კარგი სტარტი! - კვირის პალიტრა

კარგი სტარტი!

გასულ კვირას გამართული თბილისის გრან-პრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებში მორიგი გაუთვალისწინებელი ცვლილება მოხდა, ქართულ განაცხადს გურამ თუშიშვილი (100) და ლევან მატიაშვილი (+100) გამოაკლდნენ. როგორც გაირკვა, დისციპლინის დარღვევის გამო ეს ორი ძიუდოისტი თავად სამწვრთნელო შტაბმა ამოწერა განაცხადიდან... შეგახსენებთ, მანამდე ქართულ გუნდს გამოაკლდა ალექსანდრე მსხალაძეც (100), რომელიც არასპორტული საქციელისთვის საერთაშორისო ფედერაციამ დასაჯა.

რაც შეეხება მათ, ვინც განაცხადში მოხვდნენ: გრან-პრის პირველ დღეს ტატამზე გასული 10 ქართველისგან მედალს მხოლოდ ორი შესწვდა - ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაო დაისაკუთრა, ვაჟა მარგველაშვილმა (66) კი ოქროს მედალი და 300 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ჩემპიონობასთან ერთად, ახალგაზრდა ძიუდოისტმა დამაჯერებელი გამარჯვებებითაც გაგვახარა, მთავარი სენსაცია კი შემოგვთავაზა მეორე წრეში, როცა ორ წუთზე ნაკლები დასჭირდა უკრაინის სახელით მოჭიდავე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას დასაიპონებლად.

ქართველი ძიუდოისტებისთვის ტურნირის მეორე დღე გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა: ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიგეთ. აქედან სამი მედალი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაზე მოდის და დაჯილდოების ცერემონიალი განსაკუთრებულად საამო საცქერი გამოდგა. მით უმეტეს, რომ სამივე მედალოსანმა მატჩის ბოლოს მოითავა საქმე. რეპეჟაშის ფინალში იჭიდავეს ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა და გადამწყვეტი ქულა ორივე მათგანმა დაძაბული შეხვედრის ბოლოს გაკეთებული ლამაზი გდებით მოიპოვა. ასეთივე სცენარი ჰქონდა ნუგზარ ტატალაშვილისა და მონღოლი ოდბაიარ განბაატარის შეხვედრას - ჩვენებურმა ჯერ ვაზარზე დააგდო განბაატარი, მერე შებოჭა და სუფთა გამარჯვებას 300 სარეიტინგო ქულა მიამატა.

ოქროს და ბრინჯაოს შანსი გვქონდა 81 კილოგრამშიც, თუმცა დაბალი წონისგან განსხვავებით, ორთაბრძოლა ზებედა რეხვიაშვილმაც დათმო და ლევან გუგავამაც. ბრინჯაოსთვის მატჩში რეხვიაშვილი ორ გაფრთხილებას უგებდა საბერძნეთის სახელით მოჭიდავე რომან მუსტოპულოსს (რევაზიშვილი), მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ჯერ გაფრთხილებებში გაათანაბრებინა ანგარიში, მერე კი იპონზეც დავარდა. ფინალში იჭიდავა ლევან გუგავამ, თუმცა მანაც იპონით წააგო უფრო გამოცდილ რუს ალან ხუბეცოვთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დანარჩენმა ქართველებმა ტურნირის დასკვნით დღეს იჭიდავეს, თუმცა გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირის შეხვედრებზე ვერაფერს გეტყვით.