"ჩვენმა გულშემატკივრებმა ტალღები ააგორეს, ქართველმა მორაგბეებმა კი ცუნამი"
"როგორც დარიალზე მოვარდნილი ზვავი, როგორც გეზელი ქორი უმწეო წიწილებს..."

ქართველმა ერმა გასულ შაბათს კიდევ ერთხელ გაიხარა და როგორც წესი, ეს სიხარული ისევ მორაგბეებმა აჩუქეს სამშობლოს. ოდესღაც ქართულ მიწაზე, ტრაპიზონში, ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ხელახლა აახმიანეს წინაპართა ძვლები თავიანთი ჯიგრიანი ბურთაობით და უბადლო ვაჟკაცობით, ბოლო ხანს მომძლავრებული რუსი მორაგბეები უშანსოდ დაამარცხეს და მორიგი ლამაზი ფურცელი შემატეს ქართული სპორტის მატიანეს.

დრო იყო, ლეგენდარული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა ვარსკვლავთკრებული გასვლით მატჩებში ქართველ გულშემატკივართა უზარმაზარ არმიას კრებ
და და ჩვენებურთა ომახიანი ყიჟინა აზანზარებდა უცხოეთის სტადიონებს.

KvirisPalitra.Geმას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, სამწუხაროდ, ნელ-ნელა დაეცა ჩვენი სპორტის დიდებაც, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მოახერხეს და ისევ
დარაზმეს გულშემატკივრები საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. ტრაპიზონში უთამაშია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებსაც, მაგრამ ამდენი მხარდამჭერი არასოდეს ჰყოლია. ტრაპიზონის გადაჭედილი ტრიბუნები ქართულად ღელავდა და გრგვინავდა და ეს იყო სწორედ ამ ბიჭების თავდადებული შრომისა და ერთგულების საზღაური.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს განაღდებული ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ იმიტომაც გვიყვარს და ვაფასებთ მათ, რომ მათთვის უმოტივაციო მატჩი არ არსებობს(!). ყველა თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ბრძოლაა, დიდგორისა და მარაბდის ტოლფასი, რომელშიც მოვალეობად უთვლიან თავს, სამშობლოს სიყვარულში ბოლომდე დაიხარჯონ. მერე ეს სიყვარული ასმაგად უბრუნდებათ, რადგან ქართველ კაცს არასოდეს ეშლება საქვეყნო საქმისთვის ალალად გაღებული ღვაწლის გამოცნობა და ასე მონატრებული, საქართველოს გასახარად დაღვრილი სისხლისა და ოფლის დაფასება.

რუსებთან ნამდვილი ომი იყო ტრაპიზონის მწვანე მინდორზე. ჩვენს რამდენიმე მორაგბეს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა, მაგრამ მაინც დაჭრილი ლომებივით სტადიონისკენ იწევდნენ თანაგუნდელების საშველად. ჭეშმარიტი კაპიტანია გუნდის 9 ნომერი ირაკლი აბუსერიძე. სამჯერ(!) გავიდა მოედნის კიდეზე გატეხილი თავიდან თქრიალით წამოსული სისხლის შესაჩერებლად და თავშეხვეულმა მაინც მინდორზე ყოფნა არჩია(!).

მატჩის შემდეგაც ღირსებით სავსემ თქვა საოცარი სიტყვები, - ეს მთელი ქართველი ერის გამარჯვებააო! ჟრუანტელისა და სიამაყისმომგვრელი სიტყვები იყო, თავანკარა სიალალით ნათქვამი. არანაირი სიყალბე (არა ისეთი, ურცხვად რომ აფრქვევს პოლიტიკას შეფარებული ცრუპატრიოტების დიდი უმრავლესობა), არანაირი ანგარება, მხოლოდ ღიმილიანი მზერა გულშემატკივრებისკენ და ბოლომდე დახარჯული ენერგიისგან დაწყვეტილი, ზეაღმართული მკლავები...

ვიყოთ ობიექტურები (ნუ გავრევთ აქაც პოლიტიკას) და ვთქვათ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები საკმაოდ გაზრდილან რაგბიში და ხელდახელ ისე სწრაფად ბურთაობენ, რომ ნამდვილად ქებას იმსახურებენ.  ამის მიუხედავად, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ქართველები დარიალზე მოვარდნილი ზვავივით გადაუვლიდნენ მეტოქეს და ისე დაფანტავდნენ, როგორც გეზელი ქორი უმწეო წიწილებს.

KvirisPalitra.Geასეც მოხდა: მოედნის ყველა გოჯზე კოჭების მტვრევა და თავების ხეთქა, ნახტომში შებოჭვები და ვაჟკაცური შერკინებები. ამ ზეწოლის გამძლები რუსები არ იყვნენ და მე-20 წუთზე ზირაქიშვილმა ისეთი გარღვევა მოაწყო, კაცი კაცს შემოსტყორცნა, ბრძოლით გაჭრა მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ სავალი ბილიკი და როგორც მორაგბეები იტყვიან, ალალი ლელო დადო, არა ისეთი ნატანჯი, როგორიც რუსებმა გაგვიტანეს, არამედ უეჭველი და ნაღდი!

