"ცხადაძემ კარგად იცის, რაც მოხდა..." - კვირის პალიტრა

"ცხადაძემ კარგად იცის, რაც მოხდა..."

"როცა ახალი მწვრთნელი პირველივე მატჩში გენდობა და ძირითად შემადგენლობაში გაძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, საკუთარ თავსაც უნდა აჯობო და ბოლომდე დაიხარჯო!"

"სანამ კახა ცხადაძესთან დაკავშირებით საბოლოოდ არ გაირკვა ყველაფერი, ვაისთან არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია - არც დეკემბერში და არც იანვარში!"

ყაზახეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, ლევან კობიაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ილაპარაკა დაწვრილებით ნაკრების ახალ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისზე, მის წინამორბედთან დაკავშირებულ უსიამოვნო ამბებზე, პრეზიდენტის პოსტზე გატარებულ ნახევარ წელიწადსა და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე:

- ცოტაა თუ ბევრი ნახევარი წელიწადი? გააჩნია, რისთვის... რთული და იოლი საქმე არ არსებობს. მთავარია, მოტივაცია, კეთილი ნება და წინსვლის სურვილი. სწორედ ეს იყო ამ თანამდებობაზე ჩემი მოსვლის მიზანი. გასული ექვსი თვე დაძაბული და საინტერესო იყო, ახლდა როგორც უსიამოვნო, ისე დადებითი ამბებიც. მაგალითად, ფეხბურთის განვითარების პროგრამა, ასევე, ეროვნული ჩემპიონატის მოდელი, რომელზეც სულ ლაპარაკობდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება აქამდე ვერ მიიღეს... მუშაობის პროცესში სიახლეც ბევრი შეგვხვდა და სირთულეც. სანამ ჩემპიონატში შესვენება იყო, შედარებით მშვიდად ვიყავით, მეორე წრის დაწყებასთან ერთად კი, პრობლემებმაც იმატა და ჩვენმა დატვირთვამაც. სფფ-ისთვის სერიოზული პრობლემაა პროფესიული ფეხბურთის ლიგის არარსებობა. ჩვენი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს ნაკრებ გუნდებთან დაკავშირებული საკითხები, ფეხბურთის განვითარების პროექტები და ა.შ. პფლ-ის არარსებობის გამო კი, მის ფუნქციებსაც ჩვენ ვასრულებთ, რაც გაცილებით მეტ შრომას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

- როდის აღდგება პროფესიული ფეხბურთის ლიგა?

- დრო გვიჩვენებს. ადრე თუ გვიან, პროფლიგის შექმნა აუცილებელი გახდება. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, მაგრამ ამისთვის კლუბებიც მზად უნდა იყვნენ და წინა პირობებიც არსებობდეს. მხოლოდ სახელისთვის პფლ-ის შექმნას აზრი არა აქვს - ლიგა უნდა იყოს ფუნქციური და ძლიერი სტრუქტურა, რომელიც ყველა პრობლემასა და გამოწვევას გაუმკლავდება.

- ფეხბურთის განვითარების პროგრამის წარდგენიდან ორი თვე გავიდა. წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთი სხვანაირ ცხოვრებას იყო მიჩვეული და, ალბათ, უკმაყოფილება და წინააღმდეგობაც ბევრი გხვდებათ...

- უკმაყოფილო დარჩა ის ხალხი, ვისაც თავის ინტერესებზე ჰქონდა მორგებული სისტემა. მათ ჩაეკეტათ გზები, მოექცნენ ჩარჩოებში, რომელსაც ვერ გასცდებიან.

არც გვქონია მოლოდინი, რომ ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლიდა, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა გადადგმულიყო ეს ნაბიჯი? შეიძლება, დავალიანება კლუბს წლების განმავლობაში მოჰყვებოდეს?! პრობლემებს გვიქმნის პროგრამის დამტკიცებამდე გამოყოფილი და უკვე დახარჯული ფინანსებიც. ახლა საერთო თანხიდან მათი გამოკლება ხდება. თუმცა მომდევნო სეზონებში ასეთი პრობლემები აღარ იქნება, რადგან სხვა სისტემაზე გადავალთ და კლუბებს დაფინანსება არა სხვადასხვა წყაროდან, არამედ ერთი "კალათიდან" ექნებათ. ეცოდინებათ საერთო ბიუჯეტი და სეზონსაც შესაბამისად დაგეგმავენ.

- 20 აპრილს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა ეროვნული პირველობის რამდენიმე კლუბი, ფეხბურთელი და მწვრთნელი. აქამდე ასეთი სასჯელი არცთუ ხშირი იყო...

- ხომ არ შეიძლება, ყველა ტურში ინციდენტი ხდებოდეს და არავინ დაისაჯოს?!

