მეტი რაგბი აქაურობას!
27-06-2016
მეტი რაგბი აქაურობას!
საფრანგეთის სტადიონებზე "ევრო - 2016" გახურდა, ჩვენ კი მაინც რაგბიზე ვწერთ, რადგან ისლანდიისა თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიულ მიღწევებზე ადგილობრივი კომენტატორებიც ჩაიხლეჩენ ხმას, ჩვენ კი ჩვენი გამარჯვებებისა უნდა ვთქვათ. გამარჯვებებისა, რომლებმაც გასულ კვირასაც გადააწონინა რაგბის ფეხბურთი, უბრალო კი არა, ევროპის ჩემპიონატი.

ესპანეთთან მოგებით მოგვრილმა ეიფორიამ უკვე გაგვიარა და რადგან საქართველოს ნაკრები არც ისლანდიაა, არც ჩრდილოეთი ირლანდია ან ალბანეთი, ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს. დიახ, "ევრო-2016" ეშხში შევიდა და გასული კვირის
ბოლოს სუსტების გამოხშირვაც დაიწყო, მაგრამ... რა დროს შორიდან დანახული ევროპის ჩემპიონატი და უცხო ქვეყნების ქომაგობაა, როცა ბორჯღალოსნებმა ტრიუმფით დაასრულეს ოკეანეთის ტურნე და ფიჯიც მისსავე მოედანზე დასცეს, 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა იტალიას მოუგო, ბარსელონას "კამპ ნოუზე" გამართულ საფრანგეთის ტოპ
-14-ის ფინალში კი ლელოთი გაგვახარა მამუკა გორგოძემ!

"კამპ ნოუ"? - გორგოძე YES!

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი საუკეთესოა ევროპაში, ტოპ-14-ის უძლიერეს კლუბ "ტულონში" კი სამი ქართველი თამაშობს: მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე. "ევრო-2016"-ის გამო საფრანგეთის მთავარ სტადიონებს რაგბისთვის არ სცალიათ და ფინალის გამართვა სწორედ ამიტომ გადაწყდა ბარსელონის "ნოუ კამპზე". 98 ათასი (!) მაყურებლის თვალწინ "რასინგთან" საჩემპიონო მატჩი სამივე ჩვენებურმა პირველივე წუთიდან დაიწყო და პროვანსელთა პირველი ლელოც "გორგოძილას" ანგარიშზეა. ჰალფპენის ზუსტი დარტყმების შემდეგ, ქართველების გუნდი 9:6-ს იგებდა, როცა მამუკამ ლობესგან მიიღო პასი, მცველი ჩამოიშორა და ბურთი ჯოშუა ტუისოვას გადაულოცა. სანამ ბოლომდე შებოჭავდნენ, ტუისოვამ გორგოძისთვის პასის დაბრუნება მოასწრო, სიჩქარეაკრეფილი ქართველის შეჩერება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია და გორგოძე ამ შემთხვევაშიც მისწვდა ჩათვლის მოედანს - 14:6!

მე-18 წუთიდან "რასინგი" კაცნაკლული თამაშობდა, "ტულონს" ვარსკვლავიც გაცილებით მეტი ჰყავს, მაგრამ... ყველა მათგანი დენ კარტერის და იოჰან გუსენის ზუსტმა დარტყმებმა გადაწონა, რასაც როკოკოკოს ლელოც დაემატა და "რასინგმა" 29:21 გაიმარჯვა. ასე რომ, სამის ნაცვლად, ერთი ჩემპიონი გვყავს - ფინალში უთამაშებლად გახდა საფრანგეთის ჩემპიონი დავით ხინჩაგიშვილი...

ესეც იტალია

მანჩესტერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ქვეჯგუფის სამივე მატჩი წააგო. სამაგიეროდ, ჩვენებმა მეცხრე ადგილის ნახევარფინალში აჯობეს იტალიას და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს. შესაბამისად, გაისად საქართველოში გასამართ ანალოგიურ ტურნირში ჩვენი გუნდი მხოლოდ მასპინძლის სტატუსით არ ითამაშებს. რაც მთავარია, სწორედ იტალია დავამარცხეთ, ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად "ეწვის კუდი" და ყველაზე აქტიურად იბრძვის "ექვს ერში" ჩვენი გაწევრების წინააღმდეგ.

