საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, "შემტევი", უმეტესწილად, პირობითი ცნებაა - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, "შემტევი", უმეტესწილად, პირობითი ცნებაა

ყენიას გოლი რომ არა, ანგარიშიც თამაშივით "მშრალი" იქნებოდა"

ერთ პრობლემას - "გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია", მეორე უკიდურესობაც ემატება - "რაც შეგვიძლია, იმდენსაც არ ვინდომებთ"

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიული შეკრება 24 მაისს დაიწყო, 27-ში კი პირველი საკონტროლო შეხვედრაც გამართა: ავსტრიის ქალაქ ველსში ჩვენები 1:3 დამარცხდნენ სლოვაკეთის ეროვნულ გუნდთან. ჩვენმა ნაკრებმა მეორედ ითამაშა სლოვაკი ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით და ვერც ამჯერად გაგვახარა. უფრო სწორად, სიხარულს ვინ ჩივის - კითხვის ნიშნებმაც იმატა და გაშვებულმა გოლებმაც. "დინამო არენაზე" ყაზახებთან ნათამაშები 1:1 წარმატებად არავის ჩაუთვლია, მაგრამ იმ მატჩში იყო ეპიზოდები, როცა ჩვენი ნაკრები ან ცალკეული ფეხბურთელები მაინც თამაშობდნენ თანამედროვე ფეხბურთს. აი, სლოვაკეთთან შეხვედრაში კი იმედისმომცემი ბევრი ვერაფერი ვნახეთ.

სლოვაკეთისა და ყაზახეთის ნაკრებების შედარებაც არ შეიძლება. ევროპელებს გაცილებით ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებენ. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ საქართველოსთან შეხვედრაში, სლოვაკებმა თუ მთლად მეორე შემადგენლობით არა, ლიდერების გარეშე ნამდვილად ითამაშეს. თავად განსაჯეთ, განაცხადშიც კი არ ყოფილან "ლივერპულის" ცენტრალური მცველი მარტინ შკრტელი, "ნაპოლის" შემტევი მარეკ ჰამშიკი, ჩვენი ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის ვაჟი - უმცროსი ვლადიმერ ვაისი და სხვ. შესაბამისად, ვერ ვნახეთ მამა-შვილის დაპირისპირება. შვილის რა გითხრათ, მაგრამ ნამატჩევს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ალბათ, მწარედ ნანობდა, თანამემამულეების წინააღმდეგ რომ მოუწია თამაშმა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ვითარებაში და ასეთი გუნდით.

"ასეთ გუნდში" ვგულისხმობთ რამდენიმე დღის შეკრებილ ფეხბურთელებს, რომელთა შორის დებიუტანტებიც იყვნენ. გარდა ამისა, სხვადასხვა მიზეზით ვაისმა რამდენიმე მოთამაშეც მოისაკლისა. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ჯაბა კანკავასა და ტრავმირებული ჯანო ანანიძის არყოფნა, რომელიც ლამის ერთადერთია საქართველოს ამ ნაკრებში, ვისაც სახიფათო შეტევის წამოწყება და შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეუძლია. ავადმყოფობის გამო არ უთამაშია უჩა ლობჟანიძესაც, რომელსაც ბოლო წლებში ვერაფრით მოვუძებნეთ შემცვლელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე. როგორ შეცვალა ის ოთარ კაკაბაძემ, თავად ნახავდით. საკლუბო მატჩების გამო ნაკრებს გვიან შეუერთდნენ გიორგი ჭანტურია და გიორგი აბურჯანია.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშეს "დინამოელებმა" - ჯაბა ჯიღაურმა და ვახტანგ ჭანტურიშვილმა. ეს უკანასკნელი ვაისმა სულაც ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, თუმცა 22 წლის ახალბედას აშკარად ეტყობოდა სადებიუტო მატჩისთვის დამახასიათებელი ნერვიულობა და მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე მის ნაცვლად ლევან ყენიამ ითამაშა.

თამაშის დეტალურ აღწერას არ შევუდგებით - უმეტესობას ნანახი გექნებათ და ძალთა თანაფარდობაზე ანგარიშიც კარგად მეტყველებს. ლობჟანიძის არყოფნას თუ არ ჩავთვლით, დაცვის ხაზში ვაისს არაფერი შეუცვლია: ცენტრში კაშია-კვირკველიას დუეტი, ფლანგებზე - ნავალოვსკი-კაკაბაძე. კაპიტან კანკავას არყოფნაში სლოვაკმა მწვრთნელმა საყრდენებად სანდრო კობახიძე და ნიკა კვეკვესკირი გაამწესა, შემტევებად - ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ჭანტურიშვილი და მჭედლიძე.

