"ფუტსალი ქართველების სახეობაა" - კვირის პალიტრა

"ფუტსალი ქართველების სახეობაა"

ზვიად კუპატაძე პირველი ქართველი მოთამაშეა, ვინც ფუტსალში უეფას თასი მოიგო.

24 აპრილს რუსეთის "იუგრა", რომლის ძირითადი მეკარე და კაპიტანიც 36 წლის ქართველია, ფუტსალში უეფას თასის ჩემპიონი გახდა. რუსული პასპორტის მქონე ჩვენებურმა გადამწყვეტი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მაგრამ იუგორსკის კლუბის წარმატებაში იმხელა წვლილი აქვს, ნამატჩევს უეფას თასიცა და ქართული დროშაც დამსახურებულად აღმართა კლუბის მთავარი მწვრთნელის ქართველ ასისტენტებთან - ბესო ზოიძესა და სერგეი ქორიძესთან ერთად. შარშან კუპატაძემ 7 ბურთი გაიტანა და რუსეთის პირველობის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, "იუგრაში" გატარებული ცამეტი სეზონის განმავლობაში კი, 17 გოლი აქვს გატანილი და მეკარეებს შორის რუსეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია! ფუტსალამდე, დიდ ფეხბურთშიც წარმატებული მეკარე იყო, უთამაშია თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში, სკა-ში, "თბილისში", საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში... ზაფხულში ევროპული ფუტსალის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ზვიად კუპატაძე საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას და ჩვენს ნაკრებში თამაშს აპირებს:

- 20 წლამდე დიდ ფეხბურთს ვთამაშობდი, ასაკობრივი ნაკრებების წევრიც ვიყავი, მაგრამ... კლუბში არაერთხელ უთქვამთ, საქართველოში კი ითამაშებ, მაგრამ სიმაღლე არ გიწყობს ხელს და საზღვარგარეთ ვერ გაგყიდითო. ბოლო წელს "ბენდელას თასზე" ისე კარგად ვითამაშე, მირჩიეს, ფუტსალში მომესინჯა თავი. ასე გადავინაცვლე დარბაზში და კონტროლის პალატის გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონიც გავხდი. მერე ცოტა ხნით "აზერსელში" ვითამაშეთ მე და გოგა ალთუნაშვილმა, მოგვიანებით, ბესო ზოიძის დახმარებით რუსეთში აღმოვჩნდი. წელიწად-ნახევარი ტიუმენში ვითამაშე, ბოლო 13 წელიწადია, "გაზპრომ იუგრაში" ვარ.

- ჩემპიონი კლუბის ძირითადი მეკარე ხართ და რუსეთში დიდ პატივს გცემენ, საქართველოში კი ცოტა გიცნობთ...

- იმიტომ, რომ წლებია, საქართველოში ფუტსალის მდგომარეობა სავალალოა. მხოლოდ "იბერია სტარს" ჰქონდა პირობები, ჩემპიონატი კი ძალიან სუსტი იყო და ყურადღება არც ნაკრებს ექცეოდა. როცა რუსეთის მოქალაქეობა მივიღე, ნაკრებიდან წასვლა გადაწყვეტილი მქონდა: საქართველოს ნაკრებს სლოვენიაში უნდა ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. თბილისში ჩამოსულს გუნდი წასული დამხვდა - ესპანეთში ითამაშეს ამხანაგური მატჩი და ბალკანეთში იქიდან გაემგზავრნენ. უკან დასაბრუნებელი ბილეთი რომ მოვიკითხე, მითხრეს, სლოვენიიდან სტამბოლში უნდა ჩაფრინდე, სტამბოლიდან თბილისში კი... ავტობუსით წამოხვალო! უარი ვთქვი, რადგან შეურაცხმყოფელია, როცა ფედერაციას ნაკრების ფეხბურთელისთვის თვითმფინავის ბილეთის აღება არ შეუძლია, თანაც, ვეღარც რუსეთში ჩავუსწრებდი ჩემპიონატის მატჩს და შესაძლოა, კლუბიდანაც გამოვეშვი. მას შემდეგ აღარ გამოვუძახებივარ ნაკრებში... მოგვიანებით, ზაალ ჩიტალაძემ მიმიწვია, მაგრამ კლუბმა აღარ გამომიშვა.

- ახლა, როცა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებთ, კლუბი პრობლემას აღარ შეგიქმნით?

