"ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდი, მეუღლემ მითხრა, - თუ გაიმარჯვე, იცეკვეო, - მეც პირნათლად შევუსრულე პირობა" - კვირის პალიტრა

"ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდი, მეუღლემ მითხრა, - თუ გაიმარჯვე, იცეკვეო, - მეც პირნათლად შევუსრულე პირობა"

"ენით აღუწერელი განცდაა, როდესაც საქართველოს ჰიმნი ირთვება, შენს დროშას მთელი დარბაზი ფეხზე უდგება და ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა"

"ბევრჯერ მქონდა შანსი, რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი, მაგრამ საქართველოს ფინანსებზე და კომფორტზე ნამდვილად ვერ გავცვლიდი"

"მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს ძლიერი კაცი"

ნინო ოძელაშვილი, პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც სამბოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა გამარჯვებამ და შემდგომ ამის აღნიშვნამ ქართველი გულშემატკივარი აღტაცებაში მოიყვანა. საიდან დაიწყო ნინოს კარიერა, ვინ უდგა გვერდში და რა გეგმები აქვს მომავალში? - ამაზე ნინო გვესაუბრება.

- პატარაობიდან სპორტსმენების გარემოში ვიზრდებოდი. ხუთი და-ძმა ვართ და ხუთივე სპორტსმენი. ჩემი პირადი მწვრთნელიც ჩემი ოჯახის წევრი - მამაჩემია. ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბავშვი ვიყავი, დავდიოდი ტანვარჯიშზე, ფეხბურთზე, კარატეზე, კრივზე. საბოლოოდ ძიუდოში გავაგრძელე ვარჯიში, თუმცა მაშინ გოგოების სექცია არ იყო, ამიტომ ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, თმები გადამხოტრეს და შეჯიბრებეზე რომ გავდიოდი მეტოქეებმა არ იცოდნენ რომ გოგო ვიყავი. იმის გამო რომ ქალი ვარ, ძალიან უჭირდათ რეალურად აღქმა, რომ მეც ჩვეულებრივი პორტსმენი ვიყავი. მამაჩემი სულ კუდში დამდევდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. მაშინ ხშირად ამბობდნენ რომ გოგო ძალისმიერ სპორტში არ უნდა იყოსო, მაშინაც და ახლაც ყველგან ვამტკიცებ, რომ როგორც კაცია ძლიერი არა ნაკლებად ძლიერია ქალი, მერწმუნეთ, მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს ძლიერი კაცი.

- რატომ გადახვედი ძიუდოდან სამბოში?

- როცა უკვე გავიზარდე, ძიუდოში დაფინანსება აღარ იყო და ეს გახდა ძირითადი მიზეზი. სამბოში თავიდანვე სერიოზული შედეგები მქონდა, რამაც ბუნებრივია სტიმული შემმატა. საერთაშორისო ტურნირში პირველად 2008 წელს ვიჭიდავე, მაშინ ძალიან გამიჭირდა მწვრთნელების დარწმუნება, რომ მოეცათ ჭიდაობის უფლება, რადგან თვლიდნენ გოგონა ნაზია, ვერ შეძლებსო, მოკლედ, მოჭიდავის კვოტა ერჩივნათ ბიჭებზე გამოეყენებინათ. საბოლოოდ დავარწმუნე, რომ მოეცათ შანსი და ბრინჯაოს მედალი ავიღე. ამის მერე უკვე სერიოზულად აღიქვეს ჩემი შესაძლებლობები.

- შეურაცხმყოფელი რეპლიკები თუ ყოფილა?

- სამწუხაროდ კი, მაგის გამო მიჩხუბია კიდეც, სხვათა შორის გოგებისგანაც ყოფილა ნეგატიური შეფასება, უთქვამთ - ქალებს სახელს უფუჭებ შენი საქციელითო.

- მეუღლემ როგორ მოგაწონა თავი ასეთ ძლიერ ქალს?

- ჩემი მეუღლე ყოფილი სპორტსმენია და ძალიან უყვარდა სპორტსმენი გოგონები, ალბათ ამანაც ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენს დაახლოებაში. ძალიან მიხარია, რომ გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, ვინც ბოლომდე გვერდში მიდგას.

- თუ გაქვს სურვილი შენი ქალიშვილი გახდეს მორაგბე, მოკრივე, მოჭიდავე...

- ჩემი მეგობარი სპორტსმენი გოგონებისაგან ხშირად გამიგია - მე რაც ვიწვალე არ მინდა ჩემმა შვილმაც იგივე გაიაროსო. მე პირადად ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები. არავინ აძალებს ბავშვს რამის გაკეთებას, ტრამვის და დაბრკოლების შიშით კი რამეზე უარის თქმა გაუმართლებელი მგონია, რადგან იმედგაცურებაც და ბარიერიც ცხოვრების ყველა სფეროშია. შრომაც ყველგან საჭიროა, ვერაფერს მიაღწევს შრომის გარეშე. ჩემს შვილებს აუცილებლად მივიყვან სპორტზე, ჩემზე დიდ შედეგებს მივაღწევინებ და მათი წარმატებით უფრო ვიამაყებ, ვიდრე ჩემი გამარჯვებებით.

- ევროპის ჩემპიონი გახდი, მსოფლიოს ჩემპიონობით როდის უნდა გაახარო გულშემატკივარი?

- მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერში ბულგარეთშია და წინასწარ რამის თქმა არ მინდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვემზადები. ძალიან ოპტიმისტურად ველოდები ამ მომენტს. მცირე ტრამვა მაქვს, მაგრამ საშიში არაფერია. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზეც ტრამვით ვიჭიდავე, ჩვენს ექიმს გიორგი ქავთარაძეს დიდი მადლობა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ წარმატებით გამოვსულიყავი. ფინალში ჭიდაობამდე სამი გამაყუჩებლი მქონდა მიღებული. ძალიან მწყდება გული, რომ გაუგებრობის გამო 2015 წლის ბაქოს ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გამოვედი, თორემ აუცილებლად მედალს ავიღებდი, რადგან ახლა ევროპაზე, ბაქოს ოლიმპიადის გამარჯვებულსაც და ვერცხლის პრიოზიორსაც მოვუგე. იმედია მსოფლიოზეც გავახარებ ჩემს გულშემატკივარს, ენით აღუწერელი განცდაა, როდესაც საქართველოს ჰიმნი ირთვება, შენს დროშას მთელი დარბაზი ფეხზე უდგება და ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. ბევრჯერ მქონდა შანსი, რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი, მაგრამ საქართველოს ფინანსებზე და კომფორტზე ნამდვილად ვერ გავცვლიდი.

- ნინო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ცეკვას, რომელიც გამარჯვების მერე შეასრულე...

- (იცინის) ცეკვა მოყვარულის დონეზე ვიცი და ძალიან მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდი, მეუღლემ მითხრა, თუ გაიმარჯვებ, იცეკვეო, მეც დავპირდი, რომ აუცილებლად ვიცეკვებდი და პირნათლად შევუსრულე პირობა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)