ფეხბურთით დაწყებული ომები - კვირის პალიტრა

ფეხბურთით დაწყებული ომები

როცა ფანები ფეხბურთელებზე მეტად აქტიურობენ

შესაძლო ტერორისტული აქტების თავიდან აცილების მიზნით, "ევრო-2016"-ზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს. საბედნიეროდ, საფრანგეთის სტადიონებთან ტერორისტები არ ჩანან, მაგრამ ზედმეტი არც სიწყნარე ვარგაო და... ზოგიერთი ქვეყნის ფანები ინდომებენ განსაკუთრებულად. ვნახეთ ისეთი ნაკრებებიც, რომელთა გულშემატკივრები ტრიბუნებსა და ქუჩებში იმაზე მეტად აქტიურობენ, ვიდრე მათი ფეხბურთელები - მოედანზე. მაგალითად რუსეთის დასახელებაც კმარა: საწყის მატჩებში სლუცკის შეგირდებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, ორ თამაშში კინკილა ქულა აიღეს და ალბათ, ბარგის შეკვრა ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე მოუწევთ. აი, რუსი ფანები კი უფრო აქტიურები არიან: მარსელში, ინგლისთან მატჩის დროს და შემდეგაც, რუსები რამდენჯერმე ჩაერთნენ მასობრივ ჩხუბში, რომლის შედეგადაც ათეულობით ქომაგი დაშავდა.

მატჩის დასრულებისთანავე რუსი გულშემატკივრების ნაწილი შეიჭრა ტრიბუნაზე, სადაც ინგლისელი ფანები იყვნენ და სცადეს ინგლისის დროშის დახევა, თან ბრიტანელებს სხვადასხვა ნივთს ესროდნენ. მოგვიანებით შეტაკებები მარსელის ქუჩებშიც გაგრძელდა. შედეგად ჩხუბის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს, რამდენიმე ბრიტანელი ჰოსპიტალში აღმოჩნდა მძიმე დაზიანებებით, უეფამ კი ოფიციალურად გააფრთხილა რუსი და ინგლისელი ფანები - ინციდენტის გამეორების შემთხვევაში ორივე ქვეყნის ნაკრები მოიხსნება ჩემპიონატიდან!

რუსეთის ნაკრებს უეფას დახმარება რაში სჭირდება, საფრანგეთიდან აბარგება, ალბათ, უელსთან მატჩის დასრულებისთანავე მოუწევს, მაგრამ, ამაზე რუსებმა იდარდონ, ფრანგულ ჟანდარმერიას და სტიუარდებს კი საქმე მათ გარეშეც თავზე საყრელად აქვთ - ბუნჩულა ხასიათით ხომ არც სხვა ქვეყნის ფანები გამოირჩევიან. დასტურად ხორვატია-ჩეხეთის შეხვედრისას მომხდარი ინციდენტიც გამოდგება: 87-ე წუთზე, როცა ხორვატები 2:1 იგებდნენ, მათმა ქომაგებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს. შედეგად მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, ტრიბუნებზე ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა ხორვატ და ჩეხ ქომაგებს შორის, ხორვატიის ნაკრებმა კი უეფასგან "ყვითელი ბარათი" მიიღო და რუსეთის მსგავსად, ტურნირის ნაადრევად დატოვების საშიშროებაც დაემუქრა. მოკლედ, საფრანგეთში ვნებები ტრიბუნებზეც დუღს და სტადიონების მიმდებარე ქუჩებზეც. ამიტომაც, გაგახსენებთ ამბებს, რომლებიც საფეხბურთო ხულიგნებს და მათ გამო დატრიალებულ ტრაგედიებს უკავშირდება.

მაინც, ვინ არიან "საფეხბურთო ხულიგნები"? ეს არის გულშემატკივართა კატეგორია, რომლებიც არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ფეხბურთის სახელით ათასგვარ უმსგავსობას სჩადიან. რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვლაპარაკობთ, ამჯერად სამხრეთამერიკელ ფანებზე არაფერს გეტყვით. რაც შეეხება ჩვენს კონტინენტს, აქ ძნელად იპოვით ბრიტანელ, ბალკანელ და თურქ ფანებზე თავზე ხელაღებულ ქომაგებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის ეს თემა უცხოა. უპირველესად, ალბათ, ჩვენი ხასიათის, ასევე, იმის გამო, რომ საერთაშორისო მატჩებითა და წარმატებებით არათუ განებივრებული ვართ...

ფეხბურთის მსგავსად, საფეხბურთო ხულიგნობაც სათავეს ბრიტანეთიდან იღებს. ფეხბურთელებს და მათი გუნდების ქომაგებს შორის ნამატჩევს საქმის გარჩევა მე-19 საუკუნის ინგლისშიც ხშირი იყო, თუმცა, ამ ყველაფერმა მასობრივი ხასიათი 1950-იანი წლების ბოლოს მიიღო. ამ პერიოდიდან ინგლისის სტადიონების ტრიბუნებზე მსხდომთა დაახლოებით 70% აგრესიული ქომაგი იყო. 500-700-კაციანი ჯგუფები ჩემპიონატის გასვლით მატჩებზე ცემა-ტყეპის გასამართად მიემგზავრებოდნენ და ლამის ყოველი მეორე მატჩი მასშტაბური შეტაკებით მთავრდებოდა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ევროთასებზე ინგლისური კლუბების წარმატებასთან ერთად, ბრიტანელი ხულიგნები საერთაშორისო დონეზეც გავიდნენ. ამ მხრივ ფლაგმანის როლი "ლივერპულის" ქომაგებმა იკისრეს და ნიშანდობლივია, რომ სწორედ მერსისაიდული კლუბი ფიგურირებს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიებში.