- წლების წინ მოქალაქეობა იმიტომ შევიცვალე, რომ რუსეთში ლეგიონერად არ ჩავთვლილიყავი. ახლა კი, მაინც ლეგიონერი ვარ და საქართველოს ნაკრებში ჩემი თამაში "იუგრასთვის" დაბრკოლება აღარ იქნება. უკვე ვაშინებ ხოლმე რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს, თუ ქართველებს შეგვხვდით, ცუდ დღეში ჩაგაგდებთ-მეთქი! ვხედავ, რომ ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ, ფუტსალსაც აქცევენ ყურადღებას. მწვრთნელად ავთო ასათიანი დააბრუნეს და თუ ჩემპიონატის ორგანიზებაში ზაალ ჩიტალაძეც ჩაერთვება, დარწმუნებული ვარ, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ლიგა გვექნება. ამის პოტენციალი ქართველებს ნამდვილად გვაქვს! მინდა, ნაკრებში დაბრუნებით, ჩემი სახელითა და გამოცდილებით რეკლამა გავუკეთო ქართულ ფუტსალს, ინტერესი გავზარდო... მინი-ფეხბურთი და ფუტსალი ჩვენია, ქართველების სახეობაა!

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ტექნიკურები ვართ, აღნაგობა და სისწრაფეც ხელს გვიწყობს. ფუტსალს პროფესიულად თუ მიუდგებიან, ეს სახეობა უამრავ მოზარდს მისცემს თავის პოვნის შესაძლებლობას. მით უმეტეს, ფუტსალის განვითარება არც ისე ძვირად ღირებულია, როგორიც დიდი ფეხბურთი. რუსეთში სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების ლიგებიც კი მინი-ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით იმართება და ამ გზით უამრავ ნიჭიერ მოთამაშეს პოულობენ. ზაალ ჩიტალაძის ორგანიზებულ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს დავესწარი და გავოცდი, როგორ ჰყვარებიათ საქართველოში მინი-ფეხბურთი - ტრიბუნები გადაჭედილი იყო!

- საქართველოში არ უყვართ სპორტსმენები, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ. გიფიქრიათ, როგორ დაგხვდებათ ქართველი გულშემატკივარი?

- ქართველობაზე უარი არასდროს მითქვამს. არც რუსეთის ნაკრებში მითამაშია. მოქალაქეობა კი იმიტომ მივიღე, რომ საქართველოში ყველაფერი მკვდარი იყო, განვითარების იოტისოდენა შანსიც კი არ არსებობდა და ეს ერთადერთი გზა რჩებოდა ძლიერ ლიგასა და კლუბში მოსახვედრად... მიმაჩნია, რომ საამაყოც უნდა იყოს, როცა რუსეთის უმაღლეს ლიგაში, რომლის წამყვანი კლუბების ძირითად შემადგენლობაში რუსეთის ნაკრების მოთამაშეებიც კი ვერ ხვდებოდნენ, ამდენ ლეგიონერში ერთადერთი ქართველი ვიყავი. საქართველოს ნაკრებში თამაშით არანაირი პირადი დაინტერესება არა მაქვს - მინდა, ჩემი სამშობლოს გუნდს დავეხმარო და ქართული ფუტსალი განვითარდეს... თუ ვინმე სხვანაირად გაიგებს, მისი პრობლემაა.

- რუსეთის მოქალაქე ხართ, მაგრამ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმომავლობა გვარზეც გეტყობათ! ქართველობის გამო, შეგქმნიათ რუსეთში პრობლემები?

- არასოდეს. სულ ვცდილობ, სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული იყოს, რადგან რუსების უმრავლესობა ქართველებს დიდ პატივს სცემს. ისე, თამაშის წინ "იუგრას" ფეხბურთელებს ისე ხშირად ვასმენინებ ხოლმე ირაკლი ფირცხალავასა და "მასტერის" სიმღერას თბილისზე, ლამის ჩვენი კლუბის ჰიმნად იქცეს (იცინის).

- დასანანია, უეფას თასის ოთხთა ფინალი დისკვალიფიკაციის გამო რომ გამოტოვეთ. თუმცა თამაშის შემდეგ ქართული დროშა მაინც აფრიალდა.

- კარგი იქნებოდა, ფინალშიც მეთამაშა, მაგრამ... მთავარია, გავიმარჯვეთ! პირველი ქართველი მოთამაშე ვარ, ვინც ეს პრესტიჟული ტურნირი მოიგო, თუმცა არც ბესო ზოიძისა და სერგეი ქორიძის დამსახურება უნდა დავივიწყოთ. სწორი მუშაობისა და ხელშეწყობის შემთხვევაში, გვაქვს პოტენციალი, ქართულმა კლუბმა ქართველი მოთამაშეებით მოიგოს უეფას თასი!