"ფრანგების უმეტესობას საქართველო რაგბიმ გააცნო!"
04-04-2016
"ფრანგების უმეტესობას საქართველო რაგბიმ გააცნო!"
"ომისა და სიღარიბის წლებმა ძალიან ბევრი ქართველი შეცვალა, მაგრამ უმეტესობამ მაინც შეინარჩუნა ღირსება. ჯერ კიდევ შეგვიძლია გაჭირვებულისთვის ხელის გამართვა, ერთმანეთის გვერდით დგომა..."

"სტუმარს თავი არ უნდა მოაბეზრო, თუ მოეწონა - თვითონ გეტყვის"

"უცხოელების უმეტესობამ არ იცის, რომ საქართველო ღვინის და ვაზის სამშობლოა! ძლივს იჯერებენ ხოლმე და ვეუბნები, ჩემი თუ არ გჯერათ, "ვიკიპედიაში" ნახეთ-მეთქი"


"ვისაც უძველესი კულტურა, ისტორიული ძეგლები, ლამაზი ბუნება და მეღვინეობა აინტერესებს, ვურჩევ, აუცილებლად ჩამოვიდეს საქართველოში!" - ამბობს მსოფლიო
რაგბის ქართველი ვარსკვლავი მამუკა გორგოძე. საქართველოს 2015 წლის საუკეთესო მორაგბესთან სალაპარაკოს რა დალევს, მაგრამ ამჯერად რაგბის მხოლოდ ინტერვიუს ბოლოს შევეხეთ რამდენიმე სიტყვით. ძირითადად კი, მამუკას უცხოეთიდან დანახულ საქართველოზე, მის კულტურასა და ღირსშესანიშნაობებზე ვესაუბრეთ. ასევე საფრანგეთზეც - სადაც "გორგოძილა", ბოლო 12 წელიწადია, ცხოვრობს. მამუკა გორგოძე­ საქართველოში
ჩამოსვლას იშვიათად ახერხებს, მაგრამ სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რას აჩვენებს და რით გაუმასპინძლდება საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელს:

- ჯერ სტუმარს უნდა ჰკითხო, რა აინტერესებს, რის დათვალიერება სურს - იქნებ სულაც არ უნდა ისტორიული ძეგლების და ეკლესიების ნახვა?! თუმცა, აუცილებლად დავათვალიერებინებ ძველ თბილისს, აბანოთუბანს და ნარიყალას, ვაჩვენებ სამების საკათედრო ტაძარს, ფუნიკულიორს, მცხეთას...

- თუ თბილისს გარეთაც სურს გასეირნება?

- ულამაზესი ადგილები ყველა რეგიონში გვაქვს: ვარძია, ყაზბეგი, მესტია, სიღნაღი - რომელი ერთი ჩამოვთვალო? ძალიან მიყვარს ყაზბეგი. შეუძლებელია, გერგეტის სამებას ემოციის გარეშე უყურო... კახეთში ვაჩვენებდი იქაურ ეკლესია-მონასტრებს, ისტორიულ ძეგლებს, ბაღ-ვენახებს, ჩვენებურ სტუმართმოყვარეობას. აუცილებლად შევიყვანდი ღვინის ქარხანაში, თორემ უცხოელების უმეტესობამ არც იცის, რომ საქართველო ღვინის და ვაზის სამშობლოა! ძლივს იჯერებენ ხოლმე და ვეუბნები, ჩემი თუ არ გჯერათ, "ვიკიპედიაში" ნახეთ-მეთქი. კარგია, რომ კახეთში რამდენიმე ადგილას შეგიძლია უცხოელ სტუმარს აჩვენო კახური მარანი, საწნახელი, ქვევრები, გაასინჯო ჩვენებური პურ-მარილი. მხოლოდ საჭმელად კი არა - რომ იცოდნენ, როგორია ჩვენი ტრადიცია, სტუმრის დახვედრის და მასპინძლობის ადათ-წესი...

- ქართული ანსამბლების კონცერტები საფრანგეთშიც ხშირად იმართება. შენი უცხოელი მეგობრები ქართულ კულტურას იცნობენ?

- ასეთი კონცერტები, ძირითადად, პარიზში იმართება ხოლმე, მონპელიესა და ტულონში კი ცოტა იციან ქართული კულტურის მარგალიტების შესახებ. დიახ, ქართველები ხშირად ვიწონებთ თავს - უცხოელები ჭკუას კარგავენ ქართულ ცეკვასა და სიმღერაზეო. მართლაც გვაქვს გასაგიჟებელი კულტურა, ქართული ცეკვა და სიმღერა უძველესი და უმაგრესია, მაგრამ ვიმეორებ - უცხოეთში მას ცოტა იცნობს. მაგალითად, მონპელიე დიდი, განვითარებული ქალაქია, მაგრამ ბოლო წლებამდე საქართველოზე ბევრი არაფერი იცოდნენ. თუ დამიჯერებთ, ფრანგების უმეტესობას საქართველო რაგბიმ გააცნო, ცეკვასა და სიმღერაზე მეტად საქართველოს საფრანგეთში რაგბით იცნობენ!

- მაინც რით არის საქართველო გამორჩეული? სილამაზით, კულტურა-ტრადიციით, სამზარეულოთი?
- უპირველესად - ადამიანებით! ომისა და სიღარიბის წლებმა ძალიან ბევრი ქართველი შეცვალა, მაგრამ უმეტესობამ მაინც შეინარჩუნა ღირსება. ჯერ კიდევ შეგვიძლია გაჭირვებულისთვის ხელის გამართვა, ერთმანეთის გვერდით დგომა... ეს თვისებები არც უნდა დავკარგოთ, მეტისმეტი "განვითარებაც" არ ვარგა! დიახ, XXI საუკუნეა, დიახ, წლებია, საფრანგეთში ვცხოვრობ, მაგრამ აზრი არ შემიცვლია - სხვა ქვეყნებს ყველაფერში არ უნდა მივბაძოთ. მეტიც - ბევრი რამ მათ აქვთ სასწავლი ჩვენგან! არადა, ზოგიერთი ქართველი უკვე XXII საუკუნეშია, ევროპას უსწრებენ "განვითარებით"...

- ქართული კერძებიდან რის გასინჯვას ურჩევ უცხოელ სტუმარს?

- ჯერ არ შემხვედრია უცხოელი, ნიგვზიანი ბადრიჯანი გაესინჯოს და არ შეყვარებოდეს! ჩვენებური მწვადიც უგემრიელესია, მაგრამ შემწვარი ხორცით ვერავის გააკვირვებ. სხვა საქმეა ხინკალი, ხაჭაპური, ფხალეული, მჭადი, დედას პური, ქართული ღვინო - ის, რაც ჩვენია, სუფთა ქართულია, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავენ! ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური და ხინკალი - ეს სამი რამ ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათად მიმაჩნია!

- და ყველას მოსწონს?
- მოსწონთ, მაგრამ მე არ მიყვარს, როცა სტუმარს ქართულ საჭმელს გაასინჯებენ და მერე ყოველ წუთს ეკითხებიან - ხომ უგემრიელესია, ხომ მაგარიაო?! თავი არ უნდა მოაბეზრო, თუ მოეწონა, თვითონ გეტყვის! ქართველებს გვჩვევია - რადგან ჩვენებურ კერძებს ვართ მიჩვეული, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად ყველას უნდა მოეწონოს. ყველა ქვეყანა თავის კერძებს არის მიჩვეული და ისინი ურჩევნია. ამდენი წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, ფრანგული სამზარეულოც მომწონს, მაგრამ ქართველი ვარ და მაინც ქართულს ვამჯობინებ! ასე არიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც... დიახ, ძალიან ლამაზი ბუნებაც გვაქვს, უგემრიელესი საჭმელიც და ღვინოც, მაგრამ სხვებსაც არანაკლები აქვთ და თავის ზედმეტი ქება-დიდება არასწორად მიმაჩნია.

- შენი ფრანგი მეგობრები წითელ ქართულ ღვინოს ამჯობინებენ თუ თეთრს?
- წითელს. მეღვინეობა მეც მიზიდავს­ და სომელიეს კურსის გავლასაც ვაპირებ. ოღონდ მოგვიანებით, თორემ, ვარჯიშის დროს სულ ღვინის სუნი ხომ არ უნდა ამდიოდეს (იცინის)?! ჩემი სოფელი განთქმულია ღვინით. ვენახის მოვლა, ღვინის დაყენება მამაჩემსაც ძალიან უყვარდა და ჩემს სახლშიც საუკეთესო ღვინო იწურება ხოლმე. საფრანგეთშიც არაერთხელ ჩამომიტანია. ჩემი მეგობრის მამა საფრანგეთში ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მმართველია. რამდენიმე წლის წინ ჩავუტანე "ხვანჭკარა", რაშიც 105 ლარი გადავიხადე! ერთი ბოთლი ღვინისთვის ეს ახლაც დიდი თანხაა და იმ წლებში - მით უმეტეს. ფასს სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ მიგახვედროთ - საფრანგეთში საუკეთესო ღვინო წავიღე და ველოდი, რომ აღფრთოვანებული დარჩებოდა, მაგრამ... არ შეიმჩნია, თუმცა, იმედგაცრუება და გაკვირვება მაინც შევატყვე და მისი რეაქციის მიხედვით მივხვდი - ფრანგს "ხვანჭკარა" და "მუკუზანი" არ უნდა გაასინჯო, მათთვის ტკბილი ღვინო მიუღებელია და მხოლოდ დესერტს თუ მიაყოლებენ! აი, ქვევრში დაყენებული "საფერავი" სხვა საქმეა! თანაც, ევროპაში ახლა ქვევრის ღვინის ბუმია და სიამაყით ვეუბნები ხოლმე - ნახეთ, რა ღვინო გვაქვს-მეთქი...

- ერთხელ მითხარი, ანგლოსაქსები ქართველებზე მეტს სვამენო... ასეა?

- ღვინოს ჩვენსავით ყანწით და როდინით არ სვამენ, მაგრამ ქართველი უზომოდ რომ დალევს და ღამის ათ-თერთმეტ საათზე უკვე ლოგინამდე მისატანი ხდება, აქაურები გათენებამდე წრუპავენ, საბოლოოდ ჩვენზე მეტი გამოსდით და არც ცუდად ხდებიან.

- საფრანგეთის ჩემპიონატში უამრავი ქართველი თამაშობს. ხშირად ახერხებთ ერთმანეთის ნახვას?
- ვინც სხვებზე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ოჯახებით ვიკრიბებით ხოლმე. ჩემთანაც ხშირად მოდიან და ამის პასუხი ლევან ჩილაჩავამ იცის - ყველაზე ხშირად მამუკასთან იმიტომ ვიყრით თავს, რომ გორგოძეს დიდი სახლი აქვსო (იცინის).

- და ამ "დიდ სახლში" კიდევ კარგა ხანს მოგიწევს ცხოვრება - "ტულონთან" ხელშეკრულება სამი წლით გააგრძელე!

- დიახ, ახალი კონტრაქტის თანახმად, 2019 წლის ბოლომდე "ტულონის" წევრი უნდა ვიყო. ისიც გადაწყვეტილია, რომ ბერნარ ლაპორტის ნაცვლად, კლუბის მთავარ მწვრთნელად დომინგესი იმუშავებს, შერკინების მწვრთნელი კი დალმაზო იქნება. ლაპორტს ქართველები დიდად არ ეხატება გულზე, რამდენი კარგი თამაში ვითამაშე, მაგრამ ლაპორტის გული ვერაფრით მოვიგე... აი, დომინგესმა კი პირდაპირ მითხრა - მჭირდები და აუცილებლად უნდა დარჩეო! დავრჩი კიდეც და იმედია, თამაშიც უფრო ხშირად მომიწევს.