ერთ-ერთ არგუმენტად აპენინელებს სწორედ ნიჭიერი ახალგაზრდები მოჰყავთ. აქაოდა, "ექვსი ერის" რა გაფართოებაზეა ლაპარაკი, ისეთი ბიჭები გვეზრდება, რამდენიმე წელიწადში ტოლ-სწორად დავუდგებით ბობოლა ნაკრებებსო. ამის პასუხად სამი ლელო (მატარაძე, გორგაძე, მიმინოშვილი) და გელა აფრასიძის ზუსტი საჯარიმო მივართვით და 18:17 გავიმარჯვეთ, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი თორნიკე მატარაძე კი ზედიზედ მეორედ დასახელდა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში. მეცხრე ადგილისთვის ფინალში ქართველი 20-წლამდელები საფრანგეთთან დამარცხდნენ, მაგრამ მთავარი მიზანი უკვე შესრულებულია - ჩვენები დამსახურებულად ითამაშებენ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.
სწრაფი ნა-ფიჯით "ექვსი ერისკენ"

განსაკუთრებულად ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ: საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე. სამოასთან 19:19-ის და ტონგას 23:20 დამარცხების შემდეგ, ქართველებმა ყველაზე დიდი სხვაობით მასპინძელთან და ყველაზე სახიფათო მეტოქესთან, ფიჯისთან იმარჯვეს - 14:3! ფიჯი მხოლოდ ერთი სარეიტინგო ქულით ჩამორჩება მსოფლიო რეიტინგის მეცხრე ნომერ საფრანგეთს, სხვადასხვა დროს არაერთი ბობოლა ნაკრები დაუმარცხებია და რაც მთავარია, "მფრინავი ფიჯელების" საკუთარ მოედანზე დამარცხება ავსტრალიის დონის ნაკრებსაც კი უჭირს.
ამგვარად, მეტოქისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, კუნძულზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას არა მხოლოდ სენსაცია, გმირობაც ჰქვია! ბოლოს როდის ნახეთ, ფიჯის მატჩი ლელოს გარეშე, მხოლოდ 3 ქულის ამარა დაემთავრებინოს?! შერკინებაში რომ დავჩაგრეთ, არავის გაჰკვირვებია, მაგრამ თამაშშიც არაფერი დავუთმეთ და მეტსახელის მიუხედავად, ჰაერშიც ვაჯობეთ. ჯამში, საქართველოს ნაკრებმა გაიტანა ლელო (ლაშა ხმალაძის ანგარიშზეა) და სამი საჯარიმო, მეტოქეს ტერიტორიულადაც და სახიფათო შეტევებითაც აჯობა. მოკლედ, დამსახურებულად გაიმარჯვა და შესწვდა კიდევ ერთ ისტორიულ შედეგს - მე-11 ადგილს მსოფლიო რეიტინგში!

საქართველოს ნაკრებმა თითქმის იმხელა ნაბიჯი გადადგა "ექვსი ერისკენ", რამდენიც აქამდე გვეგონა ჩვენს და ოკეანეთის კუნძულებს შორის!
P.S. "რაგბი აქაურობას" - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ლევან ჯობავას დიდებული პროექტია. ეს ახალგაზრდა კაცი საქართველოს ყველა რეგიონში ჩადის და ბავშვებს სარაგბო ანაბანას ასწავლის. წამოსვლის შემდეგ კი ადგილობრივებს ოვალურ ბურთებს, გაბრწყინებულ თვალებს და რაგბის სიყვარულს უტოვებს. თუმცა უფრო დაწვრილებით მის პროექტზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. მხოლოდ სათაურად დავესესხები ფრაზას, რომელიც გასულ კვირას, "ევრო-2016"-ის დროსაც კი ყველაზე აქტუალური იყო ქართულ სპორტში - მეტი რაგბი აქაურობას!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით