"თქვენ უნდა გინდოდეთ, თორემ მე ისედაც ვარ ფეხბურთში!"
23-05-2016
"თქვენ უნდა გინდოდეთ, თორემ მე ისედაც ვარ ფეხბურთში!"
"ვისგან მაქვს აღებული ფული - არველაძეებისგან, ქინქლაძისგან, კობიაშვილისგან თუ კალაძისგან?!"

"ვიცი, რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, მიმტანებად რომ მუშაობენ და მერე მიდიან ფეხბურთის სათამაშოდ"

"როგორ უნდა უხელმძღვანელო კლუბს, თუ ის ვერ გაგიგია, რომ გუნდში მატჩის გამყიდველი ფეხბურთელები გყავს?!"


ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. თუმცა ქართველებს ისეთი ფეხბურთელებიც გვყავს, კონტინენტის პირველობაზე არათუ ფინალურ ეტაპზე, ფინალშიც რომ უთამაშიათ! ევროპის 1972 წლის მთავარ მატჩში (დასავლეთი გერმანია-სსრკ) ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა -
მურთაზ ხურცილავამ და რევაზ ძოძუაშვილმა. "ევრო-2016"-ის დაწყებამდე ორიოდ კვირით ადრე სწორედ ერთ-ერთ მათგანს - რევაზ ძოძუაშვილს შევეხმიანეთ და ევროპის ჩემპიონატის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ:

- ევროპულმა ფეხბურთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არც სამხრეთ ამერიკას ჩამორჩება და არც სხვებს. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა და მით უმეტეს, ფინალში
გასვლა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა და სწორ გზას ადგას. ქართულ ფეხბურთსაც ვუსურვებ, მალე გვეთამაშოს კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე.

- ევროპის 1972 წლის ჩემპიონატიდან რა გახსოვთ ყველაზე მძაფრად?

- კარგი გუნდი გვყავდა და ფინალშიც გაცილებით უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრ პონომარიოვი, მძიმე ავადმყოფობის გამო ყველაზე საჭირო დროს გამოგვაკლდა და, ფაქტობრივად, მწვრთნელის გარეშე ვითამაშეთ... ფინალში გერმანელებთან დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, მაინც ვამაყობ, რომ ნახევარფინალიც და ფინალიც მაღალ დონეზე ჩავატარე. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ ისე "ამოვკეტე" მარცხენა ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელი, ერვინ კრემერსი, მას შემდეგ ნაკრებში აღარც მიუწვევიათ. მარცხენა ფლანგიდან, ფაქტობრივად, ერთი შეტევაც არ გაგვიშვია. სამაგიეროდ, ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გერდ მიულერმა, აიკლო ჩვენი დაცვის ცენტრი, რადგან წამყვანი ცენტრალური მცველის ნაცვლად, მურთაზ ხურცილავას ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუწყვილეს და გამოუცდელმა მოთამაშემ ამხელა წნეხს ვერ გაუძლო. ისიც სათქმელია, რომ პირველი გოლის დროს მიულერმა ხელით გაისწორა ბურთი, მსაჯმა კი ამაზე თვალი დახუჭა!

- გერმანელებს მაშინ უძლიერესი გუნდი ჰყავდათ...

- და გენიალური მწვრთნელი! ჰელმუტ შიონმა ფინალშიც დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ტაქტიკოსი იყო. დაცვის ცენტრში, ე.წ. თავისუფალი მცველის, ანუ "მწმენდავის" პოზიციაზე ბეკენბაუერი ათამაშა, ცენტრალურ ნახევარმცველად კი, გიუნტერ ნეტცერი. ნეტცერი ნახევარდაცვის ლიდერი იყო და ჩვენებმა პერსონალურ მეურვედ ვლადიმირ ტროშკინი მიუჩინეს. საპასუხოდ, შიონმა ნეტცერი "მწმენდავის" პოზიციაზე დახია, დისპეტჩერის როლი კი ბეკენბაუერმა ითავა. სწორედ ამ ნოვატორული ცვლილებებით გადაწყვიტა გერმანელთა მწვრთნელმა მატჩის ბედი.

- რით განსხვავდებოდა მაშინდელი ფეხბურთი?

- სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ფეხბურთელებს მიეცათ უცხოურ კლუბებში თამაშის სტიმული და შესაძლებლობა. შეიცვალა მიდგომაც, რომლის მიხედვით, 30-31 წლის მოთამაშე საბჭოურ ფეხბურთში უკვე ვეტერანად მიიჩნეოდა და კარიერა უნდა დაესრულებინა.

- კიდევ რა შეიცვალა ბოლო წლებში?

- როცა საზღვარგარეთ თამაშის შესაძლებლობა მიეცათ, ყოფილი საბჭოეთის ფეხბურთელებს მოტივაციაც მოემატათ და მენტალობაც, თორემ, რომ ამბობენ, თანამედროვე ფეხბურთში მეტი სისწრაფეაო, დავიჯერო, თანამედროვე ფეხბურთელები გარინჩაზე, მესხზე, მეტრეველზე, შესტერნიოვზე, ბლოხინზე სწრაფები არიან?! თუმცა დღეს ფეხბურთელს კლასის ამაღლების მეტი შესაძლებლობა აქვს - ხშირი თამაში ევროთასებზე, სანაკრებო მატჩებში და ა.შ. როცა ხშირად თამაშობს ასეთი დონის ტურნირებში, ფეხბურთელს კლასიც ემატება და გამოცდილებაც. საქართველოში კი, ჯერაც იმაზე ვლაპარაკობთ,­ 16 გუნდი იყოს ეროვნულ ჩემპიონატში, 12 თუ 10...

- მხოლოდ რაოდენობაშიც არ არის საქმე - მოედანი და პირობები თუ არ იქნება, როგორ უნდა გაიზარდოს ფეხბურთელი?

- საშინელი სიღარიბეა დღეს ჩვენს ფეხბურთში. წამოდით და ნახეთ, რა დღეში არიან პირველი და მეორე ლიგის გუნდები. ბურთი რომ გადავარდება მოედანს მიღმა, თამაში რამდენიმე წუთით ჩერდება, რადგან სხვა ბურთი არა აქვთ და მის მოტანას ელოდებიან.

- ფეხბურთელის კარიერა რომ დაასრულეთ, რამდენიმე წელიწადში თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო. გული არ გწყდებათ, ამ დიდ გამარჯვებას გუნდთან ერთად რომ ვერ შეხვდით?

- საბჭოეთში მთავარი იყო, სსრკ-ის ჩემპიონატი და ნაკრები ყოფილიყო ძლიერი, ევროპულ თასებს კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ. მითამაშია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ეტაპზე, ოლიმპიადაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალში... ფეხბურთში ამაზე მეტი აღარაფერია! 4-5 წლის განმავლობაში შეუცვლელად ვთამაშობდი ნაკრებში, ყველა დიდ ტურნირში მივიღე მონაწილეობა, გასაქანს არ ვაძლევდი უძლიერეს თავდამსხმელებს. ამიტომაც გული არ მწყდება - 13 მაისის ფინალში რომ მეთამაშა და ეს მიღწევები არ მქონოდა, გაცილებით გულნატკენი ვიქნებოდი.

- ცნობილია, რომ პერსპექტიული ფეხბურთელების "ამოცნობა" შეგიძლიათ და ეძებთ კიდეც. რა ხდება ამ მხრივ ქართულ ფეხბურთში?

- ყოველდღიურად მაქვს შეხება ბავშვებთან, ახალგაზრდა მოთამაშეებთან, მოყვარულ ფეხბურთელებთან. დღესაც დავესწარი მეორე ლიგის ორ მატჩს... პირდაპირ გეტყვით - არასრულფასოვანმა კვებამ ბევრი ნიჭიერი და ჯანმრთელი მოთამაშე დაუკარგა ქართულ ფეხბურთს. ვიცი, რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, მიმტანებად რომ მუშაობენ და მერე მიდიან ფეხბურთის სათამაშოდ. მახსოვს, ვეტერანი ფეხბურთელები შევხვდით ბიძინა ივანიშვილს და მაშინ მითხრა, რასაც თქვენ ამბობთ, იმის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ქართულ ფეხბურთში დიდ ფულს ჩავდებთო. აჰა, ჩაიდო კიდეც, უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, აღარ იქნებიან მშიერი ფეხბურთელები, მაგრამ ახლა მთავარია, ვის ხელში აღმოჩნდება და რამდენად მიზნობრივად გამოიყენებენ სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხას!