- ხშირად წამყვანი მოთამაშეები კარიერის დასრულების შემდეგაც რჩებიან კლუბში - მწვრთნელად, სპორტულ დირექტორად, ან რომელიმე სხვა თანამდებობაზე... აპირებ საფრანგეთში დარჩენას?
- არა მგონია. ვფიქრობ, მწვრთნელობა საჩემო საქმე არ არის... არც საფრანგეთში დარჩენას ვაპირებ. მინდა, საქართველოში დავბრუნდე და ჩემს სამშობლოში ვიცხოვრო...

- სამშობლოში, სადაც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ჯილდო მიიღე - საქართველოს 2015 წლის საუკეთესო მორაგბედ დაგასახელეს...

- შენს ხალხს რომ უყვარხარ, სამშობლოში რომ გამოგარჩევენ და დაგაფასებენ უბრალო ადამიანები, ამაზე დიდი აღიარება არაფერია! ყველა სპორტსმენს ვუსურვებ ასეთი სიამოვნების განცდას... თუმცა, მეორე მხრივ, უხერხულადაც ვგრძნობ თავს, ამდენჯერ რომ გამომარჩიეს. არ მინდა, ყველგან მე ვჩანდე და ხალხს თავი მოვაბეზრო...

- ქართველ ქომაგს ისე უყვარხარ, თავის მობეზრება გაგიჭირდება... მაგრამ საუბრის ბოლოს, თემა კიდევ ერთხელ შევცვალოთ: ცნობილია, რომ ნადირობა ძალიან გიყვარს და საფრანგეთშიც ნადირობ ხოლმე. შეიძლება, საფრანგეთისა და საქართველოს სანადირო ადგილები შევადაროთ?

- საქართველოშიც ჩინებული სანადირო ადგილები გვაქვს, მაგრამ ევროპელებისგან განსხვავებით, ფლორას და ფაუნას არ ვუფრთხილდებით, უმოწყალოდ ვანადგურებთ. ბრაკონიერები უფრო ვართ, ვიდრე მონადირეები! ხოხობი და კაკაბი მიუვალ ადგილებს რომ არ აფარებდეს თავს, ერთსაც აღარ დავტოვებდით. ნადირობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გავხდი, ალბათ, ცხოველზე ვეღარასდროს ვინადირებ, ერთადერთი - გარეულ ღორს თუ ვესვრი... საფრანგეთში "საფარი-კლუბის" წევრი ვარ და შიგადაშიგ ვნადირობ ხოლმე, აი, ზირაქა (საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი დავით ზირაქაშვილი. - ავტ.) კი სერიოზული მონადირეა...

- მახსოვს, ახალ ზელანდიაში ყოფნისას, ბორჯღალოსნები კურდღელზე სანადიროდ წაგიყვანეს - ზელანდიური კურდღელი სულ გაწყვიტეთ?
- ადგილობრივები მის ხორცს არ ჭამენ და ზელანდიაში უამრავი კურდღელია. ნახევარ საათში 18 კურდღელს რომ მოკლავ, ამას ნადირობა ჰქვია?! მონადირემ ასეთი რაღაც არ უნდა გააკეთოს და აღარც გავაკეთებ!
ჰოოფა
04 მაისი 2016 12:37
ღმერთმა დაგლოცოს ჩვენი გახარებისათვის!
თელაველი
04 მაისი 2016 10:55
რაგბი ითამაშეთ ბავშვებო, ყველა დიდი სპორტსმენი თუ ვერ შედგებით, ადამიანად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ!

რედაქტორის რჩევით