"მოგონებებით ხომ არ ვიცხოვრებ?" - კვირის პალიტრა

"მოგონებებით ხომ არ ვიცხოვრებ?"

"ცხოვრება გრძელდება. თამაშიც უნდა გავაგრძელო"

რუსეთის პრემიერლიგის XXII ტურში სარანსკის "მორდოვიამ" სამარის "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველი მეკარე ორივე ამ კლუბში ირიცხება, თუმცა ქართული დუელი მაინც ვერ ვნახეთ - გიორგი ლორიამ მთელი მატჩი ითამაშა, სამაგიეროდ, მასპინძელთა გოლკიპერი, ნუკრი რევიშვილი დარჩა სათადარიგო სკამზე. განსხვავებული იყო როლები ყაზახეთთან ამხანაგური მატჩის დროს - რევიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ლორია კი სათადარიგოთა შორის იყო და არ მიეცა შანსი, აზიელთა კარის მოგვარე დარაჯის - დავით ლორიას წინააღმდეგ ეთამაშა. არადა, უნიკალური მოვლენის მომსწრენიც გავხდებოდით - გახსენდებათ, ერთი გვარის მეკარეებს ერთმანეთის წინააღმდეგ სანაკრებო დონეზე ეთამაშოთ?! თუმცა ყაზახეთთან მატჩი უკვე წარსულია, ზაფხულამდე კი, გიორგი ლორიას მთავარი ამოცანაა, "კრილიას" პრემიერლიგაში დარჩენაში დაეხმაროს. საქართველოს ნაკრების მეკარეს სამარაში შევეხმიანეთ:

- ჩვენც და "მორდოვიაც" ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძვით და თამაში არა სამი, არამედ, ფაქტობრივად, ექვსი ქულისთვის გაიმართა. ჩემპიონატის ბოლო ხუთ თამაშში გოლიც კი არ გვქონდა გატანილი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, გავტეხეთ ნავსი. უშუალო კონკურენტთან გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო "კრილიასთვის".

- "მორდოვიასთან" მატჩს ისეთი მოვლენები ახლდა, ორმაგად გასაკვირია, გამარჯვება რომ მოახერხეთ - სარანსკში ჯერ აეროპორტმა არ მიგიღოთ, ნამატჩევს კი ლიფტში გაიჭედეთ...

- ნისლის გამო, ჩვენს თვითმფრინავს სარანსკის აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცეს და უკან - სამარაში გავფრინდით. აეროპორტი მეორე დილითაც დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებული გავხდით, სარანსკში საღამოს, მატარებლით წავსულიყავით და თითქმის რვა საათი გვემგზავრა. მატჩის შემდეგ, "კრილიას" რამდენიმე ფეხბურთელი სარანსკის სასტუმროს ლიფტში გავიჭედეთ და "გათავისუფლებას" ნახევარ საათზე მეტხანს ველოდეთ.

- დასანანია, ლორია-რევიშვილის "დუელი" რომ არ შედგა, მაგრამ თან კარგიც არის, "კრილიას" ფეხბურთელებმა გოლები ილია ჩებანუს რომ გაუტანეს და არა ნუკრი რევიშვილს...

- დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ნუკრი მალე დაიბრუნებს ადგილს კლუბის ძირითად შემადგენლობაში (ბოლო ტურში რევიშვილის კონკურენტმა ჩებანუმ 7 ბურთი გაუშვა მოსკოვის ცსკა-სგან. - ავტ.).

- ლორიას გადაბირება ბაქოს "ნეფთჩის" სურსო. მართალია?

- ეს მეც ინტერნეტში წავიკითხე, პირადად არავინ დამკავშირებია. ზაფხულამდე "კრილიას" ფეხბურთელი ვარ და ყველანაირად ვცდილობ, კლუბს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო.

- როდესაც შენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, "ჩელსიში" გადასვლის შანსს ვერ იყენებ, რთული არ არის მოტივაციის მოძებნა ისევ სამარაში სათამაშოდ?

- ჩემი გადაბირება "ჩელსის" უნდოდა, მაგრამ რაკი ვერ წავედი, თამაშს თავს ხომ არ დავანებებ, მოგონებებით ხომ არ ვიცხოვრებ?! ცხოვრება გრძელდება. თამაშიც უნდა გავაგრძელო და ვეცადო, უწინდელზე უკეთესად ვითამაშო, რათა ძლიერი კლუბები კიდევ დავაინტერესო.

- ანუ "ჩელსიზე" აღარ ფიქრობ?

- კი ითქვა, ლორიას თემას ზამთარში დავუბრუნდებითო, მაგრამ... მალევე, იტალიელი მარკო ამელია იყიდეს, მერე ტიბო კურტუაც დაბრუნდა. მოკლედ, მეტი მეკარე აღარ სჭირდებათ.

- პირველად ხდება, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ერთდროულად თამაშობს სამი ქართველი მეკარე: ლორია, რევიშვილი და შელია. გიორგი შელია რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოშია დაბადებული და მშობლებიც აქ ცხოვრობენ... იცნობ?

- პირველ წრეში კი ვეთამაშეთ "უფას", მაგრამ მაშინ შელია ჯერ კიდევ არ იყო კლუბის წევრი.

- ყაზახეთთან მატჩში რომ გეთამაშა, მოედანზე ორ მეკარე-ლორიას ვნახავდით - დავითსა და გიორგის... გული დაგწყდა, მოგვარის წინააღმდეგ თამაშის შანსი რომ არ მოგეცა?

- ვაისმა ამჯობინა, ნუკრის თამაში ენახა... დავით ლორიას მანამდე არ შევხვედრივარ, ერთმანეთი მატჩის წინ გავიცანით. თამაშს რაც შეეხება, ვინც მიზეზებს ეძებს, იტყვის, ნაკრებმა ცუდად ითამაშაო, მაგრამ ახლებურ ტაქტიკასთან მიჩვევას დრო სჭირდება და ყველაფერი გამოსწორდება.

- როგორი მწვრთნელია ვლადიმერ ვაისი?

- ჩანს, რომ დადებითი პიროვნებაა. თავადაც თქვა და შემადგენლობასაც ეტყობოდა, რომ აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს. მეორე ნომრად თამაში ამ კონკრეტულ მატჩში არც განხილულა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.