ტრაგიკული "ეიზელი".

1985 წლის 29 მაისს ბრიუსელის სტადიონი "ეიზელის" მასპინძლობდა ჩემპიონთა თასის ფინალს - "ლივერპული"-"იუვენტუსი". თამაშის მსვლელობისას ინგლისელი ფანები იტალიელების ტრიბუნაზე შეიჭრნენ. უმცირესობაში მყოფმა იტალიელებმა თავდამსხმელებისგან თავის არიდება სცადეს და ერთ სექტორში შეჯგუფდნენ, თუმცა ტრიბუნამ ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. დაიღუპა 39 გულშემატკივარი, დაშავდა ხუთასზე მეტი. უეფამ ყველა ინგლისური კლუბი ხუთი წლით მოკვეთა ევროტურნირებიდან, "ლივერპულს" კი დამატებით ერთწლიანი სასჯელი დააკისრა.

"ჰილსბოროს" ტრაგედიაც "ლივერპულს" უკავშირდება.

1989 წლის 15 აპრილს, შეფილდის "ჰილსბოროზე" გამართული ინგლისის თასის ნახევარფინალის ("ლივერპული"-"ნოტინგემ ფორესტი") დროს მომხდარი ჭყლეტის დროს 93 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავებული რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა, ერთ-ერთი ქომაგი კი - კომაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ! დაშავდა შვიდასზე მეტი ადამიანი. ლივერპულში მალევე გაიხსნა "ჰილსბოროზე" დაღუპული ქომაგების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. გარდა ამისა, კლუბის საშინაო სტადიონ "ენფილდზე" ყოველი წლის 15 აპრილს იმართება ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემი ცერემონიალი.

"ალ-მასრი"-"ალ-აჰლი". ეგვიპტური ფეხბურთი სხვა თუ ვერაფრით, საფეხბურთო ხულიგნებით მაინც გამოირჩევა. 2012 წლის 1-ელ თებერვალს პორტ-საიდში გამართული შეხვედრის დროს გატანილი გოლის შემდეგ ფანებმა პოლიციის ჯებირი გაარღვიეს და მოედანზე შეიჭრნენ. სამართალდამცავების უსუსურობამ თავდამსხმელებს თავისუფლება მიანიჭა. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. შედეგად, სტადიონზე და მის მიმდებარედ 74 ადამიანი დაიღუპა.

სალვადორი-ჰონდურასი. ისტორიას ისეთი შემთხვევებიც ახსოვს, როცა ფანებს შორის შეტაკებები ომების კატალიზატორად იქცა. 1990 წლის 13 მაისს ზაგრების "დინამოს" და ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" შორის შეხვედრა სერბ და ხორვატ ქომაგებს შორის ორთაბრძოლაში გადაიზარდა, რაც იუგოსლავიის ომის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზად იქცა საფეხბურთო მატჩები სალვადორს და ჰონდურასს შორისაც. 1969 წლის ივნისში, როცა ამ ქვეყნების ნაკრებებმა მესამედ სცადეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელის გამოვლენა, გამარჯვება სალვადორის ნაკრებს დარჩა და... დიპლომატიურ კავშირს ვინ ჩივის, ექვსი დღის განმავლობაში ამ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა ომი, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პერუ-არგენტინა. ტრაგედიით დასრულდა 1964 წლის 24 მაისს პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართული შეხვედრაც. მასპინძლებს არგენტინის ნაკრებთან ბრძოლაში უნდა გამოევლინათ ტოკიოს ოლიმპიადაზე წამსვლელი გუნდი. არგენტინელები 1:0 იგებდნენ, როცა მოედანზე პერუელი ქომაგები შეცვივდნენ. სამართალდამცავებმა ფეხბურთელების გასახდელში გაყვანა მოასწრეს, ტრიბუნებზე კი ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა - ცემა-ტყეპას ჭყლეტა მოჰყვა, ქუჩაში გაჭრილმა გაცოფებულმა ფანებმა კი, მატჩის შედეგის გაუქმების მოთხოვნით, პერუს პრეზიდენტის სახლთან მოიყარეს თავი. ლიმაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, უაზრო შეტაკებას კი 318 ადამიანი ემსხვერპლა.

"ცრვენა ზვეზდა"-"პარტიზანი". სერბი ქომაგები ტყუილად არ მიიჩნევიან ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ფანებად. ამის დასტურად 2013 წლის 2 ნოემბერს ბელგრადის სტადიონზე მომხდარიც გამოდგება. "ცრვენა ზვეზდას" და "პარტიზანის" შეხვედრები მშვიდად არასდროს მთავრდება, მაგრამ მოსისხლე მტრებს შორის გამართული 145-ე დერბი სხვა მხრივაც განსაკუთრებული გამოდგა - "პარტიზანის" ფანებმა ცეცხლი პირდაპირ ტრიბუნაზე გააჩაღეს და მეხანძრეებს რომ არ ჩაექროთ, ალს საკუთარი სხეულებით "იცავდნენ". შედეგად ტრიბუნის დიდი ნაწილი დაიწვა, შეხვედრა კი, ტრადიციისამებრ, მასობრივი ცემა-ტყეპით დასრულდა.

რუსეთი-იაპონია. ბოლოს იმით დავასრულოთ, რითიც დავიწყეთ - რუსებით. 2002 წლის 9 ივნისს მოსკოვში იაპონიასთან სამარცხვინო წაგების შემდეგ გალეშილმა რუსმა ფანებმა "ლუბიანკიდან" დაიწყეს და გზად ყველაფერი დალეწეს. შედეგად დაშავდა 75 ადამიანი; მათგან 49 საავადმყოფოში აღმოჩნდა, ერთი კი გარდაიცვალა.