- და როდის გაიწმინდება საფეხბურთო სამყარო ფეხბურთში ფულის საშოვნელად მოტრიალე ხალხისგან? გასულ კვირას გარიგებულ მატჩში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დასაჯეს...

- სადისციპლინო კომიტეტი კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ამტკიცებს ხოლმე, რომ ესა თუ ის მატჩი ჩაწყობილი იყო! არადა, როგორ უნდა უხელმძღვანელო კლუბს, თუ ის ვერ გაგიგია, რომ გუნდში მატჩის გამყიდველი ფეხბურთელები გყავს? თუ ფეხბურთელები ამას გიკეთებენ, ე.ი. მმართველად არ ვარგიხარ. კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში "მეგობარი მწვრთნელების" კასტაც გვხვდება. გყავს მეგობრები მთავრობაში? დაგნიშნავენ კლუბის მწვრთნელად! არადა, მთავარი შედეგი უნდა იყოს და როცა ხედავ, რომ მწვრთნელმა სეზონი ჩააგდო, უნდა გაათავისუფლო! წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთო - ასე თავის მართლებით როდემდე შეიძლება მოატყუო თავი და კლუბი? სანამ წარუმატებლობისთვის მწვრთნელის გაშვებას არ ვისწავლით, წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

- როდემდე იქნება უმუშევარი რევაზ ძოძუაშვილი?

- ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" ვიყავი და რომ შევპირდი, ევროთასზე გაგიყვანთ-მეთქი, მთავარია, უმაღლესი ლიგიდან არ გავვარდეთო! საქმისადმი ასეთი მიდგომით და ოთხთვიანი კონტრაქტებით რა წარმატებაზეა ლაპარაკი? ასეთ მუშაობაზე გული ნამდვილად არ მწყდება... უსაქმოდ არც ახლა ვარ. ისე კი, თქვენ, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს უნდა გინდოდეთ, რომ რეზო ძოძუაშვილი იყოს ფეხბურთში, თორემ მე ისედაც ვარ ფეხბურთში!

- რას უპასუხებთ მათ, ვინც ამბობს­, რომ რევაზ ძოძუაშვილი ფულს იღებდა ნაკრებში ფეხბურთელების წაყვანაში?

- ასეთი ჭორების გამავრცელებლებს მოკლედ ვუპასუხებ - ყველგან წარმატებით ვიმუშავე და ყველგან საუკეთესო ფეხბურთელები მიმყავდა! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველმა მე გავაკეთე ძლიერი გუნდი. ან, ვისგან მაქვს აღებული ფული - არველაძეებისგან, ქინქლაძისგან, კობიაშვილისგან თუ კალაძისგან? რუსთავში რომ ვმუშაობდი, იმ გუნდიდან შვიდი ფეხბურთელი მოხვდა ნაკრებში, მათ შორის, ლევან კობიაშვილიც. ნიჭიერები, მაგრამ ღარიბი ოჯახების შვილები იყვნენ, სად ჰქონდათ ფული ან მე რაში მჭირდებოდა? მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელისგან ფულს იღებს, ძლიერ გუნდს ვერასდროს გააკეთებს, სამაგიეროდ, არველაძესა და ქინქლაძეს რომ გაზრდის, უფრო მეტს მიიღებს! ლატვიაში ჩემი ჩასვლით იქაურმა ფეხბურთმა 18 მილიონი მოიგო, საიდანაც მეც შემხვდა კუთვნილი 10%. ასე რომ, ამტკიცონ, სხვა თუ ვერაფერი მომიგონეს, რაღაცით ხომ უნდა გაგიფუჭონ სახელი? მანუჩარ მაჩაიძეს სხვა ვერაფერი მოუგონეს და, ბურთს ატარებსო. ფეხბურთელმა ბურთი უნდა ატაროს, აბა, რა?! ვინც ბურთს ვერ აკონტროლებს, ის რა ფეხბურთელია.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ცვლილებაზე რას იტყვით, აუცილებელი იყო?

- მოვიდა ახალი ჯარი ახალი გენერლით, რომელმაც ძველი გვერდით გასწია და ამბობს, ჩემი შემადგენლობით მოვდივარ და ომს უეჭველად მოვიგებო. ვერც შევეკამათებით, სანამ მისი მუშაობის შედეგს არ ვნახავთ. ვნახოთ და მერე ვილაპარაკოთ.