ცოტა ხანში ქართული შემართების კიდევ ერთი მაგალითი ვიხილეთ: ბიჭებმა მოლი ააგორეს და ისე მიაწვნენ, რომ ცენტრიდან მეტოქის ლელომდე ბურთიც ათრიეს და რუსთა მთელი გუნდიც. როგორ არ ეცადა მეტოქე, მაგრამ სტიქიონივით აბობოქრებული ბორჯღალოსნების შეჩერება ვერ შეძლო. ესეც მეორე ალალი ლელო! მალე მესამეც ვნახეთ.

მეორე ტაიმიც ჩვენი შეტევებით დაიწყო. სულ მათ მოედანთან ვტრიალებდით და სანამ შეეძლოთ, გვიძლებდნენ, მერე ბესო უდესიანმა მოუღო ბოლო რუსთა წვალებას და კიდევ ერთხელ დაალელოვა! გაილაღა ქართველობამ - მინდორზეც და ტრიბუნაზეც. ჩვენმა გულშემატკივრებმა ტალღები ააგორეს, ქართველმა მორაგბეებმა კი ცუნამი და კიდევ ერთი ლელო: - რუსებმა ორჯერ ჩააქციეს შერკინება და მსაჯმა ისინი ტექნიკური ლელოთი დასაჯა...

გასარკვევი რაღა იყო და თამაშიც აქ მორჩა. უფრო სწორად, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა, თორემ რაგბიში ბოლო წუთამდე ომია. შეხლა-შემოხლაც იყო მცირედი, მაგრამ მალევე დაშოშმინდა ყველაფერი. დიდი ანგარიშის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა ბოლო წუთებიც ლელოს ზღვარზე ატრიალეს რუსები და მსაჯის საფინალო სასტვენმაც შეტევაში მოგვისწრო. მოკლედ, 36 : 8 და ბრწყინვალე გამარჯვება!

P.S. ნამდვილად არ მინდოდა პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ მაინც ვერ ავცდი. ბევრმა ბოღმით, ბევრმა ნიშნის მოგებითა და ბევრმაც ლანძღვა-გინებით გამოხატა გამარჯვებით მიღებული აღტაცება. კი, რუსებთან გამარჯვებას სულ სხვა ფასი აქვს. ბევრი სიმწარეც გვახსოვს მათგან, მაგრამ მეორე უკიდურესობაშიც ნუ გადავვარდებით. ჩვენს მორაგბეებზე პატრიოტები ნამდვილად არ არის გულშემატკივართა ის ნაწილი, ქართველთა მეტოქეს დედ-მამის სულს რომ უტრიალებდნენ.

მატჩის შემდეგ მანამდე დაუნდობელი მეტოქეები ერთმანეთს ძმურად გადაეხვივნენ! ეს რაგბის დაუწერელი კანონია. რუსებიც, როგორც წესი და რიგია, ზუსტად ისე მოიქცნენ და აპლოდისმენტებით გაატარეს ცოცხალ დერეფანში გამარჯვებული მეტოქე.

მანამდე იმავენაირად დააფასეს ქართველმა ბიჭებმაც რუსი სპორტსმენები და მეტიც, მოედნიდან გასვლის წინ რუსებმა ღირსეულად გადაუხადეს მადლობა ტრიბუნებზე შეკრებილ ქართველ გულშემატკივრებს! სპორტი სპორტია და პოლიტიკაში მისი აღრევა არასწორია, თუ ღირსების სწავლა გვინდა, აგერ ჩვენი მორაგბეები და მათგან ვისწავლოთ ვაჟკაცობაც და მოწინააღმდეგის დაფასებაც...
xevsuri
31 მარტი 2010 18:57
ალექსა,შენ ამაგრებ მთას და ჩვენ გამოვრბივართ არა?..და ვერ ატყობ,რომ შენს სისულელეებს არ აქვს საზღვარი?..საერთოდ,წარმოდგენა გაქვს მთაზე?..მაგრამ იქ ვერც მოხვდები,შენნაირებს კოჭებში ვცნობთ და ყბედობის ხალისს ვუკარგავთ!!! შენ პაეზდკებში მოჩალიჩე ბიჭებში ხო არ გეშლებით მთიელები შე ქათამო?
Alex
30 მარტი 2010 15:50
xevsuri
მაგ სეპარატიზმის ნიშნებს რომ ამჟღავნებთ, იმიტომ ხართ კარგად. თითზე ჩამოსათვლელები დარჩით. თუ ასე ვაჟკაცები ხართ, გაამაგრეთ მთა, რომ გამორბიხართ ბარში!
Joker
26 მარტი 2010 11:17
კარგით,რა ხალხო,თქვენი გამკვირვებია,ამ პატარა კაცუნაზე როგორ იხარჯებით?!ან ეს საცოდავი არსება როგორ უნდა გაბრაზებდეთ?!ამას სერიოზული პოლემიკა კი არ უნდა გაუმართოთ,უნდა ეკაიფოთ.ეს ალექსა კი არა,ანანია-arkadi-vasili Alex-ია.ამ საწყალს რამის თავი რომ ქონდეს და უძლურება არ სჭირდეს,აქ კი არ იჯდებოდა დღე და ღამე და კომენტარებით კი არ მოიოხებდა გულს.ცოდოა და შეეშვით,რა.შენ გული არ გაიტეხო,Alex,მალე შენს სამკურნალო პრეპარატსაც მოიფიქრებენ და შენც გეშველება. :D

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები