"იუნაიტედში" კანტონა იყო, "სიტიში" - ქინქლაძე!"
09-05-2016
"იუნაიტედში" კანტონა იყო, "სიტიში" - ქინქლაძე!"
"მე თუ მკითხავთ, კახას უნდა გაეგრძელებინა ნაკრებში მუშაობა. თუნდაც იმიტომ, რომ ქართველია"

სადღეისოდ ცხინვალიც საქართველოს ოკუპირებული ნაწილია, მაგრამ მაინც ბედის ირონია მგონია - აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ცხინვალის კლუბს რომ ხელმძღვანელობს... ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ შელია "ცხინ­ვალის" პრეზიდენტია და იმავდროულად, თბილისის საკრებულოს წევრიც. პროფესიული საფეხბურთო კარიერა 20 წლისამ დაიწყო და ძალიან მალე - რვა წელიწადში დაამთავრა. სამაგიეროდ, ამ პერიოდში ბევრი რამ მოასწრო - თბილისის "დინამოსა" და ვლადიკავკაზის "ალანიაში" პირველივე წელს გაჩემპიონება, გიორგი
ქინქლაძესთან ერთად "მანჩესტერ სიტიში" თამაში, შთამბეჭდავი სანაკრებო მატჩები და ა.შ. მურთაზ შელია "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- ჩვენს დროს ფეხბურთი გაცილებით მასობრივი იყო, ფეხბურთელიც რამდენიმე ათასით მეტი გვყავდა. სამწუხაროდ, ტექნოლოგიების განვითარებამ თანამედროვე ბავშვები ეზოს მოსწყვიტა. სტადიონზე თამაშს ურჩევნიათ, თავისუფალი დრო კომპიუტერში თავჩარგულებმა გაატარონ... გარდა ამისა, ქართულ
ფეხბურთს შევსების უმთავრესი წყარო - რეგიონული ფეხბურთიც მოაკლდა. 1994 წელს, უელსთან 5:0 მოგებულ მატჩში აფხაზეთში დაბადებულმა ექვსმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ! დღეს კი, რეგიონებში ფეხბურთი მასობრივი აღარ არის, ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება თუ არა, მაშინვე თბილისში მოჰყავთ.

- თქვენ დროს ჯერ კიდევ შეიძლებოდა, კოჩარაში გაზრდილი ბავშვი თბილისში ჩამოეყვანათ და "დინამოში", მერე კი უცხოეთის კლუბებშიც ეთამაშა მაღალ დონეზე. თანამედროვე ფეხბურთს სხვა მოთხოვნები აქვს...
- სხვათა შორის, "დინამომდე" საბჭოთა ჯარი მოვიარე და პროფესიული საფეხბურთო კარიერა 20 წლის ასაკში დავიწყე! ქართველებს ფეხბურთის თამაში გენში გვაქვს. ტალანტები დღესაც არიან, მაგრამ მათ დანახვა, მიმართულების მიცემა სჭირდებათ, თორემ შეიძლება სოფელში დაბადებული ბავშვისგან მსოფლიო დონის მოთამაშე დადგეს.

- ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებული თამაშის შემდეგ, რატომ იკარგებიან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები?

- იმიტომ, რომ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს. ახალგაზრდა მაშინ გაიზრდება, თუ გვერდით ეყოლება მინიმუმ 2-3 გამოცდილი ლეგიონერი, რომლებიც მისთვის მაგალითი იქნებიან მოედანზეც და მის მიღმაც. აზერბაიჯანელები ფეხბურთში ჩვენზე ნიჭიერები ნამდვილად არ არიან, მაგრამ ფული ჩადეს და დღეს მათი კლუბები წარმატებით თამაშობენ ევროთასებზე. ფული თუ არ ჩაიდო, ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა, სხვა ყველაფერი თავის მოტყუება იქნება. იმავდროულად, კარგი მენეჯმენტი და თანამშრომლებიც აუცილებელია, თორემ რამდენი მილიონიც უნდა გქონდეს, თუ ფული არამიზნობრივად იხარჯება, შედეგს ვერ მიიღებ.

- ფეხბურთის განვითარების პროგრამის ავტორები გვეუბნებიან, რომ სახელმწიფოს მიერ კლუბებისთვის გამოყოფილი თანხა მკაცრად გაკონტროლდება.
- სფფ-ს ახალი, ახალგაზრდა ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელსაც ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ახალი პროგრამაც გაამართლებს, მაგრამ საკითხავია - თუ არ გაამართლა, ვინ იქნება პასუხისმგებელი?!

- თქვენი იდეა ზღვისპირეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონის კურორტებისთვის კონკურენციის გაწევას გულისხმობს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთია, მაგრამ ფიქრობთ, რომ ჩვენი ზღვისპირეთის კლიმატური პირობებით შეგვიძლია, კონკურენცია გავუწიოთ, მაგალითად, თურქეთს?

- ვფიქრობ, საფეხბურთო შეკრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით უცხოური კლუბების დაინტერესება 5-6 თვემდე გაახანგრძლივებდა სეზონს შავი ზღვისპირეთში. ამინდს რაც შეეხება, შესაძლოა, რამდენიმე გრადუსი იყოს განსხვავება, თორემ წვიმა და სიცივე ანთალიაშიც არის. ეს სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მოიმატებს ვიზიტორების რაოდენობა და ა.შ.

- 13 მაისს 35 წელი სრულდება ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან. გახსოვთ მაშინდელი ემოცია?
- 12 წლის ვიყავი, მაგრამ იმ სიხარულის გამო მთელი ღამე არ მიძინია... საბჭოეთის ჩემპიონატში ძლიერ მეტოქეებთან თამაშით თბილისის "დინამო" ტონუსსაც ინარჩუნებდა და ფორმასაც, საქართველოს ჩემპიონატს კი დღეს სწორედ ძლიერი კლუბები აკლია... არადა, სწორად განვითარების შემთხვევაში, გვაქვს შანსი, კიდევ მივაღწიოთ წარმატებას.

- 1981-ის გარდა, არის კიდევ ერთი - სამარცხვინო 13 მაისიც... 2007 წლის 13 მაისს, როცა სფფ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი ნემსაძემ "გადადგომის" შესახებ განაცხადა, მისი გუნდის წევრი იყავით...

- მაშინ რაც მოხდა, უკვე ყველამ იცის. ყრილობის შემდეგ სუფრა ჩვენს რესტორანში გაიშალა, გამარჯვება რომ აღგვენიშნა, მაგრამ... როცა შევიტყვეთ, რომ ნემსაძე გადადგა და აღარ მოვიდოდა, ჩემს მაგიდასთან მყოფი უეფას დელეგატი გაკვირვებას ვერ მალავდა, ასეთი რამ არასდროს გამიგიაო... ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი დღემდე იმკის მაშინდელ შედეგებს.

- კახა კალაძე ქვეყნის ვიცე-პრემიერია, თქვენ - საკრებულოს წევრი, გოჩა ჯამარაული - გამგებელი... რას მივაწეროთ ფეხბურთიდან პოლიტიკაში გადანაცვლების ტენდენცია?

- კახა პოლიტიკაშიც ისეთივე წარმატებულია, როგორიც ფეხბურთელი იყო. ჩემი წარსულიდან და საქმისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ ამ საქმეს თავს გავართმევდი და, მგონი, არც შემცდარა (იცინის). სპორტი და პოლიტიკა ბევრით არაფრით განსხვავდება: მიზანდასახული უნდა იყო, ორგანიზაციული ნიჭი გქონდეს და არ გაგიჭირდება.

- თქვენი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელია კახა ცხადაძეც. იფიქრებდით, რომ საქართველოს ნაკრებში მისი მუშაობა ასე ხანმოკლე აღმოჩნდებოდა?

- არ ვიცი, რა მოხდა ცხადაძესა და სფფ-ს შორის, მაგრამ მე თუ მკითხავთ, კახას უნდა გაეგრძელებინა ნაკრებში მუშაობა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველია. ვაისზე ბევრად სახელოვანი უცხოელი მწვრთნელებიც ხომ გვყავდა? მიაღწია რომელიმემ წარმატებას? უცხოელი მწვრთნელისთვის ჯერ მზად არა ვართ. ჩვენს ახლანდელ ნაკრებს უფრო გამოადგებოდა ქართველი მწვრთნელი, რომელსაც კარგად ეცოდინება ჩვენი ხასიათი, რომელიც საქართველოში იცხოვრებს, დაესწრება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს და ა.შ.

- როცა "რეალი"-"სიტის" უყურებდით, რა გახსენდებოდათ მანჩესტერში გატარებული დროიდან?
- თითქმის ოცი წელი გავიდა, მაგრამ "მანჩესტერ სიტი" დღემდე "ჩემს" გუნდად რჩება, ოღონდ მაშინ ვინ წარმოიდგენდა, "ქალაქური" კლუბი ამხელა მასშტაბებს თუ მიაღწევდა და ევროპული ფეხბურთის გრანდი გახდებოდა. ინგლისის ჩემპიონატი ჩემი სტილის შესაფერისი იყო, მაგრამ მძიმე ტრავმა მაინცდამაინც მაშინ მივიღე, როცა კარგ ფორმაში ვიყავი. იმ ტრავმის შემდეგ, ფაქტობრივად, დავასრულე კარიერა. ყოველ შემთხვევაში, ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი და 28 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლა გადავწყვიტე...

- "სიტიში" გიორგი ქინქლაძესთან ერთად თამაშობდით, რომელიც მაშინ უკვე იყო მანჩესტერელი ფანების კერპი...

- დღეს ყველა მესის თამაშით არის აღფრთოვანებული, ქინქლაძე კი, ინგლისის მაშინდელი ჩემპიონატის "მესი" იყო! გიო დღემდე უზომოდ უყვართ მანჩესტერში, ახლახან მორიგი გამოკითხვა ჩატარდა "სიტის" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების გამოსავლენად და ხმების 73%-ით პირველი ადგილი დაიკავა! საგრძნობლად აჯობა სილვას, ტევესს, ტურეს და სხვ. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ დროს "იუნაიტედში" კანტონა იყო, "სიტიში" - ქინქლაძე!

- მეტის მიღწევაში მართლაც სიზარმაცემ შეუშალა ხელი?
- მანჩესტერიდან დრო­ულად რომ წასულიყო, შეეძ­ლო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო! სამწუხაროდ, "სიტიში" დიდხანს დარჩა და ოქროს წლები დაკარგა. მერე არც "აიაქსში" აეწყო საქმე... გიოს ჰქონდა პოტენციალი, მარტოს გაეყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე!

- ქინქლაძის გარდა, იმ ფორმაციის ნაკრებში არაერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი თამაშობდა. რა დაგვაკლდა ფინალურ ეტაპამდე?

- გამოცდილება. ლეგიონერები თითზე ჩამოსათვლელი გვყავდა, ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა. როგორი საქმეა, ხაშურის "ივერიასა" და ფოთის "კოლხეთთან" თამაშს მიჩვეულ ფეხბურთელს გერმანიის ნაკრებთან სათამაშოდ რომ გაიყვან?! იმ თაობას უფრო ადრე რომ მიეღო გამოცდილება საზღვარგარეთულ კლუბებში, უკეთეს შედეგს მივაღწევდით.

- სანაკრებო მატჩებიდან, ყველაზე სასიამოვნოდ რომელი გახსენდებათ?

- ბულგარეთს კარგი მატჩი მოვუგეთ, მაგრამ იტალიასთან თბილისში ნათამაშები ფრე უფრო კარგად მახსენდება. ყველაზე მწარედ ინგლისთან 0:2 წაგება მახსოვს: პირველი გოლის დროს ართმევაზე წავედი, მაგრამ ბურთი ახტა და... ფაქტობრივად, არაფრისგან ვაჩუქე ინგლისელებს­ გოლი. გერმანიასთან შეხვედრასაც საოცარი აჟიოტაჟი ახლდა. რატომღაც ყველა ელოდა, რომ აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. არადა, როგორ უნდა მოგვეგო გერმანიის იმ ნაკრებისთვის?! თამაშის წინ 88 კილოგრამი ვიყავი, ნამატჩევს - 83 და მაინც 0:2 წავაგეთ. მეცინებოდა - რომ მოგვეგო, ალბათ, 80 კილოგრამი დავრჩებოდი-მეთქი... კიდევ, იცით, რა მახსოვს? სანამ უეფაში მიგვიღებდნენ, თემურ ქეცბაიას დახმარებით, კვიპროსზე ჩავდიოდით და ღამით, მალულად ვეთამაშებოდით ხოლმე იქაურ კლუბებს - არავის რომ არ გაეგო და ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდისთვის დისკვალიფიკაცია არ მიეცათ!
beso
18 მაისი 2016 15:13
vajkazii kaci xar
პაატა
17 მაისი 2016 11:49
მურთაზ შელია მართალი კაცია.ძალიან გულისხმიერი და დადებითი პიროვნებაა. უძლიერესი ფეხბურთელი იყო და პოლიტიკაშიც გაამართლა.ფეხბურთზე უზომოდაა შეყვარებული და სწორედ მას უნდა ეკითხებოდეს ჭკუა ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში.

რედაქტორის რჩევით