვს მოგებული - 25 მოთამაშის, 14 კი მწვრთნელის რანგში. ფეხბურთელობისას სამ-სამჯერ აღმართა ევროპის ჩემპიონთა თასი და "ოქროს ბურთი", თითოჯერ - უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი, არის ჰოლანდიის ცხრაგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ექვსგზის მფლობელი, თითოჯერ მოგებული აქვს ესპანეთის ჩემპიონატი და თასი... სხვათა შორის, ჰოლანდიის ჩემპიონობის, საკონტინენტთაშორისო თასის და, ბუნებრივია, "ოქროს ბურთის" გარდა, კრუიფმა ზემოჩამოთვლილი ყველა ტიტული მწვრთნელის რანგშიც მოიგო და მათ თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის სუპერთასიც მიამატა. მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის და, ბუნებრივია, არც კრუიფი უყვართ მხოლოდ გოლების რაოდენობის ან ჯილდოების გამო. ტიტულები თავისთავად მოჰყვებოდა მის თამაშს. თამაშს, რომელმაც ფეხბურთი კიდევ უფრო ლამაზი გახადა. "ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ რთულია, ითამაშო მარტივი ფეხბურთი", - ჰოლანდიელის ამ ფრაზას ჩვენეულ ინტერპრეტაციას დავამატებთ - კიდევ უფრო რთულია, ითამაშო მარტივი და, იმავდროულად, ლამაზი ფეხბურთი.
კრუიფი ამას ახერხებდა: როგორც მოთამაშის, ისე მწვრთნელის რანგში. მეტოქის ნახევარზე მას ყველაფერი შეეძლო: დრიბლინგი სისწრაფეშიც და აუჩქარებლადაც, ცენტრალური მცველების გაბითურებაც და ფლანგის აწიოკებაც, მოკლე პასი, მცველების მოტყუება პარტნიორის მოძრაობის ხარჯზე და ა.შ.

2015 წლის ოქტომბერში ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა და მას მერე იბრძოდა. თებერვალში ისიც კი თქვა, სიკვდილს 2:0 ვუგებ, მაგრამ თამაში ჯერ არ დამთავრებულაო. სამწუხაროდ, მალევე - დამატებითი დროს გარეშე დამთავრდა...
კიბოსთან თავისი ბრძოლის საფეხბურთო მატჩთან შედარება, ალბათ, მხოლოდ კრუიფს შეეძლო. ადამიანს, რომელმაც მისი შეგირდის, პეპ გვარდიოლას სიტყვებს თუ გავიმეორებთ, "ფეხბურთის ტაძარი" ააგო...
ამიტომაც ორმაგად ნიშანდობლივია, რომ იოჰან კრუიფი სწორედ ბარსელონაში გარდაიცვალა. ქალაქში, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, რომელსაც ანტონიო გაუდიც ჰყავდა და "ფეხბურთის არქიტექტორი" იოჰან კრუიფიც...
ამირან ხასიევი
30 მაისი 2016 12:24
ღმერთმა აცხონოს. გემოვნებაზე არ დაობენ, ზოგისთვის N1 ფეხბურთელია, ზოგისთვის მეორე და ა.შ., მაგრამ უდავოა, რომ მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელების სიაში ყოველთვის იქნება.
gela
02 აპრილი 2016 20:49
პრცკინვალე სტატიაა, პრცკინვალე პეხბურტელზე.ვერ ცარმომიდგენია კრუიფზე დიდი პეხბურტელი და ასაევე . ასეტი ზუსტი და გულიდან ამოსული მისი საპეხბურტო მოგვაცაობის ჰესახებ სტატია.
aslani
01 აპრილი 2016 17:55
დიდი გოლანდიელი ანდაწ მფრინავი გოლანდდიელი.გმერტმა ასხონოს.


რედაქტორის რჩევით