როცა ტონგაც საამოა!
20-06-2016
როცა ტონგაც საამოა!
ტონგა 20:23 საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც გამართა ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში. აპიაში, სამოასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, მილტონ ჰეიგის გუნდმა ფიჯიზე გადაინაცვლა და დაძაბულ ბრძოლაში 23:20 აჯობა ტონგას, ტურნეს დასკვნით შეხვედრას კი ბორჯღალოსნები 24 ივნისს, იმავე სტადიონზე ითამაშებენ ფიჯის მთავარ გუნდთან. კუნძულელებთან ტესტ-მატჩების სტუმრად გამართვა თავისთავად წარმატებაა და ეროვნული ნაკრების არსებობის 27-წლიან ისტორიაში ასეთი შანსი პირველად მოგვეცა. პროგრესის პერსპექტივა მხოლოდ ძლიერ გუნდებთან ხშირი თამაშის შემთხვევაში გვაქვს და ოკეანეთში ღირსეულად
თამაში მორიგი გზავნილი უნდა იყოს მსოფლიო რაგბისთვის - საქართველოს ნაკრები უფრო ხშირადაც იმსახურებს ასეთ ტესტ-მატჩებს!­ ასე რომ, რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, ოკეანეთში წარმატებით თამაში ჩვენი გუნდის პრესტიჟსა და თავდაჯერებულობასაც უთუოდ დაეტყობა.

ამ ფონზე საწყისი ორი მატჩით თავის მოწონება ნამდვილად შეგვიძლია. პირველ შეხვედრაზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი:
ვინც რაგბისა და ფეხბურთის ბურთებს არჩევს, ისიც ეცოდინება, რომ სამოას ნაკრები ბობოლებისთვისაც კი ანგარიშგასაწევი ძალაა და არათუ იტალია და უელსი, ავსტრალიაც კი დაუმარცხებია. ჰოდა, სწორედ სამოას ეთამაშა ტოლ-სწორად კუნძულზე არასრული შემადგენლობით ჩასული საქართველოს ნაკრები. როგორც მოსალოდნელი იყო, ვაჯობეთ შერკინებაში, ბევრით არაფრით ჩამოვრჩით ხელით თამაშში და ბოლო წუთებზე მალაღურაძესა და ხმალაძეს უფრო ზუსტად რომ დაერტყათ, აპიიდან გამარჯვებასაც წამოვიღებდით.

სამაგიეროდ, ფიჯის "ეი ენ ზი სთედიუმიდან" წამოვიღეთ. ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმიც მოუგეს მსოფლიო თასზე წაგებისთვის სარევანშოდ შემართულ მასპინძლებს, მატჩის ბოლო წამებზე დადებული ლელოს წყალობით კი საბოლოო გამარჯვებაც ჩაიწერეს აქტივში და ფიჯისთან მატჩს ჩინებული განწყობით შეხვდებიან. სხვათა შორის, იმავე დღეს ფიჯიმ 26:16 დაამარცხა სამოა და წყნარი ოკეანის ერთა თასის მფლობელი გახდა. თუმცა ისევ ტონგა-საქართველოს დავუბრუნდეთ: ბოლო ორ შეხვედრაში მეორედ ვაჯობეთ "ზღვის არწივებს" (ტონგის ნაკრების მეტსახელია) და ამჯერადაც დამსახურებულად. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა მთავარი - მაქსიმალურად შეუზღუდა სივრცე მასპინძელთა ფეხმალ უკანახაზელებს, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა შერკინებაში და ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმები.

ჩვენი რომელიმე მორაგბის გამოყოფა არასწორი იქნებოდა - მთელმა გუნდმა თავდადებით იბრძოლა, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც უნდა ვახსენოთ. პირველ რიგში, დავით კაჭარავა, რომელიც ჩვეულად სასარგებლო იყო ბოჭვებისას და ორი ლელოც მიითვალა, მათ შორის - ბოლო წამებზე გატანილი, გამარჯვების მომტანი ბურთი! კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი ბეგაძემაც. 20-წლამდელებთან მყოფი ვასილ ლობჟანიძის არყოფნაში, მან კარგად გაართვა თავი მოვალეობას - თითქმის უშეცდომო იყო პასებისა და ბურთის გამოტანის დროს, იღებდა დროულ და სწორ გადაწყვეტილებას...

ტაიმი საქართველომ მოიგო: საწყის 40 წუთში მეტოქეებმა თითო ლელო გაცვალეს, მერაბ კვირიკაშვილმა კი მეტოქეზე ერთით მეტი საჯარიმოც გაიტანა და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავედით - 13:10. მეორე ნახევრის განახლებისთანავე, გუნდებმა ისევ თითო საჯარიმო შეასრულეს ზუსტად და ანგარიში კარგა ხნის განმავლობაში აღარ შეცვლილა, სანამ "არწივებმა" მჭედლიძის გაძევებით არ ისარგებლეს და მეორე ლელო არ გაგვიტანეს. 20:16 - ეს ანგარიში ბოლო წამებამდე შენარჩუნდა. დარჩენილი დრო კი მთლიანად ქართველებისა იყო - ტონგელები საკუთარ "ოცდაორში" გამოვკეტეთ და ძირითადი დროს დასრულებიდან ხუთ წუთზე მეტი იყო გასული, კაჭარავამ გამარჯვების მომტანი ლელო რომ დაამიწა: ბიწაძის წამოწყებული შეტევა კაჭიმ გააგრძელა, ასიეშვილის დახმარებით ჩათვლის მოედნამდე მიაღწია და ზედ ძელებს შორის დაამიწა. მალაღურაძემ ზუსტად გარდასახა - 23:20.

ოკეანეთის ტურნეს ბოლო და ყველაზე რთული მატჩი 24 ივნისს, საქართველოს დროით 07:00 საათზე გველის. სუვაში მასპინძელ ფიჯის უნდა შევერკინოთ და მართალია, უკვე ჩატარებულ მატჩებზე მეტად გაგვიჭირდება, მაინც მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ტონგასთან გამარჯვებით კი ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგშიც შეინარჩუნეს ადგილი და ისევ მე-12 პოზიციაზე ვართ.
ოკეანეთის ტურნეში ერთი ნა-ფიჯიღა­ დაგვრჩა!
ჯავახელი
24 ივნისი 2016 13:50
გენაცვალეთ ლომებო, ფიჯიც ხო სულ გაათახსირეთ :) სწულ წინ და წინ გევლოთ..უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

რედაქტორის რჩევით