მეც ფეხბურთელი ვარ, აღელვებულიც ვყოფილვარ და გადამიჭარბებია კიდეც, მაგრამ კანონი ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. სულ ვთავაზობთ კლუბებს, მათ იურისტებთან ერთად გავიაროთ სადისციპლინო კოდექსის საკითხები და ყველასთვის მისაღები კოდექსი დავამტკიცოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბები არ ეცნობიან კოდექსს, თორემ თუ სეზონის წინ ხელმოწერით ადასტურებ, რომ ეთანხმები, მერე პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს ამა თუ იმ მუხლთან... შესაძლოა, მეც მიმაჩნდეს, რომ ზოგიერთი სასჯელი ზედმეტად მკაცრია, ან პირიქით - არასაკმარისი. ამიტომ კვლავ მოვუწოდებ კლუბებს - დროულად ჩაერთონ ამ პროცესში!

- ეროვნულ ნაკრებზე გადავიდეთ: ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩზე რას იტყვით?

- გულშემატკივრებთან ერთად, მეც გამარჯვებას ველოდი და ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ, თანაც, რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი!

შესაძლოა, მეტს ველოდი, მათ კი, კლუბებში სხვადასხვა პრობლემის გამო სრულად ვერ წარმოაჩინეს თავი, მაგრამ როცა ახალი მწვრთნელი პირველივე მატჩში გენდობა და ძირითად შემადგენლობაში გაძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, საკუთარ თავსაც უნდა აჯობო და ბოლომდე დაიხარჯო! სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშისგან ვერ დავინახე ასეთი დამოკიდებულება. არადა, ბევრად უკეთ შეუძლიათ თამაში და დარწმუნებული ვარ, ითამაშებენ კიდეც.

- მატჩის შემდეგ ელაპარაკეთ მწვრთნელს?

- ნამატჩევსაც და მერეც არაერთხელ ვისაუბრეთ. ბუნებრივია, მწვრთნელიც უკმაყოფილოა და ამიტომაც დავგეგმეთ ხანგრძლივი შეკრება, სადაც უკეთ ნახავს, ვის რა შეუძლია. სამუშაო ბევრია, ფეხბურთელებმა ნაყოფიერად უნდა იმუშაონ, რათა საკვალიფიკაციო მატჩისთვის ფიზიკურადაც მოემზადონ და ფსიქოლოგიურადაც. პირველი ოფიციალური მატჩი უდიდეს ინტერესს გამოიწვევს და ფეხბურთელები ამისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

- აპირებს ვლადიმერ ვაისი საქართველოში ცხოვრებას?

- სანამ ხელშეკრულებას გავაფორმებდით, შევისწავლეთ, როგორ მუშაობს და რისთვის არის მზად. ნაკრების მწვრთნელი მთელი წლის განმავლობაში აქ ვერ იქნება, მაგრამ არც მხოლოდ თამაშების წინ ჩამოვა - წლის უმეტეს ნაწილს საქართველოში გაატარებს. ვაისი ახლაც თბილისშია და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც ესწრება. რაც მთავარია, ეს მისი სურვილით ხდება და არა ვალდებულების გამო.

- რა იყო გადამწყვეტი, რის გამოც ვაისზე შეაჩერეთ არჩევანი?

- ბევრი რამ: გვჭირდებოდა სანაკრებო გამოცდილების მქონე წარმატებული მწვრთნელი. ვაისს არასდროს უმუშავია ვარსკვლავებით სავსე გრანდში. საშუალო დონის კლუბებში, არსებული რესურსით აღწევდა მაქსიმალურ შედეგს. მნიშვნელოვანი იყო პიროვნული თვისებებიც. სლოვაკი სპეციალისტის ყოფილი შეგირდებისგან ბევრი დადებითი რამ მოვისმინეთ ვაისზე, თანაც, თავისუფლად ლაპარაკობს რუსულ ენაზე და ფეხბურთელებთან ურთიერთობაში თარჯიმნის დახმარება არ სჭირდება. რაც უნდა კარგი თარჯიმანი გყავდეს, ზუსტად ვერ მიიტანს ფეხბურთელებამდე მწვრთნელის დავალებას და ემოციას. წინა უცხოელი მწვრთნელების დროს სულ იყო ეს პრობლემა.

- თვითონ რით დააინტერესეთ?

- როგორც თავად თქვა, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება მისთვის დიდი გამოწვევაა, თანაც, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობაზე ჰქონდა ინფორმაცია და იცოდა, ვისთან მოუწევდა მუშაობა. ბრმად არც ის წამოსულა საქართველოს ნაკრებში.