- ერთი თამაშით ახალი მწვრთნელის შეფასება არასწორია, მაგრამ რაც ნახეთ, რა გენიშნათ?

- კარგია, რომ ვაისს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. წლების განმავლობაში უმეტესად დაცვიდან, ანუ მეორე ნომრად ვთამაშობდით, ვაისმა კი ფლანგების მცველებსაც დაავალა შეტევაში ჩართვა. ცენტრალური მცველების გარდა, ფაქტობრივად, მთელი გუნდი უტევდა. თუმცა თავადაც მაშინ გავუშვით გოლი, როცა ფლანგის მცველმა უკან დაბრუნება დააგვიანა. ვაისს სიახლის არ შეეშინდა და სადებიუტო მატჩშივე გვაჩვენა, როგორ თამაშს ანიჭებს უპირატესობას. თუ სლოვაკი მწვრთნელი მეორე შეხვედრაში აღმოფხვრის იმ შეცდომებს, რაც ყაზახეთთან მატჩში ვნახეთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სწორ გზას ადგას.

- როგორ უნდა შეარჩიოს ნაკრების მწვრთნელმა ფეხბურთელები, როგორია თქვენეული რეცეპტი?

- დღეს ინფორმაციის მიღების უამრავი გზა არსებობს, მაგრამ ფეხბურთელი საქმეში თუ არ ნახა, მწვრთნელი მხოლოდ სხვისი მონაყოლით ვერ შეაფასებს. არც მხოლოდ თამაშის ნახვა კმარა - მწვრთნელმა უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს, რა ინტერესები და რეჟიმი აქვს ფეხბურთელს, რის გაწირვა შეუძლია ნაკრებისა და ფეხბურთისთვის... უნდა შეიქმნას მეორე ნაკრებიც, სადაც საქართველოს პირველობის ფეხბურთელები ითამაშებენ და ქვეყნის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ტურნირზე ითამაშებენ, რომ 3-4 მოთამაშე მაინც გამოადგეს ეროვნულ გუნდს. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.

- "ევრო-2016"-ის დაწყებამდე ორი კვირა დარჩა. რას ელით ევროპის ჩემპიონატისგან?

- ვფიქრობ, წინასთან შედარებით, გაცილებით უკეთეს ჩემპიონატს ვნახავთ. ევროთასებზეც და სანაკრებო დონეზეც ძალიან იმატა დაძაბული და სანახაობრივი მატჩების რიცხვმა, რაც აუცილებლად აისახება ევროპის ჩემპიონატზეც. რაც შეეხება ფავორიტებს, "ევრო-2016"-ზე არაერთი ძლიერი ნაკრებია, წარმატება კი მას დარჩება, ვინც სხვებზე უკეთ იქნება მომზადებული.
gela
04 ივნისი 2016 10:00
ერთხელ დაგენიშნათ ეს კაცი ნაკრებში. მე მახსოვს დათო ყიფიანთან ერთად იყო.მარტოს არ მისცეს ნაკრები.ჩვენებს ქართველი ტრენერი უნდა რით ვერ გაიგეთ.ცხადაძე რო გააგდეთ რა მიიღეთ, ასეთი საშინელი ნაკრების თამაში მე არ მახსოვს
ძმა
04 ივნისი 2016 09:40
როგორ შეიძლება რეზოზე ცუდის თქმა. ლატვიის გუნდს რიგის "დაუგავას"თბილისის დინამო ასტრონომიული ანგარიშით უგებდა ყოველთვის. რეზომ არაფრისგან შექმნა იქ გუნდი და ათამაშებდა ისეთ ფეხბურთს, რაც მათ მომზადებას შეეფერებოდა და მიიღო მაღალი შედეგი. აქ კი ამ "ტრიკიანებმა" (ბოდიში საზოგადოებასთან), ქუთაისის "ტორპედოშიც" კი არ გააჩერეს 1 წელი.
...
31 მაისი 2016 15:55
ნოდარ

30 მაისი 2016 16:04
როდესაც გუნდი გასვლას იგებს და შენ ბურთს ვერავინ გართმევს ამაზე რას იტყი?მანუჩარმა ბევრჯერ იხსნა დინამოს სახელი და რამოდენიმე წელიც ატარა გუნდი თავისი მხრებით.ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და არა თქვენსავით მოსმენილი

რედაქტორის რჩევით