ოღონდ აქვე განვმარტოთ, რომ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, "შემტევი", უმეტესწილად, პირობითი ცნებაა და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა - ოქრიაშვილის რამდენიმე მცდელობას თუ არ ჩავთვლით, ჩვენს გუნდს შეტევაში არაფერი გამოსვლია. ის ერთადერთი ბურთიც ყენიას ინდივიდუალურ ქმედებას მოჰყვა და ისიც მაშინ, როცა შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებით ცუდად ითამაშა პირველ ტაიმში და გოლიც მატჩის დაწყებიდან ხუთიოდ წუთში გაუშვა. ნამატჩევს ქომაგები ირონიულად ხუმრობდნენ - სწრაფი გოლი რომ არ გაგვეშვა, მოვიგებდითო. გოლი "სწრაფიც" გავუშვით და "ნელიც" (მეორე ტაიმში), მაგრამ ქართველი ფეხბურთელების თამაშს ეს არც ერთ შემთხვევაში არ დასტყობია - ისე დინჯად დასეირნობდნენ მოედანზე, თითქოს სლოვაკებმა კი არა, მათ უნდა ითამაშონ ევროპის კარსმომდგარ ჩემპიონატზე და ძალას ზოგავენო.

ძალის რა გითხრათ და, მეტოქეს ჩვენი მეკარე ნამდვილად არ დაუზოგავს. ვერ ვიტყვით, რომ იან კოზაკის შეგირდებმა განსაკუთრებულად მოინდომეს, ან თავქუდმოგლეჯილი გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენისთანა გუნდის დიდი ანგარიშით დასამარცხებლად რამდენიმე შეტევაც საკმარისი გამოდგა. ორჯერ (მე-5 და 57-ე წუთებზე) ნემეტმა გაგვიტანა, 71-ე წუთზე კი ზრელაკმა მოამთავრა საქმე და ყენიას მიერ რამდენიმე წამში გატანილი ლამაზი გოლი მხოლოდ ანგარიშის "შესალამაზებლად" გვეყო.

მოტივაციის, მოძრაობის და კონცენტრაციის ნაკლებობა - ამით ქართველმა ფეხბურთელებმა თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში დაგვამახსოვრეს თავი და ამ ფონზე სხვაგვარი შედეგი ალოგიკური იქნებოდა.

რამდენ გოლს გაიტანდნენ სლოვაკები, ძირითადი შემადგენლობით რომ ეთამაშათ? ეს კითხვაც მარჩიელობას ჰგავს - რა მოხდებოდა, მოედნის ცენტრში კანკავა და ანანიძე რომ გვყოლოდა? ამხანაგური მატჩი იყო და ანგარიში იქნებ მეორეხარისხოვანიც არის, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ანგარიშზე მეტად ჩვენების ნაჩვენები "თამაში" გვაწუხებს. პირადად მე ამჯერადაც მენიშნა ყაზახეთთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ლევან კობიაშვილის სიტყვები: როცა ახალი მწვრთნელი პირველივე მატჩში გენდობა და ძირითად შემადგენლობაში გაძლევს თავის გამოჩენის შანსს, საკუთარ თავსაც უნდა აჯობო და ბოლომდე დაიხარჯოო.

არა მხოლოდ სადებიუტო მატჩში, ნაკრების ფეხბურთელი ნებისმიერ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ეს არც სკოლაში ისწავლება და არც X6-ში, ფეხბურთელი ამას ჯერ კიდევ ნაკრებში მოხვედრამდე უნდა აცნობიერებდეს! ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე სალაპარაკოც არაფერია, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ მაინც სულ ამაზე გვიწევს ლაპარაკი. და ერთ პრობლემას - "გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია", მეორე უკიდურესობაც ემატება - "რაც შეგვიძლია, იმდენსაც არ ვინდომებთ"...

მწვრთნელი? უცხოელ მწვრთნელს შენი სამშობლოს სიყვარულის სწავლება გაუჭირდება, მაგრამ კარგი იქნება, რაც ევალება, ფეხბურთელებამდე იმას მაინც თუ მიიტანს. ვლადიმირ ვაისი ახალი მოსულია საქართველოს ნაკრებში და რაც დრო (და თამაშები) გადის, ალბათ, უკეთ აცნობიერებს, როგორ შარში გაყო თავი. აკი ნამატჩევს თქვა კიდეც, ასე თამაში არ შეიძლებაო... რომ არ შეიძლება, მაინცდამაინც ისე რომ ვთამაშობთ, ჩვენზე უკეთ ვინ იცის?! თქვენ ის გვასწავლეთ, სწორად როგორ ვითამაშოთ...

სამწუხაროდ, ვლადიმირ ვაისის შეგირდები ჯერაც არეულად თამაშობენ, მაგრამ ერთი-ორი თამაშით მწვრთნელისა და მისი გუნდის შეფასება მაინც ნაადრევია. ამიტომაც (მომავალი მეტოქეების სიძლიერის მიუხედავად) იმედი ვიქონიოთ, რომ ივნისის მატჩებისთვის ვაისი უკეთ შეძლებს ფეხბურთელების მომზადება-მოტივირებას. 3 ივნისს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში ეთამაშება რუმინეთის ნაკრებს, 7 ივნისს კი ევროპის მოქმედ ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.

P.S. ვლადიმირ ვაისს, ალბათ, ყველაზე მეტად მშობლიური ნაკრების წინააღმდეგ სურდა წარმატებით თამაში, მაგრამ... ყენიას გოლი რომ არა, ანგარიშიც თამაშივით "მშრალი" იქნებოდა.