- უცხოელი მწვრთნელები იშვიათად თანხმდებიან საბონუსე სისტემით მუშაობას. როგორ მოახერხეთ ვაისის დაყოლიება?

- პირდაპირ გეტყვით: ანაზღაურების საკითხზე პრობლემა არ გვქონია. რა ბიუჯეტიც გვქონდა განსაზღვრული, ის შევთავაზეთ და დაგვთანხმდა. ხელფასზე მნიშვნელოვანი ვაისისთვის პირობები იყო - სად იცხოვრებს, რა პირობებში ივარჯიშებენ და ა.შ. ავსტრიაშიც იყო ჩასული, ნახა, სად მოემზადება და ითამაშებს ნაკრები...

- თუ ვაისი წარუმატებლად იმუშავებს, პასუხს მაინც მის მომყვანს, ანუ სფფ-ს მოსთხოვენ. ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყოთ.

- გადაწყვეტილებებთან ერთად, ფედერაცია პასუხისმგებლობასაც ყოველთვის იღებს და ამისგან თავის არიდება არასდროს მიცდია. შემეძლო, არაფერი შემეცვალა და მეთქვა, ეს მწვრთნელები ჩემი მოყვანილები არ არიან და პასუხისმგებლობა არ მეკისრება-მეთქი, მაგრამ ამით ხომ მხოლოდ თავს მოვიტყუებდი? დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რამდენად მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ, შედეგი გვაჩვენებს. კარგია, რომ გულშემატკივარი იმედიანად ელის ახალ შესარჩევ ციკლს, მაგრამ არარეალური მოლოდინი არ უნდა შევქმნათ. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ყველას გვინდა, მაგრამ რეალურად ვართ მზად ამისთვის? შესაძლოა, ოთხ ან რვა წელიწადში ვიყოთ მზად. დრო გვიჩვენებს...

- სლოვაკურმა გაზეთმა დაწერა, რომ ვაისთან მოლაპარაკება სფფ-მ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მართალია?

- რაც იწერება, ყველაფერი სიმართლე ხომ არ არის?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სანამ კახა ცხადაძესთან დაკავშირებით საბოლოოდ არ გაირკვა ყველაფერი, ვაისთან არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია - არც დეკემბერში და არც იანვარში!

- კახა ცხადაძემ თქვა: ჩემთვის გადახდილი კომპენსაცია და ვაისის ხელფასი ჯამში იმდენივე გამოდის, რის სანაცვლოდ მუშაობაზეც თანახმა ვიყავიო...

- თუ ასე ფიქრობდა, თავის დროზე, ჩემთან შეხვედრისას ეთქვა! კახამაც კარგად იცის, რომ რაც მოხდა, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ის დღეები არც ჩემთვის იყო სასიამოვნო და დარწმუნებული ვარ, არც კახასთვის. ბევრი ისეთი რაღაც ვთქვით, რამაც ჩვენც დაგვაზარალა და კახაც. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო, მაგრამ... რაც მოხდა, მოხდა. სჯობს, ამ თემაზე ლაპარაკს მოვრჩეთ და წარმატება ვუსურვოთ ერთმანეთს. მჯერა, რომ კახა ყოველთვის იქნება ქართული ფეხბურთის და ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი და მისი წარმატება ჩვენც სულ გაგვიხარდება.

- ქეცბაიასა და ცხადაძის დროს ნაკრების კანდიდატად განიხილებოდა ქართული წარმოშობის რამდენიმე "უცხოელი" - გოგია, ვაჩიბერაძე, ჰუფნაგელი, გიგოლაევი და სხვ. ვაისი რას ფიქრობს მათზე?

- არ მინდა, მოვლენებს დავასწრო და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ გაგიმხელთ, რომ ვაისი სწორედ დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია პარასკევს. - ავტ.) აპირებს დარეკვას რუსული პასპორტით მოთამაშე ერთ-ერთ ქართველ ფეხბურთელთან. 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახდა ვაკო გვილია, რომელსაც მანამდე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. მოვიწვიეთ ასევე "უკრაინელი" ბექა ვაჩიბერაძეც. მაგრამ თუ ორმხრივი სურვილი არ არის, ნაკრებში ძალით ვერავის ვათამაშებთ. რუსეთის ნაკრებშიც არიან ქართული წარმოშობის ფეხბურთელები. ზოგს სურს ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში, სხვები პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ...

ინფორმაცია ყველა "უცხოელზე" გვაქვს, მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ მათთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი ექნება და ნაკრებსაც გამოადგება, უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, შანსს ყველას მივცემთ.

იხილეთ ასევე: "საკუთარ სამშობლოში ძალიან ცუდად მომექცნენ" - ექსკლუზივი